Home რუბრიკები საზოგადოება ჭაბუა ამირეჯიბი: ჩემი ქართლის ცხოვრება

ჭაბუა ამირეჯიბი: ჩემი ქართლის ცხოვრება

2159

შეგახსენებთ, რომსაქართველო და მსოფლიოს” 41- ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ჭაბუა ამირეჯიბის კდემამოსილ მეუღლესთან, შესანიშნავ პოეტთან თამარ ჯავახიშვილთან (“აქ ვარ და ასე მგონია, რომ აქ არის”). ქალბატონმა თამარმა გვაცნობა, რომ ამთავრებს მუშაობას ბატონ ჭაბუას მოგონებების წიგნზე. შეკითხვას _ “გორა მბორგალშიჭაბუამ მთელი თავისი ცხოვრება გადმოგვცა. დარჩა რამე სათქმელი? _ რესპონდენტმა ასე უპასუხა: “_ უფ! რამდენიც გინდა: ტიპები, სიტუაციები… 16 წელიწადი მოიხადა. გარბოდა, იჭერდნენ, წლებს უმატებდნენ. ბოლოს, გათავისუფლების წინ, ჯამში მისჯილი ჰქონდა 83 წელიწადი”. სწორედ აი იმრამდენიც გინდასიხსენებს ბატონი ჭაბუა ამ წიგნში, რომლის სათაურიაჩემი ქართლის ცხოვრება”. დღეს საშუალება გვაქვს ჩვენს განათლებულ მკითხველებს წარვუდგინოთ ფრაგმენტი დიდი ქართველი მწერლის ახალი წიგნიდან. გმადლობთ, ქალბატონო თამარ, რომ შეგვისრულეთ დანაპირები და მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენის დაბადების მოწმე გაგვხადეთ.

წინათქმა

ერთთავად აღმართებში სიარული მარგუნა მაღალმა ღმერთმა. დავჩაჩანაკდი, მაგრამ დღესაც აღმართებს მივებრძოლები და, აგერ, თხემს გადაღმა, დაღმართი იწყება, იქით რომ მიემართება, საიდანაც აღარავინ დაბრუნებულა.

მზის ჩასვლაა, ჩემს სავალზე დიდი და პატარა უხვფოთლიანი ხეების ჩრდილები გადმოწოლილან, ტანზე მეფინებიან, სხეულში შემოდიან, ხსოვნისკენ ჟრუანტლად მიემართებიან, მატორტმანებენ. რომელიღაც ჩრდილი მახარებს, სხვა კაეშანსა და ცრემლსა მგვრის, ყველა ერთად კი მემუდარება, _ ცოცხალი ვარ თუ _ აღარ, გამომესაუბრე, არ მიმატოვო, დავიწყებას ნუ მიმცემო. ვიბნევი, ვერ გადამიწყვეტია, რომელს მივუძღვნა დარჩენილი სიცოცხლის ფიორა ნაწილი მაინც. ყოველ მათგანს ვეთაყვანები _ მათაც, ვინც ჩემთან და ჩემში იქნება სიკვდილამდე, მათაც, ვინც ჩემზე ღირსეულად მიიჩნია თავი და აღარ მინდომა. ვერც ერთი ვერ გაქრა, არ დამიტოვეს სიცარიელე და ბარაქიანი გლეხის ქვევრივით პირთამდე სავსე ვარ დღემდე იმ ხეთა ჩრდილებით.

უნდა დავიცალო, მიქცევა ახლოა და ვალი მადევს აღმართს გარდიგარდმო შეყოლებული ჩრდილებისა. არ ეგების საფლავში ჩავიტანო მათი სახელები, ნაქმნარი, აღსრულებანი და ვითარებანი, მათ რომ ახლდათ, თუ მათგან დამოუკიდებლად რომ ეფინენ ჩემს გზასა და სავალზე.

ღმერთო, მომეც ძალი ვალთა ხდისა და მშვენიერების ღაღადისისა. “წერამწერელო”, მარწმუნე, რომ ეს ბოლო გამოცდა შემართებისა ბედისწერისეული კვეთებაა.

