მაღაზიებში, როგორც იქნა, გამოჩნდა შაქარი. პანიკამ გადაიარა, ბიზნესმენებმა კი მიაღწიეს იმას, რომ ბრაზილიიდან შემოტანილი შაქარი 50 თეთრით გააძვირეს და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს. ჰო, შაქრის მოწოდების მიმართულებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, უკრაინა და რუსეთი, საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,4%-ს გვაწვდიან და, ამის მიუხედავად, პროდუქტი მაინც გააძვირეს. რაც მთავარია, რეგიონში შაქარი გაძვირდა მხოლოდ ჩვენთან, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რაც იყო, ისევ ის ფასია, თურქეთში კი… გაიაფდა. წესითა და რიგით, მთავრობას შაქრის შემომტანებისთვის ყური უნდა აეწია პროდუქტის უაზრო გაძვირების გამო, მაგრამ როგორც გვითხრეს, ეს საკუთარი ყურის აწევის ტოლფასი იქნებოდა.
სამაგიეროდ, კვლავ გაურკვევლობაა პურის ფქვილის საკითხში. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ამ შემთხვევაში მას მოსახლეობა არ ენდობა, რადგან ადამიანებს არც იმის სჯერათ, რომ 2-თვიანი მარაგი გვაქვს და არც იმის, რომ მმართველი ძალა გამოსავალს იპოვის და ხორბალს იმავე ფასში შემოიტანს სხვა ქვეყნიდან. ის, რაც ვერ მოხერხდა 20 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მოხერხდეს 2-3 თვეში და მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ხორბლის შესაძლო დეფიციტზე საფრანგეთის პრეზიდენტიც კი წუწუნებს. არადა, საფრანგეთი ხორბლის მიწოდების მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ხუთეულში შედის.
“რუსეთი და უკრაინა არიან ხორბლის საკმაოდ მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები მსოფლიოში. ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ომი კი ხორბლის ბაზარზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს, რაც 12-18 თვეს გაგრძელდება. მსოფლიოს 26 ქვეყანა, ძირითადად, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები 50%-ით და მეტით არიან დამოკიდებულები რუსულ და უკრაინულ ხორბალზე. აუცილებელია, გაიზარდოს ძალისხმევა ევროპის ქვეყნებში ხორბლის წარმოების გაზრდისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, რათა მათ უზრუნველყონ სასურსათო დამოუკიდებლობა”, _ განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მანამდე კი განცხადება საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო არ გამორიცხავს შიმშილს ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ამასთანავე, მან საკუთარი მოსახლეობა დაამშვიდა და დასძინა, რომ საფრანგეთი ნაკლებად შეეჯახება პრობლემებს, ვინაიდან დიდი ხანია, გააკეთა არჩევანი სასურსათო დამოუკიდებლობაზე. ასეთ პირობებში, როცა საფრანგეთს შიმშილი არ ემუქრება, არც ხორბლის დეფიციტი შეექმნება, ქვეყნის ლიდერები წუხან, რომ ხორბალი ძალიან დიდ პრობლემებს შექმნის.
როგორც გვეუბნებიან, კულუარულად უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო ხორბალს ამერიკიდან მიიღებს. უფრო ზუსტად კი, ამ გზის, ასე ვთქვათ, დატესტვა დაიწყება და დაიანგარიშებენ, რა დაუჯდება ბიუჯეტს ამერიკიდან ხორბლის შემოტანა და რუსული ბაზრის ამერიკულით ჩანაცვლება. სუბსიდიის გარეშე გამორიცხულია, ამერიკული ხორბლით გამომცხვარი პურის შეძენა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეძლოს, რადგან ტრანსპორტირებას ძალიან დიდი ხარჯი ემატება. თავად განსაჯეთ _ ამერიკის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობის ფონზე მიხეილ სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა, ხორბალი სრულად ამერიკიდან შემოეტანა, ამას მოსახლეობა და ბიუჯეტი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. აი, დღევანდელი ხელისუფლება კი მაინც ცდილობს, ეს გააკეთოს და სუბსიდიისთვის თანხის მოძიებითაც არის დაკავებული. ადრეც დავწერეთ და ახლაც გავიმერებთ რუსულ ანდაზას _ “ოტ დობრა დობრა ნე იშჩუტ”… რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების ფონზე, ქვეყნებთან, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ, ურთიერთობა უნდა გავაღრმავოთო, ჩვენ პირიქით ვაკეთებთ: არ ვამბობთ, რომ ლავროვის განცხადების შემდეგ, რუსეთში თავქუდმოგლეჯილი გავიქცეთ და ყველაფერი იქ შევათანხმოთ, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში აწყობილი გზა რომ გავამყაროთ, არ შეიძლება? ხომ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად იქნება, არამხოლოდ ხორბალს დააკლოს ფასი, არამედ ენერგომატარებლების მიმართულებაც სერიოზულად გადაიხედოს?!
