6 მაისს მიხეილ სააკაშვილი ბათუმში პოლიციელებისა და დელფინების გარემოცვაში გამოჩნდა. პოლიციელები ცდილობდნენ, თავიანთი მწყობრით მზე განესახიერებინათ, ხოლო ერთ-ერთი დელფინი სააკაშვილს გაესაუბრა. იყო ამ სანახაობაში რაღაც უაღრესად ფსიქოდელური, რაღაც ისეთი, რაც კარლოს კასტანედას ყველაზე თამამ ხილვებშიც არ მოელანდებოდა. პოლიციელების მიერ მზის განსახიერებას თავი რომ დავანებოთ, საინტერესო კია, რა აზრის მიტანა სურდა დელფინს თანამოსაუბრემდე? ამ თემას მოკლედ შევეხოთ, შემდეგ კი განვიხილოთ სააკაშვილის გამოსვლა პოლიციელთა წინაშე, რომელიც რამდენიმე საგანგაშო სიგნალს შეიცავდა.
ფაქტები ძუძუმწოვართა ცხოვრებიდან
დელფინებს სააკაშვილის პოლიციელებზე უფრო მეტი ტვინი აქვთ და ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. არა, ხუმრობის გარეშე, დელფინის ტვინი საშუალოდ 1700 გრამს იწონის, ადამიანისა – 1400 გრამს; ამასთანავე, დელფინს ორჯერ მეტი ტვინის ხვეული აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დელფინის “ლექსიკონში” 14 ათასამდე სიგნალია, რომელთა მეშვეობით ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ. ეს (დაახლოებით) საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანის სიტყვათა აქტიურ მარაგს უდრის.
რაც შეეხება სააკაშვილის პოლიციელებს, ბევრი ადამიანი, რომელთაც მათთან უშუალო ურთიერთობა ჰქონია, (ოღონდაც არა ტელეკამერების და უცხოელი სტუმრების თვალთახედვის არეში) დაჟინებით ირწმუნება, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე ათეულ, მეტწილად უცენზურო, სიტყვას იყენებენ. ამასთანავე, დელფინებს ემოციური თანაგრძნობა ახასიათებთ, რაც სააკაშვილის პოლიციელების შემთხვევაში სერიოზული ეჭვის ქვეშ არაერთგზის დამდგარა.“საქართველო და მსოფლიოს” რუბრიკა “არსენალი” წერდა, რომ დელფინები, რომლებსაც სამხედრო მიზნებით გამოყენებას უპირებდნენ, უარს ამბობდნენ იმაზე, რომ ადამიანებისთვის შეეტიათ, უმძიმეს სტრესულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ და შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარი ხდებოდნენ. როგორც ცნობილია, შსს-ს თანამშრომელთათვის მსგავსი ქცევა მაინც და მაინც დამახასიათებელი არ არის. ფაქტია, დელფინს ყოველდღიურ ულუფაზე რაღაც უფრო დიდი ღირებულებები აქვს და ერთ-ერთი სხვისი სიცოცხლის ხელშეუხებლობაა. რისთვის მივიდა სააკაშვილი დელფინთან? ცნობილია, რომ ტელეეკრანებზე ბავშვებთან და ფაუნის იმ წარმომადგენლებთან ერთად გამოჩენა, რომლებიც დადებით ემოციებს აღძრავენ, პოლიტიკოსის იმიჯისთვის მომგებიანია. ალბათ, ამიტომ სააკაშვილი მუდამ ცდილობს, ახალ ამბებში სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტების გარემოცვაში მოხვდეს, სამხედრო ნაწილებში ვაჟიშვილთან ერთად დადის და, საერთოდ, ნებისმიერ დადებით კონტექსტს აქტიურად იყენებს. ასე რომ, ბათუმში დელფინს თავზე რომ დაადგა, თავისთავად გასაკვირი არაა. სხვა საკითხია, წაადგება თუ არა ეს მის იმიჯს. ძნელი სათქმელია! ბევრისთვის სააკაშვილის იმიჯი არა მხოლოდ შეილახა, არამედ, უბრალოდ, განადგურდა 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ის გორის ცენტრში ჰიპოტეტურ რუსულ თვითმფრინავს გაურბოდა, შემდეგ კი შეშინებული სახით მიწაზე იწვა. საზოგადოების ამ ნაწილის თვალში სააკაშვილი იქცა პოლიტიკოსად იმიჯის გარეშე, მარტივად რომ ვთქვათ, “სახის გარეშე” და მათ დამოკიდებულებას არა მხოლოდ დელფინი, არამედ მამაზეციერიც ვეღარ შეცვლის. თუმცა, ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, სახელისუფლო პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კადრები მაქსიმალურად ბევრ მაყურებელს ენახა. საინფორმაციო სივრცეში, როგორც ჩანს, საგანგებოდ “შემოაგდეს” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა “დელფინის ხახაში ლამის თავი ჩაყო”, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ინტერნეტმომხმარებლებში ამ სიუჟეტის მიმართ ინტერესი გაეღვივებინათ. ვერაფერს ვიზამთ, როდესაც არსებითად სათქმელი არაფერი რჩება, ასეთი იაფფასიანი ტრიუკების გამოყენება იწყება.