Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გენიოსი?!

სტალინი _ გენიოსი?!

9244
სტალინი _ გენიოსი?!

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი 1959 წლის 21 დეკემბერს, სტალინის 80 წლისთავზე, თემთა პალატაში გამოსვლისას თავის ცნობილ სიტყვაში აღნიშნავდა: “რუსეთისთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ქვეყანას განსაცდელის ჟამს სათავეში ჩაუდგა გენიოსი მხედართმთავარი სტალინი”. ჩერჩილს ნამდვილად ეკადრებოდა სტალინის გარდაცვალებიდან 7 და კოალიციის დაშლიდან 15 წლის გასვლის შემდეგ ყოველგვარი აღფრთოვანებისა და ემოციის გარეშე ჯეროვნად შეეფასებინა ფაშიზმის დამარცხების საქმეში ცენტრალური ფიგურის როლი და სტალინისთვის გენიოსი ეწოდებინა.

ცნებაგენიოსი მოიცავს განუზომელ პარამეტრებს, რომლებზეც მსჯელობს საზოგადოების უმაღლესი ელიტა, შორეული ცივილიზაციებიდან დღემდე. ჩვენც მივყვეთ საზოგადოების ელიტური ნაწილის მოთხოვნებს, რომელსაც გენიოსს უყენებენ. ჩვენს პირობებში როგორ მართლდება ჩერჩილის შეფასება სტალინის, როგორც გენიოსის, მიმართ; რომელ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს გენიოსი ადამიანი:

1.“აზრის სიღრმე, წარმოსახვის სიძლიერე და სულის აქტიურობა”.

დენი დიდრო

სტალინის შემთხვევაში აზრის სიღრმის ერთი ნათელი მაგალითი არის ის, რომ მან 1931 წელს განაცხადა:

ჩვენ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს 50-100 წლით ჩამოვრჩებით, თუ ამ ჩამორჩენას 10 წელიწადში არ დავძლევთ და მათ არ დავეწევით, ისინი გაგვსრესენ”.

XX საუკუჯნის 30-იან წლებში იყო გაუგებრობები და ხალხის მტრების მიერ მოწყობილი სისხლიანი კალოები, მაგრამ ეს იყო უდიდესი აღმავლობის წლებიც, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის უმაგალითო წარმატების წლები, რომლებმაც საბჭოთა ქვეყანასა და ხალხს შესძინა მხნეობა, გამბედაობა, შეაიარაღა მაღალხარისხიანი საბრძოლო ტექნიკით, რომლითაც კაცობრიობა გადაურჩა კატასტროფას 1941-45 წლებში. ეს იყო სწორედ სტალინის აზრის სიღრმე.

რაც შეეხება წარმოსახვის სიძლიერეს, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, რაც მან 1925 წლის 30 მარტს კომინტერნის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა:

უეჭველად მცდარად უნდა ჩაითვალოს სემიჩის ცდა _ განიხილოს ნაციონალური საკითხი იუგოსლავიაში საერთაშორისო ვითარებისა და ევროპაში მოსალოდნელ პერსპექტივების შესახებ. სემიჩი, ეყრდნობა რა იმას, რომ ამჟამად ხორვატებსა და სლოვენებში არ არსებობს სერიოზული სახალხო მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის, მიდის დასკვნამდე, რომ ერთა გამოყოფის უფლების საკითხი აკადემიური საკითხია, ყოველ შემთხვევაში აქტუალური არ გახლავთ. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის. კიდევაც რომ დავეთანხმოთ, რომ ეს საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის, იგი შეიძლება სავსებით აქტუალური გახდეს, თუ ომი დაიწყო ან, როცა ომი დაიწყება, თუ ევროპაში რევოლუცია მოხდა, ან როცა იგი მოხდება. ხოლო ომი რომ აუცილებლად დაიწყება და რომ ისინი იქ აუცილებლად წაეკიდებიან ერთმანეთს, უეჭველია, თუ მხედველობაში ვიქონიებთ იმპერიალიზმის ბუნებასა და ვითარებას”.

მკითხველი მიხვდება, რომ ეს “წარმოსახვის სიძლიერე”, რომელსაც მას მეცნიერები უწოდებენ _ რიგითი მოკვდავის ენით მომავლის დანახვა, ანუ წინასწარმეტყველებაა, რომელსაც სტალინი ფლობდა. რაც შეეხება სულის აქტივობას, აქ სტალინი შეუცნობელია.

