Home რუბრიკები პოლიტიკა პაატა ზაქარეიშვილი: ზუგდიდის აფეთქებებიც ჩვენი ხელისუფლების მოწყობილია

პაატა ზაქარეიშვილი: ზუგდიდის აფეთქებებიც ჩვენი ხელისუფლების მოწყობილია

განმეორდება თუ არა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები? – ეს კითხვა მუდმივად ტრიალებს საზოგადოებაში, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლებაც, როცა ცდილობს, დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან ყურადღება გარეშე საფრთხეებზე გადაიტანოს; საკუთარი მოსახლეობა რუსეთით, როგორც ბავშვი – ბუათი დააშინოს. «ვისაც თბილისი ადარდებს, შეუძლია მშვიდად იყოს, რუსული ტანკები ჭუბურხინჯიდან ისევ ოტობაიაში გადაუხვევენ, ხოლო ვისაც საქართველოს ბედ-იღბალი აწუხებს, მან იცის, რომ ქვეყანა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის ხელშია», – აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

 ბატონ პაატას ვთხოვეთ, შეეფასებინა ბოლო პერიოდში ზუგდიდში მომხდარი ტერაქტები და აეხსნა, რა ქმნის იმის საფუძველს, რომ საზოგადოება გამუდმებით ომის მოლოდინსა და შიშშია.

– უკვე კარგა ხანია, თბილისში ომის საფრთხეზე საუბრობენ, მათ შორის, ხელისუფლებაც. ბატონო პაატა, როგორც ექსპერტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ძველი სცენარის გამეორება, მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთს სამი გრანდიოზული სამხედრო წვრთნა აქვს დაგეგმილი; ერთ-ერთი მათგანი კავკასიაში უნდა ჩატარდეს. მასში ათასობით ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი 58-ე არმია…

– რუსეთის მთავარი ამოცანა იყო, საქართველო ნატოში არ შესულიყო. მან თავის მიზანს მიაღწია, დაიკავა ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორიები, რომლის მოსახლეობაც მას ოკუპანტად არ აღიქვამს; ახლა იქ განალაგებს ბაზებს, ეს კი ყოვლად მიუღებელია ნატოსთვის. შესაბამისად, რუსეთმა ისე დააინვალიდა და დააზარალა საქართველო, რომ ნატომ მის მიმართ ინტერესი დაკარგა. რუსეთს მეტი აღარ უნდა, სხვა შემთხვევაში მოუწევს, უკვე ანგარიში გაუწიოს იმ ხალხს, ვისთვისაც მიუღებელი იქნება რუსეთის ოკუპაცია. დღეს მას ეს პრობლემა არ აქვს.

– მაგრამ ცალკეული ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთს მთელ კავკასიაზე სურს კონტროლის დაწესება და, შესაბამისად, მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ხელში ჩაგდება არაა საკმარისი მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად…

– ქვეყანა, დიდი ხანია, რუსეთის ხელშია. ის, რისიც ამ ხალხს ეშინია, უკვე მოხდა. სახლში რომ არ გვივარდება რუსი, ეს არის მთავარი? რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხელში ჩაგდებით მთელი საქართველო დაითრია და ეს საკმარისია იმისათვის, ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე მართოს სიტუაცია.

– ვთქვათ, რუსეთისგან აღარ არის ომის საფრთხე; მაშ, რატომ ისმის ჩვენი ხელისუფლებისგან სამხედრო რიტორიკა? რატომ აპელირებს მუდმივად, რომ შარშანდელთან შედარებით უკეთესი შეიარაღება გვაქვს და რატომ ხდება აღმოსავლეთი­დან დასავლეთისკენ სამხედრო კოლონების გადაადგილება?

– რუსეთისგან საფრთხე აღარ გვემუქრება, რადგან მან თავისი მიიღო. სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, რათა ყურადღება გადაიტანოს, გააღიზიანოს რუსეთი და საქართველო ისევ საომარ მოქმედებებში ჩაითრიოს.

ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს სააკაშვილის ბრძანებით უკანდახეული ჯარები მცხეთაში განლაგდნენ, ძალიან შემაშფოთებელია. მაშინ მთელი ტექნიკა შეიყვანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის გვერდზე, მტკვრის მეორე მხარეს განალაგეს. სააკაშვილს იმედი ჰქონდა, რუსეთი საქართველოს ჯარების დევნას გააგრძელებდა, დაბომბავდა მათ და მცხეთასაც, მერე კი მთელ მსოფლიოში ამაზე ილაპარაკებდა. გამოდის, ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც მზადაა, რუსეთს საქართველოში ყველაფერი გააცამტვერებინოს, სვეტიცხოველიც კი.

ამიტომ, როცა ასეთ საშიშ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა არა ფართომასშტაბიანი ომი, რადგან არმია დემორალიზებულია. არმიიდან ხალხი გარბის. როგორც ამბობენ, კრიალაშვილის საქმის შემდეგ შავნაბადას ბატალიონიდან სამოცდაათამდე კაცი გაიქცა და ეს უკვე ის არმია აღარაა, რომელიც სააკაშვილის უგუნურ ბრძანებებს დაემორჩილება, რათა რუსეთთან უთანასწორო საომარი მოქმედებები განახორციელოს.

