Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ვეფხვაძე: რა უნდა ირაკლი ალასანიას ამ გიჟებთან, რატომ დგას ნინოსთან ერთად...

ლევან ვეფხვაძე: რა უნდა ირაკლი ალასანიას ამ გიჟებთან, რატომ დგას ნინოსთან ერთად მიტინგზე?!

790

საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხალხი, მომიტევეთ, მაგრამ «ფეხებზე რომ ჰკიდია», ეს ყველაზე ნათლად დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდა, როცა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის გახსნის შემდეგ ფეხბურთის საყურებლად რომში გაფრინდა და გაღიმებული დატოვა რკინიგზის რელსებზე ჩამომსხდარი ოპოზიცია. 26 მაისი ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ოპოზიციის ერთგვარ მარცხად შეაფასეს და აღიარეს, რომ მიშამ დასავლეთში ავტორიტეტი თითქმის დაიბრუნა. ვამბობთ თითქმის, რადგან, როგორც ჩანს, იმ დონეს ვერ მიაღწია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის მისთვის ხელი ჩამოერთმია. საპრეზიდენტო ლოჟაში მიწვევაზე აღარაფერს ვამბობთ. თუ რატომ განიცადა ფიასკო ოპოზიციამ, ამის გარკვევას «ქრისტიან დემოკრატიული» პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ბატონ ლევან ვეფხვაძესთან შევეცადეთ.
– თითქმის ორი თვეა, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, თქვენი აზრით, მან რაიმე შედეგი გამოიღო?

– ორი თვეა, მიმდინარეობს, მაგრამ განსაკუთრებული მხოლოდ ორი დღე იყო – 9 აპრილი და 26 მაისი, ამ პროცესის დასაწყისი და, ალბათ, ლოგიკური დასასრული, რადგან ახლო მომავალში არ მეგულება ისეთი თარიღი, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება ამდენი ხალხის შეკრება. ერთადერთი რიცხვი 7 აგვისტოა, მაგრამ იქამდე ჯერ დიდი დროა, თანაც აგვისტოში პოლიტიკა ნაკლებად აქტიურია. ოპოზიცია ყოველთვის ახდენდა გარკვეული რიცხვების ულტრირებას და იძახდა, რომ ქუჩაში 200-300 ათასი კაცი იყოო. 26 მაისმა დაგვანახა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არა 300, არამედ 60-70 ათასი კაცი იყო შეკრებილი. საქართველოსთვის ეს ძალიან ბევრია, შესაბამისად პრეზიდენტი არ უნდა იყოს თვითკმაყოფილი.

– ამ აქციის შედეგს მხოლოდ ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობაში ხედავთ?

– მარტო ხალხის რაოდენობა, როგორც ჩანს, სააკაშვილისთვის გადამწყვეტი არაა და, თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ქუჩაში გამოსული ასი ათასი კაცის დანახვაზე თვითმფრინავში ჩაჯდებოდა და გაფრინდებოდა, გაუქარწყლდა. ამ აქციების ერთადერთი შედეგი ისაა, რომ თუ 9 აპრილამდე ხელისუფლება საერთოდ არ საუბრობდა საკონსტიტუციო კომისიაზე, დღეს უკვე მათი მხრიდანაა შემოთავაზება. ვიღაცეებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო კომისიაში «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებთან ერთად ყოფნა მიუღებელია, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. ზვიად გამსახურდიამ საბჭოთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დაამარცხა კომუნისტური პარტია. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, უნდა ვითამაშოთ სააკაშვილის მოედანზე, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობას მეორე მხარემ ვერ დაუმტკიცა, რომ ის მასზე უკეთესი და გაწონასწორებულია.

– რატომ ვერ დაამტკიცა?

– აბა, მაჩვენეთ, რომელი ლიდერია სააკაშვილზე უფრო გაწონასწორებული? ეს ლიდერები უცხოელ დიპლომატებთან ისე საუბრობენ, რომ აღშფოთებული დიპლომატები გაკვირვებულნი რჩებიან, რამ გააგიჟა ეს ხალხიო?

– კონკრეტულად რომელმა პოლიტიკოსმა გადარია დიპლომატები?

– ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ.

– დღემდე ქალბატონი ნინო ყველაზე გაწონასწორებული ფიგურა გახლდათ ქართულ პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ, რა დაემართა?

– ზუსტად მაგ კითხვას გვისვამენ ის უცხოელი დიპლომატები, რომლებიც ხვდებიან ამ ქალბატონს. გაკვირვებული დიპლომატები კითხულობენ, ბურჯანაძე წონასწორობის და ბალანსის სიმბოლო იყო, ახლა რამ გააგიჟა? პირადად მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილი 4 თუ 5 წელია მართავს ქვეყანას ისე, რომ არავის აზრს არ ითვალისწინებს. ახლა მე მაინტერესებს, მისი ადგილი სხვამ რომ დაიკავოს, თუნდაც ნინო ბურჯანაძემ, იქნება ის ისეთი ხელისუფალი, რომელიც არ გაიმეორებს სააკაშვილის ქმედებებს? – ცხადია, პასუხი უარყოფითია.