ახლო წარსულში მეუღლესთან _ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ვეახლე ატოცის წმინდა გიორგის და მუხლმორთხმით შევევედრე:

ატოცის წმინდა გიორგი*, თეთრო რაინდო, დიდო სალოცავო ჩემი წინაპრებისა, ჩამომავალთა ჩემთა, ყველა ამირეჯიბთა, ამირეჯიბთათვის სხვა მოდგმათაგან შობილთა და ყველა ადამიანთა, ვისაც სწამს შენი სასწაულმოქმედი ძალისა; სამას სამოცდამეხუთედო სალოცავო საქართველოში შენს სადიდებლადა და სავედრებლად აგებულ ტაძართაგან, მეოხ გვექმენ ყოვლისა შემძლე ღმრთისა ჩვენისა წინაშე, რათა მიეცეს ილაჯი ქართველთ, რწმენით, მოთმინებით, თავმდაბლობით, ძალით გონებისა და მკლავისა თვისისა მყარად იპყრან ხელთ აწმყო და მომავალი სამშობლოსი თვისისა.

შუაკაც გვექმენ ყოვლისა განმგებთან, სულიერთა და უსულოთა “წერამწერელთან”, დაუდგინოს ქართველთ საქმე და მიზანი ერთობლივი, რომლის ძალითა და წყალობით შეიკვრის ერი ერთს სულადა და ხორცად, ჭეშმარიტად უძლეველ თაობად, ვინაითგან არა ხალხის მიერ იქმნება სახელმწიფო, არამედ ერისმიერია იგი, რამეთუ ხალხი დღევანდელი ერია მხოლოდღა, ხოლო ერი _ ესაა ხალხი დღეს, წარსულსა და მომავალში. მარადისობაა ერი. არწმუნებინოს ქართველთ, რომ ამა საძირკვლიდან წარმართეს გარჯა და ღვაწლი თვისი უუდიდესთა წინაპართა ჩვენთა, ამით ვიყავით, ვართ და ვიქნებით, თუკი მივყვებით მათს კვალსა და ნაქმნარს.

შეევედრე, არწმუნებინოს ყოველ ქართველს: თუ რამ გააჩნია მას, თავისი სახელმწიფოსგან აქვს და არა რა არის ქონება, დიდმოხელეობა, თუ სხვაფრივ მოხვეჭილი სარჩო და სახელი უსამშობლოდ, რადგან შენი ერი და სახელმწიფოა საწყისი და ფუძე ყოვლის პირადის სიკეთისა. მზერა მიაპყრონ კაცთ, ვინც უშურველად, შეგნებით მისცა ყოველი, თუ რამ ხელეწიფებოდა სამშობლოს სამსხვერპლურს და იხილავენ, თუ როგორის ხელგაშლით დაუბრუნდათ მათ ღვაწლი გაღებული მამულისთვის.

ატოცის წმინდა გიორგი, მეოხ გვექმენ ღმრთისა წინაშე, რათა მიუზღოს ნათელი სასუფეველი იმქვეყნად და უკვდავი სახელი მზისა ქვეშე უკუნითი უკუნისამდე ყოველთა, ვინც ქართველთა სახელმწიფოს დასდვა ამაგი მცირედი მაინც, ხოლო მათ, ვინც ცოცხალ არიან და ამ გასაჭირის ჟამს შეძლებისამებრ მსახურებენ საქართველოს მომავალსა და ძლიერებას, უბოძოს სიცოცხლე და ილაჯი მსახურებისა, სანამ არ მიიჩნევენ ისინი აღსრულებულად ვალსა თვისსა მამულის წინაშე, რა სახისაც უნდა იყოს იგი.

ატოცის წმინდა გიორგი, შემიწყალე მეც, მიბოძე კიდევ ერთი გამარჯვება ჭაბუკობიდანვე შენის ხატის მკერდით მტარებელს, ყოვლითა ნაგრამითა ჩემითა და თანამეცხედრის, ჩემის უღლის გამწევი მეგობრის, მხევლისა ღმრთისა თამარითურთ.

