გასულ კვირას საბაჟოდან ჯერ 24 500 კილოგრამი კარტოფილი გააბრუნეს თურქეთში, აქაოდა, რგოლური სიდამპლე შეინიშნებოდაო, შემდეგ კი ანალოგიური რამ 52 ტონა კარტოფილს გაუკეთეს, თუმცა მეორე შემთხვევაში, პროდუქტში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოჩნდა. დიასახლისებმა კარგად იციან, რომ შემოტანილი კარტოფილი უდიდესი სიფრთხილით უნდა შეარჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმდენი შავი წერტილი ექნება გათლილ კარტოფილს, ნაყიდიდან ნახევარი გადასაყრელი იქნება. “შავ წერტილებს” მეცნიერულ ენაზე კარტოფილის სიმსივნე _ კიბო ჰქვია და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მეტიც, მისი, შემოტანა კი არა, ადგილზე გაყიდვაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ…
მცენარეული ცხიმი, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა იმ პროდუქტსა და ტკბილეულშია, რომლებსაც ვყიდულობთ, საბჭოთა კავშირის 14 რესპუბლიკაში ოფიციალურად აკრძალულია. თქვენი აზრით, პოსტსაბჭოთა სივრცის რომელ ქვეყანაში არ არის აკრძალული? _ სწორია, საქართველოში. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცენარეული ცხიმის ტრანზიტისთვისაც კი 7-წლიანი ციხეა.
ისევ კარტოფილს დავუბრუნდეთ. სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მზად ვართ, დიდი, ქსელური სუპერმარკეტების ან თუნდაც საუბნო მაღაზიების ქსელში შევიდეთ _ პირობითად ათი მაღაზია შევარჩიოთ. იქიდან სინჯისთვის ავიღოთ კარტოფილი და ათიდან ხუთ შემთხვევაში მავნე ნივთიერებებს ვიპოვით. თუ არ იციან (არადა, მთელმა საქართველომ იცის), ვეტყვით, როგორ ხდება მავნე პროდუქტის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. თურქეთში ან ირანში დატვირთული და დალუქული ტრაილერი იმის გარანტიაა, რომ ტრაილერში ნამდვილად კარტოფილია და არა, ვთქვათ, ქვანახშირი ან ნარკოტიკი. როცა ტრაილერს ხსნიან შესამოწმებლად, სინჯს იღებენ პროდუქტის იმ ნაწილიდან, რომელიც კართან ახლოსაა. არავინ არ დაიწყებს ტრაილერის ჩამოტვირთვას იმიტომ, რომ ბოლოში მდებარე ტომრიდან აიღონ სინჯი (არადა, ასე უნდა ხდებოდეს და ბრმა შერჩევის პრინციპით, სინჯი სამი ადგილიდან (თავი, ბოლო და შუა ნაწილი) უნდა იღებოდეს, თუმცა ეს გრძელვადიანი პროცედურაა და ჩვენ ხომ იმითაც ვამაყობთ, რომ მანქანებს მალე ვატარებთ საბაჟოზე და არ ვაფერხებთ, როგორც, მაგალითად, იგივე თურქეთი ან რუსეთი. ეს იციან შემომტანებმაც და ამიტომ სატვირთოს კართან ახლოს კარგ კარტოფილს აწყობენ. კიდევ ვიმეორებთ: ეს იცის მთელმა საქართველომ და უნდა იცოდნენ მებაჟეებმაც. თუ არ იციან, ერთი უბედურებაა და, თუ იციან და მაინც ისე ატარებენ, მეორე.
ასე ხვდება დასნებოვნებული პროდუქტი ჯერ სუპერმარკეტებსა და ბაზრებში, შემდეგ კი ჩვენს თეფშზე. თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი კარტოფილის საბითუმო ფასი ორჯერ იაფია ამ ქვეყნებში კარტოფილის საბაზრო ღირებულებაზე. ეს იმიტომ, რომ იქ კონტროლი მკაცრია და, თუ თურქეთში გრძელვადიანი სასჯელია გაფუჭებული და ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტის გაყიდვაზე, ირანში სიკვდილით ისჯება. შესაბამისად, ჩვენთან შემოაქვთ “ნაგავი” და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იაფ პროდუქტს (მხოლოდ კარტოფილზე არ ვამბობთ) ისე ვესევით, როგორც ფუტკარი თაფლს. მარტივად, ძალიან მარტივად შეუძლია სახელმწიფოს ამ ყველაფრის კონტროლი და არა მოჩვენებითი სიმკაცრე. თვეში ერთხელ უკან გაბრუნებული კონტეინერები იმის ილუზიას ქმნის, რომ სისტემა მუშაობს, რეალურად კი არ მუშაობს, ბატონებო, არა.