ამერიკიდან ხორბლის შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ტონა დაახლოებით 140 დოლარით გაძვირდება, რაც დღევანდელი კურსით 450 ლარია, ანუ მხოლოდ ტრანსპორტირების გამო კილოგრამი ხორბალი 45 თეთრით გვიძვირდება. ამას დაამატეთ ისიც, რომ მსოფლიოში ყველაზე იაფად ხორბალი სწორედ რუსეთს აქვს და ვნახავთ, რომ პროდუქცია 50 თეთრით (საუკეთესო შემთხვევაში) გაგვიძვირდება და სახელმწიფო პირობას დებს, ამას მოქალაქეები არ იგრძნობენ, დავასუბსიდირებთო. ბატონებო (ქალბატონებოც), ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ხომ არ გგონიათ? რას ნიშნავს, დაასუბსიდირებთ? და ეს ფული საიდან წავა, ხომ ვერ აგვიხსნით? იმ ბიუჯეტიდან ხომ არა, ჩვენი გადასახადებით რომ ივსება და სუბსიდიისთვის გამოყოფილი მილიონები სოციალურ პროგრამებს რომ მოხმარდეს, უმჯობესი იქნება. არ გიფიქრიათ, რომ ამერიკულ ბაზარზე ჩამოკიდება სარგებელს ვერ მოგვიტანს?! ის მაინც არ გიფიქრიათ, რომ ამერიკაში ქართული პროდუქცია ძალიან ცოტა რაოდენობით იყიდება. ჯერ ერთი, იქ ბაზარზე არ გვიშვებენ და, თუ გვიშვებენ, ჩვენი პროდუქტი სწორედ ტრანსპორტირების ხარჯის გამოა ძვირი და ამერიკელებს არ უღირთ. ანუ, ამერიკელები გვეუბნებიან, თქვენი პროდუქცია ძვირდება ტრანსპორტირების გამო, თანაც, თქვენი ხათრით, ჩვენს კომპანიებს ვერ ჩავაჩოჩებთო. სამაგიეროდ, თავიანთ ხორბალს გვტენიან და ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯსა და სიძვირეზე აქცენტს არ აკეთებენ ან რატომ გააკეთებენ, ეს ხომ საქართველოს გადასახდელია. მტკიცებით ფორმაში იმასაც ვიტყვით, რომ ხარისხით რუსული ხორბალი ამერიკულს სჯობია.
ხანდახან გვგონია, რომ ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, მიმდინარე პროცესები ყველაზე მეტად ხელს ამერიკას რომ აძლევს და ევროპის ყველა ქვეყანა სერიოზული ეკონომიკური საფრთხის წინაშე დგას. რაც უნდა იყოს, მსოფლიოს ყველაზე დიდ სახელმწიფოს არათუ გავლენა აქვს ევროპასა და, საერთოდ, მსოფლიოზე, არამედ ის იყო ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ყველა ქვეყნისთვის. ჰოდა, ახლა დაწესებული სანქციები რუსეთის გარდა, ევროპასაც მაგრად ურტყამს და აგერ ამერიკა ალტერნატივას სთავაზობს ბებერ კონტინენტს.
