Home რუბრიკები საზოგადოება ჩანაწერები არაფერზე

ჩანაწერები არაფერზე

1678
ხალხის შემონაწირით ქობულეთის ცენტრში აგებული უფლის ამაღლების ტაძარი

(დასასრული. დასაწყისი იხ. #33-35, 2020 წ.)

ხვალემ თქვა ხვალისა

ხვალ დილით წვიმდა ქობულეთში, ისე _ გადაღების დაპირებასავით.

ცრიდა.

მავანმა სხვას საცერში გახედა და ჰკითხა, როგორ მხედავ? _ როგორც შენო.

მელაპარაკებოდა ბატონი გოგი გოგიტიძე და თანდათან იფანტებოდა ბურუსი გაშიფრული ფრაზის, რომლის განმარტებას წუხელ დამპირდა: “ბევრი რამ გაკეთდა ქობულეთში, მაგრამ ბევრი რამ არ უნდა გაკეთებულიყო”.

თბილისით დაიწყო. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად. თანაც გოგიტიძეებს ეხებოდა.

_ ჩვენი გვარის განაყოფმა შტომ _ გოგიტიძეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს თურქეთში. მათ შორის პირველი ნიჰათ გოგიტიძეა, ოფიციალური მილიარდერი, დღესაც ცოცხალია და ჯანზე გახლავთ. მისი მრავალდარგოვანი ბიზნესის წლიური ბრუნვა 7,5 მილიარდ დოლარზე მეტია.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი განიავებულგაყიდული იყო, ჩამოვიდა ეს ადამიანი საქართველოში და შემოგვთავაზა თბილისის რძის კომბინატის (რომელიც იმ დროს არ მუშაობდა), აღდგენაამოქმედებაში მილიონობით დოლარის ჩადება. ძალიან მოეწონა საწარმოს მანქანადანადგარები (გერმანული იყო, სულ ახალი: ასეთები თურქეთში არ გვაქვსო) და მის ბაზაზე ბავშვთა კვების ქარხნის ამოქმედებას დაგვპირდა, რომელიც უდიდესი იქნებოდა კავკასიაში. თქვა, რომ სრულად გამოიყენებდა, გასაღების იმ ბაზარს, რომელიც მას ათვისებული ჰქონდა, აქედან მიღებული მოგება კი საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.

გავაკეთებ, ავაწყობ, საბრუნავ საშუალებას მოგცემთ და საქართველოს საჩუქრად დავუტოვებო.

_ რამ შეუშალა ხელი?

_ თბილისის რძის კომბინატის დირექტორმა ნიჰათის მიერ მოსალაპარაკებლად გამოგზავნილ სპეციალისტებს ისეთი კონტრწინადადება შესთავაზა, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთი ტლუ გლეხის სიბრიყვეს, რომელმაც ქილა ერბო იპოვა და გამდიდრებაზე ოცნებამ ისე გაიტაცა, რომ ის ქილა თვითონვე გატეხა: ნიჰათ გოგიტიძემ 200 ათასი დოლარი მომცეს, კრასნოდარში წიწილებს ვიყიდი, დავზრდი და ქათმის ხორცითა და კვერცხით ვივაჭრებ, დავაგროვებ მილიონებს და რძის კომბინატზე შემდეგ ვილაპარაკოთო.

ასე ჩაიშალა ეს მასშტაბური და პერსპექტიული ბიზნესპროექტი.

_ ესარ გაკეთდასრიგიდან.

_ ახლა “გაკეთდაზე” ჩამოგითვლით ფაქტებს, რომლებიც არ გაკეთებულიყო, უმჯობესი იქნებოდა. რაც, მე რომ მკითხოთ, უმეტესად ქობულეთის ტურისტულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას შეეხება.

აქ ერთი სასტუმრო რუსეთის მოქალაქემ ააშენა და მუშაობს.

ეს ორი კი…

ორი ჩონჩხი საშინელებათა ფილმებში საფლავებიდან წამომდგარ თვალებჩაშავებულ მიცვალებულებს რომ ჰგავს, ამ მწვანე სამოთხეში სომეხი ინვესტორების უპასუხისმგებლობის სიმბოლოებად არის ამოჩრილი.

