Home რუბრიკები ისტორია რას გვიამბობს არმაზციხე

რას გვიამბობს არმაზციხე

1205

მზე გვარიანად გადაიწვერა დასავლეთისკენ. წინ ჩემი წინაპრის აჩრდილი მიმიძღვის. ჰარი-ჰარალეს ღიღინით ვქვეითდებით მთაქართლის თხემიდან არმაზციხემდე. ბრინჯაოს ეპოქებიდან ანტიკური ხანისაკენ მოვდივართ. 2000 წელი უნდა გამოვიაროთ…

მამამთავარ ქართლოსის მიძინების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, და აი, ლეონტი მროველი, სპარსელების რომელიღაც მატიანეზე დაყრდნობით, ნისლში გახვეულ ამბავს მოგვითხრობს: ბიბლიური მოსეს ცხოვრებამდე კარგა ხნით ადრე ნებროთიან-სპარსელ გმირს – აფრიდონს აღმოსავლეთიდან ჩვენს ქვეყანაში დიდძალი ლაშქრით გამოუგზავნია და ერისთავად დაუდგენია ვინმე არდამი. სწორედ მას შემოურტყავს პირველად დუღაბიანი გალავანი მთა-ქართლისათვის და იგი ცხვირით მტკვრამდე ჩამოუგრძელებია.
…”ცხვირს” მივაღწიე და მცხეთას თავზე წავადექი. აქ, მთაქართლის აღმოსავლეთ კეხზე, სადაც ახლა ჯვარია აღმართული, ათასწლეულების წინ კერპები იდგა… ამ მიდამოებში მრავალი არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა. მკვლევარებმა ზოგიერთი უძველესი ნაგებობის ნაშთი სახილველად დაგვიტოვეს, ნაწილს მიწა წააყარეს, ნაწილი კი თავისით “დაიმალა”. ასე მაგალითად, დღეს თვალი აღარ შეევლება მთის წვერზე ოროკოებად ამომავალ საფეხურებს, რომლითაც ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებით დაფარულ არმაზის, გაცის და გას კერპებთან ამოდიოდნენ ქურუმები.

ვდგავარ მთაქართლის მოშიშვლებულ წვერზე ძველი კერპივით და შიში მიპყრობს: ეს, თითქოს, მე შემომცქერის წმიდა ნინო, შემომცქერის და ამბობს: “და აჰა, დგა კაცი ერთი სპილენძისაი, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვი ოქროისაი, და ჩაფხუტი ოქროისაი და სამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, და ხელსა მისსა აქუნდა ხრმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა, რეცა თუ რომელნი შეეხებიან, თავი თვისი განიწიროს… და მარჯულ მისა და კერპი ოქროსაი და სახელი მისი გაცი და მარცხლ მისა – კერპი ვერცხლისაი და სახელი მისი გა, რომელნი იგი ღმრთად ჰქონდეს მამათა თქუენთა არიან – ქართლით”. (“მოქცევაი ქართლისაი”).

მაგრამ ეს კერპები აქ მხოლოდ ძვ. წ. აღ-ის IV საუკუნიდან აღიმართა. ჯერ იყო და, ალექსანდრე მაკედონელის თანამებრძოლი არიან, ქართლის მეფისწული აზო რომ მოვიდა, 18 დიდ გვარსოფელს გაცი-გას კერპებიც მოაყოლა, მერე კი ფარნავაზმა “აღმართა კერპი დიდ ცხვირსა ზედა და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქნა ზღუდე წყლით კერძო და ჰრქვიან არმაზ” (“მოქცევაი ქართლისაი”).

* * *

ეს მერამდენედ ვდგავარ აქ და მერამდენედ მიჩნდება შეკითხვა: კი, მაგრამ, ძვ. წ. აღ-ის IV საუკუნემდე ათეისტები ხომ არ იქნებოდნენ ჩვენი წინაპრები? მაშ, რა ერქვათ ძველ ღმერთებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალური, წამყვანი იქნებოდა?

