Home რუბრიკები პოლიტიკა ხორბალი, ფქვილი, რუსეთი და სახელმწიფოს ინტერესები

ხორბალი, ფქვილი, რუსეთი და სახელმწიფოს ინტერესები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, ეკონომიკა პოლიტიკას მიაბას

131

8 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 80,8-დან 84,9 დოლარამდე მოიმატებს. საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიფიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 321,3 დოლარს (1 კვირით ადრე _ 315,5 დოლარი) შეადგენს. ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რომელიც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი არ მცირდება და ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით არც შემცირდება, ხორბლის გაძვირებას კიდევ უნდა ველოდოთ.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 78,6 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი შეიძინა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს, ასი პროცენტით რუსეთზე დამოკიდებული აღარ ვართ, ხორბალი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვსო, და რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ. ამიტომ იმ ქვეყნების სრულ ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომლებიდანაც ხორბალი შემოგვაქვს, და რამდენი გვაქვს გადახდილი. მაშ ასე: აშშ-დან _ 4,6 მლნ დოლარის ხორბალი შევიძინეთ, ყაზახეთიდან _ 569 ათასი დოლარის, სომხეთიდან _ 121,3 ათასი დოლარის, ავსტრიიდან _ 49,5 ათასი დოლარის, თურქეთიდან _ 40,2 ათასი დოლარის, საბერძნეთიდან _ 38,8 ათასი დოლარის, სლოვაკეთიდან _ 28,2 ათასი დოლარის, უკრაინიდან _ 12,3 ათასი დოლარის, საფრანგეთიდან _ 4,3 ათასი დოლარის, გერმანიიდან _ 1 ათასი დოლარის… რუსეთიდან _ 73,1 მილიონი დოლარის. ათ ქვეყანას ხორბალში გადავუხადეთ 5,5 მილიონი, ხოლო რუსეთს – 73,1 მილიონი და ამას თუ სხვა ქვეყანაზე დამოკიდებულება აღარ ჰქვია, არ ვიცი.

საქართველოში ხორბლის გაძვირების გამო უკვე გაჩერდა ათამდე წისქვილკომბინატი და მოიმატა ქატოს ფასმაც, რადგან არ არის ხორბალი _ არ არის ქატო. ათჯერ შემცირდა ხორბლის შემოტანა და ექვსჯერ მოიმატა ფქვილის შემოტანამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდება და მთლიანად დამოკიდებული ვიქნებით შემოტანილ პურის ფქვილზე; ასევე, სრულად შემოვიტანთ ქატოს. ეს კი ავტომატურად გააძვირებს ხორცპროდუქტებსა და ქათმის კვერცხს.

თუ აკვირდებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა საქართველოში და ციხეში ჩასვეს, როგორც პოზიცია, ისე ოპოზიცია ცდილობს, ყურადღების ცენტრში სწორედ ყოფილი პრეზიდენტი იყოს.სააკაშვილის შიმშილობამ თუ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გადაფარა ქვეყანაში არსებული პრობლემები. ეს კი პოლიტიკოსების ორივე მხარეს აძლევს ხელს: ხელისუფლებას იმიტომ, რომ სააკაშვილის სახელს უკავშირებს ყველა იმ წარუმატებლობას, რომლებიც ქვეყანას ჰქონდა თუ აქვს, ახსენებს ძალადობას ამომრჩეველს; ხოლო ოპოზიცია სააკაშვილის თემით ფარავს იმას, რომ რეალურად მხარდამჭერთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მცირეა, ვიდრე წარმოჩენას ცდილობენ, ანუ ოპოზიციას არ აქვს ადამიანური რესურსი და რომ არა მიშას თემა, ისინი კარგა ხნის დავიწყებული ეყოლებოდა ყველას.

