Home რუბრიკები სპორტი ტრიუმფი დიუსელდორფში

ტრიუმფი დიუსელდორფში

ქართული ფეხბურთის ყველაზე ღირსშესანიშნავი გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა

156
ტრიუმფი დიუსელდორფში

1981 წლის 13 მაისი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საკრალური თარიღია. მიმდინარე წლის 13 მაისს ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან ზუსტად 40 წელი შესრულდება. ის სიხარული, რომელიც თბილისის დინამოელებმა 1981 წლის 13 მაისს სრულიად საქართველოს მოჰგვარეს, წარუშლელია; დიუსელდორფში უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალის მატჩში გამარჯვება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა განუმეორებელი კოტე მახარაძის რეპორტაჟის (მატჩს სსრკის ყველა რესპუბლიკაში გადასცემდნენ) ბოლო ფრაზით: “Представляю, что сейчас творится в столице Грузии Тбилиси. Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!”.

მატჩის პროგრამა
მატჩის პროგრამა
მატჩზე დასასწრები ბილეთი
მატჩზე დასასწრები ბილეთი

თბილისში იმ ღამით ყველა _ დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი _ ქუჩაში გავიდა გამარჯვების საზეიმოდ. გახარებული ხალხის მასამ აავსო ქუჩები. რუსთაველის პროსპექტზე გამყოფ ხაზზე იდგნენ მამაკაცები ღვინით სავსე დოქებით ხელში და ჩავლილ ავტომობილებში მსხდომთ დინმოელთა გამარჯვების სადღეგრძელოს სთავაზობდნენ, მილიციელები კი ღიმილით შესცქეროდნენ მოზეიმე ხალხს.

ვლადიმერ გუცაევის გოლი გრაპენტინის კარში
ვლადიმერ გუცაევის გოლი გრაპენტინის კარში

შემდეგ ადამიანები “დინამოს” სტადიონზე შეიკრიბნენ _ სარბენი ბილიკები და გაზონი სავსე იყო ადამიანებით და, როდესაც დიქტორმა მათ სთხოვა, გაზონიდან გადასულიყვნენ, რადგან ბალახის საფარი შეიძლება გაფუჭებულიყო, 3-4 წუთში მწვანე გაზონზე აღარავინ იდგა. თბილისელები და სრულიად საქართველო გათენებამდე ზეიმობდნენ დიდ გამარჯვებას.

თბილისის “დინამო” მოვლენა იყო საბჭოთა ფეხბურთში. გუნდმა პირველ წარმატებას 1964 წელს მიაღწია, როცა ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა წლები შესანიშნავი მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით _ 1976 წელს დინამომ სსრკ-ის თასის ფინალში ერევნის “არარატი” გაანადგურა (3:0) და პირველად დაეუფლა თასს. 1978 წელს მეორედ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, ხოლო 1979 წელს კვლავ დაეუფლა სსრკ-ის თასს. იმავე წელს, შემოდგომაზე “დინამომ” ნოკაუტში ჩააგდო უეფას ჩემპიონთა თასის (ლიგა) იმჟამინდელი ჩემპიონი ინგლისის “ლივერპული” _ 3:0. თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშებაში კი შემთხვევით მოხვდა _ სსრკ-ის თასის ფინალში დამარცხდა დონეცკის “შახტიორთან” და, წესით, ევროპის ტურნირზე უკრაინულ კლუბს უნდა ეასპარეზა, მაგრამ, ვინაიდან სსრკ-ის თასის ფინალი მოსკოვის ოლიმპიადის გამო გვიან გაიმართა, სსრკ-ის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას განაცხადი წინა, 1979 წლის გამარჯვებულზე გაუგზავნა _ თბილისის “დინამოზე”…

წამიც და ვიტალი დარასელია გამარჯვების გოლს გაიტანს „კარლ ცაისის“ კარში
წამიც და ვიტალი დარასელია გამარჯვების გოლს გაიტანს „კარლ ცაისის“ კარში

აღსანიშნავია, რომ 1977-1978 წლებში თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელებმა. კარში ადგილი დაიკავა კარგი ნახტომის მქონე ოთარ გაბელიამ; დაცვაში ალექსანდრე ჩივაძის, შოთა ხინჩაგაშვილისა და ნოდარ ხიზანიშვილის გვერდით გამოჩნდა თამაზ კოსტავა. ნახევარდაცვაში ადგილი დაიმკვიდრეს შეუპოვარმა და შრომისმოყვარე თენგიზ სულაქველიძემ და ტექნიკურმა ვიტალი დარასელიამ; თავდასხმის მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებდა ვლადიმერ გუცაევი, ცენტრში _ გოლეადორი რამაზ შენგელია (ორჯერ დასახელდა სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელად _ 1978 და 1981 წლებში) და, რა თქმა უნდა, გუნდის “ტვინი” დავით ყიფიანი.