_ დაახლოებით ათი წელიწადია, ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონის ათვისების დებულებაში გარკვევით არის მითითებული: ინვესტორმა ერთი წლის ვადაში უნდა დაამთავროს მშენებლობა და ობიექტი საექსპლუატაციოდ გაამზადოს. პირობის შეუსრულებლობის გამო აჭარის ეკონომიკის სამინისტროს უნდა ჩამოერთმია სომხეთის მოქალაქეებისთვის მიცემული უფლება, მაგრამ რატომღაც კი არ ჩამოართვეს, არამედ ვადა ორი წლით გაუხანგრძლივეს. ეს დროც გავიდა.

_ მშენებლობის დამთავრებას აქ პირი არ უჩანს.

_ სამაგიეროდ მე, საქართველოს მოქალაქეს, ნება არ დამრთეს, ჩამედო აქ სამი მილიონი ლარის ინვესტიცია. უარი მითხრეს იმ მოტივით, რომ იცვლება დებულება და უფლების გაცემა შეჩერებულიაო

_ სანამ შეცვლილა, ძველი რჩება ძალაში. ხომ ასეა?

_ ასეა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის ინახავენ ამ ძვირფას ტერიტორიას. თორემ აქ უკვე დაგეგმილია 30 სასტუმროს აშენება, მიყვანილია ყველა სახის კომუნიკაცია, შექმნილია ინფრასტრუქტურა. საცურაო აუზის მშენებლობაა შეჩერებული მხოლოდ.

ინვესტორები ვერ მიიზიდეს. ამის მთავარი მიზეზი შენობის ერთ წელიწადში დამთავრების მოთხოვნა იყო, რაც ბევრმა განუხორციელებელ ნორმად მიიჩნია.

გოგი გოგიტიძე პარალელს ავლებს: _ შეკვეთილში ძვირფასი სასტუმრო კომპლექსიპარაგრაფიაშენდა, ერთერთი საუკეთესო ევროპაში და ამას ყველა მივესალმებით. მაგრამ ის ერთია, ერთადერთი და, ქობულეთში ისეთივე რომ აშენდეს, სამუშაო ადგილების იმ რაოდენობას, რომელიც 30 სასტუმროს მწყობრში ჩადგომით შეიქმნებოდა, ვერ უზრუნველყოფს, რაგინდ მაღალი დონის იყოს. ეგებ, ასეთ ეჭვს არავითარი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მის გასანეიტრალებლად ერთადერთი რამაა საჭირო _ დებულების სასწრაფოდ გადაკეთება და ახალმშენებლობების დაწყება.

საცხოვრებელი ზღვის პირას

გამონაკლისების დაშვება ქობულეთში იშვიათობა არ იყო.

სანაპირო ზოლს ნაკრძალისგან სამანქანო გზა და ბულვარი გამოჰყოფს.

მთავრდება საოცრად ლამაზი ბულვარის მშენებლობა, უნიკალურის, ათი კილომეტრის სიგრძის.

ბუნებადაცვითი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სანაპიროს ზოლში შენობები არ უნდა ჩაიდგას.

მაგრამ ჩადგეს. ნება დართეს (როგორც გამონაკლისი) ჩეხეთის დეველოპერულ კომპანია “მაგნეტიკს”, რომელიც მაინცდამაინც “ფიჭვნარის ზოლში” აშენებს საცხოვრებელ კომპლექსს და ბანერიც კი აქვს ღობეზე გამოფენილი _ “იყიდება ბინა”.

