Home რუბრიკები ისტორია როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამების შესახებ

როდოპის წარწერებისა და ხევსურული პიქტოგრამების შესახებ

1230

მას შემდეგ, რაც ბალნით მოსილმა, ახლად ორფეხადგმულმა ჩვენმა წინაპარმა ხელში ნახშირი აიღო და გამოქვაბულის კედელზე ბიზონი მიახატა, «გამოქვაბულის მხატვრობად» წოდებულმა ხელოვნებამ დიდი გზა გამოიარა და უფრო დიდი თავსატეხი გაუჩინა თანამედროვე მეცნიერებას. დედამიწაზე არსებობს ასეულობით გამოქვაბული, რომელთა კედლებზეც უძველესმა ადამიანმა თავისი კვალი დატოვა. ძალიან ბევრი ამ გამოქვაბულთაგან დღემდე შეუსწავლელია. მათგან ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალი გამოქვაბული ბულგარეთშია, როდოპის მთათა სისტემაში.
1928 წელს რამდენიმე შეშისმჭრელმა სრულიად შემთხვევით სოფელ სიტოვოსთან ახლოს, ძველი დასახლება შუტგრადის ნანგრევებიდან 200-ოდე მეტრში, კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული აღმოაჩინა. გამოქვაბულის კედლებზე დატანილი იყო გაურკვეველი წარწერები. მცირე ხნის «გააზრების» შემდეგ შეშისმჭრელებმა ჩათვალეს, რომ სადღაც ახლომახლო განძი უნდა ყოფილიყო დამალული და მაშინვე იქაურობის გადათხრას შეუდგნენ. მათ ენთუზიაზმს ისიც აძლიერებდა, რომ ადგილობრივ ფოკლორში მრავლად იყო თქმულებები, რომლებშიც მოთხრობილია ფასდაუდებელ საგანძურზე, უძველეს დროს როდოპის მიწაში რომ ჩაუფლავთ.

ცოტა ხანში შუტგრადიდან სიტოვომდე რაღაც «ოქროს ციებ-ცხელების» მსგავსი განვითარდა. დიდი და პატარა უეცარი გამდიდრების მოლოდინში მიწაში ჩაძვრა. ერთნი ხისგან და თოკებისგან მოწყობილობებს აკეთებდნენ მიწიდან ოქროს ამოსაღებად, მეორენი – შელოცვებს და მაგიას მიმართავდნენ და ა. შ.

სიტოვოს საოცრებების შესახებ ინფორმაცია, ბოლოს და ბოლოს, მთიდან ბარად ჩამოვიდა და პლოვდივამდეც მიაღწია. არქეოლოგიური საზოგადოების მდივანმა ალექსანდრე პეევმა სასწრაფო ექსპედიცია მოაწყო მთებში. ცოტა ხანში ექსპედიციამ ახალი აღმოჩენის შესახებ ამცნო სამყაროს:

«გამოქვაბულის სამხრეთ კედლის გულდასმით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე გამოკვეთილი იყო გლუვი ზოლი, სიგანით – 23-დან 30 სმ-მდე, ხოლო სიგრძით – 260 სმ. ამ ზოლში ამოკაწრულია რაღაც იდუმალი ნიშნები. წარწერა უდავოდ ადამიანის ხელითაა შესრულებული. ნიშნები მოგვაგონებს ე. წ. რუნებს, ანუ რუნულ დამწერლობას, რომელსაც იყენებდნენ ძველგერმანული ტომები, სანამ რომის კულტურული ზეგავლენის ქვეშ მოექცეოდნენ… გამოქვაბულის აღმოსავლეთის კედელი წარმოადგენს უზარმაზარ ქვის ბლოკს. ჩვენ აქაც აღმოვაჩინეთ წარწერა, სიმაღლით – 23 სმ და სიგრძით – 80 სმ.»

მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში ალექსანდრე პეევი იყო ერთადერთი მეცნიერი, რომელიც სიტოვოს წარწერის გაშიფვრას ცდილობდა. მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ამ წარწერების ზუსტი გაშიფვრა და ანალიზი დღემდე ვერავინ მოახერხა. არსებობს მხოლოდ ვარაუდები. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს წარწერები ძველი ცივილიზაციების დანატოვარია. სხვა ვერსიის მიხედვით, ეს უცხოპლანეტელების მიერ ადამიანებისთვის დატოვებული ინფორმაციაა. არსებობს ვარაუდიც, რომ ამ წარწერებს არაფერი აქვს საერთო რომელიმე დამწერლობასთან.

მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი თვლის, რომ ეს წარწერები დაახლოებით იგივეა, რაც ნებისმიერ თანამედროვე გამოქვაბულში, აგურის ნატეხით მიწერილი «ზოიას + ვალიკო» ან მგავსი რამ.

