Home რუბრიკები ისტორია მეორე მსოფლიო ომის დასაწყებად ჰიტლერმა კრედიტები ამერიკასა და ინგლისს გამოართვა

მეორე მსოფლიო ომის დასაწყებად ჰიტლერმა კრედიტები ამერიკასა და ინგლისს გამოართვა

ბოლო პერიოდში დასავლეთის პრესამ ბიბლიის ნაცვლად ე. წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ლამის ილოცოს: ასე სჭირდება კარგად დაფინანსებულ პროგრამას “საბჭოთა კავშირს ფაშიზმისგან კი არ უხსნია კაცობრიობა, არამედ თავად იგია მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზთა მიზეზი”. ხან საიდან მოუვლიან, ხან საიდან მოაბამენ ყურს თავიანთ ღამის ქოთანს, რომელიც ტყუილებით ისედაც სავსეა და ყარს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ახლახან მიღებული რეზოლუცია საბჭოთა კავშირსა და გერმანიას ერთნაირად ადანაშაულებს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში.

რახან ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ასეა დაინტერესებული “ისტორიული ჭეშმარიტების” დადგენით, თავდაპირველად, ალბათ, საჭიროა, მიუკერძოებლად გაეცეს პასუხი საკვანძო საკითხს: ვინ უზრუნველყო ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვინ დააყენა იმ გზაზე, რომელსაც მსოფლიო კატასტროფამდე უნდა მიეყვანა?
მივეხმაროთ პატივცემულებს ევროპარლამენტიდან.

ზოგადი პასუხი ასეთია: გერმანიის ომისწინა ისტორია ადასტურებს, რომ “საჭირო” პოლიტიკურ კურსს უზრუნველყოფდა ისეთივე მართული ფინანსური რყევები, რომლებშიც დღევანდელი მსოფლიო აღმოჩნდა ჩათრეული.

მეოცე საუკუნის ისტორიულ აბლაბუდაში რომ არ გავებათ, 30-იანი წლებიდან დავიწყოთ, როცა ახალი იმპულსი მიიღო ამერიკელთა თანამშრომლობამ გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. ეს თანამშრომლობა იმდენად ინტენსიური და სიღრმისეული აღმოჩნდა, რომ 1933 წლისთვის ამერიკის ფინანსური კაპიტალის კონტროლს დაემორჩილა გერმანული მრეწველობის საკვანძო დარგები, აგრეთვე, ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიც იყო “დოიჩე ბანკი”, “დრეზდენ ბანკი”, “დონატ ბანკი” და სხვები.

ჰიტლერს დიდი პოლიტიკისთვის ამზადებდნენ, მაგრამ, სანამ გერმანიაში აყვავების პერიოდი იდგა, მისი პარტია საზოგადოებრივი ცხოვრების პერიფერიაში რჩებოდა.

ვითარება კრიზისის დაწყებასთან ერთად მკვეთრად იცვლება. აშშ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და მორგანის სახლმა გადაწყვეტილება მიიღეს, შეეწყვიტათ გერმანიის დაფინანსება, ანუ ცენტრალურ ევროპაში საბანკო კრიზისი და ეკონომიკური დეპრესია გამოეწვიათ. 1931 წელს ინგლისმა უარი თქვა ოქროს სტანდარტზე, რითაც შეგნებულად მოშალა საგადასახადო საერთაშორისო სისტემა და სრულად შეუწყვიტა ფინანსური ჟანგბადის მიწოდება ვაიმარის რესპუბლიკას.

სამაგიეროდ სასწაულებრივად მდიდრდება ნაცისტური პარტია: 1930 წლის სექტემბერში ტისენის, “ი.გ. ფარბენინდუსტრის” და კორდორფის უხვი შეწირულობების წყალობით ეს პარტია არჩევნებში 6,4 მილიონ ხმას იღებს და რაიხსტაგში მეორე ადგილს იკავებს; მატულობს ფინანსური ნაკადები უცხოეთიდან.

ინგლის-ამერიკის მმართველი წრეები კეთილგანწყობით შეხვდნენ გერმანიის სათავეში ახალი მთავრობის მოსვლას. როცა ჰიტლერმა უარი თქვა რეპარაციის გადახდაზე, რამაც, ბუნებრივია, კითხვის ნიშანი დაუსვა სამხედრო ვალების გასტუმრების საკითხს, არც ინგლისს, არც საფრანგეთს მისთვის პრეტენზია არ განუცხადებია. უფრო მეტიც, იალმარ შახტის კვლავ რაიხსბანკის სათავეში დაყენების შემდეგ და, უწინარეს ყოვლისა, 1933 წლის მაისში აშშ-ში მისი მივლინების დროს ქვეყნის პრეზიდენტთან და უოლ-სტრიტის ბანკირებთან შეხვედრის შედეგად, გერმანიას 1 მილიარდი დოლარის საერთო მოცულობის ახალი კრედიტი მისცეს. იმავე წლის ივნისში ლონდონში მის ვიზიტსა და მ. ნორმანთან მოლაპარაკებას დამატებით 2 მილიარდი დოლარი მოჰყვა. გერმანიას ძველი ვალებიც გაუუქმეს.

