Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ წავა პირველი – იუშჩენკო თუ სააკაშვილი?!

ვინ წავა პირველი – იუშჩენკო თუ სააკაშვილი?!

821

მწვავე პოლიტიკური კრიზისი საქართველოსა და უკრაინაში ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. სპეციფიკა განსხვავებულია, თუმცა მიმდინარე პროცესების მიღმა ერთი სტრატეგიული ჩანაფიქრის დანახვა შეიძლება, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეკუთვნის. ცოდვა გამხელილი ჯობს და, იმპერიების ბრძოლაში ხშირად გვჩვევია საქართველოს მთავარ პრიზად წარმოჩენა. სინამდვილეში გლობალური დაპირისპირების ამ ეპიზოდში, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ «ბრძოლა ევროპისათვის», ჩვენი როლი და ფუნქცია მეორეხარისხოვანი და გამოყენებითია, თუმცა, თუ უკრაინელ მეგობრებთან ერთად სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, ტანკის ქვეშ მოყოლილი ველოსიპედისტის ბედს ნამდვილად გავიზიარებთ.

ველური ცეკვები და ფარული ვნებები

სტივენ პაიფერმა, აშშ ყოფილმა ელჩმა კიევში, მოხსენება «უკრაინაში კრიზისის წინსწრება» ჯერ კიდევ იანვარში მოამზადა. «საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს» წევრმა (ამ ორგანიზაციას აშშ საგარეო პოლიტიკაზე გადამწყვეტი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია; იქ, საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით, ქუჩიდან ხალხი არ მოჰყავთ) ეს დოკუმენტი ამავე საბჭოს «პრევენციული მოქმედებების ცენტრისთვის» შეადგინა და, ალბათ, არც ელოდა, რომ იგი საჯარო განხილვის საგანი გახდებოდა. ფართო მასებისთვის განკუთვნილი იყო სხვა მოხსენება – «ურთიერთმოქმედება უკრაინასთან 2009 წელს», რომელიც ორ სხვა ექსპერტთან ერთად მარტში ბრუკინგსის ინსტიტუტში წარმოადგინა. იმ მოხსენებაშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო წამოჭრილი:

ა) ვაშინგტონმა უნდა მოახდინოს მაქსიმალური ზეგავლენა უკრაინის უმაღლეს პირებზე, რათა იუშჩენკომ და ტიმოშენკომ ერთმანეთთან ითანამშრომლონ;

ბ) ვინაიდან უკრაინის ბიუჯეტს 5-მილიარდიანი დეფიციტი ემუქრება, ვაშინგტონმა უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე (შესაძლოა, დონორთა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის გზით);

გ) ხელი შეუწყოს უკრაინის მმართველებს ენერგეტიკის სფეროს რეფორმირებაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, რომელზეც «ისინი პირადი ეგოისტური ინტერესების გამო ჯიუტად უარს ამბობენ».

ხოლო იმ მოხსენებაში, რომელიც პაიფერმა შიდა მოხმარებისთვის მოამზადა (გაჟონვა, როგორც ჩანს, კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი იყო, რაზეც – ოდნავ მოგვიანებით), გამოთქმებს – «შეეცადოს, დაარწმუნოს» და ,,ხელი შეუწყოს» – უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებაში ემატება ზმნა «მუსტ», რომელიც ინგლისურად ნიშნავს «აუცილებლად უნდა…» (ყველაზე კატეგორიული ფორმით). თუ რატომ, ალბათ, მოხსენების ერთ-ერთი ფრაზიდან გამომდინარეობს: «იმიტომ, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მოწესრიგებაში მილიარდობით დოლარი ჩადო».

მთავარი საფრთხე, ამერიკელი დიპლომატის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს,

«მოახდინოს ისეთი საგარეოპოლიტიკური კურსის ფორმულირება, რომელსაც აშშ მთავრობა დაეთანხმება»; მეტიც, გადავა ,,მოსკოვზე უფრო ფოკუსირებულ კურსზე»; შესაბამისად, «ვაშინგტონი ვალდებულია, არ გაუშვას უკრაინა მოსკოვის გეოპოლიტიკურ ორბიტაზე».

