Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი

ღია წერილი

1282
ბესელია-კილაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ სოფიო კილაძეს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ, მოგახსენოთ შარშან ზაფხულში წალკაში მომხდარი სისხლიანი დრამის შესახებ, რომელიც თანდათან სცილდება რეალური განსჯის საზღვრებს და აბსურდის განზომილებაში ინაცვლებს. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსერთერთი დამფუძნებლის, წალკის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარე აიკ მელტონიანის ოჯახზე მათივე თანასოფლელის, ადრე ნასამართლევი სამსონ თამარიანის, მისი შვილისა და ძმის თავდასხმას ემსხვერპლა აიკ მელტონიანის 23 წლის ძმისშვილი, ცნობილი სპორტსმენი _ ანდრანიკ მელტონიანი; მძიმედ დაშავდა და ხეიბრად იქცა აიკ მელტონიანის არასრულწლოვანი ვაჟი _ მერგელი, ბეწვზე გადაუჩა სიკვდილს აიკ მელტონიანის უმცროსი ვაჟი _ ამბარცუმი; ასევე, დაიჭრა ერთერთი თავდამსხმელი _ სამველ თამარიანი. ამ ტრაგედიიდან 15 თვე გავიდა, შედეგი კი ასეთია:

თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორი, სამველ თამარიანი, ქვემო ქართლის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ის დღემდე თავისუფალია. მისმა ძმამ კი, სამსონ თამარიანმა, რომელმაც საკუთარი ძვირად ღირებული “მერსედესის” მარკის ჯიპი დააჯახა არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს და სიცოცხლისთვის საშიში სხეულის დაზიანება მიაყენა (ეს ფაქტი დაადასტურა სასამართლომაც), ასევე თავისუფალია, ხოლო მის შვილს _ ანდრანიკ თამარიანს, რომელმაც არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით აიკ მელტონიანისა და მამის _ მორლენის თვალწინ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ანდრანიკ მელტონიანი, იმის მაგივრად, რომ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსჯილი ყოფილიყო სსკ 109-ე მუხლით, გასამართლებული იქნა სსკ 108-ე მუხლით, მიესაჯა მინიმალური _ რვაწლიანი პატიმრობა, რაც ქვემო ქართლის პროკურორ ლევან გეგეჭკორისა და ქალაქ რუსთავის მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის “საოცარი გულმოწყალების” შედეგია. ყველაზე თავზარდამცემი ამ საეჭვო გარემოებებით ისედაც მდიდარ საქმეში არის ის, რომ მძიმედ ავადმყოფს, ასაკოვანს, ყოფილ დეპუტატს, სახელმწიფოს წინაშე გაწეული დამსახურებებისთვის ქვეყნის ერთერთი უმაღლესი ორდენის მფლობელ აიკ მელტონიანს, რომელიც ოჯახის წევრებისა და საკუთარ სიცოცხლეს იცავდა, ასევე რვაწლიანი სასჯელი შეუფარდეს. ჩვენ არაერთხელ გულდასმით შევეცადეთ, გაგვერკვია, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე ნათელია, არის ის, რომ, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ბრალდებისა და სასამართლოს ჯერ კიდევ ნაციონალებისდროიდან გადმოყოლილი თეთრის გაშავების უნარ-ჩვევასთან, პროფესიულ უვიცობასთან ან, სულაც, კორუფციულ გარიგებასთან. რადგან, ერთი მხრივ, გაოცებას იწვევს სახელმწიფო ბრალდების უცნაური სინაზე და შეუნიღბავი მფარველობა სამივე თამარიანის მიმართ, ამის საპირწონედ კი ზღვარგადასული, დაუსაბუთებელი მრისხანება, რომელიც ისედაც სრულიად განადგურებულ აიკ მელტონიანს დაატეხეს თავს…

