Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის მთავრობის ცელნამგალა მინისტრი

სააკაშვილის მთავრობის ცელნამგალა მინისტრი

578

11 მაისი არც ისე მნიშვნელოვანი თარიღი იქნებოდა, რომ არა ვაჭრობის ღმერთის _ მერკურის “პატივსაცემად” გამართული ეროვნული ბიზნესდაჯილდოება “მერკური 2011”-ის ცერემონიალზე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით რომ არ გამოსულიყო და მისთვის ჩვეული შეგონებებით არ დავემოძღვრეთ. მისი “რიტორიკა” და “ორატორული ნიჭი” საქვეყნოდ ცნობილია, “ბრძნული გამონათქვამები” კი _ განსაკუთრებით. სააკაშვილს ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია.

ნომინაცია “წლის სენსაცია” _ ვერონიკას კბილები

ცერემონიალზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, უპირველესად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია შეაქო ბიზნესდაჯილდოება “მერკური 2011”-ის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და სამინისტროს მუშაობაში მიღწეული წარმატებისთვის. სააკაშვილის შეფასებით, “ვერა ქობალიამ მთელი სამინისტრო გამოაცოცხლა და დაწყებული კარისკაციდან, სამდივნოთი დამთავრებული ახალი ხალხი მუშაობს. და რაც მთავარია, სამინისტროში საქმიანი განწყობაა”. მაგრამ რატომღაც პრეზიდენტს დაავიწყდა, ეთქვა იმ “ახალი ხალხის”, ანუ ვერონიკას მიერ თავისი ნაცნობ-მეგობრების სამინისტროში დასაქმება სამინისტროს ეფექტურ მუშაობას, მითუმეტეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არ ნიშნავს. აკი თვითონვე აღიარა, რომ “სინამდვილეში, ჩვენ ვართ ძალიან ჩამორჩენილნი ცხოვრებას, გვაქვს ბევრი რამ ასაწევი და ამოსაქაჩი და ვართ ჯერჯერობით ძალიან ღარიბი ქვეყანა”. მაშინ გაუგებარია, რის საფუძველზე დაიმსახურა ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრეზიდენტისგან საჯარო მადლობა.
 

“მერკური 2011”-ის ცერემონიალი სხვა კურიოზული სიტუაციითაც გახდა მნიშვნელოვანი. მაგალითად იმით, რომ მინისტრი ვერონიკა პრეზიდენტმა დიდბკილებიანად გამოაცხადა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, “მე თავიდანვე ვაფრთხილებდი ყველას, არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით, რადგან მას კბილები აქვს იმაზე დიდი, ვიდრე, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, დელფინს, რომელსაც პრეზიდენტმა ხახაში ჩაუყო თავი”.

არ ვიცი, ქალბატონმა მინისტრმა თავისი “დიდი” კბილებით პრეზიდენტს თავი როგორ დაამახსოვრა, მაგრამ პრეზიდენტი თავიდანვე ვერონიკა ვანკუვერელის სანდომიანი გარეგნობით რომ იყო მოხიბლული, ქართულ საზოგადოებას ეჭვი არ შეჰპარვია. “მცირე მეწარმე” ვერა ქობალიას ეგზოტიკური ღიმილი და მოციმციმე თვალები _ განუმეორებელი კანადური შარმით, ჩვენი ტურისტი პრეზიდენტის ყურადღების მიღმა რომ არ დარჩებოდა, ცხადზე ცხადია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “მეპურე” ვერონიკას, მთელ ამ ღირსებებთან ერთად, ბევრი სხვა რამეც ჰქონია, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვერ შევამჩნიეთ და არ გვინახავს, მაგალითად… დიდი კბილები.

“დაუშვებლად ღარიბი ქვეყნის” პრეზიდენტი

“ჩვენ ჯერ კიდევ დაუშვებლად ღარიბები ვართ,” _ განაცხადა პრეზიდენტმა “მერკური 2011”-ის ცერემონიალზე გამოსვლისას. შესაშური გულწრფელობაა. მაგრამ ჩნდება კითხვა: ვისი ბრალია, რომ ღარიბები ვართ _ დიდკბილებიანი ვერა ქობალიასი თუ “დემოკრატიის შუქურა” და “რეფორმატორი” პრეზიდენტის?

ვფიქრობ, ორივესი, რადგან პრეზიდენტისთვის ეკონომიკური წარმატება, მხოლოდ რამდენიმე მილიონად ღირებულ უცხოური პრესის სარეკლამო გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიებში საქართველოს “ნომერ პირველ რეფორმატორად” მოხსენიებაა, რათა შემდეგ საზოგადოება ხელისუფლების ეფექტურ მუშაობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დააჯეროს. არა, ბატონო პრეზიდენტო! საზოგადოებას ასე ადვილად ვერ მოატყუებ, რადგან, თუ ხალხს ჯიბეში ფული არ აქვს, ესე იგი საქართველოს ეკონომიკაც არ არსებობს. და თუ ეკონომიკა არ არსებობს, მაშინ ეკონომიკის მინისტრი, თავისი ამფსონებით, რაში გვჭირდება?

