Home რუბრიკები სპორტი ყავისფერი ბომბდამშენი

ყავისფერი ბომბდამშენი

164
ჯო ლუისი

ჯოზეფ ლუის ბაროუ 1914 წლს 13 მაისს დაიბადა ქალაქ ლაფაეტში (ალაბამას შტატი, აშშ). მის მშობლებს, ყოფილი მონების შთამომავლებს, არასახარბიელო მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში. კრივის მომავალი ვარსკვლავის მამა, მონრო, აფროამერიკელი იყოთეთრი ფესვებით”; დედა, ლილი, ინდიელი გახლდათ. სეგრეგაციის ეპოქაში მათ ძალიან უჭირდათ _ იმხანად ალაბამა რასისტული განწყობების ცენტრი იყო.

ჯოზეფი მეშვიდე იყო 8-ბავშვიან ოჯახში. მისი დაბადებიდან 2 წლის შემდეგ მამა ოჯახისთვის ლუკმაპურის ძებნაში ქანცგაცლილი გაგიჟდა და ფსიქიატრიულში მოათავსეს. ჯოზეფის დედა ცოლად გაჰყვა პეტ ბრუკსს. მალე ოჯახმა დატოვა ალაბამა და დეტროიტში გადავიდა საცხოვრებლად. ჯოზეფს დედა ყოველ კვირას აძლევდა ფულს, ვიოლინოზე დაკვრა რომ ესწავლა. ბიჭმა კი მალულად დაიწყო კრივზე სიარული და ფულს გასახდელში კარადის დაქირავებაში იხდიდა, როცა შინ მიდიოდა, მოკრივის ხელთათმანებს ვიოლინოს ფუტლარში მალავდა. ჯოზეფი 17 წლის იყო, სამოყვარულო რინგზე პირველი ბრძოლა რომ გამართა. ცუდად განათლებულმა ბიჭმა მონაწილეების ბიულეტენში თავისი სახელი უზარმაზარი ასოებით ჩაწერა და გვარისთვის ადგილი აღარ ეყო. ასე იქცა ჯოზეფ ლუის ბეროუ ჯო ლუისად და ეს სახელი მან სიცოცხლის ბოლომდე ატარა. სადებიუტო ორთაბრძოლა ლუისმა წააგო, მაგრამ მარცხმა მეტი მონდომებისა და შრომისკენ უბიძგა და დაუფასდა კიდეც _ სამოყვარულო რინგზე მან 53 ბრძოლა გამართა და 50-ში გაიმარჯვა, თანაც 43-ში _ ნოკაუტით.

მოყვარულთა შორის მოპოვებული გამარჯვების გამო ჯო ლუისმა სხვადასხვა მენეჯერის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ დეტროიტელ ჯონ როკსბორო აირჩია. მან მოკრივის გარშემო შესანიშნავი გუნდი შეკრიბა, რომელშიც მთავარი ფიგურა იყო მწვრთნელი ჯეკ ბლეკბერნი. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა ლუისის ჩემპიონად ჩამოყალიბებაში. ჯოს შესანიშნავი მონაცემები ჰქონდა მძიმეწონიანი მოკრივისთვის (სიმაღლე _ 188 სმ, გაშლილ მდგომარეობაში ხელის სიგრძე _ 193 სმ), ძალიან სწრაფი იყო, ჰქონდა ძლიერი დარტყმა და კარგი ტაქტიკური მომზადება.

ჯო ლუისი და მაქს შმელინგი
ჯო ლუისი და მაქს შმელინგი

პროფესიონალურ რინგზე

ჯო ლუისს პროფესიონალურ რინგზე 1934 წლის 4 ივლისს ჰქონდა დებიუტი. მისი მეტოქე იყო ნორვეგიელი ჯეკ კრეკენი, რომელიც ლუისმა 9-ჯერ (!) ჩააგდო ნკდაუნში. და, როდესაც მომავალი მსოფლიო ჩემპიონის უძლიერესი დარტყმით ნორვეგიელი რინგის გარეთ აღმოჩნდა, რეფერიმ ორთაბრძოლა შეწყვიტა.

ლუისმა ნელ-ნელა დაიმსახურა პრესის ყურადღება. ჟურნალისტები მას აღწერდნენ, როგორც მორიდებულ და ზრდილობიან ადამიანს, მაგრამ ახალგაზრდა მოკრივეზე ყველაზე უკეთ მისი მუშტები ლაპარაკობდნენ. ყოველი გამარჯვების შემდეგ ჯო ლუისის პოპულარობა მატულობდა და მალე ამერიკული კრივის იმედად იქცა.

