Home რუბრიკები სპორტი სუპერლიგის შექმნა და… კრახი

სუპერლიგის შექმნა და… კრახი

111
სუპერლიგის შექმნა და... კრახი
სუპერლიგის შექმნა და... კრახი

19 აპრილს საფეხბურთო საზოგადოება ააფორიაქა ცნობამ, რომ ევროპის 12-მა წამყვანმა კლუბმა განაცხადა ახალი კონტინენტური ტურნირის _ სუპერლიგის _ შექმნის შესახებ. რევოლუციის ინიციატორები იყვნენ ფლაგმანი კლუბები ინგლისის (“მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ლივერპული”, “არსენალი”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”), ესპანეთისა (“რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”) და იტალიის (“ინტერი”, “მილანი”, “იუვენტუსი”) ჩემპიონატებისა. ბუნტის მთავარი მიზეზი ფინანსური გარდაქმნები იყო.

რა არის სუპერლიგა?

გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, ტურნირის მუდმივ მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს 15 და მათ უნდა დაემატოს კიდევ 5 გუნდი, რომლებიც შეიცვლებიან ხოლმე. ისინი უნდა დაყოფილიყვნენ 2 ჯგუფად, თითოეულში 10 მონაწილით, და ეთამაშათ ორწრიანი ტურნირი, რომელიც აგვისტოში დაიწყებოდა. ფლეიოფებს პირდაპირ ითამაშებდნენ ჯგუფებიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი, ხოლო მე-4 და მე-5 ადგილებზე გასულები გაითამაშებდნენ ფლეიოფში მოსახვედრ 2 საგზურს. მეოთხედფინალური და ნახევრადფინალური დაპირისპირებები 2-მატჩიანი იქნებოდა. ფინალი კი მაისის ბოლოს გაიმართებოდა.

სუპერლიგის დამფუძნებელი და პრეზიდენტია ფლორენტინო პერესი (“რეალი” მადრიდი), მოადგილეები _ ჯოელ გლეიზერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და ანდრეა ანიელი (“იუვენტუსი”).

ფლორენტინო პერესი
ფლორენტინო პერესი

ცნობილია, რომ ტურნირის გენერალური სპონსორი უნდა ყოფილიყო გიგანტი ბანკი JP MORGAN-ი, რომელიც გაიღებდა 4,6 მლრდ გირვანქა სტერლინგს. ბანკი ჩადებულ ფულს ტელეტრანსლაციების გაყიდვით მიღებული შემოსავლებით დაიბრუნებდა. ახალი ტურნირი უნდა დაეფინანსებინათ, აგრეთვე, Key Capital Partners-ს და DAZN-ს.

15 დამფუძნებელი კლუბი მიიღებდა 3,1 მლრდ გირვანქა სტერლინგს. კლუბები ამ თანხას დახარჯავდნენ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

რა სურთ ტოპკლუბებს?

სუპერლიგის შექმნის მიზეზი პროზაულია _ ფული. წამყვან კლუბებს, რომლებიც გამოდიან უეფას ეგიდით, არ სურთ ბილეთებისა და ტრანსლაციებიდან შემოსული თანხების გაყოფა ღარიბი კლუბებისთვის, აგრეთვე, თვით უეფასთვის. სუპერლიგის შექმნას ბიძგი მისცა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ, რომლის გამოც გრანდებმა დიდი ფინანსური დანაკარგები განიცადეს. ახალი ტურნირის პლუსი იქნება მატჩების ტელეტრანსლაციების გაყიდვის უფლება, რომელიც 4 მლრდ ევროდ შეფასდა. ეს თითქმის 2-ჯერ მეტია ჩემპიონთა ლიგის მატჩების ტრანსლაციიდან მიღებულ თანხაზე. ამასთანავე, თუ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იღებს 100-120 მლნ ევროს, სუპერლიგის საუკეთესო კლუბი მიიღებს 250 მლნ.

როგორია უეფას რეაქცია?

ევროპის საუკეთესო კლუბების მიერ ინიცირებული რევოლუცია თარიღის მიხედვით საეჭვოდ დაემთხვა უეფას მიერ გამოცხადებულ ჩემპიონთა ლიგის რეფორმებს. 2024-25 წლების სეზონში 32-ის ნაცვლად 36 კლუბი იასპარეზებს.

ტურნირის ჯგუფური ფორმატი შეიცვლება ერთიანი ლიგით, რომელშიც 8 საუკეთესო კლუბი გავა ფლეიოფში, დანარჩენი საგზურების მფლობელებს კი სხვა კლუბები ერთმანეთთან მატჩებში გამოავლენენ. რეფორმების შედეგი იქნება მეტი მატჩი, მეტი ძლიერი კლუბი და მეტი მოგება.