ფოტო უწარწეროთ
ფოტო უწარწეროთ

რეკლამა ევროპულ დონეზე! ისე კი არა, დავით აღმაშენებლის ქუჩის შუაწელზე ერთ აქაურ კერძო გამქირავებელს ნაგვის ყუთის თავზე აცაბაცად რომ დაუკიდებია ორი აბრა: Дом квартира და Жилъе у моря (“სახლი ბინა” და “საცხოვრებელი ზღვის პირას”). სანაგვე ყუთი _ ზღვაზე შვებულებით ჩასული გაჭირვებული მოქალაქეების დასასვენებელი სახლის სიმბოლური მინიშნება. შავი იუმორი, ანუ, უფრო ზუსტად, ანდრეი ვოზნესენსკის ვიზუალური პოეზიის ახალი ჟანრი _ ვიდეომა _ ტექსტის, ნახატისა და ფოტომონტაჟის რთული კოლაჟი, სინთეზური მეტაფორა, რომელიც ჩვენს შემთხვევაში კოვიდ-19-ის შეღწევადობის უნარით არის აღჭურვილი. ისეთი ძალით, რომ მე, მაგალითად, აბსოლუტურად დამარწმუნა: აქ, ალაზნის ველის სილაღით გაშლილი თემურ ჭყონიას “ჯორჯიან პალას ოტელის” ტერიტორიისა და ფეშენებელური დასასვენებელი კომპლექსის ფონზე მაწანწალად ვარ წარმოდგენილი და ბომჟად.

ამბობენ, რომ ზაფხული თვითშეფასების გარდაცვალების ჟამია.

გავყვეთ სანაგვის ორიენტირს პლაჟისკენ, სადაც სადილობამდე “ლეჟანკის” დაქირავება 3 ლარი ღირს. შარშან ხუთი ღირდა.

გაიაფდა ცხოვრება.

ქობულეთის განახლებული უბნის ერთი კუთხე
ქობულეთის განახლებული უბნის ერთი კუთხე

მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ: ქობულეთის პლაჟზე მოხვედრის მსურველი, უწინარეს ყოვლისა, დაუფლებული უნდა იყოს… “ცურვის ანაბანას”, _ იტყვით თქვენ დაარ არის სწორი”, _ გიპასუხებთ სიცრუის დეტექტორი, რომელიც ტელესივრცეში ადამიანის პატიოსნების საჯაროდ განმსაზღვრელ სიახლედ დაამკვიდრეს. მოგებული ფულის ოდენობით გაზომილი ეთიკა.

ვთქვი რამე ახალი? არა. რეალობაა ასეთი: ქობულეთში ერთხელ მაინც ნამყოფი ადამიანი გიპასუხებთ, რომ პლაჟზე ჩასვლის (!) მსურველი დაუფლებული უნდა იყოს მეკლდეურობის მინიმალურ ტექნიკას, უშბის აღმოსავლეთ კედელზე თუ არა, სპორტდარბაზში, შვედურ კედელზე მაინც უნდა იყოს ნავარჯიშევი.

ბატონი გოგი გოგიტიძე გაგვარკვევს:

_ 1957 წელს გამოცემულ და სხვა ცნობარებში მითითებულია, რომ ქობულეთში 12 კილომეტრზე გადაჭიმული ფიჭვნარის წყალობით შექმნილია განსაკუთრებული მიკროკლიმატი, რომელიც ძალიან უხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ ადამიანებს. კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებლით არის გამორჩეული ეს კურორტი, კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო, ფართო და დამრეცი პლაჟით, რომელიც ძირითადად დაფარულია წვრილი ფრაქციის ქვიშით.

კარკასების სასაფლაო
კარკასების სასაფლაო

მაგრამ დიდი ომის დამთავრების შემდეგ, ორმოციანი წლების ბოლოსა და ორმოცდაათიანების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირში ფართოდ იყო გაშლილი სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები, მდინარე აჭყვის ნაპირზე მოწყობილი კარიერის, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში რკინიგზით გადიოდა ინერტული მასალით დატვირთული 15 ეშელონი (შეიძლება ითქვას, რომ ქალაქი რუსთავი და მეტალურგიული კომბინატი ამ მასალის გამოყენებით აშენდა) ბარბაროსულმა ექსპლუატაციამ ჩვენს კურორტს იმდენად დიდი ზიანი მიაყენა, რომ შემდგომში განხორციელებულმა სარეაბილიტაციო ღონისძიებებმა მდგომარეობა ვერ გამოასწორა: “ფართო და დამრეცი პლაჟი” მოგონებად დარჩა.

ხოლო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში თურქეთში მდინარე ჭოროხზე დაწყებულმა ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობამ პლაჟის აღდგენის იდეა საერთოდ დაასამარა.