1935 წელს ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის, იტალიელი ფაშისტის, ბენიტო მუსოლინის, ფავორიტ პრიმო კარნერის დამარცხების შემდეგ ჯო ლუისმა ამერიკელთა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. იტალიელი მე-6 რაუნდში 3-ჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში და, როცა ბაგირებს ჩამოეკიდა, მსაჯმა შეხვედრა შეწყვიტა. ამ გამარჯვების შემდეგ ჯო ლუისი ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ მაქს ბერის შეხვდა და მეოთხე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

1936 წელს ლუისი ლეგენდარულ გერმანელ მოკრივეს, მაქს შმელანგს, დაუპირისპირდა და მე-12 რაუნდში დამარცხდა. ეს მისი პირველი მარცხი იყო პროფესიონალურ კარიერაში. მოგვიანებით, როდესაც ვნებათაღელვა ჩაცხრა, გაირკვა, რომ ლუისი არ მომზადებულა ამ ბრძოლისთვის. მოსამზადებელ პერიოდში ის გოლფმა გაიტაცა და მოკრივის “მსხალზე” მეტად გოლფის ჯოხებით იყო დაკავებული.

ლუისი ამ მარცხის შემდეგ ყოველი ორთაბრძოლისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა. ერთი წლის შემდეგ ის მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვდა ჯეიმს ბრედოკს და მრისხანე ოპონენტი მერვე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ლუისი მეორე შავკანიანი მსოფლიო ჩემპიონი იყო მძიმე წონით კატეგორიაში და საზოგადოების ყველა ფენის სიყვარულით სარგებლობდა.

ჯო ლუისი და როკი მარჩიანო
ჯო ლუისი და როკი მარჩიანო

რევანში შმელინგთან, ანუ აშშ ჰიტლერის წინააღმდეგ

ბრედოკის დამარცხების შემდეგ ჯო ლუისმა სამჯერ წარმატებით დაიცვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მაგრამ მისი იმჟამინდელი მიზანი შმელინგის დამარცხება იყო და მან ეს შესაძლებლობა მალე მიიღო.

ლუისზე გამარჯვების შემდეგ შმელინგი ნაცისტურ გერმანიაში ეროვნულ გმირად აღიარეს. მას “ჭეშმარიტ არიელს” უწოდებდნენ და ჰიტლერის იდეების პროპაგანდისთვის იყენებდნენ. შმელინგისა და ლუისის ორთაბრძოლა 1938 წლის 22 ივნისს გაიმართა ნიუ-იორკის არენა “იანკიზე”. შეხვედრის წინ შმელინგმა განაცხადა, რომ “შავი ბიჭი შმელინგს ვერასდროს დაამარცხებს”, ჰონორარს, რომელსაც გამარჯვების შემდეგ მიიღებს, ვერმახტისთვის ტანკების დამზადებას მოხმარდებოდა. ამ სიტყვებმა საბოლოოდ განსაზღვრა ბრძოლის სტატუსი: რინგზე ლუისი და შმელინგი იბრძოდნენ, მაგრამ მათ უკან აშშ და გერმანია იდგა. უნდა ითქვას, რომ შმელინგი არასოდეს ყოფილა ნაცისტური პარტიის წევრი, ხოლო 1938 წელს ე.წ. გერმანიის წმენდის პერიოდში ორი ებრაელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ლუისმა პირდაპირ დაბომბა შმელინგი ძლიერი დარტყმებით, 1-ელი რაუნდის მესამე წუთზე კი მარჯვენა კროსით რინგზე დააგდო.

ჯო ლუისი არმიაში
ჯო ლუისი არმიაში

არმიაში სამსახური და კრივიდან წასვლა

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ლუისმა მოისურვა, მოხალისეთა არმიაში ჩაწერილიყო. იმ მომენტში 52 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული პროფესიონალურ რინგზე და გადაწყვეტილება უაზრო ჩანდა. ლუისი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 1942 წლის იანვარში მიიღეს. ჯო ლუისის ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო რასობრივი სეგრეგაციის შემცირებას აშშ-ის არმიაში, ხოლო მისი ფრაზა ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ღმერთი ჩვენ მხარესააიმდროინდელი ამერიკის ლოზუნგად იქცა. 1945 წელს, არმიიდან წამოსვლის შემდეგ სურდა, თავი დაენებებინა კრივისთვის, მაგრამ უზარმაზარმა ვალმა აიძულა, კვლავ განეგრძო ასპარეზობა. რინგზე დაბრუნება წარმატებული იყო: ზედიზედ 5 მეტოქე დაამარცხა, მათ შორის ლეგენდარული ჯერი ჯო უოლკოტი, მაგრამ მალე აშკარა შეიქნა, რომ ჯო ლუისი ძველებურად ვეღარ უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს. 1950 წელს 36 წლის “ყავისფერი ბომდამშენი” (ასე შეარქვა პრესამ) ეზარდ ჩარლზთან დამარცხდა, 1951 წელს კი მწარე მარცხი (ნოკაუტით) იწვნია ლეგენდარული როკი მარჩიანოსგან.

ამის შემდეგ ჯო ლუისმა კრივს თავი დაანება. მან პროფესიონალურ რინგზე 69-დან 66 ორთაბრძოლა მოიგო, მათ შორის 52 ნოკაუტით.

ჯო ლუისი

სიცოცხლის ბოლოს ლეგენდარული მოკრივე ლას ვეგასში სასტუმრო “იზარ პელასის” ალაყაფის კარის გამღებად მუშაობდა.

ჯო ლუისი 1981 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა, კრივის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციამ ის ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონიან მოკრივედ აღიარა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here