1930-იანი წლების ბოლოსთვის გერმანია ინგლისის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხდება.

1936 წელს შრედერის ნიუ-იორკის განყოფილება უერთდება როკფელერების სახლს და იქმნება საინვესტიციო ბანკი “შრედერი, როკფელერი და კომპანია”, რომელსაც ჟურნალმა “ტაიმსმა” “ბერლინი-რომის (ფაშისტური. – ა.ს.) ღერძის ეკონომიკური პროპაგანდისტი” უწოდა. ჰიტლერს ამ ბანკის დიდი იმედი ყოველთვის ჰქონდა და ეს ფინანსური სტრუქტურაც მას ყოველთვის უმართლებდა.

1934 წელს ამერიკულმა ნავთობკომპანია “სტანდარტ ოილმა” გერმანიაში 730 ათასი აკრი მიწა შეიძინა, სადაც უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ააშენა. ეს ქარხნები ნაცისტებს ნავთობით ამარაგებდა. იმავე პერიოდში აშშ-დან გერმანიაში საიდუმლოდ ჩამოიტანეს უთანამედროვესი მოწყობილობა საავიაციო ქარხნებისათვის, სადაც სულ მალე გერმანული თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო. “პრატ და უინტონის”, “დუგლასის” და “ბენდიკს ავმეიშნის” ამერიკული ფირმებისგან გერმანიამ დიდი რაოდენობით სამხედრო პატენტი მიიღო და ამერიკული ტექნოლოგიებით დაიწყო “იუნკერს-87”-ის წარმოება.

1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ამერიკულმა ინვესტიციებმა გერმანულ ეკონომიკაში 475 მილიონი დოლარი შეადგინა.

“სტანდარტ ოილმა” 120 მილიონი გაიღო, “ჯენერალ მოტორსმა” – 35 მილიონი, იტტ-მ – 30 მილიონი, “ფორდმა” კი – 17,5 მილიონი დოლარი.

ამ ფაქტების ჩამოთვლის შემდეგ, მოდით, დავსვათ შეკითხვა: მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმება, ფარატინა ქაღალდი, რომლის ორიგინალი დღემდე ნაპოვნი არ არის, რაც სერიოზული დაეჭვების საბაბს იძლევა, თუ ის უზარმაზარი ფინანსური დაფინანსება და ტექნიკურ-ტექნოლოგიური მომარაგება, რასაც ინგლისი და ამერიკა ფაშისტური რეჟიმის ჯერ დამყარებას და შემდეგ ყოველმხრივ გაძლიერებას ახმარდა, შეიძლება ჩაითვალოს მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების საფუძვლად?

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: მსოფლიო ომისთვის კრედიტი ჰიტლერმა ამერიკას და ინგლისს გამოართვა.

ევროპის სირცხვილი და თავის მოჭრა

1938 წლის 29-30 სექტემბერს მიუნჰენში გაიმართა დიდი ბრიტანეთის (ჩემბერლენი), საფრანგეთის (დალადიე), გერმანიის (ჰიტლერი) და იტალიის (მუსოლინი) კონფერენცია, რომელზეც ხელი მოაწერეს დიპლომატიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო სამარცხვინო დოკუმენტს. ამ შეთანხმების ძალით ევროპის ორი წამყვანი დემოკრატია შეუთანხმდა ორ ფაშისტურ რეჟიმს ფორმალურად გერმანიისათვის სუდეტის ოლქის გადაცემის, ფაქტობრივად კი სუვერენული ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს დაშლის შესახებ და მესამე რაიხის წახალისების თაობაზე მსოფლიოს შემდგომი მასშტაბური გარდაქმნის მიზნით.

ოთხმხრივი შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიას 10 ოქტომბრამდე უნდა დაეტოვებინა სუდეტის ოლქი. ქვეყნის დარჩენილი ნაწილის ხელშეუხებლობაზე გარანტიას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იძლეოდნენ. სინამდვილეში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გარანტია ქაღალდზე დარჩა და ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული ჩეხოსლოვაკია პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაანაწევრეს.