ქართული წარმართული პანთეონიდან რამდენიმე ღვთაებას ვიცნობთ, რომლებიც უშუალოდ მთებშია შემორჩენილი: ბოჩი, დალი, კვირიე, კოპალა, იახსარი, პირქუში და სხვ. ამასთანავე გვყავდა ყოველთა “დედა ნანა”, რომლის ტაძრის ნაშთებს (ძვ. წ. აღ-ის II-I ათასწლეულების მიჯნა) უფლისციხესთან ახლოს, ყათლანიხევში მიაკვლიეს. ეს “ნანა” დაახლოებით იგივე შეიძლება იყოს, რაც შუმერული დედა “ნინმახი” ან უმშვენიერესი “ინანაა” (იგივე “იშთარი”). მაგრამ, ამავე პრინციპით, ჩვენ ცენტრალური მამა-ღვთაებაც უნდა გვყოლოდა გაციმდე და არმაზამდე. იგი ქართლოსის მცხეთაში დამკვიდრებისთანავე უნდა გამოჩენილიყო.

წინააზიის ყველაზე უძველეს ხათურ და ხურიულ, ანუ იგივე პროტოქართველურ საზოგადოებაში ასეთი ღვთაება-კერპი იყო “თეშუბი” – ცის, ელვა-ქუხილისა და სიცოცხლის მომცემი წვიმის ღმერთი, რომელიც დიდ, ქორბუდა ირემზე შესმული კაცის იკონიზაციითაც არსებობდა. ხურიელებს ჰყავდათ კიდევ ერთი ცენტრალური ღვთაება, რომელიც ურარტუში უმთავრესად იქცა. ეს არის “ხალდი” – ლომზე შემომჯდარი მამაკაცი. თეშუბი ვანის ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო აღმართული, ხალდი-ურმიის ტბის დასავლეთით. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა კარდუხების (ქართუხების) მოზრდილი სამეფო-სამთავრო (ერთ-ერთი ვერსიით არიან-ქართლი).

ახლა ყური მივუგდოთ “მოქცევაი ქართლისაის”. მასში ძვ. წ. აღ-ის IV საუკუნიდან ქართლის გაქრისტიანებამდე ძალიან დაწურული ისტორიული ფაქტებია მოყვანილი. წარმოიდგინეთ, რომ ფარნავაზის მეფობის ჟამი მხოლოდ 3 წინადადებითაა აღწერილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მატიანის შემდგენელს ფარნავაზის მეფობის უმთავრეს მოვლენად არმაზის კერპის შექმნა და არმაზციხის რეკონსტრუქცია მიუჩნევია. “აღმართა კერპი დიდ ცხვირსა ზედა და დასდვა სახელი მისი არმაზი და მოქნა ზღუდე წყლით კერძო…”

