Home რუბრიკები პოლიტიკა კარლო კოპალიანი: 21 მაისის აქციას “რვიანიდან” რამდენიმე პარტია შეუერთდება

კარლო კოპალიანი: 21 მაისის აქციას “რვიანიდან” რამდენიმე პარტია შეუერთდება

626

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, დღესაც ნიღბით ჩნდება საზოგადოების წინაშე (თითქოს არაფერი ხდება), მოსახლეობა და ოპოზიციური სპაქტრი წინა “სააქციო” მზადებაში არიან.

თუ რა ალტერნატიულ გზებს სახავს და როგორ აფასებს საკუთარ კოლეგებს _ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციური სპექტრის “დიპლომატიურ” ფრთას _ “რვიანს” პარლამენტარი და “საერთო სახალხო კრების” სათათბიროს წევრი კარლო კოპალიანი, ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებს მოცდის დრო არ გვაქვს, ფაქტობრივად, საქართველოს ვკარგავთ, ქართული მენტალობა და ტრადიციები ხელიდან გვეცლება. რა დროს პარტიებს შორის დაპირისპირება და საქმეების გარჩევაა, როცა ქვეყანა თავზე გვენგრევა. რა დროს პირველობასა და ლიდერობაზე საუბარია, როცა ქვეყნის პრეზიდენტი დღეს ახალი მენტალიტეტის ქართველის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და დირექტივებს აძლევს მექანიზატორებს: თუ ქართველმა გლეხმა მიწის გასხვისებაზე პრეტენზია გამოთქვა და მიწის მფობელი ინდოელები, ჩინელები, არაბები მიწის დამუშავებისას დააბრკოლა, ტრაქტორით გადაუარეთო. ამ კაცის გადაყენებაა საშური საქმე და არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი რამ.
ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე თქვა, ფრთხილად, ქართველებო, დადგება დრო, საქართველოში მტერი ხმლითა და ზარბაზნით კი არა, ცოდნითა და იდეებით შემოვა; თუ ქართველები საკუთარი ცოდნითა და ძლიერი მენტალობით არ დახვდებით, ისე გამოგაცლიან ხელიდან სამშობლოს, სახტად დარჩებითო.  ეს დრო უკვე დადგა.

_ ბატონო კარლო, როგორ შეაფასებთ “რვიანის” პოზიციას?

_ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ “რვიანი” ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს; ამაზე მისი შემადგენელი ოპოზიციური სპექტრის წარსულიც მეტყველებს. 2007 წელს სწორედ ამ პარტიებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არჩიეს ქუჩაში გამოსვლას, მაგრამ ერთი შედეგიც ვერ დადეს, ბოლოს კი ისევ ხელისუფლების მიერ მოწოდებული საარჩევნო კანონმდებლობით წარდგნენ არჩევნებზე. ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა მოატყუებინო თავი ხელისუფლებას?! თავმოყვარეობამ მაინც ხომ უნდა შეგაწუხოს, ადექი და პირში მიახალე _ მატყუარებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს-თქო.

ვერ გამიგია “რვიანში” გაერთიანებული იმ პოლიტიკური ძალების ფერიცვალებაც, რომლებიც წინა აქციებზე ხელისუფლებასთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ამის გამო სხვებს აქილიკებდნენ და დღეს კი თავად გაიძახიან დიალოგს, რა შეიცვალა ასეთი?

ერთი კი ცხადია: მოლაპარაკებით ხელისუფლებას “რვიანი” ვერანაირ დათმობაზე ვერ წამოიყვანს, რადგან ხელისუფლება საკუთარი ხელით იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის და არც იმ პრინციპებს დათმობს (ლოიალური გზით), რომლითაც იკვებება.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს “რვიანი” საკუთარი ნაბიჯების “გაპრავებას” ცდილობს, მერე სათქმელად რომ ჰქონდეს _ რადიკალურები არ ვყოფილვართ, მაგრამ ხელისუფლებასთან მაინც არაფერი გამოგვივიდაო. რატომღაც გათვლებს საერთაშორისო ორგანიზაციებზე აკეთებენ. ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს რვიანიდან ვიღაც-ვიღაცები ხელისუფლებას გაურიგდნენ, მაგრამ მე არ მინდა, ეს დავიჯერო. თუმცა ისეთ სიახლეების ვიგებ, რომ თავს უკვე ვერავისზე დავდებ. სხვათა შორის, ხელისუფლებამ, შესაძლოა, “რვიანს” მაცდური წინადადებები შესთავაზოს, მაგრამ თუ რამდენად გამოიჩენენ სიმტკიცეს, ეს მაგათ სინდისზეა დამოკიდებული.