* სტალინი, როდესაც ზუბალოვოს აგარაკის კომენდანტ ეფიმოვს წერილს სწერდა, ვასილი (შვილი) ბებიას (სიდედრს) მოარიდეთ, ზედმეტი დათმობებით რყვნისო, პარალელურად, აკადემიკოს ნიკოლაი ციცინს ხორბლის მრავალწლიანი ჯიშის გამოყვანაზე ესაუბრებოდა, მისაღებში კი ჰიდროტექნიკის სპეციალისტი, აკადემიკოსი ჟუკი ელოდებოდა კუიბიშევის ელექტროსადგურის პროექტის გეგმის მისაღებად.

* ამ პერიოდში გადამწყვეტ ფაზაშია მოსკოვის მეტროპოლიტენის დაპროექტება სტალინის მიერ შემუშავებული გეგმით;

* თავაუღებლად მუშაობს “მფრინავი ტანკის” ტექნიკურ პირობებზე, რომლის დეტალებიც ეს-ეს არის უნდა გადასცეს კონსტრუქტორს; საათობით უსმენს და სათანადო დასკვნებს აკეთებს რადიოლოკაციის სპეციალისტის, აკადემიკოს ბერგის ლექციებიდან;

* კონსტრუქტორ გრაბინთან ერთად უშუალოდ არის ჩართული ზარბაზნების დეტალების სრულყოფის საქმეში და საგამოცდო პოლიგონზე თვალყურს ადევნებს სროლის შედეგებს;

* კონსტრუქტორ კოშკინთან ერთად ქმნის ლეგენდარულ ტანკს _ ტ-34-ს და მასზე სტალინის უშუალო მითითებით ამონტაჟებენ შესაფერისი დიამეტრის ქვემეხს;

* აშენებს დღემდე საოცრებად მიჩნეულ სტალინურ მაღლივ შენობებს;

* აძლევს შენიშვნებს კარიკატურისტ ეფიმოვს, რომ სამურაის დახატვა ეშვებით არ შეიძლება, რადგან ეს “ეროვნული ღირსების შელახვაა”;

* კომპოზიტორ ალექსანდრე ალექსანდროვს ურჩევს რეპერტუარს და უზუსტებს ტონალობას;

* ალექსანდრე კორნეიჩუკთან ერთად კონსპირაციულად წერს პიესა “ფრონტს” და აქვეყნებს გაზეთ “პრავდაში”.

* დეტალურად იხილავს მოსკოვის დაცვის გეგმას და პარალელურად პოლიტბიუროს სხდომაზე გააქვს საკითხი საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის გახსნის თაობაზე;

* სტალინგრადის დაცვის მსოფლიოში არნახული ბრძოლების ფონზე, პოლიტბიუროს სხდომაზე გააქვს საკითხი ფრონტიდან სპორტსმენთა გამოწვევისა და 1943 წლის შემოდგომაზე სპორტის რამდენიმე სახეობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე;

* უშუალოდ ხელმძღვანელობს კინოფილმ “გიორგი სააკაძის”, როგორც სცენარის, ასევე გადაღების ტექნიკური საკითხების გადაწყვეტას;

* მოსკოვის დიდ და აკადემიურ თეატრებში უშუალოდ ხელმძღვანელობს როგორც რეპერტუარის შედგენას, ისე მისი განხორციელების მიმდინარეობას;

* უდიდეს ძალისხმევას ახმარს საპარაშუტო სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას;

* საბჭოეთის უკიდეგანო ტერიტორიაზე გაჰყავს სარწყავი არხები და აშენებს მილიონობით ჰექტარ ქარსაცავ ზოლს;

* შეიმუშავებს ბერლინის ოპერაციას, რომელიც ომების ისტორიაში კლასიკური ოპერაციის ნიმუშად ითვლება, რომ არაფერი ვთქვათ სტალინურ 10 დარტყმაზე და 227-ე ბრძანებაზე, “რომელთა ავტორობაც ისევე მიეწერება ღმერთს, როგორც ადამიანს”.

ფსიქიკის ასეთი სწრაფი ცვალებადობა არ შეიძლება იყოს ბუნებრივი, მას სხვა, გარეშე ძალებიც ეხმარება მოქმედებაში.

2.“მოთმინება. შრომის, შეუპოვრობის აპოლოგია”.