“წმიდა ნინოს ცხოვრებაში” სიდონია დედაკაცის მონათხრობში მეფე მირიანი არმაზის კერპის დამსხვრევას ორი კერპის ბრძოლას მიაწერს და მოციქულთა სწორს ეუბნება: “ეგე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუშან ყოვლადვე მტერ არიან. ამან (ე.ი. არმაზმა – გ.ქ.) მის (ე.ი. ითრუშანს – გ.ქ.) ზედა ზღუაი მოადგინოს და მან ამის ზედა ერთი ნუ რაიმე მოიწიოს, ვითარცა აქუს ჩვეულებაი სოფლის მპყრობელთ…” გამოდის, რომ თავის დროზე არმაზს ზღვით (დიდი წყლით) ჩაუგდია განსაცდელში ითრუშანი, ახლა კი ითრუშანს არმაზისთვის სანაცვლო მიუზღავს. მაგრამ როგორ? როგორდა, როგორც იმავე “წმიდა ნინოს ცხოვრებაში” წერია: “დასავლით ჰაერნი და ქარნი შეიძრნეს და ხმა-სცეს ქუხილთა ხმითა საზარელითა და აჩნდა ღრუბელი მოწრფეი, ნიშანსაშინელი და მოიღო ნიავმან მზის დასავლისმან სული ჯერკუალი სიმწრისა და სიმყრალისაი… მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი და მოიღო სეტყუაი ლიტრისა სწორი მას ადგილსა ოდენ და დალეწნა კერპნი იგი…” წმ. ნინომ იცის, რომ ეს უფლის ძალით მოხდა, მაგრამ მირიანის თვალთახედვით ხომ ასე არ იყო, წარმართთა აზრით, ეს ხომ ითრუშანის შურისძიება გახლდათ. აქ ეს შურისმაძიებელი ითრუშანი ერთი-ერთზე ელვა-ქუხილისა და წვიმის ღმერთი თეშუბია. მაგრამ დავუკვირდეთ სხვა გარემოებასაც: რისთვის იძია შური ითრუშანმა (თეშუბმა)? – იმისთვის, რომ მანამდე მას “არმაზმა ზღუაი მოადგინა”. ძვ. წ. აღ-ის IV-III საუკუნეთა მიჯნაზე დაზარალებული ითრუშანი ქალდეველთა ნოეს – ათრახასს ჰგავს. და მართლაც, ჩვენ აკი ვიცით, რომ არმაზის სახელის მატარებელმა მეფე ფარნავაზმა მთაქართლის ცხვირი (და ზედ მდგარი ძველი კერპიც) წყლით შემოზღუდა და მერე ახალი კერპი აღმართა. მთელ ამ სიუჟეტში წარღვნის იმიტირებული საკრალური ქმედებებია, მაგრამ აქ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: არმაზი, ერთის მხრივ, თავის თავში გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს თეშუბის თვისებებს ელვასავით მოელვარე და მოძრავი მახვილით, მეორეს მხრივ კი, ოქროს აბჯრითა და სპეკალებით, ავესტური პანთეონის სინათლისა და ცეცხლის მბრწყინავ ღმერთ “აჰურა-მაზდას” განასახიერებს. საფიქრალია, რომ მ. წერეთელი ამის გამო ხედავდა არმაზში თეშუბის ანარეკლს.

აი, ასეთი რეფორმა ჩაატარეს ფარნავაზის ქურუმებმა, რომლებმაც, მოჩვენებით შეიცვალეს რა რელიგიური ორიენტაცია, რითაც თავისებური საზღაური გაიღეს სელევკიდების სპარსეთის მიმართ.

ასეთი ვერსიები, მითუმეტეს არმაზის ირგვლივ, არახალი, თუმცა მაინც მეტად თამამია, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ფარნავაზმა ერთიანი სახელმწიფოს შექმნა და გამეფება სპარსელთა მხარდაჭერით შეძლო.

ამ მოსაზრებათა სასარგებლოდ სხვა ნიშნების ანალიზიც გამოდგება, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის – მთაქართლის თხემს ისედაც დიდხანს შემოვრჩით, არადა არმაზციხის ქვედა იარუსზე ვართ ჩასასვლელი.

* * *

არმაზციხის (ბაგინეთის) ძირითადი კომპლექსი მის ქვედა იარუსზეა. ესაა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადაჭიმული პატარა ველი ტერასული ქანობით. ვისთვის უცნობია ეს ადგილი, ვისთვის – ნაცნობი. სულ ბოლოს 6 წლის წინათ ვიყავი აქ და არქეოლოგთა ახალი აღმოჩენა ვიხილე – ყველაზე ძველი და მასშტაბური აბანო, რომელიც ახლა ჩარდახქვეშაა მოქცეული. იგი ნაგებია უზარმაზარი ქვიშაქვის ფილებით, დაყოფილია ცხელი და ცივი წყლის სააბაზანოებად, წინკარად, ცეცხლსანთებ და წყალგამანაწილებელ ოთახებად. შემორჩენილია თიხის მილების და საკომუნიკაციო ხვრელების ფრაგმენტები. ნაგებობა მიწის ზედაპირიდან 1,5 მ-ის სიმაღლემდეა შემორჩენილი. ზევით, ალბათ, შორენკეცებით მოპირკეთებული ალიზის ბლოკების წყობა იქნებოდა. ეს ძვ. წ.აღ-ის IV-III საუკუნეების აბანოა და შეიძლება დავასკვნათ, რომ ფარნავაზის ან საურმაგის დროსაა აგებული. ფარნავაზმა, როგორც ვიცით, მთელი ეს ტერიტორია წყლით შემოზღუდა და ციხე-ქალაქს ამ მხრივ არ გაუჭირდებოდა. არმაზციხეში კიდევ ორი აბანოა. მისგან ჩრდილო-დასავლეთით ძვ. წ.აღ-ის I საუკუნის, სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩვ. წ.აღ-ის II-III საუკუნეებისა, რომელსაც არქეოლოგები ორსენაკიან ნაგებობას უწოდებენ და ყველაზე უკეთაა შემონახული. ტერიტორიაზე გვხვდება მხოლოდ 2 აკლდამა, მაგრამ ისინი სამეფო არაა. საფიქრალია, რომ აკლდამების უმეტესობა კარგა ხნის წინათ მტკვრის სანაპიროზე გაყვანილ გზას ან გვირაბს შეეწირა.