მოვლენების ჯაჭვს თუ გავყვებით, ყველაფერი მას შემდეგ დადგა თავდაყირა, რაც ჩინურმა ეკონომიკამ ამერიკულს ოფიციალურად გადაუსწრო. სხვაობა ისე თვალშისაცემია, რომ ვეღარ და აღარ დაიმალა, თორემ ექსპერტები ამბობენ, ჩინური ეკონომიკა სამი წლის წინაც მსოფლიოში პირველი იყოო. ახლა აშშ ცალყბად ამბობს: ჩინეთი არ ჩაერიოს უკრაინის კონფლიქტში, თორემ სერიოზულად დავაზარალებთო; თანაც კარგად იცის, რომ ჩინური ბაზრის დახურვა ევროპისთვის მომაკვდინებელი იქნება. პარალელურად, იგივე შტატები ზუსტად ისევე აქეზებს ჩინეთს, როგორც ნაახალწლევს უკრაინა წააქეზა, შედეგად კი უკრაინელებმა მიიღეს ის, რომ არაერთი ქალაქი ნანგრევებად არის ქცეული და მათ აღდგენას ათწლეულები დასჭირდება. რაც მთავარია, ამერიკა პირობას დებს, როცა ყველაფერი დასრულდება, უკრაინას აუცილებლად დაეხმარება და ფულს დაბალ პროცენტში ასესხებს. ასე მარტივად დაიმონებს ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს და თანაც ისე, რომ ნებისმიერ დროს შეეძლება, მორიგი კონფლიქტი გააღვივოს ან რომელიმე სოფელში ნაღმი ააფეთქოს და ხელი რუსეთისკენ გაიშვიროს. აკი თქვა უკვე ზელენსკიმ: რუსი სამხედროები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ნაღმავენ, მომავალში ჩვენი ტრაქტორები რომ აფეთქდნენო… მარცვლეულის მიმართულებით სიტუაცია კატასტროფული რომ არის, უკრაინის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრიც არ მალავს. მიკოლა სოლსკის განცხადებით, ქვეყნის მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა დღითიდღე უარესდება და გაუმჯობესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ომი დასრულდება.
“ზემოქმედება გლობალურ ბაზრებზე არის პირდაპირი, დრამატული, დიდი და ის გრძელდება. დღითიდღე ვითარება უფრო და უფრო გართულდება და გამოსავალი მხოლოდ ომის დასრულებაშია”, _ განაცხადა სოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლება კი ვალდებულია, ომის დასრულებას არ დაელოდოს (მით უმეტეს, ამერიკამ მისი ხანგრძლივობა ბაიდენის პირით დაგვიანონსა) და რუსეთთან სწორედ ხორბალზე ისაუბროს. სხვაგვარად, ქართული ეკონომიკა მთავარი საკვები პროდუქტის გაძვირებით გაიგუდება და ხელისუფლება სუბსიდიას ვეღარ აუვა. მითუმეტეს, რომ უკვე ითქვა, მიმდინარე პროცესები წელს მილიარდი დოლარით გვაზარალებს, რაც საქართველოს ბიუჯეტის მეექვსედია და ზარალი, ძირითადად, სწორედ რუსეთიდან შემცირებული პროდუქციისა თუ ტურისტების გამო გვექნება. რა გამოდის? რუსი ტურისტების შემოსვლა კარგია, მილიარდს ტოვებენ და ახლა, არატურისტულ სეზონზე რომ ჩამოვიდნენ, ცუდია და თურმე უნდა გავყაროთ და აგრესიულად მოვექცეთ.
ხელისუფლება უკვე ყველა მიმართულებით გადის ბეწვის ხიდზე და, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ისეთი გონიერი მმართველობა გვყავს, ყველა მიმართულებით სამშვიდობოს გასვლა შეძლოს. ხელისუფლებამ პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესი უნდა დააყენონ და არა დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის ინტერესები. ფაქტია, შტატების პირველი პირის დაუფარავი განცხადებები უკვე არც ევროპელ ლიდერებს მოსწონთ და, ადრე თუ გვიან, ამერიკა ნამდვილ სახეს გამოაჩენს. არც ის გაგიკვირდეთ, მათი ინიციატივით შემოღებული სანქციები ხელის ერთი მოსმით რომ გააუქმონ. მსოფლიოზე ბატონობის სურვილი შტატებმა ღიად გამოხატა!
ბესო ბარბაქაძე