ჟორჟ ლუი

თუ გადავხედავთ სტალინის ცხოვრებისა და შემოქმედების გზას, ის მუდმივად მოთმინების რეჟიმში ცხოვრობდა. დაჟინებით ჭედდა თავის მომავალს, როგორც იმიერპოლარეთში უმზეო დღისა და უმთვარო ღამის ცხოვრების პირობებში. რევოლუციური გადასახლებებისა თუ იატკქვეშა მოღვაწეობის მძიმე წლებს გაატანა თავისი ახალგაზრდობისა და სიხარულის წლები. მოთმინებისა და რწმენის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს მოსკოვის მისადგომებთან მისული კაციჭამიების წინ, წითელ მოედანზე, 1941 წელს გამართულ, ტრადიციულ საშვიდნოემბრო აღლუმზე სტალინის მიერ წარმოთქმული სიტყვები:

კიდევ რამდენიმე თვე, კიდევ ნახევარი წელიწადი, შეიძლება ერთი წელიც, მეტიც და ჰიტლერულ გერმანიას თავისი დანაშაულებრივი სიმძიმე გასრესს”.

სწორედ ერთი წლის შემდეგ ნაცისტების საუკეთესო არმია ფელდმარშალ პაულიუსის ხელმძღვანელობით, რომელშიც 300 ათასი სამხედრო ირიცხებოდა, სტალინის ბრძნული გათვლებითა და უშუალო ხელმძღვანელობით სტალინგრადთან საბჭოთა მეომრების რკინის სალტეში იქნა მომწყვდეული და ფერდმარშალ პაულიუსთან ერთად ტყვედ აყვანილი. სწორედ სტალინის ქალაქში ჩაესვენა ჰიტლერის მზე გამარჯვებისა, რომელიც სტალინის მოთმინების, მომზადებისა და ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგად განხორციელდა.

ფულსა და სისხლს მოწყურებული საერთაშორისო იმპერიალიზმის მამები, თუ მათი დაქირავებული აგენტები ამაოდ ებრძოდნენ მკვდარ სტალინს 70 წლის განმავლობაში, მაგრამ მისი შრომის შედეგებსა და გრანდიოზულ მიღწევებს ვერაფერი დააკლეს. რაც მეტი იყო სიცრუე და ცილისწამება, მით მეტი იყო წინააღმდეგობა. მზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა მათი ჭუჭყიანი ხელისგულებით ვერ დაიფარა.

დედამიწაზე ადამიანის გაჩენიდან დღემდე, ჯერჯერობით ვერ მოინახა კაცი, რომელსაც იმდენ წიგნთან, მეცნიერულ მიღწევასა და გამარჯვებასთან ჰქონოდა შეხება, რამდენიც სტალინს. მისი შრომის შედეგის დასანახავად ჯერ კიდევ არ გასულა საკმარისი ხანი.

3.“გენიალური ადამიანი არ წარმოადგენს მხოლოდ მორალურ არსებას, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ის მსოფლიო ინტელექტის მქონე არსებაა, ამიტომ უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისთვის”.

არტურ შოპენჰაუერი

სტალინი არ არის გულმოწყალე “ხელმწიფე”, რომელიც ოქროთი სავსე ქისით დადის და მოწყალებას ურიგებს გაჭირვებულებს, რათა მათ მეფისთვის ილოცონ. სტალინმა კარგად იცის, რომ მადლიერება ერთგულებას არ ნიშნავს და ლოცვა-კურთხევით ქვეყანა არ აშენდება. მიუხედავად ამისა, სტალინი ერთი წუთითაც არ კარგავს ადამიანურ მორალს და ის კარგი მასპინძელიც არის და კარგი მეგობარიც, მხოლოდ იმ მომენტში და იმ საათებში, როდესაც ის სახელმწიფო საქმეებით არ არის დატვირთული. სამწუხაროდ, ამის ბედნიერება სტალინს ნაკლებად ჰქონდა.

დღევანდელი მკითხველი და მკვლევარიც სწორედ იმ ჟანრით არის დაინტერესებული, რომელსაც ყველაზე ცოტა დრო უკავია სტალინის შემოქმედებაში, გევრდზე რჩება ის გასაოცარი საქმეები, რომელთა გაკეთებაც ღმერთკაცმა შეძლო _ მან შეძლო შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის თვალსაჩინო მაგალითები მოეცა ჩვენთვის.

* სტალინმა პირველმა დაამკვიდრა დედამიწაზე რვასაათიანი სამუშაო დღე.

* სტალინმა პირველმა აკრძალა მუშებისა და მოსამსახურეების გათავისუფლება სამუშოდან პროფკავშირსა და პარტიასთან შეუთანხმებლად.

