Home რუბრიკები სამართალი მერაბიშვილის უწყებამ დევნილებს საპროტესტო აქციაზე მისვლა სპეცწერილით აუკრძალა

მერაბიშვილის უწყებამ დევნილებს საპროტესტო აქციაზე მისვლა სპეცწერილით აუკრძალა

1291

აგვისტოს ომის დაწყებიდან მალე ერთი წელი გავა… აფხაზეთის ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ ქვეყანას დევნილების ახალი ტალღა მოაწვა…. ხელისუფლებას რომ ჰკითხო, დევნილები ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილეს, თუმცა ეს მხოლოდ ხელისუფლების აზრია. რეალობა კი გაცილებით მკაცრია. მათ, ვინც შს სამინისტროს მიერ დაპროექტებულ-აშენებულ გეტოებში ცხოვრებაზე უარი განაცხადა ან სხვა მიზეზის გამო «სრა-სასახლე» ვერ მიიღო, დღემდე სხვადასხვა დაწესებულებას აფარებენ თავს, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ გააჩნიათ.

ამიერკავკასიაში, რუსეთის ჯარების ყოფილ შტაბს (ვაკე-საბურთალოს გზაზე), რომელსაც ერთი წლით თბილისის საქალაქო სასამართლო შეეხიზნა, დღეს ახალი ხიზნები ჰყავს – დევნილები სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, ანუ, როგორც უკვე ხალხში გავრცელდა, «ახალი» და «ძველი» ლტოლვილები.
შენობაში, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს «მინიმარკეტი», რომელიც ერთ-ერთ დევნილს გაუხსნია. მამაკაცები დერეფანში, მეტწილად კი, გარეთ, ნაძვნარში კლავენ დროს… აყრილი იატაკი, ჩამოშლილი კედლები, დამტვრეული საწოლები, ზოგან ფანჯრის რაფა – მაგიდის ნაცვლად… – ასეთია დევნილების სამყოფელის უბადრუკი სურათი… მთავარი კი, რაზეც უნდა მოგითხროთ, წერილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლითაც ვანო მერაბიშვილის უწყება დევნილებს არაორაზროვნად აფრთხილებს, არ მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში.

ასეთი «მეგობრული» გამაფრთხილებელი წერილების დასტა დევნილებმა 9 აპრილამდე, ანუ ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე ზუსტად სამი დღით ადრე მიიღეს. წერილში, რომელიც «საქართველო და მსოფლიომ» მოიპოვა, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მეოთხე ასეულის მეთაური მიხეილ დილიმაშვილი ერთ-ერთ ადრესატს, ქალბატონ ნინოს (გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) «მოწიწებით» მოუწოდებს, თავი შეიკავოს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისაგან. წერილის ქვეტექსტში, სტრიქონებს შორის ნებისმიერი თქვენგანი ამოიკითხავს არაორაზროვან მუქარას.

«ამ შენობაში მცხოვრებთაგან მსგავსი შინაარსის წერილები ოთხმა ოჯახმა მივიღეთ; გაგვაფრთხილეს, რომ აქციებზე არ გამოვსულიყავით. ეს წერილი ჩემთვის შეურაცხმყოფელია, მართალია, ოპოზიცია არ მომწონს, მას მხარს არ ვუჭერ, რადგან ყველა თავის სკამზე ფიქრობს, მაგრამ აქციებზე გამოვალ თუ არა, ეს ჩემი გადასაწყვეტია», – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი ნინო.

აღსანიშნავია, რომ დევნილთა შორის თავიანთ პრობლემებზე საუბრის სურვილი ყველამ როდი გამოთქვა; «ვლაპარაკობთ, მაგრამ რა? ამით არაფერი შეცვლილა, ჩვენი პრობლემებით არავინ შეწუხებულა,» – ასეთია მათი პასუხი, თუმცა მათ გვერდით ისეთებიც მოიძებნა, ვინც ომიდან მოყოლებული დღემდე დაწვრილებით გვიყვება თავგადასავალს.

«დიდი ლიახვის ხეობა ქართულმა შენაერთებმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ადრე დატოვა, – გვიამბობს ხეობელი რესპონდენტი, რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა, – ხეობიდან 11 აგვისტოს გამოვედით. ოსებთან რამდენიმე ქალი მივედით თხოვნით (რადგან მამაკაცების გამოჩენა საშიში იყო), რომ კორიდორი გაეკეთებინათ, სროლები შეეწყვიტათ და ხეობიდან გასვლის უფლება მოეცათ. ამ დროს მაროდიორები უკვე დათარეშობდნენ. დაგცხრილავთო, დაგვემუქრნენ ოსები. ერთ-ერთმა ჩვენგანმა სანაცვლოდ მანქანა შესთავაზა… დაეჭვდნენ, მაგრამ, როგორც იქნა, დაიჯერეს. გაგვიმართლა. მათ შორის ერთი ხაშურელი ოსი ერია, რომელსაც ქართველებმა, თურმე, შვილი მოუკლეს. «უნდა მოგკლათო», – ყვიროდა. «ჩვენც ხომ სხვისი შვილები ვართ, ასეთი სიმწარე გამოგიცდია, როგორ უნდა მოგვკლა-მეთქი?..» ეტყობა, ქართველებთან წლების მანძილზე ცხოვრებამ მაინც თავისი გაიტანა და გამოგვიშვეს.