შემდეგ, რუსლანა რომ იტყოდა, საერთოდ «Дикი Танцი» იწყება (ეჰ, რა მიმზიდველი გოგო იყო, სანამ ის კაცი ხელში აიტაცებდა!), ვინაიდან სტივენ პაიფერი სავარაუდო სცენარების დაფქვას იწყებს.

ძირითადი რისკფაქტორებია: «ყირიმული სეპარატიზმი, შავი ზღვის ფლოტი, ურთიერთობა რუსეთთან, ეთნიკურ რუსებთან დაკავშირებული პრობლემები და ნატოში გაწევრების საკითხის პოლიტიზება».

«კიევისთვის მნიშვნელოვანია, სეპარატისტული დემონსტრაციებისა და უკრაინის შიდა უსაფრთხოების ძალების შეტაკებების უდიდესი რისკის პირობებში ოსტატურ ქმედებებს მიმართოს. ასეთმა შეტაკებებმა შეიძლება, უფრო ღრმა ვნებები გააღვივოს და კრიზისის პროვოცირება მოახდინოს, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნოს». პაიფერი ავითარებს აზრს, რომ «მოსკოვი შეიძლება მოექცეს საკუთარი რიტორიკის ტყვეობაში, როდესაც დაიწყება სამოქალაქო არეულობა სევასტოპოლში და შეტაკებები უკრაინის უშიშროების ძალებთან», «რუსეთი იძულებული გახდება, მიიღოს ზომები ადგილობრივი ეთნიკური რუსების დასაცავად და შექმნას სახიფათო სიტუაცია, როდესაც რუსი საზღვაო ქვეითები და უკრაინელი სამართალდამცავები ერთმანეთს დაეჯახებიან».

საინტერესო ხედვაა. პაიფერი, ერთი მხრივ, იწონებს ,,კიევის გეგმებს, გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი ნახევარკუნძულზე» და იქვე წერს, რომ ეს «შეიარაღებული შეტაკებების საფრთხეს ზრდის», თუმცა «უკრაინული არმიის განადგურება გაცილებით რთული და ხანგრძლივი ამოცანა იქნება, ვიდრე ქართულის». იგი მიიჩნევს, რომ მორიგ «გაზის ომს» რუსეთთან უკრაინამ შეიძლება საზღვაო ძალების მოქმედებით უპასუხოს (როგორ გამომდინარეობს ერთი მეორიდან, აბსოლუტურად გაუგებარია), რათა შავი ზღვის ფლოტს სევასტოპოლისაკენ გზა გადაუღობოს.

«ორი ქვეყანა აღმოჩნდება დიდი კონფრონტაციის ზღვარზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ რუსულ და უკრაინულ გემებს შორის ცეცხლის გაცვლის შესაძლებლობა გაჩნდება».

მოკლედ, «Вრღნთ ვ Кპძსუ, ვყჰ ვ ლძსუ», თანაც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ომის დაწყების წინაპირობად წარმოჩენილია საბაბები და არა მიზეზები, ასეთ შეცდომას გამოცდილი დიპლომატი არ დაუშვებდა, კონკრეტული მოტივაცია რომ არ ამოძრავებდეს.

ITALIANO VERO

სტივენ პაიფერთან დამშვიდობებისას მისი ორი მთავარი პასაჟი მოვიყვანოთ: «ვაშინგტონმა ჩუმად უნდა ურჩიოს იუშჩენკოს რუსეთთან ბრძოლის მეთოდების არჩევა» და ფრიად საგულისხმო «საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ვაშინგტონმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაარწმუნოს კიევი იმაში, რა დონის მხარდაჭერა იქნება მოსალოდნელი, თუ უკრაინა მოსკოვთან დიდ კონფრონტაციაში შევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონის საჯარო რიტორიკა მთლიანად დაუჭერს მხარს უკრაინის პოზიციას, პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომლის შეთავაზებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია, ლიმიტები აქვს. კიევი ამ ლიმიტებს უნდა აცნობიერებდეს. იუშჩენკო ფრთხილი პოლიტიკოსია, ხოლო აშშ მთავრობამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა თავიდან აირიდოს შეცდომები კიევში».

