Home რუბრიკები საზოგადოება უგულისყუროდ, ჰაიჰარად შედგენილი “სახელმძღვანელოები” და თაობა, რომლისთვისაც ქართული ენა აღარ იქნება დედაენა

უგულისყუროდ, ჰაიჰარად შედგენილი “სახელმძღვანელოები” და თაობა, რომლისთვისაც ქართული ენა აღარ იქნება დედაენა

286

გასული სასწავლო წლის დამთავრებისას ჩვენს გაზეთში დაბეჭდილ წერილსპატივცემულო წიგნის ავტორებო, ცხვარი კი არ კიკინებს, ბღავისგანათლების მესვეურნი არა, მაგრამ მკითხველი საზოგადოება კი გამოეხმაურა. ერთერთმა მათგანმა რედაქციაში თავისი შვილიშვილის წიგნიც კი მოგვიტანა, რომელიც, ისევე როგორც იაკობ გოგებაშვილისდედა ენა”, სკოლაში არ გადაუფურცლავთ, მაგრამ უკვე მესამე კლასში გადასულ მოსწავლეებს ზაფხულის არდადეგებზე სამეცადინოდ და გონების გასავარჯიშებლად შინ გაატანეს.

“ქართული ენა, ტესტები, წაკითხული ტექსტის გააზრება და უნარ-ჩვევები” _ ასე ჰქვია ამ სახელმძღვანელოს, რომლის ავტორებიც არიან ზ. მწყერაშვილი და ი. კეკელიშვილი. გვაპატიოს მკითხველმა, რომ მათ შესახებ მეტს ვერაფერს ვეტყვით, რადგან ი. და ზ. ამის საშუალებას არ იძლევა, ელემენტარულად იმასაც ვერ გვეუბნება, ქალბატონებთან გვაქვს საქმე, ბატონებთან თუ ორივესთან, ამიტომ მოვიხსენიოთ ასე: “პატივცემული”, თუმცა პატივისცემასაც დამსახურება უნდა…

რა მიზანს ემსახურება ამ ორი ადამიანის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელსაც ზოგიერთ სკოლაში (შესაძლოა, ყველგან) ხელს არ ჰკიდებენ და სასწავლო წლის ბოლოს საჩუქრად აძლევენ მოსწავლეებს?

ერთი შეხედვით პასუხი მარტივია, რადგან სახელმძღვანელოს დასახელება _ “ქართული ენა, ტესტები, წაკითხული ტექსტის გააზრება და უნარჩვევები” _ ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის სახელმძღვანელოს დანიშნულებაზე, თუმცა არც მთლად ასეა საქმე და აი რატომ, მივყვეთ თანმიმდევრობით:

ჯერ ერთი, ქართული ენის არც ერთ საკითხზე მასში საუბარი არ არის; მეორე _ არც ტესტებია მოცემული, თუმცა ტექსტები ტესტებად აქვთ შემოსაღებული.

მაგრამ, თუკი ზ. მწყერაშვილისა და ი. კეკელიშვილის მიზანი წაკითხული ტექსტის გააზრებაა, ამ პატივცემულ ბატონებს, ქალბატონებს თუ ქალბატონ-ბატონს, უპირველესად, იმის გააზრება მართებდათ, რამდენად ხელეწიფებოდათ იმ საქმისთვის თავის გართმევა, რომელსაც ხელი მოჰკიდეს.

* * *

ტექსტი #1 აიეტის სამეფოს შეეხება. პირველივე სტრიქონებიდან მოსწავლე იგებს, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაზე თქმულება ბერძენმა მწერლებმა შემოინახეს.

თქმულება იგივე ლეგენდაა, რომელიც ხალხური ზეპირსიტყვიერების წყალობით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს წინადადება კი ასე უნდა ეწეროს: “ბერძენმა მწერლებმა შემოგვინახეს ცნობები ქვეყანაზე, რომლის დედაქალაქშიც საუნჯე, ოქროს საწმისი, ინახებოდა”. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ტექსტის დამწერს წარმოდგენა არ აქვს, რა არის თქმულება.