„მეკლდეურების“ პლაჟი
„მეკლდეურების“ პლაჟი

ზღვამ შემოუტია ხმელეთს. თურქეთმა საკომპენსაციო თანხა გადაიხადა (იმ წლებში საშუალება მომეცა, იაფი ელექტროენერგიის გენერატორად ჭოროხის გარდაქმნისთვის მომეკრა თვალი და გეტყვით, რომ შთაბეჭდილება დამთრგუნველი იყო. _ ა.ს.).

გამწმენდი ნაგებობის კომპლექსი
გამწმენდი ნაგებობის კომპლექსი

_ თავის დროზე ერთ-ერთ მორიგ პარტკონფერენციაზე დავაყენე საკითხი, რომ ინერტული მასალის კარიერები მოეწყოს ისეთ ადგილებში, რომლებსაც მდინარეების _ ჩოლოქის, კინტრიშის, ჩაქვისწყლის და ა.შ. _ კალაპოტებთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ჩემს შეთავაზებას ყური არავინ ათხოვა, რადგან ამ პრობლემის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ქვეყანას იმხანად არ გააჩნდა.

სხვა გზა არჩიეს: ზღვის ნაპირზე ასეული ტონობით ყრიდნენ ბალასტს (ლოდებიან-მიწიანად), რომელიც ზამთრის დიდშტორმობის დროს ზღვას ნაპირთან ახლოს, ფსკერზე ჩაჰქონდა და პლაჟის 4-5 კილომეტრიანი მონაკვეთებით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ლინდა ანთაძე როგორც კი დროს იხელთებს, ვარჯიშობს
ლინდა ანთაძე როგორც კი დროს იხელთებს, ვარჯიშობს

გოგიტიძეს დეტალურად აქვს დამუშავებული თავისი იდეის განხორციელების გეგმა, რომელსაც, ახლა მაინც თუ მიიღებენ და აამოქმედებენ, ხომ კარგი, არადა, კაპიკი იქნება ქობულეთის ფასი, _ გულდაწყვეტით ამბობს ამ კუთხის პატრიოტი ადამიანი.

იქით _ მდინარე ჭოროხი ბეტონის კალაპოტში მოაქციეს, აქეთ _ ფიჭვნარის ზოლს, რომელიც უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის, გაჩეხვა დაბეტონის ჯუნგლებად” (მაიაკოვსკი) გადაქცევის პერსპექტივა ემუქრება.

კურორტს პატარა ბავშვივით უვლიან
კურორტს პატარა ბავშვივით უვლიან

ქობულეთში უბნები იყო, საითაც არც ერთ ხელისუფალს არასოდეს გაუხედავს: გელაურის დასახლება, ე.წ. ემტეესის (მანქანა-ტრაქტორების სადგური) დასახლება, ტრასის მიმდებარე უბანი… ეს თემა, რუსთაველის ქუჩას რომ დავადექით, მაშინ წამოიჭრა, რომელიც (ქუჩა, რა თქმა უნდა) წლების განმავლობაში ორმოების, გუბეების, თხრილების და ა.შ. ექსპოზიცია უფრო იყო, ვიდრე კომუნიკაციის საშუალება. ახლა მრავლისმნახველი “ფოლკსვაგენით” ისე მივსრიალებთ, როგორც, მაგალითად, ბერლინერშტრასაზე.

მხოლოდ ქალაქის შემოგარენი კი არა, აქედან ტყეში შეჭრილი გზა ისეა ფილებით მოკირწყლული, როგორც შეძლებული მეპატრონის ახალგარემონტებული სახლის აივნის მოზაიკური იატაკი.

ამას გარდა: სრულად და სრულყოფილად მოგვარდა ქობულეთის ოდინდელი პრობლემა _ განახლდა ქალაქის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. ამჟამად სოფლებში აგრძელებენ ამ სამუშაოტევად საქმეს. ხოლო გამწმენდი კომპლექსი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს, საგულდაგულოდ ფილტრავს არცთუ შორეულ წარსულში ზღვაში დაუბრკოლებლად ჩამდინარე სიბინძურეს.