* სტალინმა პირველმა შემოიღო შრომის უფლება: უმაღლესი სპეციალური განათლების კურსდამთავრებულმა ახალგაზრდამ ჯერ კიდევ სასწავლებლიდანვე იცოდა, სად, რომელ სამუშაო უბანზე იყო მისთვის დაჯავშნილი ადგილი.

* სტალინმა პირველმა შემოიღო უფასო განათლება ყველა რგოლსა და საფეხურზე.

* სტალინმა უზრუნველყო უფასო სამედიცინო მომსახურება 300-მილიონიან ქვეყანაში.

* სტალინმა დანერგა უფასო საბინაო უზრუნველყოფა და მომსახურება. სტალინმა პირველმა შემოიღო აზრის გამოთქმის თავისუფლება სოციალური პირობების შესახებ კრებებსა და პრესაში (და არა პოლიტიკური ყბედობა).

* სტალინმა პირველმა მოუწოდა ხალხს, დაეცვა თავისი ქვეყანა ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეებისგან, თუ ამის აუცილებლობა დადგებოდა.

* სტალინის მმართველობის პერიოდში ახალ კურსდამთავრებულს, რომელიც განაწილებით მიდიოდა სამუშაოდ შორ მანძილზე, ადგილზე ჩასვლისთანავე უნაზღაურდებოდა გზის ხარჯები, სათანადო საცხოვრებელი ადგილის მიჩენით.

* სტალინის მმართველობის პერიოდში დედას ბავშვის გაჩენისთვის 3 წლით ნაწილობრივ ან მთლიანად ხელფასის ანაზღაურებით ეძლეოდა შვებულება სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

* სტალინის მმართველობის პერიოდში ახალშობილს უფასოდ ამარაგებდნენ რძით დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ ამის აუცილებლობა არსებობდა.

* სტალინის მმართველობის პერიოდში ბავშვთა სანიტარულ-საკურორტო მკურნალობა ნებისმიერ დაავადებაზე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ტარდებოდა.

* სტალინის მმართველობის პერიოდში საბჭოთა მოქალაქე სოციალურად ყველაზე დაცული მოქალაქე იყო დედამიწაზე. სწორედ ეს იყო წინაპირობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყველასგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი სესხისა და დახმარების გარეშე შექმნა სოციალური საფუძველი, ყოფილიყო პლანეტაზე ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.

ომის შემდგომ საბჭოთა ქვეყნის სამეცნიერო თუ ტექნიკურმა პოტენციალმა გააოგნა იმჟამინდელი მსოფლიო. ამის შედეგი იყო 1946 წლის 5 მარტს ამერიკის ქალაქ ფულტონში ინგლისის ყოფილ პრემიერმინისტრ უინსტონ ჩერჩილის გამოსვლა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ცივი ომის გაჩაღებას.

სამი სისხლისმღვრელი ომის გამოვლის შემდეგ სტალინს კვლავ მტკიდეც ეჭირა სახელმწიფოს მართვის სადავეები და უძლეველ საბჭოთა ხომალდს უსაფრთხოდ მართავდა კაპიტალიზმის მრისხანე ტალღებში. ამის შედეგი იყო ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აღმშენებლობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია: ფერფლიდან აღდგა ევროპის აღმოსავლეთი ნაწილი, აყვავდა სოფლის მეურნეობა, გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა მრეწველობაში, არ იმუშავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრუმენის მომარჯვებულმაკომბალმა რუსი ბიჭებისთვის”. 1949 წელს საბჭოთა კავშირში წარმატებით გამოსცადეს ატომური ბომბი, ამის შემდეგ სტალინმა თავისუფლად ამოისუნთქა.

სტალინმა, ამერიკელებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა, ახალი გზა მისცა ატომურ ენერგიას.

* სტალინმა ააგო მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი გემი.

* სტალინმა, როგორც ზევსმა, ცეცხლი, ატომური ენერგია სინათლის წყაროდ მისცა ხალხს და ააშენა მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური; სტალინმა ატომური ენერგია, რომელიც, ბევრის აზრით, ნგრევისთვის იყო შექმნილი (და ასეც იყენებდნენ) ხალხთა კეთილდღეობის სამსახურში ჩააყენა. მან მტკიცედ შეუტია კოსმოსსაც. სტალინის დაწყებული საქმის დაგვირგვინება იყო დედამიწის გარშემო თანამგზავრის გაშვება, რომელსაც მოჰყვა ადამიანის კოსმოსში გასვლა.