ისე, ხუთ წელიწადში მაიმუნსაც შეიძლება ასწავლო სიგარეტის მოწევა. სააკაშვილი კი რით ვერ დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონის მხადაჭერას ლიმიტები აქვს? ისე, ალბათ, ოდესმე სააკაშვილიც, თუ ამისათვის დრო და შესაძლებლობა ექნება, მოჰყვება, რა რჩევებს აძლევდნენ და რაში არწმუნებდნენ მას ამერიკელი მეგობრები 2008-ში აგვისტოს ომის წინ.

სხვათა შორის, მხარდაჭერის, ლიმიტების და, ზოგადად, ომის თემის ილუსტრირებას «ჩორრიერე დელლა შერა»-ს ფურცლებზე ძალიან კარგად ახდენს ფრანჩესკო კოსიგა, რომელიც წლების განმავლობაში იტალიის მთავრობის და სენატის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი გახლდათ: «როდესაც 1980-ში მარშალი ტიტო სიკვდილის პირას იყო, ნატოში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა, თუმცა საბჭოელების შესაძლო შეჭრა იუგოსლავიაში ალიანსის რეაქციას არ გამოიწვევდა, რადგან ყველა ჩათვლიდა, რომ სსრ კავშირს მიაქვს ის, რაც იალტის შეთანხმებებით ისედაც ეკუთვნოდა. ახლა ამას შემიძლია, დავამატო, რომ იტალიაში არსებობდა გეგმა სახელწოდებით «ალებარდა». არ დაკმაყოფილდებოდა რა იუგოსლავიით, ვფიქრობდით, რომ სსრკ შეიჭრებოდა ფრიული-ვენეცია-ჯულიას ოლქის ზღვისპირა ზოლში, სადაც მდებარეობს ქალაქი ტრიესტი. ამასთან, გვესმოდა, რომ ვერ ვთხოვდით ნატოს ბირთვული ომის დაწყებას მის დასაცავად. იუგოსლავიაში საბჭოთა ჯარების შესვლისთანავე, – განაგრძობს კოსიგა, – ჩვენი სამხედროები ვენეციის ოლქიდან უკან დაიხევდნენ, იქ დარჩებოდნენ მხოლოდ პრეფექტი, პოლიცია და კარაბინერები, წესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად მანამ, სანამ საბჭოთა ჯარები ამ ფუნქციებს საკუთარ თავზე აიღებდნენ».

წამით დავფიქრდეთ, რომ საუბარია ალიანსის ძირძველ წევრ იტალიაზე და 80-იანების ნატოზე, რომელიც დღევანდელი სადისკუსიო კლუბისგან განსხვავებით, მეტ-ნაკლებად შეკრული ორგანიზაცია იყო.