მას შემდეგ, რაც 2016 წლის 30 ივლისს თამარიანების თავდასხმამ შეიწირა ერთი უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლე და მეორის ჯანმრთელობა, ჩვენ თავდაუზოგავად, თავგანწირვით ვეძებთ სამართალს, მაგრამ მის მაგივრად ვპოვეთ მხოლოდ შეუნიღბავი აგრესია, სრული გულგრილობა ქვემო ქართლის პროკურორ ლევან გეგეჭკორის მხრიდან. ეს გულგრილობა ჩვენთვის გასაგებია, რადგან გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი მიკერძოებულება გულუხვად არის “სტიმულირებული” თამარიანებისგან. თავად განსაჯეთ, იმის მაგივრად, რომ ბატონ გეგეჭკორს, არსებული უტყუარი მტკიცებულებებიდან, თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებიდან, ექსპერტიზის დასკვნებიდან, საგამოძიებო ექსპერიმენტიდან, წარმოდგენილი აუდიო-ვიდეო მასალიდან, საქმეზე დართული ოფიციალური დოკუმენტაციიდან გამომდინარე, წარედგინა, ჩვენი ღრმა რწმენით, მკვლელისთვის 109-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლიდან უვადო პატიმრობამდე, წარუდგინეს 108-ე მუხლი, რომელიც რვაწლიან სასჯელს ითვალისწინებს და უახლოეს მომავალში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი ლევანი საპროცესო გარიგებით, ანდრანიკ თამარიანის ციხიდან გამოშვებას გეგმავს; სამსონ და სამველ თამარიანებს კი ხონჩით მიართვა თავისუფლება. ამ სისხლის სამართლის დამნაშავეთა მიერ განადგურებული აიკ მელტონიანი გახლავთ ბრალდების მძევალი და მასზე პირველივე დღიდან ახდენენ ზეწოლას, რათა გაურიგდეს თამარიანებს, აღიაროს არჩადენილი დანაშაული, უღირსად მოიპოვოს გადმოგდებული თავისუფლება და მისცეს საშუალება პროკურატურას, შეასრულოს თამარიანების სურვილი და სამუდამოდ ჩამოწერონ საქმე, რომელშიც საკმარისზე მეტი სამართალდარღვევა და კანონგადაცდომაა. რაც შეეხება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილს, ის აიკ მელტონიანის ბრალის დასამტკიცებლად იძულებული შეიქნა, წარმოუდგენელი მანევრები განეხორციელებინა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაყალბებულია დანაშაულის დრო, გაყალბებულია თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნა, შეცვლილია ციფრობრივი მონაცემები. დაუჯერებლია, მაგრამ სასამართლო განაჩენში ოფიციალურად მოყვანილია არარსებული პიროვნება, არარსებული მოწმე. პროკურორთან ტანდემში მოსამართლემ არ გაითვალისწინა არც ერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენება, რომლებმაც დაადასტურეს აიკ მელტონიანის უდანაშაულობა; მეტიც, მოსამართლემ იცრუა და განაჩენში დაწერა, რომ აიკ მელტონიანის პროცესები რუსთავში იყო ღია და გამჭვირვალე. მაშინ, როდესაც, პროცესის ყველა მონაწილემ ვიცით, რომ ეკატერინე პართენიშვილმა უსაფუძვლოდ დახურა სასამართლო პროცესები საზოგადოებისთვის და თავისუფალი მასმედიისთვის. რა არის ეს: უვიცობა, თავხედობა თუ თამარიანების მიერ “სტიმულირებული” ვაი-სამართალი? ჩვენმა ოჯახმა რუსთავის სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ჰოი, საოცრებავ! მეექვსე თვეა, პროცესი ვერ გაიხსნა: ზაფხულში მოსამართლეები იყვნენ შვებულებაში, ეს გასაგებია, მაგრამ პირველი პროცესი, რომელიც ჩანიშნული იყო სექტემბერში, გადაიდო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო პროცესზე თარჯიმნის მოყვანა. შემდეგი პროცესი ოქტომბერში იყო ჩანიშნული და გადაიდო იმ მიზეზით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ ვერ მოიყვანა პატიმრები, _ ასე აცხადებს სააპელაციო სასამართლო. 20 ნოემბრისთვის ჩანიშნული პროცესიც გადაიდო დეკემბრის ბოლოსთვის… როგორც ჩვენს ადვოკატს სააპელაციო სასამართლოდან აცნობეს, მოსამართლეები გასული არიან განაჩენის გამოსატანად. გვესმის, რაღაც მიზეზის გამო, პროცესების დაწყება ხელოვნურად ჭიანურდება. ვვარაუდობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ქვემო ქართლის პროკურატურისა და პართენიშვილის განაწყენება, მაგრამ არც მათი გაფუჭებული საქმის გამოსწორება სურს. შესაბამისად, სააპელაციო ასე აყენებს საკითხს: ან გაასწორეთ თქვენივე გაფუჭებული საქმე, ან გააფორმეთ საპროცესო შეთანხმება. ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზეზი პროცესების დაუსაბუთებელი გადადებისა. ჩვენ მუდმივ საფრთხეში ვართ. გვჯერა, ამდენ უკანონობას, უსამართლობას, კრიმინალთა ღია მხარდაჭერას მარტოდენ პროკურორი ვერ გაწვდებოდა. სავარაუდოდ, თამარიანების მიერ “სტიმულირებული” სამართლის კვალი უფრო მაღალ ეშელონებში მიდის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამარიანების დასახმარებლად უტყუარ მტკიცებულებათა განადგურებაში ჩვენ ვამხილეთ წალკის პოლიციის მაღალჩინოსნები, მაგრამ მათზე დაწყებული გამოძიება ქვემო ქართლის პროკურატურაში საეჭვოდ ჭიანურდება. ასევე, საეჭვოდ ჭიანურდება ქვემო ქართლის პროკურატურაში ადვოკატ თამარ სადრაძის მიერ თამარიანების სასარგებლოდ მოწმეთა ჩვენებების გაყალბების თაობაზე გამოძიებაც. ჩამოთვლილ გარემოებათა ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს გონივრული ეჭვისა, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ გავლენიანი, ძლიერი ფიგურების მცდელობასთან, ნებისმიერ ფასად გადაარჩინონ დამნაშავეები. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად ვაცნობეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ანტიკორუფციულ სააგენტოს, წინამდებარე წერილით გაცნობეთ თქვენც და გვჯერა მათი და თქვენი პროფესიონალიზმისა. ველოდებით შედეგს.

დიდ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმის თაობაზე, რომ წალკის პოლიციის მთავარი სამმართველოს ავრანლოს განყოფილების უფროსი ედვარდ ხაჩატრიანი, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებდა აიკ მელტონიანის დევნას, ემუქრებოდა მას დაჭერით იმ შემთხვევაში, თუ აიკი გააგრძელებდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერას. ედვარდ ხაჩატრიანი, რომელმაც 2016 წლის 30 ივლისს დამალა სამსონ თამარიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, დღემდე რჩება დაკავებულ თანამდებობაზე.

პატივისცემით,  მარლენ მელტონიანი, ინგა აივაზიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here