კურორტის შემოგარენში შენდება კარდიონეირო დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრი, ხოლო ბუნების წიაღში _ კინტრიშისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელად უკვე გაყვანილია ასფალტირებული, ფართო გზა. დაწყებულია ქობულეთის, როგორც “მწვანე ქალაქის”, პროექტის განხორციელების სამუშაო.

ერთმა ქობულეთელმა ინვესტორმა გია ჭყონიამ ემტეესის დასახლებაში შეიძინა მიწის ნაკვეთები, გააშენა უძველესი ქართული ჯიშის ვაზის ზვრები. რთველიც ბარაქიანი აქვს და კარგ ღვინოსაც აყენებს (როგორც მონაყოლიდან გავიგე), რესტორანიც აამუშავა და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მთაში, ხელშეუხებელი ბუნების წიაღში, 13 კილომეტრის სიგრძის გზა გაჰყავს. საუკუნოვანი ხეებით, მათ შორის უთხოვარით, გამორჩეულ იქაურ მრავალფეროვან ტყეში ნადირიცაა და ფრინველიც.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაშლას აპირებს ედემის ამ ბაღში, რომლის ამოქმედებაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის და შეეხიდება.

ამ და კიდევ სხვა სასიკეთო საქმეების ჩამოთვლა ცოტა სარისკო და საჩოთიროა, რადგან დაკვეთილ წერილებს შეიძლება დაემსგავსოს რეპორტაჟების ეს სერია, რაც გულისამრევია.

სად ვეძებოთ ტალანტები

აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, მაგრამ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში წავიკითხე დავით მხეიძის უკომპრომისოდ კრიტიკული, მაგრამ სამართლიანი წერილი “კატასტროფა ფარერებზე _ უთავმოყვარეო არსებებმა მთელ ერს სულში ჩაგვაფურთხეს”, რომელიც ფარერის კუნძულების ფეხბურთის მოყვარულების გუნდ “კლაკსვიკთან” თბილისის “დინამოს” 6:1 სამარცხვინო წაგებას ეხებოდა.

და გამახსენდა, რომ ბატონ გოგი გოგიტიძეს თავისომეგაშისამუშაოდ შეკედლებული ჰყავს ლინდა ანთაძე _ აჭარის ქალთა ფეხბურთის ნაკრები გუნდის წევრი, ამით სპორტის ამ სახეობას მატერიალურად (რამდენსაც გასწვდება) ეხმარება. სასადილოში მიმტანად მუშაობს. მისთვის ჩამორთმეულ სახელდახელო ინტერვიუს შემოგთავაზებთდინამოს” “ფარჩაკიფეხბურთელების უთავმოყვარეობის საპირწონედ და მხეიძის წერილის მხარდასაჭერად.

ამ პატარა გოგოს უკვე აქვს თავისი სპორტული ბიოგრაფია: მინიფეხბურთით დაიწყო, შემდეგ ბათუმში დიდი ფეხბურთით გააგრძელა, “ბათუმი” ერქვა იმ გუნდს (მწვრთნელები _ ნიკო ბარამიძე და ჯუმბერ ბერიძე), ბათუმის “დინამოშიც” თამაშობდა (მთავარი მწვრთნელი _ ბაჩანა აბაშიძე, მენეჯერი _ გივი გაგუა).

_ ლინდა, ბევრი გოგოა ფეხბურთით გატაცებული?

_ კი, საკმაოდ. ჩემი დეიდაშვილი, კიდევ რამდენიმე ბავშვი ქობულეთიდან ვართ. გუნდში ასე, თვრამეტნი ვიქნებით, კი. ახლა ჩვენზე პატარებსაც ავარჯიშებენ. ჩვენ, დიდები, ვმონაწილეობთ საქართველოს “ქალთა ლიგის” პირველობაში. გამოდიან “ქუთაისი”, “ლანჩხუთი”, ასეთი გუნდები არიან. თბილისიდანაც მონაწილეობენ. შარშან ძალიან გაგვიჭირდა, მეშვიდე ადგილზე გავედით, იმიტომ, რომ სრულფასოვან ვარჯიშებს ვერ ვატარებდით, გზის ფულიც არ იყო. წინა წლებში მეოთხე-მეხუთე ადგილებზე გავდიოდით.

