Home რუბრიკები პოლიტიკა იმედგაცრუება, უნდობლობა, პესიმიზმი _ ასეთია უკრაინელების განწყობილება მაიდნიდან სამი წლის შემდეგ

იმედგაცრუება, უნდობლობა, პესიმიზმი _ ასეთია უკრაინელების განწყობილება მაიდნიდან სამი წლის შემდეგ

604

ასეთია სოციოლოგების დასკვნა, რომელიც მრავალი სოციალური გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზეა მიღებული

ისტორია მეორდება

რაზუმკოვის სახელობის სოციოლოგიური სამსახურის მონაცემებით, უკრაინელების 73,5 პროცენტის აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება ქვეყანაში გაუარესდა; ხოლო 3 პროცენტი თვლის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

სინამდვილის ნეგატიური აღქმის ტენდენცია უკრაინის საზოგადოებაში, კარგა ხანია, არ იცვლება.

პოლიტიკური კლასისადმი და, კერძოდ, პრეზიდენტისადმი უნდობლობის დონე მნიშვნელოვნად აჭარბებს ნდობის მაჩვენებელს.

სოციოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორ ანდრეი ბიჩენკოს თქმით, “ისტორია მეორდება. 2005 წელს, იუშჩენკოს პრეზიდენტობის დროს, შემდეგ იანუკოვიჩის პერიოდში _ 2010 წელს და ამჟამად პოროშენკოს ზეობის ხანაში თავიდან ხელისუფლებისადმი ნდობა უცებ ავარდებოდა, შემდეგ პოზიტიური შედეგების არარსებობის გამო კრიტიკულად ეცემოდა”. იგი აღნიშნავს, რომ დღეისთვის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს უკრაინელების მხოლოდ 23,8 პროცენტი ენდობა, არ ენდობა 69 პროცენტი. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ უკრაინელების უმეტესობა ენდობა ეკლესიას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოხალისეთა ბატალიონების წარმომადგენლებს, არმიას, სასაზღვრო სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას.

რეფორმები შეჩერებულია

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ უკრაინელები ვერ გრძნობენ ვერავითარ პროგრესს რეფორმების განხორციელების საქმეში. დამოუკიდებელი ანალიტიკური პლატფორმის _ VoxUkraine-ის მონაცემებით, რეფორმების დანერგვის მონიტორინგის ინდექსი გვიჩვენებს, რომ დადებითი ძვრები ამ მიმართულებით თითქმის არ შეიმჩნევა. 2017 წლის 23 იანვრიდან 5 თებერვლამდე პერიოდში ინდექსის მაჩვენებელმა +0,4 ქულა შეადგინა (შესაძლებელი ოდენობა +0,5 იყო). ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ ინდექსის ასეთი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ცალკეულ დარგებში და ისიც წერტილოვანი ღონისძიებების განხორციელებამ განაპირობა. კუჩერიევის სახელობის “დემოკრატიული ინიციატივების” ფონდის მიერ ჩატარებული საექსპერტო გამოკითხვით დადგინდა, რომ უკრაინაში რეფორმების პროგრესი ექსპერტებმა 5 შესაძლებლიდან მხოლოდ 2,52 ქულით შეაფასეს. “ზოგი რამ კეთდება: დაინერგა სახელმწიფო შესყიდვების, ელექტრონული დეკლარირების სისტემები, ამუშავდა საპატრულო პოლიცია, მაგრამ ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, ძალიან ცოტა რამ კეთდება და ხალხი ამას ხედავს”, _ განაცხადა აღნიშნული ფონდის დირექტორმა ირინა ბეკეშკინამ.

მისი აზრით, ერთგვარად მეტი ოპტიმიზმით ექსპერტები აფასებენ რეფორმებთან დაკავშირებულ სიტუაციას, ვიდრე მოქალაქეები. ამას ადასტურებს რაზუმკოვის ცენტრის მიერ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები: 10 შესაძლებლიდან 5 ქულაც კი ვერ მიიღო ვერც ერთმა რეფორმამ.

უკრაინის მოქალაქეები დადებით ძვრებს მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროში ამჩნევენ, _ ამბობს რაზუმკოვის ცენტრის თანამშრომელი ანდრეი ბიჩენკო.

ამასთანავე, ფონდ “დემოკრატიული ინიციატივების” მონაცემებით, უკრაინელების 19 პროცენტი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნები დადებით როლს თამაშობენ უკრაინაში რეფორმების რეალიზაციის საქმეში. ქვეყანაში რეფორმების ლოკომოტივად რესპონდენტებმა დაასახელეს მეცნიერები, მთავრობა და პრეზიდენტი. სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობის 35 პროცენტი მზად არის, აიტანოს თავისი ცხოვრების დონის გაუარესება რეფორმების საბოლოო წარმატების საფასურად.

მშვიდობის მოლოდინში

სოციოლოგების აზრით, მოსახლეობას აღელვებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაცია. ხალხი მშვიდობის მოლოდინშია, მაგრამ კიევში დღემდე არ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც კონსესუსის პრინციპს დაეფუძნებოდა. “დემოკრატიული ინიციატივების” ფონდის გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 27 პროცენტი ომამდელი სტატუს-კვოს დაბრუნების მომხრეა.

ქვეყნის მოქალაქეთა 17 პროცენტს სურს, რომ აღმოსავლეთის ტერიტორიები “ოკუპირებულად” იქნას აღიარებული, 14 პროცენტი განსაკუთრებულ სტატუსს უჭერს მხარს. კიდევ 14 პროცენტი ახლანდელი სახელმწიფო პოლიტიკის შენარჩუნებას ითხოვს, ხოლო ყოველ მეოთხე რესპონდენტს არ აქვს პასუხი ამ შეკითხვაზე.

დღეს ადამიანებს ყველაზე უფრო აღელვებთ მშვიდობის დამყარება დონბასში, ეკონომიკის ზრდა და საკუთარი კეთილდღეობა, მაგრამ გაუმჯობესებას ვერსად ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მშპ-ს 1-2 პროცენტით ზრდას დეკლარირებს. პოზიტივი არსად ჩანს იმიტომ, რომ 2014 წელს უკრაინის ეკონომიკა დაინგრა”, _ ამბობს ირინა ბეკეშკინა.

პოზიტივი _ მხოლოდ დღესასწაულების პერიოდში

სოციალური თვითშეფასების ყოველთვიური ინდექსი, რომელსაც ადგენს კომპანია Research and Vranding Group-ი, მოწმობს, რომ უკრაინელების ორი მესამედი უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით. თებერვლის მდგომარეობით, მოქალაქეთა 82 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანაში ამჟამად არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა, 59 პროცენტს კი მიაჩნია, რომ მათი ოჯახების მატერიალური მდგომარეობა არასახარბიელოა.

“რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად დაზოგონ თანხები ტანსაცმლის, საკვების, მედიკამენტების შეძენისას; მიუთითებენ, რომ მათი მატერიალური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ფასების გაძვირებამ, კომუნალური ტარიფების ზრდამ, კორუფციამ”, _ ამბობს აღნიშნული ჯგუფის ანალიტიკოსი ალექსეი ლიაშკო.

ლიაშკო აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა 41 პროცენტს არ სჯერა, გაისად წლევანდელზე უკეთესი მდგომარეობა რომ იქნება. უკრაინელებს ოპტიმიზმი გარკვეულად უძლიერდებათ დეკემბერსა და მაისში, სწორედ ამ თვეებში აღნიშნავენ უკრაინაში განსაკუთრებით ბევრ დღესასწაულს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here