შემდეგ “ახალ ამბავს”, რომლის მიზანი სააკაშვილისადმი ინტერესის რეანიმირება იქნება, ალბათ, ასეთი სათაური ექნება “ორანგუტანგმა სააკაშვილს აგური ესროლა”, სინამდვილეში კი აღმოჩნდება, რომ სააკაშვილმა შიმპანზეს ბანანი მიაწოდა (ან პირიქით). და მაინც, რა “უთხრა” დელფინმა სააკაშვილს? საერთოდ, დელფინები ადამიანებზე გაცილებით უფრო სწრაფად “საუბრობენ” და მათ რამდენიმე წამში უფრო მეტი ინფორმაციის გადმოცემა შეუძლიათ, ვიდრე, მაგალითად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროგრამა, წესდება და პოლიტიკური პლატფორმა შეიცავს. სახელისუფლო პროპაგანდის ზოგიერთი საშუალება ირწმუნებოდა, რომ დელფინი სააკაშვილის მიმართ უაღრესად თბილ დამოკიდებულებას ავლენდა, ხოლო იმ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებსაც ეს ვიდეო ვაჩვენე, ჩათვალა, რომ დელფინმა “თქვა”: “გადადექი!” ან “დაგვეხსენი!” და უამრავი სხვა რამ, რის ზუსტი ციტირება აქ ერთობ უხერხულია.სხვათა შორის, ერთი ვერსია მეორეს არ გამორიცხავს. აზრი იმის შესახებ, რომ საუკეთესო გამოსავალი (კეთილი დასასრულით) სააკაშვილისთვის ხელისუფლების და, ზოგადად, პოლიტიკის სასწრაფოდ დატოვებაა, იმდენად გავრცელდა, რომ გამორიცხული არაა, რომ ძუძუმწოვართა ფართო მასებში, კერძოდ კი დელფინების ვიწრო წრეში, შეაღწია. თუმცა სააკაშვილი წასვლას არსად აპირებს, მეტიც – მისმა გამოსვლამ პოლიციის აღლუმზე შეიძლება დაგვაფიქროს, რომ საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებისთვის მან საკმაოდ საშიში, მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებული გზა აირჩია.
აქეთ – მზე, იქით – მთვარე…
მაშ ასე, 6 მაისს, ბათუმში პოლიციელების მწყობრი ცდილობდა, მზე და მისი სხივები განესახიერებინათ, მიხეილ სააკაშვილი კი მათ კმაყოფილი უყურებდა. ისე, უკანასკნელი დასამახსოვრებელი შემთხვევა, როდესაც ფორმიანი ადამიანების მწყობრმა რთული გეომეტრიული ფიგურის ფორმა მიიღო, რამდენიმე ათეული წლის წინათ შუაგულ ევროპაში დაფიქსირდა (ის ისტორია ძალიან ცუდად დასრულდა). უბრალოდ, მაშინ ბნელოდა და იმ ადამიანებს ჩირაღდნები ეჭირათ. იმ დონის რეჟისურას სააკაშვილის ხელისუფლება, ცხადია, ვერ “გაქაჩავდა”, მაგრამ ამ საქმეში მთავარი ხომ დაწყებაა. თუმცა კორდებალეტის პრობლემებს თავი დავანებოთ და უშუალოდ სააკაშვილის გამოსვლაზე გადავიდეთ.“დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა, – თქვა სააკაშვილმა, – მიუხედავად იმისა, რომ ცაზე მზე არ არის, მზე გამოჩნდა აქ, ბათუმის ახალ ბულვარზე. მზე გააკეთეთ თქვენ, თქვენი კოლონებით. აქაურობა თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ, ისევე, როგორც, უკვე რამდენიმე წელიწადია, თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს და კაშკაშა სინათლე შეგაქვთ რეგიონის ბევრ ქვეყანასა და, გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელ მსოფლიოში”. კაცმა რომ თქვას, ამ ბედკრულ პლანეტაზე, ალბათ, სულ სამი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც ზემოთქმულზე კვალიფიციური კომენტარის გაკეთება შეეძლოთ (ზიგმუნდ ფროიდი, კარლ იუნგი და ავლიპ ზურაბაშვილი), დღეს ცოცხალი არც ერთი მათგანი აღარ არის, ამიტომ აჯობებს წინარე პასაჟი კომენტარის გარეშე დავტოვოთ.