Home რუბრიკები საზოგადოება ჩემი ირაკლი

ჩემი ირაკლი

610
ირაკლი ჟორდანია

დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი უფროსი მეგობარი, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია განერიდა წუთისოფელს. ის მაღალი ზნეობის, დიდი ბუნებისა და სიკეთის განსახიერება გახლდათ.

ჩემი ირაკლი ბუნებამ უხვად დააჯილდოვა გარეგნობით, ნიჭიერებით, კეთილგონიერებით, კეთილსინდისიერებით, გულწრფელობითა და გასაოცარი თანადგომის უნარით. მან შესანიშნავად იცოდა მეგობრობის ფასი, ყველასთან ინარჩუნებდა კეთილგანწყობილ ურთიერთობას, გულწრფელად იზიარებდა მოყვასის სატკივარს… დადიოდა თავის სათაყვანებელ ქალაქში სახენათელი, თხემით ტერფამდე ქართული გენისა და ჯიშის, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი.

რაფინირებული, დახვეწილი ინტელიგენტი, ზნეკეთილი, სასიამოვნო მოსაუბრე, რომელიც სიკეთის ეტალონი იყო. სიდინჯე, შინაგანი კულტურა, მომხიბვლელობა, დარბაისლური მსჯელობა იყო მისი მახასიათებელი. ცხოვრებაში რთული, მაგრამ მეტად საინტერესო გზა განვლო, სამშობლოსა და ხალხის ინტერესებისადმი ბოლომდე ერთგული დარჩა.

ირაკლიზე ბევრი მაქვს მოსაგონარი, მასზე ბევრი კარგის თქმა და გახსენება შემიძლია. ის დიდი ადამიანი იყო, დიდ ადამიანებთან მეგობრობა კი უფლის წყალობაა. ის ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს ჩვენს ურთიერთობას _ ჩვენმა მეგობრობამ ათეულ წლებს გაუძლო.

მიუხედავად იმისა, რომ მას სრულიად ახალგაზრდას მიანიჭეს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდო _ ლენინური პრემია _ მეტალურგიაში, ის როგორი თავმდაბალი, მოკრძალებული და უპრეტენზიოც იყო მანამდე, ისეთივე დარჩა ცხოვრების ბოლომდე.

ჩვენ 1980 წელს ერთად მიგვიწვიეს მოსკოვში, სახალხო მეურნეობის აკადემიაში. ჰქონდა უნარი, ნებისმიერი საკითხი განეხილა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. მეცნიერების კორიფეებს, რომლებიც ლექციებს გვიკითხავდნენ და სემინარებს გვიტარებდნენ, აკადემიკოსებს, საკავშირო მინისტრებსა თუ კომიტეტის თავმჯდომარეებს _ ყველას ხიბლავდა მისი მსჯელობა ქვეყნის პრობლემურ საკითხებზე. ის მაშინ საქართველოს საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მე კი _ მშენებლობის მინისტრის მოადგილე.

ორჯერ ვისვენებდით ერთად კარლოვი ვარში. ურთიერთობაში ის ყოველთვის ამჟღავნებდა დიდ სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ირაკლის არ უყვარდა თავისი დაბადების დღეების აღნიშვნა, მაგრამ ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ვიწრო წრეს აუცილებლად შეგვკრებდა და მოგვეფერებოდა.

1982 წელს ჩემს ორმოცი წლის იუბილეზე მოსკოვში, სადაც აკადემიის სახელგანთქმული მეცნიერები მყავდა მოწვეული, აღფრთოვანებით და ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის ბრწყინვალე თამადობას. ვიცნობდი მის სანათესაოს, როგორც უსათნოესი და ულამაზესი დედის, ასევე მამის მხრიდან. ეს ღირსეული ხალხი მაღალი ინტელექტით, წიგნიერებითა და შესანიშნავი გარეგნობით გამოირჩეოდა (მინდელები, აბაშიძეები, ჟორდანიები).

მისმა შესანიშნავმა, ერთგულმა მეუღლემ ლალიმ თავდაუზოგავად იბრძოლა ირაკლის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ…

ერთადერთმა სათაყვანებელმა ქალიშვილმა თათიმ, რომელიც ამჟამად უცხოეთში ცხოვრობს, სწორედ იმ დღეებში, როცა ირაკლი გარდაიცვალა, ქვეყანას მოავლინა ვაჟი. უზომოდ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოესწრო ნანატრ პირველ შვილიშვილს, რომელსაც მოუთმენლად, დიდი სიყვარულითა და სიხარულით ელოდა.

ჩემო ირაკლი, შენი შვილიშვილი რომ წამოიზრდება, მოვიყვან შენს საფლავთან, სანთელს დაგინთებ და ვუამბობ ბაბუის კეთილგონივრულ და სასახელო საქმეებზე…

თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. ორი-სამი დღე თუ არ შევეხმიანებოდით ერთმანეთს, დამირეკავდა და ხუმრობით მისაყვედურებდა _ არ გრცხვენია, ომარ? სად ხარ, რატომ დაიკარგეო… საღამოს ტელეფონის ზარზე, წამიერად გამიელვებს აზრი _ ირაკლი ხომ არ რეკავს…

მენატრება შენი ბუბუნა ხმის გაგონება, ჩემო ირაკლი!

რა ვქნა, ძალიან მაკლიხარ, უშენობას ვერ შევეგუე!

ღმერთო, უმრავლე ჩემს სამშობლოს ირაკლის სადარი ღირსეული პიროვნებები, თხემით ტერფამდე ჭეშმარიტი მამულიშვილები…

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here