უეფას თასების მფლობელთა თასის 1980-1981 წლების გათამაშების პირველ ეტაპზე თბილისის “დინამომ” საბერძნეთის “კასტორია” დაამარცხა (0:0, 2:0); მერვედფინალში _ ირლანდიის “უოტერფორდი” (1:0, 4:0). მეოთხედფინალში კი შეხვდა ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედს”. პირველ მატჩს, რომელიც 1981 წლის 4 მარტს ლონდონში გაიმართა, სპეციალისტები “დინამოს” მიერ ჩატარებულ საუკეთესო მატჩებს შორის ასახელებენ. ლონდონის “აპტონ პარკზე” თბილისელებმა მეტოქე გაანადგურეს _ 4:1 (დინამოელთაგან ბურთები გაიტანეს ჩივაძემ, გუცაევმა და შენგელიამ _ 2, ლონდონელთაგან _ კროსმა). ნახევარფინალში თბილისელთა მეტოქე იყო როტერდამის “ფეიენოორდი” _ უეფას ჩემპიონთა თასის (1969-1970) საკონტინენტთაშორისო (1970) და უეფას თასების მფლობელი, ჰოლანდიის 11-გზის ჩემპიონი (სულ 15-ჯერ მოიპოვა ეს ტიტული). “დინამომ” შესანიშნავად ითამაშა თბილისში და დამაჯერებლად გაიმარჯვა _ 3:0.

კოტე მახარაძე
კოტე მახარაძე

“მე ვიცოდი, როგორ თამაშობენ ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი, _ თქვა პრესკონფერენციაზე როდერდამელთა მწვრთნელმა ვაცლავ ეჟეკმა, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს 1976 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, _ ახლა ისინი ჩვენმა ფეხბურთელებმაც იხილეს”.

საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მძიმე აღმოჩნდა თბილისელებისთვის, რადგან ავსტრიელი მსაჯი, ფრანც ვიორერი, მხოლოდ ჰოლანდიელების სასარგებლოდ უსტვენდა და დინამოელთა კარში გამოგონილი პენალტი დანიშნა, თბილისელებს კი 3 (!) ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა.

“ჩვენ 3 ბურთი გავიტანეთ, მაგრამ არც ერთი არ ჩაგვითვალეს. მსაჯმა 2-ჯერ ხელი გაიშვირა ცენტრისკენ, მაგრამ გვერდით მსაჯთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა. “ფეიენოორდს” კი მეორე გოლი გამოგონილი 11-მეტრიანიდან გაატანინა. ასეთი მიკერძოებული მსაჯობა არასოდეს მინახავს. მთელი მატჩის განმავლობაში გვაგინებდნენ, ლუდის ბოთლებსა და ქილებს გვესროდნენ, მაგრამ გავუძელით. ბოლო წუთებში კი ბურთი ჩვენ დავიჭირეთ და შტურმის მოწყობის საშუალება არ მივეცით”, _ განაცხადა რამაზ შენგელიამ მატჩის შემდეგ.

და აი ფინალიც: მეტოქე იენის “კარლ ცაისი” გერმანიიდან. ფინალისკენ მიმავალ გზაზე “კარლ ცაისმა” დაამარცხა იტალიური “რომა”, თასის მფლობელთა თასის წინა სეზონის გამარჯვებული ესპანეთის “ვალენსია” და პორტუგალიის “ბენფიკა”.

თბილისელებმა მატჩი ენერგიულად დაიწყეს _ ფლობდნენ ინიციატივას, უტევდნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში კარგად თამაშობდა “კარლ ცაისის” გოლკიპერი ჰანს ულრიხ გრაპენტინი. დაცვაში გერმანელებმა მიმართეს იმ ტაქტიკას _ პერსონალურ მეურვეობას, რომლითაც ეთამაშნენ ტექნიკურ ესპანელებსა და პორტუგალიელებს. და ამ, ერთი შეხედვით, საფეხბურთო ანაქრონიზმმა მათ შედეგი მოუტანა გარკვეული დროის განმავლობაში. შეტევაზე კი გერმანელები იშვიათად გადადიოდნენ და ერთ-ერთი ასეთი შეტევისას, 63-ე წუთზე, გერჰარდ ჰოპემ “დინამოს” კარში ბურთი გაიტანა. ამ მარცხმა გაამწარა დინამოელები და მათ გაორმაგებული ენერგიით შეუტიეს მეტოქეს. თეთრ-ცისფერთა სწრაფმა, ტექნიკურმა თამაშმა შედეგი გამოიღო და ვლადიმერ გუცაევმა 67-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში _ 1:1. მატჩის საკვანძო მომენტი კი მსაჯის, იტალიელ რიკარდო ლატანძის, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დადგა: დავით ყიფიანმა ბურთი გადასცა მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფ ვიტალი დარასელიას, რომელმაც ჯერ ერთი მცველი მოატყუა, შემდეგ _ მეორე, მარჯვენა ფეხიდან ბურთი მარცხენაზე გადაიტანა და გრაპენტონის კარში გაიტანა _ 2:1!

საფინალო სასტვენის შემდეგ იყო კოტე მახარაძის ფრაზა:

“Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!!”.

P.S. ბურთი, რომელიც, წესით, მსაჯს უნდა დარჩენოდა, “დინამოსმასაჟისტმა ანზორ გაბიტაშვილმა გაიტაცა.

P.P.S. ბატონი ანზორ გაბიტაშვილი ამა წლის 9 მაისს გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here