ამასობაში გერმანელებმა ხელთ იგდეს მემელის (კლაიპედის) ოლქი, რომელიც 1923 წლიდან ლიტვას ეკუთვნოდა და პოლონეთს ულტიმატუმი წარუდგინეს დანციგისა და დანციგის დერეფნის შესახებ.

მემელი და დანციგი ჰიტლერისთვის მაინც მეორეხარისხოვანი პრობლემა იყო. იმავე წლის 3 აპრილს აღვირაწყვეტილმა ფიურერმა გასცა სრულიად საიდუმლო დირექტივა, რომლითაც პოლონეთზე თავდასხმის თარიღად 1 სექტემბერი დაადგინა.

საბჭოთა კავშირი ენერგიულად ცდილობს აგრესორის მოთოკვას კოლექტიური წინააღმდეგობის ორგანიზების მეშვეობით. მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან მოსკოვში დაწყებული მოლაპარაკე­ბა ცხადყოფს, რომ დასავლეთელ პარტნიორებს არ სურთ, წინ აღუდგნენ ჰიტლერს აღმოსავლეთისკენ მისეულ მისწრაფებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. კადოგანი ასე ახასიათებდა ამ პერიოდში ჩემბერლენის დამოკიდებულებას პრობლემისადმი: “პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი უმალ გადადგება, ვიდრე საბჭოეთთან კავშირს მოაწერს ხელს”.

ასეთ ვითარებაში საბჭოთა კავშირს სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დათანხმებულიყო გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტის დადებას. ამით სტალინმა გარკვეული დრო მოიგო ქვეყნის თავდაცვითი უნარიანობის განსამტკიცებლად. ისტორიამ მისი ეს გადაწყვეტილება სავსებით გაამართლა.

პოლონელ პოლიტიკოსთა გაუგონარი სიბეცე ალბათ, ბევრს გაუკვირდება, როცა გაიგებს, რომ პოლონეთის მთავრობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ქვეყნის სათავეში იდგა და თავისი გასჭირვებოდა, საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და განადგურებას გეგმავდა. რუსეთის საგარეო დაზვერვის გასაიდუმლოებული მასალების ანალიზით უტყუარად დგინდება, რომ ამ მიზნის მისაღწევად იგი ხელს უწყობდა სეპარატიზმის გაღვივებას კავკასიაში, უკრაინასა და შუა აზიაში.

აღნიშნულ მასალებს შორის არის პოლონეთის გენშტაბის დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ ამ სტრუქტურასთან შექმნილი იყო სპეციალური დანაყოფი სსრკ ტერიტორიაზე ეროვნულ უმცირესობებთან სამუშაოდ.

დოკუმენტები, რომლებზეც ლაპარაკია, თავმოყრილია ახლახან გამოცემულ წიგნში “პოლონეთის პოლიტიკის საიდუმლოებანი. 1935-1945 წლები”.

თავის დროზე პოლონეთის მთავრობის მიერ აღებული ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის კურსი, რომელსაც დიდი მონდომებით განახორციელებდნენ ხელისუფლების სათავეში მდგარი პილსუდსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბეკი საბედისწერო აღმოჩნდა პოლონელი ხალხისთვის. მეორე მსოფლიო ომის წინ ვარშავამ დაიკავა ისეთი პოზიცია, რომელიც გამორიცხავდა სამხედრო შეთანხმების დადებას საბჭოთა კავშირს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის პოლონეთის მხარის მონაწილეობით. პოლონეთის ხელმძღვანელობამ კატეგორიული ფორმით უარყო ანტიჰიტლერული ფრონტის შექმნა 1939 წელს.

ჰიტლერელების მიერ პოლონეთის სუვერენული სახელმწიფოს ლიკვიდაცია, მისი ტერიტორიის მესამე რაიხის საგუბერნატოროდ გადაქცევა – ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა პოლონელი პოლიტიკოსების გაუგონარ სიბეცეს.

 

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

1 COMMENT

  1. უდიდესი და უძლიერესი პიროვნება იყო, რომელმაც გადაარჩინა არამარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო განადგურებისგან! იმ დროისთვის დაუმარცხებლად აღიარებული ფაშისტური გერმანია დააჩოქა და იხსნა მსოფლიო ჰიტლერის ბატონობისგან.. გენია იყო და ასეთი ადამიანები 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან.. სამწუხაროა,რომ ვერ ვაფასებთ სათანადოდ ასეთ ადამიანს, თანაც ქართველს.. არაუშავს, თვითონ სტალინმა თქვა, რომ ჩემი სიკვდილის მერე, ვიცი, ბევრ ნაგავს დააყრიან ჩემს საფლავსო, მაგრამ ისტორიის ქარი ამ ნაგავს დროთა განვმალობაში გაფანტავსო..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here