მინისტრი ვერა ქობალია კი გვარწმუნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული დარგი ტურიზმია, რომელიც აუცილებლად აგვაყვავებს, მაგრამ როგორ და რანაირად მოხდება ეგ ამბავი, ჯერ უცნობია. როგორც ჩანს, მინისტრი ვერონიკა საქართველოში ტურისტადაა ჩამოსული და, სანამ აქ ისვენებს, წაიმინისტრებს, შემდეგ კი ვანკუვერის მშობლიურ პურსაცხობს დაუბრუნდება, საქართველო კი დაქცეული ეკონომიკითა და დამშეული საზოგადოებით ტურისტებისთვის მიმზიდველი ნამდვილად არ იქნება.

ტურიზმის განვითარება თუ როგორ “აგვაყვავებს”, კარგად გამოჩნდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ დოკუმენტში, სადაც წერია, რომ საქართველოში კერძო საკუთრების უფლება ძლიერ არის დარღვეული და მთავრობის მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევები ხშირია… და მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის პროცედურა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მიმდინარეობს.

ეს უკანონობა ხდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული აქვს, რომ საქართველო არის ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანა. ლიბერალური ეკონომიკის საფუძველი ხომ კერძო საკუთრებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაზრო ეკონომიკა ვერ განვითარდება. თუმცა, როგორც ჩანს, ლიბერალიზმის ეს აქსიომა ვერონიკას დიდ კბილებს შეეწირა ან პრეზიდენტის “დემოკრატიული შუქურის” სხივებმა დააჭკნო.

პრეზიდენტობის მუდმივა

“მერკური 2011”-ის ცერემონიალზე გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა: “ეს მთავრობა ხელისუფლებაში 7 წელზე ნაკლებია. ეს დრო არაფერი არ არის, ისტორიული თვალსაზრისით. მენტალიტეტის გამოსაცვლელად საჭიროა, რომ ის მთლიანად გამოიცვალოს ყველა დონეზე. ვფიქრობ, 15-20 წელიწადი არის მინიმალური ვადა იმისათვის, რომ შევიცვალოთ და შეუქცევადად დავადგეთ მდიდარი ქვეყნის გზას”.

როგორც აღმოჩნდა “დაუშვებლად ღარიბი ქვეყნის” პრეზიდენტს “რეფორმების” გასატარებლად და საქართველოს მდიდარ ქვეყნად გადასაქცევად კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა არ ჰყოფნის და თავისი ახალი მეგობრის, “ევროპის უკანასკნელ დიქტატორ” ლუკაშენკოს მსგავსად, სურვილი აქვს, მუდმივად იყოს ხელისუფლების სათავეში. არცაა გასაკვირი, რომ ავტორიტარიზმის მშენებლობის პროცესი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს სისრულეში მოჰყავს, ძალაუფლების შენარჩუნებას უფრო დიდხანს ისახავდეს მიზნად, ვიდრე კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

პრეზიდენტს სურვილი _ დარჩეს ხელისუფლების სათავეში, ვადის ამოწურვის შემდეგაც პირველად არ გამოუთქვამს. ჯერ კიდევ პარლამენტში ბოლო გამოსვლისას გეგმებს 2015 წლამდე აწყობდა: “ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს  გრძელვადიანი გეგმის მიხედვით. 2015 წელი არის ამ გეგმის პირველი შედეგების შემაჯამებელი წელი”.

სააკაშვილის ეს სურვილი ოპოზიციისა და საზოგადოების აშკარა გამოწვევაა, მითუმეტეს ქართულ პოლიტიკაში არსებული რადიკალური განწყობების ფონზე, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტს საზოგადოებისა და ოპოზიციის აზრი დიდად არ ანაღვლებს.

ცალკე მსჯელობის თემაა, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტი მენტალიტეტის ცვლილებაში. თუკი სააკაშვილის მიზანი ჩვენი “ჩამორჩენილი მენტალიტეტის”  ევროპული (დასავლური) მენტალიტეტით ჩანაცვლებაა, მაშინ რატომღაც ამ ცვლილების პროცესში მას “ავიწყდება” ევროპული მენტალიტეტისა და ცივილიზაციის უმთავრესი ღირებულებები, როგორიცაა: პიროვნების თავისუფლება, შრომის უფლება, სოციალურად დაცულ გარემოში ცხოვრების უფლება, განათლების მიღების შესაძლებლობა, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

როცა სააკაშვილი ამბობს: “მენტალიტეტის სრულად გამოსაცვლელად საჭიროა სულ მცირე 15-20 წელიწადი”-ო, მაშინ ცოტა გაუგებარია, რატომ ცდილობს პრეზიდენტი მენტალიტეტის ცვლილება მის მიერ განსაზღვრულ ვადებში მოაქციოს. როგორც ცნობილია, მენტალიტეტის (ლათ. მენტს _ გონება, აზროვნება) ცვლილება ცოცხალი, დინამიური პროცესია და ის თანდათანობით იცვლება გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად. თუმცა მისი განსაზღვრულ ვადებში მოქცევა დიდი უაზრობაა. მაგრამ, თუ სააკაშვილი მენტალიტეტის ცვლილებას ხელისუფლების ცვლილებასთან აიგივებს და ცდილობს, საზოგადოება შეაგუოს მისი ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენის აზრს, მაშინ ყველაფერი “გასაგები” ხდება.

 
ზურაბ ჯამბურია
 

 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here