მიმაჩნია, რომ ხალხთან ერთად ქუჩაში მანამ უნდა ვიდგეთ, ვიდრე ხელისუფლება იძულებული არ გახდება, უარი თქვას ძალაუფლებაზე. ჩვენ ერთ კონკრეტულ მმართველ გუნდს კი არ ვებრძვით, არამედ იდეოლოგიას, რასაც დავასამარებთ კიდეც კონსტიტუციური გზით. იმედია, 21 მაისის აქციას სხვა  პარტიებიც შეუერთდებიან.

ადრე ლიდერებს გამოჰყავდა ხალხი, დღეს კი ხალხი ხელისუფლების ქმედებებს გამოჰყავს ქუჩაში. ასე რომ, ძალიან დიდი სხვაობაა 21 მაისსა და 2007-ში ჩატარებულ აქციებს შორის. მაშინ ხალხს ლიდერები იმორჩილებდნენ, დღეს კი ლიდერს იქეთ გადაუვლიან, თუ მათ ნებას არ დაჰყვებიან. ჩვენი მაშინდელი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ყველაფერს წინასწარ ვაცხადებდით  (სად რას ვაპირებდით). ახლა კი ასე არ იქნება, ეს მხოლოდ 21-ში გაცხადდება და, რასაც გავაკეთებთ, ყველაფერი  კონსტიტუციის ფარგლებში იქნება. წინა გამოცდილებიდან უკვე კარგად ვიცით, რა ძალასთან გვიწევს ბრძოლა და რა რესურსის გამოყენება შეგვიძლია მათ წინააღმდეგ.

_ და მაინც, თუ ამჯერადაც ვერ გაამართლებს ქუჩის აქციები, მაშინ რას აპირებთ?

_ ეს უკვე საბოლოო გზაა. თუ ამ აქციებით საზოგადოებამ შედეგი ამჯერადაც ვერ დაინახა, ეს იქნება აქციაში მონაწილე ყველა პოლიტიკოსის პოლიტიკური დასამარება და ყველა საზოგადო მოღვაწის რეპუტაციის შელახვა. ეს თითოეულ ჩვენგანს გათავისებული და გააზრებული აქვს, ამიტომ ძალიან ფაქიზად ვეკიდებით ამ საკითხს. ჩვენ არამარტო კარიერას ვდებთ სასწორზე 21 მაისის მოვლენების გამო, არამედ _ ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან არავინ იცის, რა ძალას გამოიყენებს ხელისუფლება აქციის დასაშლელად. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

_ როგორც პარლამენტარი, რაიმე რესურსის გამოყენებას თუ აპირებთ ხელისუფლების წინააღმდეგ?

_ როცა ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა, პარლამენტი ჩუმად არ უნდა იყოს, მან თავისი სათქმელი უნდა თქვას. უმრავლესობის წარმომადგენლებს მინდა ვურჩიო, რომ ნამდვილად არ ღირს ცხოვრება იმად, პირობითად ერთდღიან კეთილდღეობას საკუთარი ხალხი შესწირონ. ბევრი ვიცი, მთავრობაში ცალ-ცალი კალოშით მოსული, ახლა მილიონერები რომ არიან. თუ ქვეყანაში მდგომარეობის გამოსასწორებლად ზრუნვას ისინიც არ დაიწყებენ, თუ ერთსულოვნებას არ გამოიჩენენ და საკუთარ ხალხს მხარს არ დაუჭერენ, მაშინ ყველას გვერდზე დარჩება ნაგროვები ქონება, _ უმცირესობასაც და უმრავლესობასაც.

ჩემი სურვილია, საპარლამენტო ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტს, ქვეყანაში მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისკენ მოუწოდოს; უარის შემთხვევაში კი, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. ამით პარლამენტი საკუთარი თავის რეაბილიტაციასაც მოახდენს და დაკარგულ იმიჯსაც დაიბრუნებს.

_ ბატონო კარლო, ბოლოს და ბოლოს, რისი ეშინიათ სხვა დეპუტატებს, არასოდეს თქვენს გვერდით რომ არ დგანან და არც ერთ პრობლემაზე ხმამაღლა რომ არ საუბრობენ, ნუთუ მათ რაიონებში ყველაფერი რიგზეა?

_ რას ამბობთ, ყველა რაიონში ერთსა და იმავე პრობემებს ვაწყდებით. თქვენ რა გგონიათ, უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელს გული არ შეტკივა არსებულ მდგომარეობაზე? მაგრამ რაღაცით დაშინებულები არიან და ხმას ვერ იღებენ.

რაც შეეხება უშუალოდ მაჟორიტარ დეპუტატებს, ალბათ, ხელსაყრელ დროს ელოდებიან და მერე ისინიც ალაპარაკდებიან.

ესაუბრა ეკა რობაქიძე

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here