Home სხვადასხვა დაიჯესტი ფულის, კვლავ ფულის და კიდევ ერთხელ ფულის შესახებ

ფულის, კვლავ ფულის და კიდევ ერთხელ ფულის შესახებ

ტრამპი და ევროპელები ფულს ვერ იყოფენ

1004
ნატოს სამიტი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტის შინაარსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნატოს სამიტი უშედეგოდ დამთავრდა. ასეც ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. გასაოცარი არის ის, რომ მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების ლიდერებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის _ ნატოს _ სამიტზე დაადასტურეს მაკარ ტყუილკოტრიაშვილის გენიალური დებულება: “ფული და მხოლოდ ფული, სხვამ ყველაფერი ტყუილია, კნიაზჯან!”

გამოჟონილი დეტალების მიხედვით, სამიტის მონაწილეებმა სამი თემა განიხილეს: ფულის, კვლავ ფულის და კიდევ ერთხელ ფულის შესახებ.

პირველად ტრამპმა მიუკიბ-მოუკიბავად ილაპარაკა ფულზე. და, თუ პირველ დღეს ასე თუ ისე თავი შეიკავა, შემდეგ თავისი პოზიცია მეხივით თავს დაატეხა ევროპელ ლიდერებს: მონაწილენი ვალდებული არიან, არმიის დასაფინანსებლად გადაიხადონ მშპ-ს 4 პროცენტი სრულად და ახლავე.

ეს იდეა ევროპელებს არ მოეწონათ. მაგალითად, მაკრონმა იმწამსვე უპასუხა, რომ საფრანგეთი მზადაა, განიხილოს სამხედრო ხარჯების საკითხი მხოლოდ “2014 წლის ობამას გეგმის” ჩარჩოებში (ამ გეგმით, ევროპის ქვეყნებმა ივალდებულეს, რომ ყბადაღებული “ორი პროცენტის” დონეს მიაღწევდნენ 2016 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ვერ შეძლეს). მერკელის გამოსვლა მკრეხელური იყო. მან განაცხადა, რომ სინამდვილეში ევროპა იცავს აშშ-ს. ამით არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ამერიკას უფლება არ აქვს, მოითხოვოს ის, რაც სამხედრო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ გასაგებად განაცხადა, რომ მის ქვეყანას სამხედრო ხარჯებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს გასასტუმრებელი. ასე რომ, პირდაპირი სამხედრო ხარკის გადამხდელი არავინაა. ესპანეთმა ასევე დაადასტურა, რომ ორპროცენტიანი ზღვარი ის მინიმუმია, რომლისკენაც მიისწრაფის, მაგრამ როდის მიაღწევს, უცნობია.

მეორეჯერ ტრამპმა ფულზე “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის თემაზე ისაუბრა. მიიჩნია, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ისეთი ვითარება, როცა გერმანიას შეუძლია გამონახოს თანხები რუსული გაზის საფასურის გადასახდელად, ამერიკის მიერ რუსეთისგან დაცვისთვის კი _ არა. მეორე მცდელობა პირველზე უფრო ნაკლებპროდუქტიული გამოდგა. საფრანგეთმა დაუყოვნებლივ უარყო გერმანიის რუსეთზე დამოკიდებულების ბრალდება, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირდაპირ მიუთითა, რომ ევროკავშირის შიდაეკონომიკური საკითხები ჩრდილოატლანტიკური ბლოკის კომპეტენციაში არ შედის. ამასთანავე, უგულებელყო ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს პოზიცია, რომელმაც მხარი დაუჭირა ტრამპს.

და კიდევ ერთხელ, ანუ მესამედ ტრამპმა ფულზე ილაპარაკა, როცა მოკავშირეებისგან მოითხოვა გეოპოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში უფრო მეტად შეკავშირება და მხარდაჭერა ბოლო პერიოდში წარმოქმნილი ეკონომიკური ხასიათის წინააღმდეგობათა მიუხედავად. ასე უწოდა მან ეკონომიკურ ომს, რომელიც ექვს თვეზე მეტია, მიმდინარეობს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. ირიბად ეს იყო მითითება იმაზე, რომ უადგილოა ევროპის ჩინეთთან ძალიან დაახლოება.

ამრიგად, ასკვნიან ექსპერტები, ბრიუსელში ტრამპის ბრძოლა ნატოსთან ფრედ დამთავრდა. წარმატება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. ტრამპმა მოკავშირეები ვერ დაიმორჩილა, ვერც ფული გამოსძალა. ევროპელებმა თითქოს მოიგერიეს ოკეანისგაღმელი ლიდერის შემოტევა, მაგრამ გადააწყდნენ თავიანთი სამომავლო მოქმედების ბოლომდე გაურკვეველი სტრატეგიის პრობლემას და გამბედაობის დეფიციტს მისი პრაქტიკული გადაწყვეტის საქმეში.

სანამ ლიდერები ერთ ადგილს “თქვენთვისაც და ჩვენთვისაც” რეჟიმში ტკეპნიდნენ, ნატოს ბიუროკრატიამ შეადგინა აბსოლუტურად პოზიტიური შემაჯამებელი დოკუმენტი. ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხში შეთანხმებას სამიტის მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს, მაგრამ სანიმუშოდ ხალისიანი პრესრელიზი გავრცელდა მასმედიისთვის.

მონაწილე მხარეებმა “დაამტკიცეს” ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მორიგი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის ოცდაათი მექანიზებული ბატალიონის, ოცდაათი ავიაესკადრილიისა და ოცდაათი საბრძოლო ხომალდის შემადგენლობით ერთიანი დაჯგუფების ფორმირებას. დაამტკიცეს იმიტომ, რომ ამას ითვალისწინებდა ბიუროკრატიული პროცედურა. რადგან განაცხადი შეტანილი იყო, რადგან შესაბამისობა კომისიებმა და კომიტეტებმა მოიწონეს, წინააღმდეგი კი არავინ აღმოჩნდა, მაშასადამე, უნდა დამტკიცებულიყო. ხოლო ის, რომ ამ გადაწყვეტილებას იგივე ბედი ელის, რაც აბსოლუტურად ანალოგიურ ოთხ წინა დოკუმენტს, არაფერს ნიშნავს. რაიმეს შექმნას არავინ არასოდეს აპირებდა და ამჟამადაც ასე უნდა იყოს.

ახლა კი, ძვირფასო მკითხველებო, დააკვირდით ამ ფოტოსურათს, რომელიც უსიტყვოდ, დოკუმენტის სიზუსტით გადმოსცემს ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპის მიერ შეგდებული განხეთქილების ვაშლის ეფექტს: აშშის პრეზიდენტი ერთ მხარეს იყურება, ევროპის ლიდერები კი სხვა მხარეს მისჩერებიანერთი ალთას, სხვები ბალთასო.

დაბოლოს, ქაღალდების მიხედვით, სამიტი პროდუქტიული იყო, მაგრამ მხარეები ერთმანეთს ინგლისურად დასცილდნენ, დაუმშვიდობებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here