ტყით წამოვედით, 15 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. გზაზე კაზაკები დაგვხვდნენ.

გვითხრეს, ოსებმა რაციით გადმოგვცეს, რომ მოდიხართო; წყალი და ჩაი შემოგვთავაზეს. გზა განვაგრძეთ. გორში ჩავედით. ჩემი შვილი დასთან მყავდა დატოვებული. იქ მისვლიდან რამდენიმე წუთში მეზობელი კორპუსი აფეთქდა, კასეტური ბომბი ესროლეს. ამის მერე გორი დავტოვეთ და ფეხით წამოვედით თბილისისკენ.

როდესაც გორისკენ მოვემართებოდით, გზაში ჩვენს უშიშროებას რუსების ადგილსამყოფელის შესახებ ვაცნობე. ხეობიდან წამოსვლის წინ რუსებს ვეკითხებოდი, შემდეგში რა იქნება-მეთქი, «ბუდემ დვიგატსია დალშეო…» თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი რესპონდენტი ჯერ სიძეს შეეხიზნა ნაქირავებ ბინაში, მერე კი გაიგო, რომ «კზაკვოს» შენობაში დევნილებს უშვებდნენ და მას შემდეგ აქაურობის ბინადარია.

ომმა სხვა ყველაფერთან ერთად სამსახურიც დააკარგვინა. სანაკოევის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა. «საერთოდ დაშალეს ეს სტრუქტურა; ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღაა დარჩენილი. ეტყობა, ფორმალურად არიან. არადა, სამსახური ძალიან მჭირდება. სხვა სამინისტროებს მიგამაგრებთო, დაგვპირდნენ, მაგრამ დაპირებად დარჩა. ჩემს 18 წლის ბიჭს მწვავე ნევროზი აქვს, 2004 წლის ამბებს ეს ომი დაემატა, ბავშვს შიშები აქვს, კრუნჩხვებში ვარდება. მე კი ელემენტარული წამლებითაც ვერ ვეხმარები…» – წუხს დედა.

კიდევ ერთი, ალბათ, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომ დევნილებს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ კოტეჯებზე ან 10 000 ლარზე უარი თქვეს, დევნილის სტატუსს არ ანიჭებენ: «მალე ერთი წელი გახდება, რაც დევნილები ვართ, მაგრამ ამ დრომდე დევნილის სტატუსი არ გვაქვს, რომ ის მიზერული თანხა – 22 ლარი, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, ავიღოთ»…

«კზაკვოში» შეხიზნულ დევნილებს ძალიან აწუხებთ ჰიგიენის პრობლემაც. საერთო საპირფარეშოებში, რომლებიც ყველა სართულზეა განლაგებული, თითქმის ყველგან მოშლილია გაყვანილობა. დევნილები გვიამბობენ, რომ შხაპის გაკეთებაზე რომელიღაც კომპანიამ იზრუნა, თუმცა, საქმე ბოლომდე არ მიუყვანიათ. ამას ისიც დაემატა, რომ მირაჟივით გამოჩნდა და მაშინვე გაქრა «არისტონის» წყლის გამათბობელი:

«როდესაც «არისტონის» წყლის გამაცხელებლები მოიტანეს, გაგვიხარდა. ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ შემოიტანეს სატვირთო მანქანებით, მაგრამ ნახევარ საათში უკანვე წაიღეს. გაოცებულები დავრჩით. იგივე განმეორდა საწოლების შემთხვევაშიც. მოვიდა დატვირთული მანქანა, შემდეგ ისევ უკან გაბრუნდა. მერე ჩვენებმა საწოლებით დატვირთული ეს მანქანა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში ნახეს»… – ამბობს კოდორელი დევნილი.

როგორც ჩანს, წყლის გამაცხელებლებისა და საწოლების მიტანის ცერემონიალზე გამოჩენა და ამ აქციაზე წითელი ლენტის საზეიმოდ გაჭრა პრეზიდენტ სააკაშვილს «პიარშიკებმა» არ ურჩიეს, ხოლო ის, რაც არ არის მომგებიანი პიარის თვალსაზრისით, ჩვენს ხელისუფლებას დიდი ხანია, აღარ აინტერესებს… თანაც, თუ დევნილს შხაპი და თბილი წყალი ექნება, მას შეიძლება «ბურჟუაზიული» ამბიციები გაუჩნდეს, «მერაბიშვილის კანტორიდან» მიღებულ «გამაფრთხილებელ» წერილს აღარ დაუჯეროს და აქციაზე წავიდეს… საინტერესოა, რა კომენტარს გაუკეთებდა აღნიშნულ წერილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზღულაძე…

ჩვენ ამ წერილის თაობაზე მას აუცილებლად დავუკავშირდებით და კომენტარს უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

მაკა ქობალია, ნანა არევაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here