ვფიცავ შენსა და მაღალი ღმრთისა წინაშე, გოჯით არ გადავსცდე გზას, რომელსა ზედა ვდგავარ მადლითა წინაპართა ჩემთა.

პატიებას გთხოვ, ხელმოკლეობისა გამო ვერა შემოგწირე რა, ვითა გწირავდნენ წინაპარნი ჩემნი, ვერ დავიმკვიდრე ადგილი მცირე აღაპთა შენის წიგნსა შინა.

მადლობას გწირავ უთვალავი გადარჩენისთვის სიკვდილისა თუ უკიდურეს ძნელბედობათაგან.

გავკადნიერდები, ბოლო თხოვნაა ჩემი: გაგვამარჯვებინე ჩამომავალთათვის ღირსეული სამშობლოს დასატოვრად შეუპოვარ ომში, ვერაგ მტერთან პირისპირობასა და ბრძოლაში!

დასაწყისი

კრებულის შექმნა, როგორც ზემოთ ვთქვი, მომთავაზა ბრწყინვალე ქართველმა მსახიობმა, უნიჭიერესმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ბატონმა გიორგი ხარაბაძემ. ქალბატონმა თამარ ცაგარეიშვილმა იმ მოვლენათა სიაც კი დამიტოვა, რომელიც მათი აზრით უნდა შევიდეს კრებულში.

დიდმოწამე წმინდა გიორგი

მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ “ქართლის ცხოვრების” ყოველი ეპიზოდი საქართველოს ისტორიის ნაწილია. ისტორია ადამიანთა ცხოვრება-მოღვაწეობით, მათი ურთიერთობებით შექმნილ მოვლენათა კრებულია, რა თქმა უნდა, ადგილობრივი და სამყაროული მოვლენების თანამონაწილეობით.

ამდენად, “ჩემი ქართლის ცხოვრებაც” ჩემი სიცოცხლის მანძილზე ცნობილი ადამიანების, მათი ნამოქმედარით და მათგან ჩემთვის ნაამბობი მოვლენების აღნიშვნით იქნება განხორციელებული.

დროა, საქმე განვაგრძოთ.

არაერთგზის მითქვამს, ადამიანს მარტო მშობლები, გარემოცვა, აღზრდაგანათლება კი არ აყალიბებს, არამედ წინაპართა მიერ განვლილი გზაც, მათ მიერ შექმნილი კულტურა, რომელიც შთამომავალთა მსოფლმხედველობას განსაზღვრავს. მეც ჩემი წინაპრების სისხლი და ხორცი ვარ. მათმა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ჩემ დაბადებამდე მოახდინა გავლენა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ასე რომ, ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, ჩემ დაბადებამდე დაიწყო. ამიტომ თვალს ისტორიასაც გადავავლებ, ძველი დროის ამბებსაც გავიხსენებ, პირველ რიგში კი, ჩემი გვარის ცნობილ წარმომადგენლებს.

ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ კრებული ქართლის მატიანეა და ნებისმიერ მატიანეს კი იმაზე უკეთ ვერაფერი შექმნის, თუ არ სათანადო დროის მონაკვეთის სადა, ცხოვრებისეული ხასიათის ამბების თხრობა. იმედი მაქვს, ჩემი თანამედროვე ადამიანებისადმი მიძღვნები თუ მოგონებები უკეთ გააშუქებენ “ჩემი ქართლის ცხოვრების” მატიანეს. ისინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან, ვინც ეპოქას ქმნიდა.

ატოცის წმინდა გიორგი

ატოცის წმ. გიორგის სალოცავი ფრონეს ხეობის (ქართლი) ყველაზე დიდი და ძლიერი სალოცავია. მისი სიძლიერე, როგორც ჩანს, ატოცის წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატიდან მომდინარეობს. ატოცობას ქაშეთობასაც უწოდებდნენ. მისი დღესასწაული სექტემბრის ბოლო კვირას იწყებოდა და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ატოცობა ასევე 23 (6 მაისს) აპრილსაც აღინიშნებოდა”.

(ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here