ხუმრობა იქით იყოს და, ეს სიმბოლოები შეიძლება მართლაც თანამედროვე ადამიანის ნამაიმუნარი აღმოჩნდეს.

ალექსანდრე პეევი თვლიდა, რომ სიტოვოს წარწერები უნიკალური იყო და მსოფლიოში მისი ბადალი არსად მოიძებნებოდა. სწორედ აქ შეცდა მეცნიერი – იმავე სიმბოლოებით შესრულებული წარწერა აღმოჩენილია კონსტანტინოპოლის (სტამბოლის) აია სოფიას ტაძრის იატაკზე.

როდოპის წარწერების მსგავსად, არც ესაა გაშიფრული.

პეევმა ეს წარწერები ბოლოს 1940 წელს ნახა. პეევის ნაცნობ-მეგობართაგან ცოტამ თუ იცოდა მისი მეორე გვარი – ბოევოი. ევროპა ნელ-ნელა ომის ქარცეცხლში ეხვეოდა.

3 წლის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა საბჭოთა კავშირის სამხედრო დაზვერვის ბულგარეთის ჯგუფის ხელმძღვანელი ბოევოი.

პეევისთვის ბრალის წაყენებისას მოსამართლეებმა ნივთმტკიცებად მოიტანეს როდოპის წარწერაც, რომელიც მათ შიფროგრამად ჩათვალეს! საუბარი იყო წარწერის ფოტოასლზე, რომელიც მეცნიერმა შესასწავლად კიევის უნივერსიტეტში გააგზავნა.

პეევი-ბოევოი დახვრიტეს.

ომის დასრულების შემდეგ პეევი საბჭოთა კავშირისა და თავისუფალი ბულგარეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის სიკვდილის შემდეგ ლენინის ორდენითა და გეორგ დიმიტროვის ორდენით დააჯილდოვეს.

როდოპის წარწერაზე ისევ ალაპარაკდნენ 50-იანი წლების დასაწყისში, ამჯერად ძველი ენების ბრწყინვალე სპეციალისტ ივან გოშევთან დაკავშირებით.

ის თვლიდა, რომ წარწერა იწყებოდა სიტყვებით: «მე – რუნხინების თავადი…»

რუნხინები იყვნენ სლავური ტომები, რომელნიც, ძირითადად, როდოპებში სახლობდნენ. გოშევის განმარტებით, მათ კლდეზე ამოკვეთეს იეროგლიფები, რათა მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია გადაეცათ.

გოშევს წარწერა ბოლომდე რომ გაეშიფრა, შესაძლოა, დაემტკიცებინა კიდეც, რომ როდოპის წარწერები სლავიანური რუნებია, მაგრამ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე გოშევმა საკუთარი ვერსია უარყო და სიტოვოს წარწერების საიდუმლო საფლავში წაიღო.

1967 წელს ბულგარულ ჟურნალ «კოსმოსში» გამოქვეყნდა ფანტასტიკური მოთხრობა, რომლის პერსონაჟიც, რიგ გარემოებათა შედეგად, როდოპის გამოქვაბულში აღმოჩნდა. მან ამ გამოქვაბულში იპოვა მიწისქვეშეთში ჩასასვლელი და იქ ორფეოსის მომღერალი ქანდაკება აღმოაჩინა.

ორფეოსი იყო როდოპში მცხოვრები თრაკიელი, ძველბერძნული მითების პერსონაჟი, მუსიკოსი, ექიმი, ფილოსოფოსი.

რამდენად მართებულია მისი დაკავშირება როდოპის საიდუმლოსთან, გვიხსნის თქმულება, რომელიც გვამცნობს, რომ ძველი თრაკიელებიდან წერა არავინ იცოდა, ამიტომაც, ზოგი მეცნიერის მტკიცებით, ბრძენი ორფეოსი არ შეიძლებოდა, თრაკიელი ყოფილიყო. ასე თვლიდა ანდროტიონი, დემოსთენეს თანამედროვე, ათენის ისტორიის მკვლევარი.

ასეა თუ ისე, როდოპის წარწერების საიდუმლოს ნათელი დღემდე ვერავინ მოჰფინა.

გაუშიფრავი წარწერების რა მოგახსენოთ, მაგრამ როდოპზე ძველი და იდუმალი გამოსახულებები მსოფლიოში მრავლადაა. რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ხევსურეთში, ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, რა დაგვიტოვეს ჩვენმა (თუ სხვისმა?) წინაპრებმა ქვებზე ამოკვეთილი პიქტოგრამების სახით.

ეს ნიშნები ფიქალის ქვებზეა გამოსახული. დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ეს ქვები სამშენებლო მასალად გამოუყენებია და ახლა ეს ნახატიანი ფიქალი, ძირითადად, კოშკებშია ჩატანებული.