– რატომ ფიქრობთ ასე? თქვენი აზრით, ნინო ბურჯანაძე რომში ფეხბურთის საყურებლად გაფრინდებოდა, როცა ქვეყანაში ასეთი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია?

– შესაძლოა, ბურჯანაძე სააკაშვილივით რომში არ წავიდეს, მაგრამ მის მმართველობაში შერწყმული იქნება სააკაშვილის და შევარდნაძის – ამ ორი ხელისუფალის, ყველაზე ცუდი მხარე – ნათესაურ-კლანური და გუნდურ-კლანური ურთიერთობები. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის სათავეში ბურჯანაძის მოსვლის შემდეგ ეს ქალბატონი თავად იქნება რეალური მმართველი, ძალიან ცდება, რადგან მაშინ საქართველო ბიწაძეების კლანის ხელში აღმოჩნდება ბატონი ბადრის მეთაურობით.

– ხელისუფლებამ თავად რატომ არ დადო კომპრომატები ბურჯანაძის წინააღმდეგ, როგორც ეს სხვა ჩინოვნიკების შემთხვევაში გააკეთა?

– ვისზე დადო?

– იგივე ირაკლი ოქრუაშვილზე.

– ოქრუაშვილის დასჯა საჯაროდ სჭირდებოდათ, რადგან მას ნინო ბურჯუნაძისგან განსხვავებით სააკაშვილზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

– ბატონო ლევან, ამ აქციების ორგანიზატორი არა მხოლოდ ნინო ბურჯანაძეა, არამედ დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ალასანია… რატომ გაქვთ აქცენტი ქალბატონ ნინოზე?

– ალასანიას და ბურჯანაძეს ერთ სიბრტყეში ვერ განვიხილავ, რადგან ჩემთვის მისაღებია ალასანიას ზომიერება, რასაც უცხოელი დიპლომატებიც აღნიშნავენ. დიპლომატებს უკვირთ, ასეთი ჭკვიანი ადამიანი რატომ გაეხვია შარში და რა უნდა ირაკლი ალასანიას ამ გიჟებთან, რატომ დგას ნინოსთან ერთად მიტინგზე.

– თქვენ 26 მაისი ამ აქციების ერთგვარ ლოგიკურ დასასრულად გამოაცხადეთ. ეს თარიღი ხომ არ გახდა, მართლაც, ოპოზიციის მარცხის დღე?

– ოპოზიციის მარცხზე არ მინდა საუბარი, რადგან ეს პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა. არის ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებსაც ეზიზღებათ სააკაშვილი და, შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ აორთქლდებიან ჰაერში.

– თუმცა ეს ადამიანები აღარ გამოდიან ქუჩაში.

– ამ ადამიანებში არსებული მუხტის რეალიზება ცალკე საკითხია, რადგან, თუ გახსოვთ, 26 მაისს ისმოდა ასეთი ფრაზები – «რამდენჯერ უნდა გამოგვიყვანოთ ქუჩაში», «რამდენჯერ უნდა გვატაროთ აქეთ-იქით და არაფერი არ მოხდეს!» რევოლუციით მოსვლის მსურველი ხელისუფლება ბრძოლის პროცესში მის წინამორბედზე უფრო სისხლისმსმელ ძალად ყალიბდება.

– გინდათ თქვათ, რომ ამ აქციების ორგანიზატორები სააკაშვილის ხელისუფლებაზე უარესები და სისხლისმსმელები არიან?

– არა. ამ აქციების შედეგად თუ რევოლუცია მოხდა, ხელისუფლებაში მოვა ყველაზე აგრესიული პიროვნება და გახდება ყველაზე პირსისხლიანი ძალა.

– ბატონო ლევან, თქვენი პარტია შექმნილ სიტუაციაში რაღაც ოქროს შუალედის ძიებითაა დაკავებული, რაც არ მოსწონს საზოგადოების დიდ ნაწილს, რის გამოც ხელისუფლების სატელიტ პარტიად გთვლიან…

– ჯერ ერთი, ვინ დაადგინა, რომ საზოგადოებას არ მოსწონს.

– ბოლო მოვლენებმა აჩვენა.

– რას ნიშნავს საზოგადოება ან ვინ დათვალა პროცენტულად?

– თუ გადიხართ ხალხში, ესაუბრებით მათ, აუცილებლად შეიტყობთ, რას ფიქრობენ თქვენს პარტიაზე.

– გააჩნია, ვისთან გახვალთ, თუ მიტინგზე მყოფ ხალხს გაესაუბრებით, ცხადია, ეს არის ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი არა მარტო ხელისუფლების მიმართ; თან, როგორც გატყობთ, სოციოლოგია, როგორც საგანი, არ იცით. სოციოლოგიაში არის შერჩევის სტატისტიკური მეთოდი და, თუ გინდა, გაიგო, რას ფიქრობს საშუალო ქართველი, უნდა მოახდინო სოციალური ჯგუფების ზუსტი შერჩევა.