სააკაშვილის გამოსვლის ყველაზე ყურადსაღები მონაკვეთი ასე ჟღერდა: “დღეს ქართულ სახელმწიფოს, უპირველესად, ებრძვის ის, ვისაც საქართველოში კორუფციის, ორგანიზებული და კრიმინალური დანაშაულის დაბრუნება სურს. დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვის ის, ვინც ადრე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. მაშინ მხოლოდ მათ ჰქონდათ პრივილეგიები, მხოლოდ ისინი დადიოდნენ კარგი მანქანებით, მხოლოდ მათ ჰქონდათ სახლში დენი, რადგან გენერატორების შეძენა მხოლოდ მათ შეეძლოთ; მხოლოდ მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სკოლებში. მათ ასევე, სხვა ადამიანების დამცირებისა და შევიწროების პრივილეგიაც ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, დღეს გებრძვით ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში კარიერა კეთდება არა ნაცნობობითა და ნათესაობით, არამედ უნარით – უანგაროდ ემსახურო სამშობლოს, ემსახურო შენს მოქალაქეებს და საქართველოს მომავალს. დღეს ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც განიდევნა სახელმწიფოდან. დააკვირდით, რა მხრივ გვიტევენ ყველაზე მეტად, უტევენ ჩვენს პოლიციას, მანდატურებს, პენიტენციურ რეფორმას, რადგან ყოველივე ეს განასახიერებს ახალ საქართველოს. ასევე უტევენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის მომავლის იდეას”.საერთოდ, ნებისმიერი კრიზისის უკან, მისი საინფორმაციო მოდელი დგას, რომლის ფორმირება უფრო ადრე იწყება ვიდრე პროცესები კულმინაციას მიაღწევს. მისი მთავარი დანიშნულება იმის მარტივი ახსნაა, ვინ, რატომ და რისთვის იბრძვის ამა თუ იმ კონფლიქტის ფარგლებში. სააკაშვილის გამოსვლის ამ მონაკვეთმა შეიძლება დაგვაფიქროს, რომ ის ცდილობს კრიმინალები და ხელისუფლების (რიგი) ოპონენტები “ერთ ქვაბში მოხარშოს” და ერთ (ერთიან) მოწინააღმდეგედ წარმოაჩინოს. კრიტიკაზე ოპონენტების მხრიდან (მაგ. მანდატურების ინსტიტუტის) და დანაშაულებრივ მოქმედებაზე (მაგ. ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ) სააკაშვილი ერთ კონტექსტში საუბრობს და ერთსა და იმავე ზმნას – უტევს იყენებს. ამასთანავე, მტრული ძალა წარმოჩენილია როგორც პოლიციელების უშუალო მოწინააღმდეგე (“გებრძვით”), ხოლო საკმაოდ გამჭვირვალე ქვეტექსტი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ძალის მხრიდან პოლიციელების ამჟამინდელ პრივილეგიებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. სააკაშვილისეულ მოდელში “ჩვენ-ისინი” ერთ მხარედ მმართველი ჯგუფი და პოლიციაა წარმოჩენილი, მეორედ კი ლამის სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებული მოწინააღმდეგე; ხოლო ვინაიდან რიგით პოლიციელებს უჭირთ იმის გარჩევა, თუ ვინ უტევს “ქვეყნის მომავლის იდეას” და რას წარმოადგენს ეს იდეა ზოგადად (თუ ბუნებაში არსებობს), ალბათ, იგულისხმება, რომ ამას სააკაშვილი და მისი გარემოცვა აუხსნიან.რა ვითარებაში გაკეთდა ეს განცხადება? მოლაპარაკება “კონსტრუქციულ” ოპოზიციასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ჩიხშია შესული და ამ მიმართულებით სახარბიელო პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, ხოლო “რადიკალური” ოპოზიცია ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება. კომუნიკაცია პოლიტიკურ ძალებს შორის მნიშვნელოვან წილად შეწყვეტილია. ხელისუფლება მანევრირებას არ ცდილობს, “რვიანთან” მოლაპარაკების რეანიმირებას არ ჩქარობს, ხოლო “სახალხო კრებას” დიალოგისკენ ფორმალურადაც კი არ მოუწოდებს. ამ დროს სააკაშვილი პოლიციას ისეთ ტონალობაში მიმართავს, რომ მის გამოსვლას მხოლოდ “ხალხის მტრების” ხსენებაღა აკლია. მისი გამოსვლიდან მომდევნო დღეს, 7 მაისს, რუსთავში მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის დროს აბსოლუტურად უწყინარ ვითარებაში (ინციდენტის ვიდეოჩანაწერი სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს) პოლიციამ “სახალხო კრებისა” და მოძრაობა “არას” აქტივისტები დააკავა; ზოგს პატიმრობა მიესაჯა, ზოგი კი დააჯარიმეს.