– სწორედ ჯარში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ხომ არ აპირებს, დასავლეთში მოაწყოს «გამაგრებული რაიონი», რაც, თავისთავად, რუსეთის მორიგ გაღიზიანებას გამოიწვევს?

– არა. დღევანდელი ჯარი ყველანაირი პარამეტრით ჩამორჩება იმ არმიას, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოსთვის გვყავდა. ამჟამად არმიაში კომისრები ჰყავთ შეგზავნილი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან იქ დათა ახალაიას ხალხი გადაიყვანეს, რომლებიც მუდმივად ატერორებენ ჯარისკაცებს. არმია აქციეს პოლიციის ერთ-ერთ ქვედანაყოფად, რაც, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია.

– რატომ გახდა აუცილებელი დათა ახალაიას ხალხის გადაყვანა არმიაში?

 – იმიტომ, რომ არავინ გაიქცეს ჯარიდან და საზოგადოებამ ვერ შეიტყოს არმიაში არსებული პრობლემები.

– ზუგდიდში მერამდენედ ააფეთქეს რკინიგზა. როგორც ექსპერტი, რას ფიქრობთ, ვინ აწყობს ტერაქტებს?

– მე მგონი, ჩვენს თავს თავად ვუწყობთ ტერაქტებს. ამის მშვენიერი მაგალითებია: პირველი – ხურჩის შემთხვევა, როცა 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების წინ ხურჩაში ორი ავტობუსი დაწვეს საქართველოს სპეცსამსახურებმა და მერე აფხაზებს გადააბრალეს, რათა მათზე გადაეტანათ ყურადღება; მეორე – სანაკოევზე თავდასხმა. 3 ივლისს ქურთასთან ახლოს სანაკოევის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი და ქართულმა მხარემ, ისე, რომ არც კი გამოიძია, არ წარმოადგინა არც ერთი ნივთმტკიცება (პირიქით, გაანადგურა), არ მიუშვა ადგილზე სამშვიდობო ძალები, ეუთოს წარმომადგენლები, გამოაცხადა, რომ სანაკოევის წინააღმდეგ ტერაქტი ოსებმა მოაწყვეს. ამავე მიზეზით დაიკავეს სარაბუკის მთა, რის უფლებაც არ ჰქონდათ და რამაც მოიტანა 7 აგვისტო. ოსების მხრიდან ყოველდღე ხდებოდა სარაბუკის და ქართული სოფლების დაბომბვა, ანუ ქართულმა პოლიტიკამ დაძაბულობა გამოიწვია და რეალურად ყველაფერი 3 ივლისს დაიწყო.

როცა წინ ისეთი საეჭვო ტერაქტები გვაქვს, რომლებმაც საქართველო გამანადგურებელ შედეგებამდე მიიყვანა და ამ ფონზე ზუგდიდში სამი აფეთქება ხდება, გვაფიქრებინებს, რომ ზუგდიდის აფეთქებებიც ჩვენი ხელისუფლების მოწყობილია. წარმოიდგინეთ ზუგდიდის ვაგზალზე მცხოვრებ ვიღაც ბომჟს, რომელმაც არც კი იცის, საითაა სამხრეთი და აღმოსავლეთი, სადაა აფხაზეთი, ორი ე.წ. ტერორისტი ეკითხება, როგორ დავბრუნდეთ უკან – აფხაზეთშიო. რამდენად ლოგიკურია ის, რომ აფხაზეთიდან გადმოდის ვიღაც, შემოაქვს ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდის ტერიტორიაზე, სადაც ყოველი ბუჩქის უკან უშიშროების თანამშრომელია, ყველა ნაბიჯი კონტროლდება (პირადად მე არ შემიძლია, ზუგდიდში ჩავიდე და კლუბში შეხვედრა დავნიშნო ისე, რომ მაშინვე არ ჩამიშალონ), იციან, ვინ რას აკეთებს და აწყობს აფეთქებას, მერე უკან დასაბრუნებელი გზა ავიწყდება და ვიღაც ბომჟთან მიდის – აფხაზეთის გზა მიმასწავლეო. ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი განცხადებაა.

– საქართველოს ხელისუფლებისთვის რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობა?

– ხელისუფლებას სურს ცენტრიდან, სადაც ოპოზიცია აქციებს აწყობს და უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოდის, საზოგადოების ყურადღება მძაფრ და რთულ თემებზე გადაიტანოს. რაკი საკუთარ მოსახლეობას ვერაფრით აჯერებს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, ქმნის ილუზიურ ტერაქტებს. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა, თორემ ეს ხელისუფლება ამაზეც წამსვლელია. ხურჩის ინციდენტს კინაღამ ქალის სიცოცხლე შეეწირა. ოღონდ საკუთარი სიყალბე აქციონ სიმართლედ და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანების მსხვერპლსაც არ მოერიდებიან.