უძველესი აბანოს და ახალი ორსენაკიანი აბანოს ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია ძველი მარანი და წარმართული ტაძრის მოხაზულობა. აქ ჯერ კიდევ ადგილზეა ოთხი ქვით შეკრული (მერცხლისკუდა გადაბმა) სვეტის უზარმაზარი ბაზისი. მეორე საინტერესო ქვა, რელიეფებით შემკული კერპის პოსტამენტი, მცხეთის არქეოლოგიურ ცენტრშია გადატანილი. მასზე ამოკვეთილია კერპის ორივე ტერფის სადგამი ღრმულები. კერპი ადამიანის სიმაღლისა უნდა ყოფილიყო. “არმაზი”, ალბათ, გაცილებით მაღალი იქნებოდა. ამიტომ იგი “გაცის” ან “გას” თუ ეკუთვნის. ქანდაკებათა ნაშთები მიუკვლეველია. როგორც ჩანს, IV საუკუნეში იგი მართლაც მარილივით დაფშვნეს. კოპლექსის ცენტრალური ნაგებობა სვეტებიანი დარბაზია (28,8X8.8 მ). სვეტები ხისა უნდა ყოფილი­ყო, რომლებიც ოქრო-ვერცხლის ფირფიტებით იქნებოდა შემოსილი. სვეტების ექვსი ბაზისიდან მხოლოდ ორი გალეული ლოდია შემორჩენილი. კარგად გათლილი ლოდების ორპირი, მშრალი წყობით აყვანილი კედლები 1,5-3 მეტრის სიმაღლისაა და ურყევადაა შემონახული, ალიზის ბლოკების ზედა წყობა კი განადგურებულია. გადახურვაზე საუბარიც ზედმეტია.

6 წლის წინათ აქ ჯერ კიდევ მორიგეობდა ერთი კეთილშობილი ყარაული, რომელიც მცირე გასამრჯელოს იღებდა კულტურის სამინისტროდან, ბალახსაც თიბავდა და შეძლებისდაგვარად ძეგლებსაც უვლიდა, ახლა კი ყველაფერი ნებაზეა მიშვებული. კიდევ კარგი, ათასწლოვანი ქვევრები ადრე მაქვს გადაღებული, თორემ ამჟამად გადაფარულია. აქვე ვიტყვი, რომ ყურადღება არ ექცევა, ასევე, მცხეთის რკინიგზის სადგურის მახლობლად არსებულ, საქართველოში დღემდე ყველაზე უკეთ შემონახულ I საუკუნის აკლდა­მას.

საკვირველია ასეთი გულგრილობა. არმაზციხეში ხომ სულ მცირე 40 მეფე სახლობდა ძვ. წ.აღ-ის IV საუკუნიდან მოყოლებული. ეს ხომ ქართული ცნობიერების ცენტრია. ნუთუ მხოლოდ არქეოლოგიური შესწავლაა წინაპართა პატივისცემა?! მოვლა აღარაა საჭირო?

სირცხვილია!..

 

გელა ქოქიაშვილი

ავტორის ფოტოები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here