_ სავარჯიშო მოედანი გაქვთ?

_ არა. ბათუმში, თუ იცით, “მარინა”, იქ არის ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი. კორდებიანი.

ჩვენთან რომ ჩამოდიან სათამაშოდ გუნდები, ჩაისუბანში ვიღებთ, იქაც არ არის კარგი მოედანი, მაგრამ სხვა სტადიონებთან შედარებით უკეთესია.

(სოხუმის (ლტოლვილების) გუნდთან 29 აგვისტოს ბათუმში გამართული შეხვედრა, რომელიც ამ ბლიცინტერვიუს შემდეგ გაიმართა, ფრედ 1:1 დაამთავრეს).

_ შენ დაცვაში თამაშობ, მეოთხე ნომრის ადგილზე.

_ კი. მეთხუთმეტე ნომრით.

_ საკუთარ კარში ბურთი ხომ არ გაგიტანია?

_ არა (და პირველად გაიღიმა ამ ბავშვმა ამ საკმაოდ ნაღვლიანი საუბრისას).

_ მოწინააღმდეგის კარში?

_ კი, მაგრამ ხშირად არა. მიყვარს გოლების გატანა, მაგრამ მირჩევნია, ჩემს გუნდელს მივცე პასი და იმან გაიტანოს. თამაშამდე ორჯერ მაინც რომ შევიკრიბოთ, იმის ფულს გვაძლევენ. ან ერთ მოედანს გვითმობენ ხოლმე, დიდ მოედანს, მაგრამ იმას ხან გასახდელი არ აქვს, ხან _ რა. ვიღაცის სახლში ვიცვლით ტანსაცმელს.

_ შხაპი?

_ არა. მაგრამ, რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ.

_ სტიპენდია თუ გაქვთ დანიშნული?

_ არა. “ქალთა ლიგა” რომ ტარდება, ჭამისა და გზის ფულს გვირიცხავენ მხოლოდ. ამისთვის რომ გვეყოს.

_ თქვენ გარდა ბათუმში არის კიდევ ქალთა ფეხბურთის გუნდი?

_ არა.

_ დღეს რომელ ადგილზე ხართ?

_ ჯერჯერობით მესამეზე. პირველი სამი თამაში მოვიგეთ. მცხეთის გუნდს 14-ით ნული მოვუგეთ. ძალიან სუსტი იყო. ახალი. სატრაბახოც არაფერია. ხაშურთან ორით ერთი დავამთავრეთ. მესამე _ “ზარზმას” მოვუგეთ _ 3:2. საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო, ჯანიანები. მოედანი არაფრად ვარგოდა.

კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ აღარ გავაგრძელებ, ისედაც დრო დაგაკარგვინეთ.

თბილისისდინამოსოქროს ხანის გამორჩეულმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში (შეიძლება, ცოტა ადრეც) ქართული ახალგაზრდული გაზეთის რედაქციაში მოიყვანეს და გამაცნეს, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა _ მომავალი პელეაო, ცოტა ხნის წინათ, უკვე ვეტერანმა, ყოველმხრივ დამსახურებულმა და სახელგანთქმულმა ფეხბურთის მაესტრომ მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუში განმიცხადა: “ფეხბურთი ღარიბების თამაშიადა თავისი თანაგუნდელების (უმეტესადნახალოვკელების”), ასევე, მსოფლიო ფეხბურთის დღევანდელი ვარსკვლავების მაგალითებით დამისაბუთა, რომ ასეა და არა სხვაგვარად.

ეგებ დაფიქრდნენ ამაზე ქართული ფეხბურთის მესვეურები და ტალანტები ისეთ სივრცეში ეძებონ, რომელშიც ლინდა ანთაძე იკვალავს გზას.

მეტი არაა ჩვენი მტერი, ვინმემ ყურად იღოს ჩვენი კეთილი სურვილი, მით უფრო, რომ ეს რჩევა იბეჭდება ციკლში, რომლის სათაურია “ჩანაწერები არაფერზე”.

არაფერზე ვის რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს…

არმაზ სანებლიძე

ქობულეთი _ თბილისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here