ბოლო ორი ათეული წელია, საქართველოში ცუდი პრაქტიკა დამკვიდრდა. ერთი პრობლემის გადაფარვას უფრო დიდი პრობლემის წამოწევით ცდილობენ და, სამწუხაროდ, ეს მეთოდი დღემდე ამართლებს. მოსახლეობას ის უფრო აინტერესებს, რას ჭამს ან არ ჭამს მესამე პრეზიდენტი, ვიდრე ის, რას ჭამს ან არ ჭამს თვითონ. პარალელურად, შევეჩვიეთ იმას, რომ ხელისუფლება ჩვენივე ფულით გვეხმარება და ტაშს ვუკრავთ. მაგალითად, მთავრობა აფინანსებს პურის დიდ საცხობებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადში, ანუ ცოტა ხნის წინათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი რომ გაძვირდა კომერციული ობიექტებისთვის, არ გაძვირებულა პურის საცხობებისთვის და ამ ნამატს სახელმწიფო უხდის კომპანიებს. უხდის იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც ჩვენ ვავსებთ. .., ჩვენ მიერ გადახდილი ფულით არ გვიძვირებს პურს, მაგრამ ეს ფული აკლდება სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პენსიებს, ხელფასებს პრინციპში, ხელფასებზე ხმამაღლა ნათქვამი გამოგვივიდა _ სამუშაო არ არის და რა ხელფასები?! სამაგიეროდ, თვითონ არ იკლებენ და აგერ 1 იანვრიდანაც მოიმატებენ სახელმწიფო მოხელეები ჯამაგირს. ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ისიც იციან, რომ ბევრ რამეზე სუბსიდიის გაღება ერთადერთი მიზეზის გამო უწევს ქვეყანას _ მოსახლეობაა გადახდისუუნარო, ანუ ხალხს ფული არ აქვს. სამაგიეროდ, სახელმწიფო ამბობს: მე მაქვს ფული, მე გადავიხდიო, თუმცა ის ფულიც ჩვენია და ჩვენივე ფულით სუბსიდირებულ პროდუქტებში მადლობას გვახდევინებენ. ამ პირობებში ცოტა არ იყოს, გაუგებარია ის ჰონორი, რომლითაც რუსეთს ველაპარაკებით. რუსეთიდან შემოგვაქვს, პრაქტიკულად, ყველაფერი (ენერგომატარებლებზე რომ არაფერი ვთქვათ) და მათ შორის მთავარი _ პურის ფქვილი. არავინ გამოჩნდა ხელისუფლებაში ისეთი, ვინც ხმამაღლა და გარკვევით იტყვის, რომ რუსეთთან კონკრეტული მიმართულებებით საუბარი უნდა დავიწყოთ და ეს აუცილებლად იქნება შეღავათი როგორც ქვეყნის ბიუჯეტისთვის, ისე მოსახლეობისთვის. საქმე რამდენიმე ასეულ მილიონს ეხება, რაც წლის ბოლოს სერიოზულ ეკონომიკურ ბიძგს მოგვცემს და ეკონომიკური მაჩვენებელი რეალურად აიწევა და არამხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ ესეც ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციაა. თუ რომელიმე პოლიტიკოსი გაბედავს და იტყვის, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ის მაშინვე ხდება კრიტიკის ობიექტი, რაც მთავარია, ქვეყნის მოღალატეს უწოდებენ და ჯვარზე აკრავენ. ამით პოლიტიკოსები დასავლეთთან იწერენ ქულებს, არასამთავრობოები დონორებს მიანიშნებენ, _ რუსეთთან მებრძოლები ვართ და დაფინანსება გაგვიზარდეთო; და საბოლოოდ, პოლიტიკოსს პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე. შემდეგ, როცა იგივე პოლიტიკოსი სხვა მიმართულებით აკეთებს განცხადებას, მას მაშინვე წამოაძახებენ: შენ ის არ ხარ, რუსეთთან დიალოგი რომ გსურდა, ქვეყანას რომ უღალატეო?! ჰოდა, ასეთ პირობებში, როცა ერი შიმშილობს, საუბრის მთავარი თემა არის ის, სააკაშვილმა მხოლოდ არაჟანთან ერთად იმგზავრა თუ კონტეინერში კარაქი და მაწონიც იდო. იმასაც ვარკვევთ, მიშა ფაფებს რომ იღებდა, ხბოს ღვიძლი ერია თუ ბატკნის და მართლა 18 კილო დაიკლო თუ 20-მდე ავიდა. არადა, რაც სააკაშვილს შეაჭამეს თუ საკუთარი ნებით ჭამდა, ბავშვების საკვებია და საქართველოს ბავშვების უდიდეს ნაწილს გასინჯულიც არ აქვს და ვერც გასინჯავს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს, რადგან ბავშვების შიმშილობის თემა მტკივნეული და სათუთია. გაერომ დაწერა, რომ ჩვენთან 75 ათასზე მეტი ბავშვი შესაბამის საკვებს ვერ იღებს (რეალურად, ეს რაოდენობა გაცილებით მეტია) და სად სცალიათ ბავშვებისთვის, როცა მთავარი თემა ის არის, რა პერიოდულობით გადის კუჭში ექსპრეზიდენტი