* * *

ავიღოთ ტექსტი #2 _ ძალა ერთობისა და მკითხველმა თავად განსაჯოს, როგორ ბედოვლათ ავტორებთან აქვთ საქმე ჩვენს მომავალ თაობას.

მკითხველი დამეთანხმება, რომ ქართველი მემატიანის, ლეონტი მროველის, თვალსაზრისის მეორე კლასელი ბავშვისთვის გასაგებად გადმოცემა არ არის მარტივი, ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს ზ. მწყერაშვილმა და ი. კეკელიშვილმა, რომ არც ბაბილონის გოდოლი ეხსენებინათ, არც იმაზე ეთქვათ რამე, რომ მისი აშენების მსურველი ხალხი ღმერთმა დასაჯა, სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტა… ნოეს ძის _ იაფეტის შვილიშვილმა, თარგამოსმა, კი თავის რვა შვილს კავკასიაში რომ მიუჩინა თავ-თავისი საცხოვრისი, რომლებიც კავკასიის ხალხთა ეთნარქები, ანუ ტომთა მამამთავრები გახდნენ. აი ამ მთავარი ინფორმაციის გარეშე კონტექსტიდან ამოგლეჯილს ჰგავს ტექსტის დასაწყისი: ძმებს უთქვამთ, მაღალმა ღმერთმა ძალა და სიმრავლე მოგვცა, არავის დავემონოთ, ღვთის გარდა, არავის ვემსახუროთო.

მათ კაცობრიობის პირველ მეფეს, ბაბილონის ლეგენდარულ მბრძანებელს ხარკი აღარ მისცეს. მან კავკასიას სამოცი გმირი და ურიცხვი ლაშქარი შემოუსია.

ლაშქართა სიმრავლის გამო ცაში მტვერი დადგა.

ქვა და ისარი სეტყვასავით დაცვივდა”.

შემდეგი წინადადება _ “ძმებმა მომხდური დაამარცხეს, მაშინ თვითონ მეფე შეებრძოლა, ჰაოსმა იგი ისრით განგმირა”, არის ნიმუში იმისა, თუ რა შორს არის მისი დამწერი ლოგიკისგან და აზროვნებისგან. სავარაუდოდ, “თვითონ მეფეშიბაბილონის ლეგენდარული მბრძანებელი იგულისხმება, მაგრამ ჰაოსი რომ ერთერთი ძმათაგანია, მას მხოლოდ მომდევნო წინადადების წაკითხვის შემდეგ თუ მივხვდებით: “ასე შველოდნენ ერთ მეფეს ძმები: მტერი ერთ რომელიმეს რომ გასჩენოდა, რვავე შეიკრიბებოდა ერთად იბრძოდნენ” (სტილი დაცულია. სავარაუდოდ, უნდა ეწეროს: ასე შველოდნენ ერთმანეთს ძმები _ მტერი ერთ მათგანსაც რომ გასჩენოდა, რვავე შეიკრიბებოდა და ერთად იბრძოდა.).

ასე რომ, ბავშვმა, თუ ამ ტექსტიდან აზრის გამოტანა შეძლო, იქვე მოცემულ შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

ჩვენ არ შევჩერდებით არც ამ ტექსტში და არც დანარჩენებში დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებზე, უბრალოდ, იმ შეკითხვებს დავსვამთ, რომლებიც მეორეკლასელებს გაუჩნდათ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, როცა ერთი პატარა ექსპერიმენტი ჩავატარეთ რამდენიმე ბავშვის მონაწილეობით: 1. ვინ იყვნენ ის ძმები, რომლებიც, ღვთის გარდა, არავის წინაშე არ აპირებდნენ ქედის მოხრას? 2. ჰაოსი ვინღა იყო, ბაბილონის მბრძანებელი რომ მოკლა? 3. “ასე შველოდნენ ერთ მეფეს ძმებიო” _ რომელ მეფეს?!