– ბატონო პაატა, საკუთარი მოსახლეობა შეიძლება დააჯერო ზღაპრებში, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები გადაყლაპავენ ამ სატყუარას?

– საერთაშორისო ორგანიზაციები კარგა ხანია, მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია. ზუგდიდის ტერაქტიც გაურკვეველ ვითარებაში ჩადენილი საეჭვო აფეთქებაა. ვის აწყობს ეს? რუსეთი შეიძლება იყოს დაინტერესებული მსგავსი ტერაქტებით? – რუსეთი, როგორც წესრიგის დამამყარებელი ძალა, ისე შევიდა აფხაზეთში, ქმნის იქ ბაზას, ავლებს საზღვარს და, შესაბამისად, არ უნდა სურდეს დაძაბულობის შექმნა, რადგან მსგავს შემთხვევაში მისი მშვიდობისმყოფელის სტატუსი ეჭვქვეშ დგება.

აფხაზები არ არიან დაინტერესებულნი. მათ არ სჭირდებათ ზუგდიდის რაიონი. ისინი კმაყოფილები არიან გალითაც და რუსების შესვლით მეტად დაცულებად გრძნობენ თავს. ერთადერთი დაინტერესებული მხარე, ვისაც სამეგრელოში არ სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს ხელისუფლებაა. მას სურს, შექმნას ილუზია, რომ ვერც რუსები და ვერც აფხაზები არათუ ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, პირიქით, ძაბავენ ვითარებას და ატარებენ ტერაქტებს.

– ბატონო პაატა, თქვენ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებთ, რის გამოც ხელისუფლება მოღალატეს გიწოდებთ. თქვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი თუ დაუმტკიცებიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს?

– ვინაა მოღალატე? ვინ ჩააბარა კოდორი და ახალგორი – მე თუ მათ? რამდენიც უნდათ, იმდენი მეძახონ მოღალატე. ხომ ვიცი, რომ მართალი ვარ. ყოველთვის სიმართლეს ვამბობ და ამის ეშინიათ.

– როცა ამბობთ, რომ ხურჩის, განმუხურის, ზუგდიდის შემთხვევები ხელისუფლებამ მოაწყო, რა ფაქტებითა და ინფორმაციით ხელმძღვანელობთ?

– ლოგიკურ დასკვნებს ვაკეთებ.

– როცა ქვეყანა მართლაც კრიტიკულ ზღვარზეა, როცა გაეროს გენერალური მდივანი საჭიროდ აღარ თვლის, საკუთარ მოხსენებაში ახსენოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, თქვენი განცხადებები ერთგვარად ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს და ასეთ შემთხვევაში ხომ არ ჯობია, ლოგიკური დასკვნებისგან თავი შეიკავოთ?

 – არა. ყვირილია საჭირო. განა შეიძლება შენი სახლი იწვოდეს და არ ამბობდე, ვინ დაგიწვა? ის, რაც ხდება ქვეყანაში, ის, რაც გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაშია, ის, რაც რეზოლუციაში წერია, ის, რაც გაეროს მისიასთან დაკავშირებით მოხდა – ყველაფერი სააკაშ­ვილის დამსახურებაა. ყველაზე კარგი 2005 წლის რეზოლუცია იყო, რომელშიც აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. 2006 წლის მარტის რეზოლუციიდან კი ამოიღეს ფრაზა: «აფაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში». მაშინ განგაში რომ ავტეხე, პანიკიორი და მოღალატე მიძახეს. ასე ნელ-ნელა მივიღეთ 2008 წლის რეზოლუცია, რაც სააკაშვილის დამსახურებაა. ისინი ჩემს ქვეყანას ანგრევენ და როგორ არ ვილაპარაკო სიმართლე. მათ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, მათთვის მთავარი ხელისუფლების შენარჩუნებაა და არაფრად სჭირდებათ ვიღაც ოპოზიციონერის სიმართლე. რაკი ხმა ვერ ჩაგვაკმენდინეს, მოღალატეებად გამოგვაცხადეს.

– მსგავს განცხადებებს ხშირად მხოლოდ თქვენ აკეთებთ, რატომ? სხვა ექსპერტებს არ მიუწვდებათ ხელი ინფორმაციებზე?

– 15 წელია, აფხაზები მოდიან და მაწვდიან ინფორმაციას. ხურჩასთან დაკავშირებით სანამ გაერო დადებდა დასკვნას, რომელშიც ეჭვქვეშ არის დაყენებული ქართული მხარის სიმართლე, მანამდე აფხაზებმა მითხრეს, რომ ტერაქტი ქართველების მოწყობილი იყო. უშიშროებიდანაც მეუბნებიან სიმართლეს, ცხინვალიდანაც, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდანაც, რადგან მენდობიან. მათ იციან, სიმართლეს ვიტყვი და წყაროს არასოდეს გავცემ.

ესაუბრა ნათია ქადაგიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here