– მაპატიეთ, მაგრამ რობიკო სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ბევრი სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწე ამ აქციებს უჭერენ მხარს და ეს არ არის ის სოციალური ჯგუფი, ვისი აზრიც გასათვალისწინებელია?

– სწორედ მაგას ვამბობ, ეს არ არის საზოგადოება მთლიანად.

– ამას არც მე ვამბობ, თუ ვერ გაიგეთ, დავაკონკრეტებ – ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილი.

– ბევრი ჭკვიანი ადამიანი სწორად აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, ილაპარაკოს ყველას სახელით, ამით ღუპავს ქვეყანას. ახლა ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით, დავუშვათ, «ქრისტიან-დემოკრატებმა» არჩევნებში მივიღეთ ხმების ოცი პროცენტი. ეს ნიშნავს, რომ მე მთლიანი მოსახლეობის ხმების ათი პროცენტი მივიღე, ანუ ყოველი ათი მოქალაქიდან ერთი მხარდამჭერი მყავს და 9 შეიძლება მაგინებს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი პოზიცია არასწორია?

– მაინტერესებს, რატომ გთვლიან ხელისუფლების სატელიტ პარტიად, თქვენ კი კითხულობთ, ვინ დათვალა თქვენი ოპონენტები და როგორ დათვალა.

– ვარდების რევოლუციის დროს დავით გამყრელიძე და შალვა ნათელაშვილი ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში, რადგან იყო ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მათ მოღალატეებს ეძახდა. დღევანდელი გადასახედიდან ვისი პოზიციაა უფრო სწორი?

– თუ თვლით, რომ გამყრელიძე-ნათელაშვილის პოზიცია სწორია, რატომ არ აკეთებთ მკვეთრ განცხადებებს?

– ჩვენ ხელისუფლების პოლიტიკა არ მოგვწონს, მაგრამ არ გვინდა, ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანაა, გადავაყენოთ სააკაშვილი ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა. ემოციების პოზიციიდან კი შეიძლება ვინმეს მიშა-2-ად მოვეჩვენო. ამასთან, სააკაშვილი დღეს გაცილებით უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე ადრე იყო. მას შიდა ლეგიტიმაცია არ აინტერესებს. მის შიდა ლეგიტიმაციას ვანო მერაბიშვილი ჰქვია. ამ აქციების ფონზე კი უკვე გაჩნდა კვლევითი ცენტრების სტატიები, რომლებშიც სააკაშვილს, როგორც დადებით და პოზიტიურ მოვლენას, ისე ხატავენ, რადგან აგერ აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოსულ მოსახლეობას ტყვიები ესროლეს, სააკაშვილი კი დემოკრატიის პრინციპებით ხელმძღვანელობს. ვინ აქცია სააკაშვილი დადებით გმირად – ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატებმა თუ იმათ, ვინც ქუჩაში დგანან, თავისი ირაციონალური მოთხოვნებით?

– გაჩნდა მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნით, ხელისუფლება იგებს დროს, რათა სააკაშვილმა მშვიდად დაასრულოს საპრეზიდენტო ვადა და შემდეგ პრემიერ-მინისტრად მოგვევლინოს, რაშიც თქვენც უწყობთ ხელს ამ კომისიაში ყოფნით…

– საკონსტიტუციო ცვლილებებით სააკაშვილს დროს არავინ უხანგრძლივებს. ეს აბსურდია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები არ ეწინააღმდეგება ადამიანების სურვილს, გადააყენონ სააკაშვილი. თუ ვინმეს შესწევს ძალა – ჰა ბურთი და მოედანი! რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობას, მას შეუძლია, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები, გაამარჯვებინოს გიგი უგულავას მერაბიშვილის დახმარებით და გახდეს პრემიერ-მინისტრი. ნებისმიერი მოდელი არის დაუცველი, თუკი არ ჩატარდა სამართლიანი არჩევნები.

– და სანამ ხელისუფლებაში არიან სააკაშვილი და მერაბიშვილი, რამდენად შესაძლებელია სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

– სანამ სააკაშვილია ხელისუფლებაში, ჩვენ შეიძლება, მხოლოდ რაღაც ფორმით მივუახლოვდეთ სამართლიან არჩევნებს.

 თქვენი კითხვებიდან კარგად ჩანს, რომ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, სააკაშვილის ქუჩიდან გადაყენება.

– ყველა სიტყვაზე რომ კვერი დაგიკრათ და სულ დიახ, დიახ გეძახოთ, არ ვიქნები ტენდენციური?

– კი, ბატონო, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. თუ ვინმეს შეუძლია მიშას გადაყენება, აგერ არის ბურთი და მოედანი, უბრალოდ, მეშინია, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ.

ესაუბრა ნათია ქადაგიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here