სინამდვილეში, ეს ძალიან ტრაგიკული ისტორიაა. შესაძლოა, საუბარია ყველაზე სერიოზულ არჩევანზე, რომლის გაკეთება იტალიელ პოლიტიკოსებს XX საუკუნის მეორე ნახევარში მოუხდათ. ჩრდილოეთ იტალია პლანეტის ყველაზე მშვენიერი და სიყვარულით მოწყობილი ადგილია, მის ადგილას ბირთვული უდაბნო გაჩნდებოდა, რადგან სხვა ხერხებით საბჭოთა არმიის გამჩერებელი იმ წლებში არავინ იყო. კი ბატონო, დავუშვათ, ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებდნენ, ისიც დავუშვათ, რომ ამერიკელები გადმოსხდებოდნენ (ვითომ?); ვენეციის, მილანის, ფლორენციისა და რომის ნანგრევებზე ტოტალური ბრძოლა გაჩაღდებოდა. ასიათასობით, მილიონობით იტალიელი დაიღუპებოდა, ომი შთანთქავდა ყველაფერს, რაც საუკუნეთა განმავლობაში თაობებმა შექმნეს. მათ, ვინც ასწლეულები პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში გაატარა, ქმნიდნენ და ოცნებობდნენ (თან როგორ!) მანამ, სანამ იტალიის მიწა-წყალზე მძიმედ მოაბიჯებდნენ ფრანგი, ავსტრიელი, ესპანელი და გერმანელი მეომრები, რომლებიც ასჯერ, ათასჯერ უფრო ძლიერ იმპერიებს წარმოადგენდნენ. ერთიანი იტალია ჯერ ამ შემოქმედი ადამიანების ოცნებებში დაიბადა და პოლიტიკურ რუკაზე მხოლოდ შემდეგ (როცა ამის დრო მოვიდა) გაჩნდა.

1980-ში ფრანჩესკო კოსიგას და იტალიის სხვა მმართველებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე: რა არის იტალია და როგორი გახდება ის? – მკვდარი ტერიტორია, რომელშიც სათანადო ადგილებში სასაზღვრო ბოძებია დარჭობილი თუ ცოცხალი გული, რომელიც უკეთესი მომავლის იმედით ცოცხლობს?

ალბათ, იოლია, განიკითხო ისინი, უწოდო ლაჩარი; მეტიც, პირველმა ქვა ესროლო, მაგრამ… საბჭოელები ოდითგან სადავო ტრიესტით რომ არ დაკმაყოფილებულიყვნენ და ვენეციაც დაეკავებინათ? ძალიან ძნელია, დათმო ვენეცია, წარმოუდგენლად ძნელია, უყურო, როგორ გადიან საზეიმო მარშით სანმარკოს მოედანზე უცხო ქვეყნის ჯარისკაცები და თან გჯეროდეს, რომ (როცა ამის დრო მოვა) ქვეყნის მთლიანობა აღდგება. მადლობა ღმერთს, იმ გაზაფხულზე ლეონიდ ილიჩს მანიაკური გეგმები არ გასჩენია. სენატორ კოსიგას შეეძლო, მიეჩქმალა ეს ამბავი, მაგრამ ჩვენს დროში მან ჩათვალა, რომ იტალიელებმა, ალბათ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, სიმართლე უნდა იცოდნენ. ერმა გაუგო, იგი არავის განუკითხავს.

მაშასადამე, ევროპელი…

ვითარება უკრაინაში ზღვრამდეა მისული. გასულ უიკ-ენდამდე კი ესკალაცია ნებისმიერ წუთს შეიძლება დაწყებულიყო. კიევში უკვე დაპირისპირებული მხარეების მხარდამჭერების კოლონები შემოედინებოდნენ. ვითარების მოკლე აღწერა: 2010 წლის იანვარში უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვიქტორ იუშჩენკოს რეიტინგი (სხვადასხვა მონაცემებს თუ შევაჯერებთ) 3%-ს არ აღემატება; არსენ იაცენიუკის რეიტინგი (ახალი ამერიკული პროექტია) 12%-ის ფარგლებში მერყეობს; ორზე თუ გავამრავლებთ, იანუკოვიჩის რეიტინგს მივიღებთ; ტიმოშენკოს ჯერჯერობით 15% აქვს.

ამ სიტუაციაში იანუკოვიჩმა მიიღო ტიმოშენკოს წინადადება კოალიციის ფორმირებისა და კონსტიტუციის შეცვლის შესახებ. ახალი პროექტის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევდა, იანუკოვიჩი პრეზიდენტი გახდებოდა, ხოლო ტიმოშენკო პრემიერის სავარძელს შეინარჩუნებდა. იუშჩენკო კი გაჰკიოდა დემოკრატიის დასამარების შესახებ და პარლამენტს დაშლით ემუქრებოდა, თუმცა ეჭვგარეშეა (თითქოსდა), რომ ამ კონფლიქტში იგი უეჭველად დამარცხდებოდა.