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გლობალური დათბობის გამო, უკვე მომავალ წელს მსოფლიოს მთავარ მიმწოდებლებს ხორბლის სახაბიელო მოსავალი არ ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორბალი უფრო გაძვირდება. წესითა და რიგით, საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა უნდა მოიფიქროს რამე, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას, სულ ცოტა, იმავე ფასში შეიძინოს მთავარი საკვები პროდუქტი, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული რუსეთთან, რადგან სხვაგვარად პურის ფქვილის შემოტანა ვერ ხერხდება და აგერ, ამერიკამ შესაძლებლობების ზღვრამდე რომმოგვაქცია ყურადღება”, 4,6 მილიონ დოლარზე მეტი ხორბალი ფიზიკურად ვერ მოგვაწოდა. თანაც, ამერიკიდან შემოტანილ ხორბალს გაცილებით დიდი ფასი აქვს, ვიდრე რუსეთიდან შემოტანილს. უნდა შეიგნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ეკონომიკურ მიმართულებებზე საუბარი არ არის ქვეყნის ღალატი და ამას აკეთებს ყველა. იგივე ამერიკა სავაჭრო ურთიერთობებს არ ურევს პოლიტიკაში და რუსეთთან აქვს გაჩაღებული აღებმიცემობა და ეს ნორმად ითვლება. საქართველო ერთადერთი (ჰო, ერთადერთი და არა ერთერთი) ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ცდილობს, ეკონომიკა პოლიტიკას მიაბას. იგივე უკრაინა, რომელზეც ამბობენ, რომ დღედღეზე შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაებმება რუსეთთანო, ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობებს აწარმოებს, მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან, გრძელვადიან ხელშეკრულებებს დებენ. რატომ? იმიტომ, რომ მოსახლეობა არ დაიმშეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო შიმშილობა არ დაიწყოს ქვეყანაში. ამას ხვდება ყველა და ვერ ვხვდებით ჩვენ?! ჩვენც გადასარევად ვხვდებით, უბრალოდ, ამის ნებას არ გვაძლევენ და ის, ვინც გვიკრძალავს, ჩვენზე ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ბატონობს. როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება, ყველა სახელმწიფო პირველ ადგილზე სწორედ ქვეყნის ინტერესს აყენებს. აი, ჩვენთან კიდევ იმას ფიქრობენ, რა ესიმოვნება ან ეწყინება დასავლეთს; იმ დასავლეთს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახვა, რომ საქართველო და მისი მსგავსი ქვეყნები მათთვის მხოლოდ იმიტომ არიან საინტერესო, რომ გავლენის სფეროები გაიფართოვონ და რუსეთს შეუტიონ. დაახლოებით ისეა, არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობა” ერთკაციან პარტიებს რომ აერთიანებს ხოლმე საკუთარი ფრთის ქვეშ და გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს, მსოფლიოს კი ეუბნება: ბევრნი ვართ, ეს ჩვენი ოპოზიციური ერთობააო. სინამდვილეში კი ამ პარტიებს არავინ არაფერს ეკითხება, ანუ ზუსტად ისე, როგორც ჩვენ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here