Home რუბრიკები ეკონომიკა „შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას“ – რა გამოსავალს...

„შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას“ – რა გამოსავალს სთავაზობენ მთავრობას

„თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას“,- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის გლობალური ფასი კვლავ მზარდია, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა საქართველოში ხორბლის იმპორტს აზრი ჰქონდეს, პურის ფასი შენარჩუნდეს და ამასთან, წისქვილკომბინატები არ დაიხუროს.

ცნობისთვის, რუსული ხორბლის საექსპორტო ფასმა ტონაზე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისვის ერთი ტონა ხორბალი 340 დოლარი ღირს. თუმცა, როგორც რუსული აგროექსპორტიორთა კავშირი ვარაუდობს, ხორბლის ღირებულებამ შესაძლოა, 400 დოლარს გადააჭარბოს. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობას კი, მცურავი გადასახადის გამოთვლის ფორმულის გადახედვა მოუწევს, რაც ბაჟის გადასახადის გაზრდას და ქვეყნიდან ექსპორტის შემცირებას გამოიწვევს.

„მსოფლიოს ბაზრებზე ისევ პრობლემაა. როგორც იცით, ავსტრალიაში წყალდიდობაა და მაღაპროტეინიანი ხორბლის დეფიციტია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ფასი ისევ ზევით მიდის. ახლა თურქეთმა გამოაცხადა ტენდერი, რომლის აღსრულება 10-დან 31 იანვრამდე უნდა მოხდეს. ტენდერის პირობებით შეთავაზებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს და ფასები უკვე მერყეობს 385-დან 425 დოლარის ფარგლებში. ვინ გაიმარჯვებს, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ამ შეთავაზებიდან შეირჩევა ახალი ფასი და ფაქტობრივად, 400 დოლარს მიხედვით იქნება.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, რომ თუ ფასი 400 დოლარს გადააჭარბებს, თავისთავად შეცვლის საბაჟო გადასახადის გამოთვლის ფორმულას, ეს ნიშნავს, რომ ფასი კიდევ გაზრდისკენ იქნება მიმართული და შემცირდება ექსპორტი. ამასთან, 15 თებერვლიდან რუსეთს დაანონსებული აქვს კვოტირების მექანიზმი ხორბალზე. ისინი 15 თებერვლის მდგომარეობით დაითვლიან სეზონის ბოლომდე რამდენი ხორბალი სჭირდებათ მათ, შესაბამისად, 6 თვის კვოტირებას განსაზღვრავენ, რამდენ ხორბალს გაყიდიან ყოველთვიურად. ესეც დამატებითი წნეხია ხორბლის ფასზე. შესაბამისად, საკმაოდ რთული მდგომარეობაა რეგიონალურადაც და მსოფლიოშიც.

რაც შეეხება ჩვენს ბაზარს, სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია ხორბლის შემოტანა. წესით, როდესაც ხორბალი ძვირდება, ჩვენ უფრო მეტი შემოგვაქვს, მაგრამ წელს არაორდინალური სიტუაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში მცურავი ბაჟი მოქმედებს (ეს არის დღეს 80 დოლარის ფარგლებში), ხორბალზე და არა ფქვილზე, ჩვენთან ხორბლის შემცირების ხარჯზე, გაზრდილია ფქვილის იმპორტის რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, დაახლოებით,4-5ჯერ მეტი შემოვიდა, შარშანდელთან შედარებით. ეს თემა პირდაპირ დაკავშირებულია მცურავ ბაჟთან იმიტომ, რომ როდესაც ეს რუსეთმა ხორბალზე დააწესა, გააკეთა იმიტომ, რომ ქვეყნის შიგნით ხორბალი იყოს უფრო იაფი. რომ წარმოვიდგინოთ, თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი 400 ან 380 დოლარია, ამას გამოკლებული 80 დოლარი. შესაბამისად, რუსული წისქვილკომბინატები ფქვავენ 300 დოლარიან ხორბალს, ჩვენი – 380 დოლარიანს. ანუ, რუსული წისქვილკომბინატის ფქვილი არის გაცილებით იაფი, ვიდრე ქართულის. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენთან ფქვილი რუსეთიდან შემოდის და რაოდენობრივად არის გაზრდილი“,- ამბობს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, საქართველოში უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ხორბლის და ფქვილის იმპორტს დააბალანსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფქვილის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბოლო ხანებში მთავრობას. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია, კერძოდ, 3 უწყების, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეორნეობის სამინისტროების ჩართულობით. ძირითადი ამოცანაა, რომ საქართველოში ხორბლის და ფქვილის შემოსვლა დავაბალანსოთ. თუ ეს არ მოხდა, რამდენიმე წისქვილკომბინატი გაცილებით ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. უკვე დაიხურა რამდენიმე წისქვილკომბინატი, მათ შორის ბათუმში – „ოქროყანა“, კიდევ ორი გაჩერდა ბათუმში, გორში გაჩერდა „ქართული ხორბალი“, წნორში – ერთი, ასევე კახეთში რამდენიმე. ჯამში, დაახლოებთ, 10-მდე ობიექტზეა საუბარი. დანარჩენებმა შეამცირეს სიმძლავრეები, იმიტომ, რომ რუსული ფქვილი შემოვიდა და კონკურენციას ვერ უძლებენ. თუმცა, აქ კონკურენცია კი არა, არათანაბარი პირობებია, ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით. მთავრობისადმი ჩვენი მიმართვიანობაც სწორედ ამას ეხება, რომ კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს და ფორა არ ჰქონდეს, იგივე ფქვილის იმპორტს, ხორბლის ადგილობრივ გადამუშავებასთან მიმართებით. ხორბლის გადამუშავება ჩვენთან ღირებულებათა მთელ ჯაჭვს ქმნის – დასაქმება, ქატოს გადამუშავება (თუ წისქვილკომბინატი გაჩერდა, ქატოს იმპორტიც უნდა განხორციელდეს), ამასთან, ადგილობრივ ხორბალს, რომელიც პროგრამებით ფინანსდება, წისქვილკომბინატი თუ გაჩერდა, თავისთავად ვერც ამ ხორბალს იყიდის. პლუს ამას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ჩნდება. იმიტომ, რომ ხორბლის შემთხვევაში ჩვენ 2-თვიანი მარაგებით ვმუშაობთ, ფქვილზე – არა. თუ კონიუქტურა კიდევ უფრო დაიძაბა, შესაძლოა, ხორბლის და ფქვილის მიმართულებით საკმაოდ კრიტიკული სიტუაცია შეიქმნას.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ წისქვილკომბინატები არ ითხოვენ სასათბურე პირობებს. უბრალოდ, სახელმწიფროებრივად სწორია, რომ ბაზარზე ხორბალი იყოს, ვიდრე ფქვილი. მაგალითად, ხორბლის გადამუშავების შედეგად ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ბიუჯეტში შეაქვთ თვეში 10 მლნ ლარის ფარგლებში. ჩვენთან ბაზარზე ახლა არის ორი გამოწვევა, ერთია პურის ფასი და მეორე სასურსათო უსაფრთხოება, წისქვილების მუშაობა“,- აცხადებს ლევან სილაგავა.

მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი იქნებოდა კომპენსირება, წისქვილკომბინატების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდანვე, რაც თავის მხრივ, პურის ფასის შენარჩუნებას უზუნველყოფდა.

„ჩვენი ხედვით, როდესაც წისქვილკომბინატებს შეაქვთ 10 მლნ ლარი და ჩვენ გვინდა, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს, ამასთან, წისქვილებმაც იმუშაონ, შესაძლებელია, ამ 10 მლნ ლარიდანვე გამოეყოს კომპენსირების თანხა. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, სოციალურად დაუცველები და ისინი, ვისაც პურის გაძვირება ყველაზე მეტად ურტყამს, დაახლოებით 600 000 ადამიანია. 10 თეთრით პურის გაძვირება 30 დღეზე ნიშნავს, ერთ ადამიანზე 3 ლარს. ეს რომ გავამრავლოთ 600 000-ზე, გამოდის – 1,8 მლნ ლარი. სწორედ ეს თანხა რომ გაიცეს მიზნობრივი კომპენსაციის სახით, კიდევ 8,2 მლნ ლარი დარჩება ბიუჯეტს, რომ სხვა რამე დააფინანსოს. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ წისქვილის მუშაობით სარგებლიანობა მეტია, პლუს დაკომპენსირდება პური და იქნება საბაზრო ღირებულებით.

ჩვენ ამაში ვხედავთ გამოსავალს. თუმცა იყო კიდევ სხვა წინადადებები, მათ შორის, აზერბაიჯანული მოდელი, დღგ-სგან გათავისუფლება, რითაც ქვეყანაში პურის ფასს ინარჩუნებენ. არის კიდევ თურქული მოდელი, როდესაც ხორბლის იმპორტზეა გადასახადი განულებული, მაგრამ ჩვენ ისედაც ასეა, უბრალოდ მერე მცურავი ბაჟი გვირტყამს.

როდესაც რუსეთი ფორას იძლევა, რომ მათგან ფქვილი შემოვიდეს, ჩვენი მიმართვიანობა არის იმისკენ, რომ სწორი კონკურენციული პირობების ჩამოყალიბებით მივიღოთ სარკისებური გადაწყვეტილება. შესაბამისად, ხორბლის და ფქვილის იმპორტის თანაფარდობა არ დაირღვეს“,- ამბობს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

რაც შეეხება მარაგებს, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ხორბლის იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად, რა იქნება სამომავლოდ, ეს ახლა უკვე მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ეს თავისთავდ არის მარაგებზე მიბმული. ახლა ჩვენ ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ვიცოდეთ, საით წავიდეთ. თუ მთავრობა გადაწყვეტს, რომ აზრი აქვს ხორბლის შემოტანას, თავისთავად მარაგები იქნება უფრო სტაბილური, მაგრამ თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, კიდევ გაიზრდება ფქვილის იმპორტი და ხორბლის მარაგები შემცირდება. მოკლევადიანად ამას შესაძლოა, ეფექტი ჰქონდეს, თუმცა, თუ ფქვილის იმპორტზე ჩამოვეკიდეთ, მარაგების თემაში, სავარაუდოდ, სახელმწფოს მოუწევს, რომ გარკვეული თანხა გამოყოს და თავად შექმნას მარაგები. იმიტომ, რომ ჩვენ, კერძო სექტორს სახელმწიფოსთან გვაქვს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც 2-თვიანი მარაგების უზრუნველყოფა უნდა გავაკეთოთ, თუმცა სამწუხაროდ, ამ მემორანდუმის პირობებს ვერ შევასრულებთ. ან, ფქვილის იმპორტიორებმა და პურის მწარმოებლებმა თავად უნდა უზრუნველყონ ფასის სტაბილურობა ქვეყანაში“,- ამბობს ლევან სილაგავა.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here