შემდეგ კი ექსპერიმენტის მონაწილეებს ტექსტის ჩვენი ვარიანტი შევთავაზეთ:

ბიბლიური წარღვნის შემდეგ კავკასიაში მოღვაწეობდა პატრიარქი თარგამოსი. მას ჰყავდა რვა ვაჟი, რომლებიც კავკასიაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის წინამძღოლები იყვნენ და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, კაცობრიობის პირველი მეფისთვის, ნებროთისთვის, ხარკი აღარ მიეცათ.

განრისხებული ნებროთი კავკასიას ურიცხვი ლაშქრით შემოესია, მაგრამ მისმა მამაცმა მეომრებმა ძმები ვერ დაამარცხეს. უფროსმა ძმამ, ჰაოსმა, კი ნებროთი ისრით განგმირა.

ძმები ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს: მტერი ერთ-ერთ მათგანსაც რომ გასჩენოდა, რვავე შეიკრიბებოდა და ერთად იბრძოდა.

მართალი გითხრათ, არც ისე მარტივი აღმოჩნდა ამ ტექსტის შედგენა, რადგან თემა, რომელსაც ის ეხება, მეორე კლასის მოსწავლისთვის არ უნდა შეერჩიათ.

* * *

ტექსტი #4-ის დასაწყისშივე პირველივე წინადადება გაუმართავია: მეოთხე საუკუნეში იერუსალიმიდან მისულმა წმინდა ნინომ სამეფო კარი და მთელი ერიც ქრისტეს ნათლით გააბრწყინა”.

“…წარმართების ქალაქ მცხეთაში ქრისტეს კვართი ემარხა”.

ღვთისმშობელმა ნინოს ვედრება შეისმინა. ნინო ვაზის ჯვრით ხელში მოადგა საქართველოსდა აკეთებს დასკვნას:

ასე დიდი, ასე ჭეშმარიტი სარწმუნოება გვიქადაგა კაბადოკიელმა წმინდა ნინომ”.

რას ნიშნავს ასე დიდი და ასე ჭეშმარიტი? ისე დიდი და ისე ჭეშმარიტიც არსებობს?

აქ და სხვაგანაც უამრავი ამისთანა “მარგალიტი” შეიძლება ამოიკითხოთ, მაგრამ უარესსაც გეტყვით:

* * *

ტექსტი #5 მეფე ვახტანგ გორგასალზეა. საინტერესოა, პატივცემული ავტორები რა პასუხს ელიან ტექსტის ბოლოს დასმულ მესამე შეკითხვაზე _ როგორ შეხვდნენ ვახტანგის წინადადებას დიდებულები? _ როცა ტექსტში მსგავსი არაფერი წერია (იხ. ფოტო #2).

 * * *

ტექსტი #11 _ “თამარ მეფე”:

მეფე გიორგი ასაკში რომ შევიდაო”, _ ამბობს ავტორი, მაგრამ აჯობებდა, დაეწერა მოხუცდა”. ხოლო წინადადებაში მან ქვეყანას ძლიერება და დიდება შეუნარჩუნა, განამტკიცა და გააძლიერა, აჯობებდა, წერტილი შეუნარჩუნასთან დაესვა და ზედმეტი სიტყვების რახარუხისგან თავი შეეკავებინა.

რაც შეეხება სასვენ ნიშნებს, ამ მხრივაც ვერ მოიწონებენ თავს წიგნის ავტორები.

აი ასე უგულისყუროდ, ჰაიჰარად შედგენილისახელმძღვანელოებითსწორედ რომ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს და ცოტა ხანში ხელში შეგვრჩება თაობა, რომლისთვისაც ქართული ენა აღარ იქნება დედაენა და, მით უმეტეს, ღმერთების ენა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here