ამ იეროგლიფებზე ყველაზე ცნობილი კვლევა ქართველმა მეცნიერმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა გიზო ვაშაკიძემ ჩაატარა. მისი მოსაზრებით, ხევსურეთში გამოსახულ იეროგლიფებზე აშკარაა ძველი ცივილიზაციის ნაკვალევი.

მეტიც, ვაშაკიძე ამტკიცებს, რომ ზუსტად ასეთივე გამოსახულებები ბასკეთშიცაა აღმოჩენილი, რაც ქმნის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და ბასკეთის ტერიტორიაზე ერთი და იგივე ცივილიზაცია მოქმედებდა!

იეროგლიფების ზუსტი გაშიფვრა, ანუ მისი «ამოკითხვა», რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც ბატონმა გიზომ შეძლო, მაგრამ მათი გამოყენების საშუალება იპოვა.

კერძოდ, გიზო ვაშაკიძემ ხევსურეთში გამოსახული ნიშნების მიხედვით სატელევიზიო ანტენა ააწყო, რომელიც, რაც უნდა გასაოცარი იყოს, გადასარევად მუშაობს და ყველა ქართულ არხს ხარვეზების გარეშე აჩვენებს!

ვაშაკიძის მტკიცებით, ამ ქვებზე გამოსახული ნიშნები შეიცავს ინფორმაციას ძველ ცივილიზაციათა დანატოვარი ტექნოლოგიების შესახებ. რამდენიმე მათგანზე «დახატული» ნიშნები მართლაც ძალიან ჰგავს რადიოტალღებს. სწორედ ამ ნიშნების დახმარებით ააწყო ქართველმა მკვლევარმა ანტენა.

ფიგურებში ყველაზე ხშირად ადამიანის ხელის მტევნის გამოსახულება გვხვდება. ვაშაკიძის აზრით, ეს აღნიშნავს მზის სისტემის მეხუთე პლანეტას, რომლიდან ჩამოსულებმაც ადგილობრივ ცივილიზაციას დიდი ტექნოლოგიური ცოდნა დაუტოვეს. ისინი ფლობდნენ საფრენ აპარატებს, ხელოვნურ თანამგზავრებს, ტელე და რადიო ტექნოლოგიებს, მძლავრ იარაღებს (!) და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია მათ დედამიწაზე ყველაზე გამძლე მასალაზე – ქვებზე დატოვეს.

ასე ვარაუდობს დოქტორი ვაშაკიძე, თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, ხევსურულ იეროგლიფებში მართლაც შეიძლება გავარჩიოთ ხელოვნური თანამგზავრის, კოსმოსური ხომალდის ან რადიოანტენის მსგავსი გამოსახულება.

ვიზუალურად ეს იეროგლიფები ძველ ჩინურ დამწერლობასაც წააგავს, მაგრამ მათ შორის მსგავსებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ისევ ხევსურეთში დავრჩეთ.

არსებობს, აგრეთვე, მოსაზრება, რომ ამ წარწერებსა და ძველ ინდიელთა ცივილიზაციების (აცტეკები, ინკები, მაია) დამწერლობებს შორის რაღაც კავშირია. კონკრეტულად, ამის მაგალითი შეიძლება იყოს ისევ და ისევ ხელის მტევანი, რომელიც ყველაზე ხშირად სწორედ მექსიკის ინდიელთა იეროგლიფებში გვხვდება.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ე. წ. ხევსურული სვასტიკა, რომელიც ხშირად მეორდება და ფორმით მესამე რაიხის სვასტიკასა და ქართულ ბორჯღალს შორის გარდამავალია. ანუ ესაა კლასიკური ოთხფრთიანი სვასტიკა, ოღონდ მომრგვალებული ბოლოებით.

სხვათა შორის, ბორჯღალის გამოსახულება ეგვიპტეში წმინდა ხოჭოს ოქროს ქანდაკებებზეცაა დაფიქსირებული, მაგრამ ეგვიპტური ცივილიზაცია სულ სხვა თემაა.

როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ხევსურულ პიქტოგრამებსაც გამოუჩნდება თავისი შამპოლიონი, მაგრამ ჯერჯერობით, როდოპის წარწერების მსგავსად, ხევსურეთის ქვებში ჩაკირული ისტორია დუმს.

ბოლოსთვის კი ერთი, ცოტა ლირიკული გადახვევა, რომელიც ხევსურეთს არა, მაგრამ საქართველოს სხვა კუთხეს უკავშირდება.

ამ სურათზე მოცემულია მაიას ტომის ციფრების გამოსახულება.

აბა, კარგად დააკვირდით: ციფრი «ნული» ხომ არაფერს გაგონებთ? ამ სიმბოლოში, ალბათ, ბავშვიც კი ამოიცნობს სვანური ქუდის გამოსახულებას!

შეიძლება, ესეც რამეზე მიუთითებს, ვინ იცის…

ლექსო ლეკიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here