სამოქალაქო ომის წინათგრძნობა
როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს საკმაოდ ხისტად იმოქმედოს, და, სავარაუდოდ, 21 მაისამდე, როდესაც “სახალხო კრების” ფართომასშტაბიანი გამოსვლაა დაგეგმილი, დაპირისპირების გრადუსი კიდევ უფრო აიწევს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა და სააკაშვილი მთავარ აქცენტს პოლიციის ძალისმიერ მოქმედებაზე გადაიტანს, მასშტაბური შეტაკება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის, პრაქტიკულად, გარდაუვალი გახდება. ყველაზე პარადოქსული, ყველაზე საშინელი ამ სიტუაციაში ისაა, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანას ეს პერსპექტივა აარიდოს. სახეზეა მხოლოდ ძალისმიერი მოქმედება, ქვის ხანის დროინდელი დაყოფა “ჩვენ-ისინი” და სიძულვილით გაჯერებული სიტყვები “დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვის ის…”; ეს, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის რიტორიკაა. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ “სახალხო კრება” მასთან აპრიორი ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას აპირებს და ძალიან მკვეთრი საპასუხო მოქმედებისთვის მოემზადა. გამორიცხული არაა, რომ სააკაშვილის წარმოსახვამ, საპროტესტო აქციებისგან მომდინარე საფრთხე გააბუქა და მან ჩათვალა, რომ სხვა მეთოდები, უხეში ძალის გამოყენების გარდა, უბრალოდ, არ იმუშავებს. სახელისუფლო პროპაგანდა დღედაღამ ისტერიულად გაჰკივის ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ჰიპოტეტურ გეგმებზე; სიტყვებმა “რევოლუცია”, “არეულობა” და “სისხლისღვრაც” კი საზოგადოების ყოველდღიურ ლექსიკონში საკმაოდ მოცულობითი ადგილი დაიკავა.მიუხედავად იმისა, თუ რა მოგველის ათიოდე დღეში, ალბათ, უმჯობესი იქნება, ამ მოვლენებს ცივი გონებით მივუდგეთ და ერთი ძველი ისტორია გავიხსენოთ. 1688 წელს ირლანდიელმა ფიზიკოსმა უილიამ მოლინიემ ჯონ ლოკს მისწერა წერილი, სადაც ასეთი კითხვა დაუსვა: “თუ დაბადებიდან ბრმა ადამიანი სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს ხელს შეახებს და ასე დაიმახსოვრებს მათ, შეძლებს თუ არა ის მათ ამოცნობას მაშინ, როდესაც თვალი აეხილება, ისე, რომ ხელი არ შეახოს?”. ლოკს ეს კითხვა ისე მოეწონა, რომ თავის წიგნში ჩართო. მოგვიანებით, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მოლინიეს კითხვის პასუხია “არა”. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, რამდენიც უნდა ვიფიქროთ რევოლუციაზე (ან პირიქით, მისი ჩახშობის შედეგად დამყარებულ სასტიკ დიქტატურაზე) და მის ცალკეულ ნიშნებზე ვისაუბროთ, როდესაც მომავალში მას შევეჯახებით, თავიდან მაინც “ვერ ვიცნობთ” მას, მიუხედავად იმისა, რომ მის წარმოდგენასა და მოვლენათა განვითარების პროგნოზირებას ამდენი ხანი მოვანდომეთ. ეს ახალი, სრულიად განსხვავებული რეალობა იქნება. მისი აღწერა დღეს, წინა წლების პოლიტიკური თამაშისთვის დამახასიათებელ, ძველ სტერეოტიპებზე დაყდნობით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.ისე, საინტერესოა, მაინც რა უთხრა ასეთი დელფინმა მიხეილ სააკაშვილს?!
დიმიტრი მონიავა