გრანდების მხრიდან გამოვლენილ რეპორტაჟზე უეფას რეაქცია იყო მკაცრი _ ის გამოაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა. მისი თქმით, ჩემპიონთა ლიგა ზემოხსენებული 12 კლუბის გარეშეც მშვიდად იცხოვრებს, ამბოხებულებს კი სანქციები უნდა დაუწესდეს _ აეკრძალოთ გუნდებსა და მოთამაშეებს უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობა და შეეზღუდოთ ტრანსფერები. უეფას მხარი დაუჭირეს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, პრემიერლიგამ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ლა ლიგამ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ და სერია A-. მათ, ყველამ, სხვადასხვა ფორმირებით დაგმეს სუპერლიგის პროექტი, რამდენიმემ ამბოხებული კლუბების ეროვნული ჩემპიონატებიდან ჩამოშორებაც კი მოითხოვა.

პროექტმა მხოლოდ ორ დღეს იცოცხლა

საფეხბურთო სუპერლიგამ მალე უამრავი მტერი შეიძინა. ბევრ გულშემატკივარსა და სპეციალისტს ინგლისის პრემიერლიგა ვერ წარმოუდგენია “დიდი ექვსეულის” კლუბების გარეშე. ბევრმა მიიჩნია, რომ პროექტი შექმნილია არა მაყურებლის ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ მხოლოდ მოგების მისაღებად, მესამენი აღშფოთებულნი იყვნენ პატიოსანი და თანასწორუფლებიანი თამაშის პრინციპების უგელებელყოფით. სუპერლიგის შექმნის ოფიციალურად გაცხადებამდე უეფას თავიანთი ლოიალურობა დაუდასტურეს გერმანულმა კლუბებმა _ ბავარიამდა ბორუსიამ, აგრეთვე, ფრანგულმა პსჟ-მ, რამაც ამბოხებულთა რიგებში არეულობა გამოიწვია.

20 აპრილს ნისლიან ალბიონზე აჯანყდნენ გულშემატკივრები: ინგლისის პრემიერლიგის გუნდების, “ჩელსისა” და “ბრაიტონის”, მატჩის წინ “ჩელსის” სუპერლიგაში გადასვლაზე თანხმობით განაწყენებულმა გულშემატკივრებმა სტიქიური მიტინგი მოაწყვეს სტადიონთან. ვითარება ისე დაიძაბა, რომ კლუბის ლეგენდა პეტერ ჩეხი იძულებული შეიქნა, მათ წინაშე გამოსულიყო და “ცხელი თავები” დაეშოშმინებინა. ამ ინიციდენტის ამოწურვისთანავე “ჩელსიმ” და “მანჩესტერ სიტიმ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სუპერლიგაზე. ცოტა ხნის შემდეგ ანალოგიურად მოიქცა ინგლისის კიდევ 4 კლუბი. 21 აპრილს კი სუპერლიგაში სულ 5 გუნდი დარჩა (12-დან). სუპერლიგის რეაქცია დაშლაზე ასეთი იყო: “ჩვენ გთავაზობთ ახალ ევროპულ ტურნირს, იმიტომ, რომ ამჟამად არსებული სისტემა არ მუშაობს. ჩვენი წინადადება მიმართულია იქით, რომ სპორტი განვითარდეს და ფინანსური სტაბილურობა ჰქონდეს საფეხბურთო პირამიდას, დაეხმაროს მას ფინანსური სირთულეების დაძლევაში, რომელიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ. ახალი ტურნირი, აგრეთვე, უზრუნველყოფს მეტ სოლიდურ შემოსავალს საფეხბურთო სისტემის მონაწილეებისთვის”.

ქაოსმა, რომელშიც ახალი საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს სუპერლიგის შექმნაზე, მათ წინააღმდეგ იმუშავა. სუპერლიგის რეგლამენტში იყო ბევრი თეთრი ლაქა, რომლებმაც წარმოაჩინეს, რომ აპრილის მესამე დეკადაში სუპერლიგის შექმნის შესახებ რელიზის გამოშვება იმპულსური გადაწყვეტილება იყო, აშკარაა, რომ გრანდები შეეცადნენ, კუნთები აეთამაშებინათ უეფას წინაშე, რათა მისგან მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ დემარშის შემდეგ დაჯდება თუ არა უეფა მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის წამყვან კლუბებთან, დრო გვიჩვენებს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. “რეალისპრეზიდენტი ფლორენტანო პერესი დარწმუნებულია, რომ პროექტი სუპერლიგა საბოლოოდ წარმატებით განხორციელდება და სანქციებს ვერც ერთ კლუბს ვერ დაუწესებენ.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here