ესოდენ ნანატრი გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, მაგრამ მოულოდნელად იანუკოვიჩმა ჩაშალა მოლაპარაკებები და განაცხადა, რომ იანვრის არჩევნებზე მიდის. რატომ? პოლიტიკური ანალიზის ლაბორატორიის ექსპერტი ზოია ბალო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია ე.წ. «რუე ჯგუფის» (,,როსუკრენერგოს» ხელმძღვანელები) რჩევამ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს უშუალოდ კრემლიდან მომავალ გზავნილებს.

სავარაუდოდ, ეს იყო ხაფანგი და კრიტიკულ მომენტში გამოჩნდებოდა, რომ კოალიცია სულაც არ არის მყარი, ქვეყანა კი ორად გახლეჩისა და სამოქალაქო ომის ზღვარზე დადგებოდა. რუსეთი კი, რაზეც ასე ემოციურად წერდა სტივენ პაიფერი, შესაძლოა, ჩარევა-არჩარევის დილემის წინაშე აღმოჩენილიყო. ერთი შეხედვით, იუშჩენკოს საქმე გათავდა და იოლად ჩამოსაგდები გახდა («უცებ» ინფორმაციამაც გამოჟონა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოდან, ყირიმში შეიძლება ომი დაიწყოს, მიდით, მიხედეთ). მაგრამ არა, დათვი ხაფანგში არ წავიდა.

თუ რუსული სამხრეთ და ჩრდილოეთ «ნაკადების» პროექტები წარმატებით განხორციელდება, უკრაინაზე გამავალი მილსადენების როლი მკვეთრად შემცირდება. ამ პროექტების ჩაშლა (დრო იწურება) ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. მისი მიზნები ევროპასთან მიმართებაში შეიძლება, შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1) ევროკავშირი, როგორც აშშ ეკონომიკური (და პოტენციურად გეოპოლიტიკური) კონკურენტი, უნდა დასუსტდეს;

2) ევროპის ქვეყნები უნდა დაუბრუნდნენ დაქვემდებარებულ მდგომარეობას, ისეთს, როგორშიც «ცივი ომის» დროს იყვნენ;

3) რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ტემპები უნდა შემცირდეს მათი მთავარი ეკონომიკური და ტექნოლოგიური პარტნიორის (ევროკავშირის) განეიტრალების გზით.

ამისთვის საჭიროა:

ა) ირიბი კონტროლი ევროპის ენერგომომარაგებაზე და კრიზისების შექმნის შესაძლებლობა, რუსეთიდან მომავალი მილსადენების დაბლოკვა (უკრაინაში) და საკუთარის გაყვანა (ან ამის ილუზიის შექმნა);

ბ) კრიზისულ სიტუაციაში ევროპაში რადიკალური ჯგუფების გააქტიურების ხელშეწყობა;

გ) ნებისმიერი შიდაევროპული სეპარატიზმის მხარდაჭერა;

დ) რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტების გაღვივება და ახალი კერების შექმნა. ქაოსი უკრაინაში ამ ჩარჩოებში ლოგიკურად ჩაჯდებოდა.

დღეს აღმოსავლეთ ევროპას ეკონომიკურ კოლაფსამდე ბევრი არ უკლია. ცოტაც, და ევროპელები რადიკალური, ლიბერალიზმისგან შორს მდგომი ხელისუფლებების არჩევას დაიწყებენ. ეს ევროკავშირის პოლიტიკურ ერთიანობას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. გაუძლებს თუ არა იგი ამ გამოცდას? შესაძლოა, ეს კითხვები უადგილოდ ჟღერს, როგორც სისხლით მორწყულ არენაზე ლომსა და ვეფხვს შორის მოქცეული გლადიატორის მსჯელობა ეთიკასა და ესთეტიკაზე, მაგრამ იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს უშუალოდ ეხება.

 

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here