არ შეიძლება საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის საბითუმო ფასი 50 თეთრი იყოს და თურქეთში, ადგილზე, იგივე კარტოფილი ჩვენს ვალუტაში ლამის ორი ლარი ღირდეს. გიჟები ხომ არ არიან, აქეთ ზიდონ, როცა ადგილზე უფრო მეტს მოიგებენ?! ქართველი გლეხი ატამს ადგილზე რომ ყიდდეს 4 და 5 ლარად, რუსეთში გაიტანდა? არ გაიტანდა, არ გარისკავდა, ხარჯს არ გასწევდა. ასეა კარტოფილის შემთხვევაშიც. იგივე ხდება ხახვის, კომბოსტოს, სტაფილოს შემთხვევაშიც. შეადარეთ ფასები, რა ღირს შემომტან ქვეყანაში, რამდენად აბარებენ აქ და მიხვდებით, რომ აბსურდული სხვაობაა…
სახელმწიფომ რომ გაამკაცროს კონტროლი, არ შემოუშვას ცუდი პროდუქცია, იმპორტიორები იძულებულნი იქნებიან, კარგი და ჯანსაღი პროდუქტი შემოიტანონ, ეს კი ძვირი სიამოვნებაა. გაძვირებული პროდუქტი ვის რეიტინგს დაარტყამს? სწორია _ ხელისუფლების და რატომ უნდა აიტკივოს ხელისუფლებამ აუტკივარი თავი? ჩვენს ჯანმრთელობასა და მავნე პროდუქტზე თვალის დახუჭვას შორის სწორედ მეორეა არჩეული და ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების ცოდვაა _ არც წინა აკლებდა ხელს და არც იმის წინა. ადრეც მოვიყვანეთ ნიდერლანდების მაგალითი და ახლაც ვიტყვით: ჩვენზე პატარა ფართობზე ცხოვრობენ, მოსახლეობა ჩვენზე ხუთჯერ მეტია და ამის მიუხედავად, ბიოპროდუქტების წარმოების მიმართულებით, ნიდერლანდები მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. ერთხელ არ გამოუთქვამს სურვილი საქართველოს ხელისუფლებას, ნიდერლანდელთა გამოცდილება გაეზიარებინა. ამის მცდელობა ნაციონალებს ჰქონდათ, როცა საქართველოში ნიდერლანდული წარმოშობის სამხრეთ აფრიკელები, ბურები ჩამოასახლეს და ათასობით ჰექტარი მიწა ჩალის ფასად დაურიგეს. იცით, რა გაგრძელება მოჰყვა ამ პროექტს? ეს მიწები ბურების საკუთრებაა, მაგრამ ქართველებს მიაქირავეს, თვითონ სამშობლოში დაბრუნდნენ და წელიწადში ერთხელ საქართველოდან მიწის ქირის ფასი, საკმაოდ მსუყე თანხა ერიცხებათ. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ერთ–ერთ ფერმერს ბურებისგან ათასი ჰექტარი მიწა აქვს იჯარით აღებული და წლიურად ჰექტარში 300 ლარს იხდის, რაც, ჯამში, 300 ათასი ლარია, ანუ სააკაშვილის ნაფეშქაშებში ვიღაც ბური ყოველწლიურად 300 ათას ლარს იღებს ისე, რომ საქართველოში არც კი ჩამოდის.
საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით არა მხოლოდ რეგიონში იყოს მოწინავე ქვეყანა. იმავე ნიდერლანდელების გამოცდილებით, შესაძლებელია გაცილებით მეტი პროდუქტის მოყვანა და, თუ ნიდერლანდელები ამარაგებენ ლამის ნახევარ ევროპას საკუთარი პროდუქციით, ჩვენ… ჩვენ ევროპის ბაზარზე არ გვიშვებენ, მაგრამ ხომ ნათლად ჩანს, რუსეთის ბაზარსაც ვერ ვითვისებთ სრულად. რამდენიც არ უნდა ვაწარმოოთ, რა ოდენობაზეც არ უნდა გავიდეთ, ყოველთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროდუქტი სწორედ რუსეთში გაიყიდოს. ჯერ ერთი, ქართულ ნაწარმს ჩრდილოელი მეზობლისთვის რეკლამა არ სჭირდება და მეორეც _ სიახლოვის გამო ტრანსპორტირება გაცილებით იაფი და მარტივია. მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა რუსული მხარე ლამის ყოველ კვირა გვიმეორებს, ფრენების აღდგენაზე დავილაპარაკოთო. მართალია, ქართული მხარე ჯერჯერობით კატეგორიულ უარზეა, მაგრამ გვგონია, რომ სწორედ ამ წინასაარჩევნო შეხვედრებისას ხალხის ხმასა და სურვილს გაიგებს ხელისუფლება. მოსახლეობა დაიღალა პოლიტიკით, დაიღალა დასავლეთის შეუსრულებელი დაპირებებით, რუსეთიდან კი სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა შეთავაზება. გლეხებმა ხომ ყველაზე კარგად იციან, სად მიდის მათი ნაშრომ-ნაჯაფი და ვინ იხდის რეალურ თანხას. მათ ხომ ისიც იციან, რომ მოწეული მოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ ჩრდილოელ მეზობელს მიაქვს; ისიც ყველამ იცის, რომ ტურისტებიდან ყველაზე მეტ ფულს რუსები ხარჯავენ და ფრენების აღდგენა რატომ გვიშლის ხელს?! პიქირით _ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა ურთიერთობასაც გააიოლებს და, რაც მთავარია, ქართველთა ყოფას გააიაფებს. ჰო, გააიაფებს, რადგან რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველიდან, სულ ცოტა, ნახევარი საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდის და სამშობლომდე ჩამოღწევა შემოვლითი გზებით უხდება.
დღეს პოლიტიკაში ახალგაზრდები ჭარბობენ და, შესაძლოა, არ ახსოვთ, მაგრამ იმ ხალხმა უნდა შეახსენოს, რომელიც კომუნისტების ზეობის ხანაშიც თანამდებობაზე მუშაობდა: საქართველოში იმდენი კარტოფილი, ხახვი, პომიდორი, კიტრი და შაქრის ჭარხალი მოჰყავდათ, რომ მთელ ქვეყანას ჰყოფნიდა და აქაური პროდუქტით საკონსერვო ქარხნებში დამზადებული პროდუქცია დანარჩენ 14 რესპუბლიკაში იყიდებოდა. ახლა კი გატანას ვინ ჩივის, ჩვენი სამყოფი ვერ მოგვყავს. ეს კონკრეტულად კარტოფილს არ ეხება, რადგან ახალციხესა და სვანეთში საკმარისად მოჰყავთ აღნიშნული პროდუქტი, მაგრამ ირანელები და თურქები ამ ნატურალურ პროდუქტს ტონობით ეზიდებიან თავიანთ ქვეყნებში. ეს მაინც გაითვალისწინოს სახელმწიფომ და ეგებ მიხვდეს, რომ ისინი სულელები არ არიან, აქედანაც კარტოფილი წაიღონ და იქიდანაც კარტოფილი შემოიტანონ. უბრალოდ, იქ ქართული პროდუქტი ძვირი ღირს, აქ კი მათი პროდუქტი იაფად იყიდება, ანუ იყიდება ის, რისი გაყიდვაც საკუთარ ქვეყანაში უვარგისობის გამო აკრძალული აქვთ.
ამ ვითარებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ საბაჟო კონტროლის გამკაცრების არანირი იმედი არ გვაქვს. არ აიტკივებს აუტკივარ თავს ხელისუფლება, არ დაიწყებს არაფრის დამატებით შემოწმებას და ასე, თვალის ასახვევად, ერთ ან ორ თვეში ერთხელ გააბრუნებენ რამდენიმე ტონა კარტოფილს უკან და მერე ვინ იცის, შესაძლოა, იგივე პროდუქტი ისე დაგვიბრუნდეს, როგორც “კულკა”. “კულკა” სწორედ იმას ჰქვია, რაც თავში მოგახსენეთ: სატვირთოზე კართან ჯანსაღი პროდუქტი ორ რიგად, უკანა რიგში კი _ შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული.
ბესო ბარბაქაძე