მკითხველო, გთხოვთ, კიდევ ერთხელ ჩაიკითხოთ და დაფიქრდეთ ყოველ ცალკეულ დებულებაზე _ იყო თუ არა ეს სინამდვილეში? და ყოველივე ეს შეძლო ადამიანმა შინაურ და გარეშე მტრებთან გაჩაღებულ სისხლისმღვრელ ომში, სულ დიდი 30 წლის განმავლობაში.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, პარტიული ელიტის მიერ მოწყობილ “ხალხის სამსჯავროზე” (პარტიის მე-20 ყრილობაზე), რომელზეც გარდაცვლილი სტალინის მთავარ ბრალმდებლად ნიკიტა ხრუშჩოვი გამოდიოდა, ხალხის ბელადს ვერც გაკეთებული საქმეები და ვერც ქონება ვერ ჩამოართვეს. კუბოში ჩასვენებულ სტალინს, ხრუშჩოვის ბრძანებით, ჩამოართვეს გენერალსიმუსის მუნდირიდან აჭრილი ექვსი ოქროს ღილი (შემდეგ თითბრის ღილებით შეუცვალეს) და ოქროს სამხრეები.

1953 წლის 9 მარტს, როდესაც დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა მომსახურე პერსონალს, _ რატომ აცვია კუბოში სტალინს გაცვეთილი ფეხსაცმელიო, _ ატირებულებმა უპასუხეს _ “სხვა უკეთესი არა აქვს”…

ბორჯომში ლიკანის აგარაკზე სტალინს ფრანგი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე მორის ტორეზი ეწვია, რომელიც რამდენიმე დღით დარჩა სტალინთან. ბაღში გასეირნებისას სტუმარმა დრო იხელთა და სტალინს მოკრძალებით მიმართა: _ ამხანაგო სტალინ, ქართველი კომუნისტების თხოვნას ჩემი მოკრძალებული თხოვნაც უნდა დავუმატო და გთხოვოთ, გაათავისუფლოთ, პატიმარი, რომელიც, ქართველ კომუნისტთა მტკიცებით, არ არის დამნაშავე.

სტალინი მოღუშული სახით შებრუნდა სტუმრისკენ და გაღიზიანებული ტონით, (ალბათ, ქართველთა უტაქტობით), პაუზის შემდეგ უპასუხა:

_ ამხანაგო ტორეზ, მე კონტინენტების გეოპოლიტიკაზე ვმუშაობ და, აბა, რა ვიცი, ვინ რატომ დააპატიმრეს და, ვინ რატომ უნდა გაუშვან, მათ ხომ აქვთ სასამართლო? _ ყვებოდა აკაკი მგელაძე.

ვოლგა-დონის არხის გახსნა
ვოლგა-დონის არხის გახსნა

4.“გენიოსს შეუძლია, გაიმარჯვოს ყოველგვარ დაბრკოლებაზე, რომელსაც მას მტრული ბედი შეახვედრებს”.

ბესარიონ ბელინსკი

სტალინმა მხოლოდ სიკვდილთან ვერ გაიმარჯვა, ამიტომ სტალინის ბიოგრაფია ორ ნაწილად უნდა გავყოთ _ სიცოცხლის ეპოქა და სიკვდილის ეპოქა. სტალინის სიცოცხლის 70-წლიანმა პერიოდმა შექმნა მისი სიკვდილის შემდგომი მარადიული სიცოცხლე, რომელიც მომავალ ცივილიზაციებშიც გაგრძელდება. არ იქნება ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ნაპოლეონი და ადამიანთა მოდგმის არც ერთი სახელი და გვარი. სიცოცხლის მარადიულ სვეტზე კი იქნება ხალხთა ბედნიერებისთვის მებრძოლი, ამირანის მსგავსად კავკასიონზე მიჯაჭვული სტალინის სახელი. გასულ ცივილიზაციებიდან მომავალ ცივილიზაციას ორი სახელი შემორჩება _ მედეა და სტალინი _ მრისხანებისა და ერთგულების უდიდესი წარმომადგენლები.

5.“გენიოსები ბუნების მსგავსად ჰქმნიან”.

ალექსანდრე ლოსევი

თბილისის გარშემო ბუნებამ ორი წყალსაცავი შექმნა _ ლისისა და კუს ტბები. სტალინმა ბუნების დარად მესამე გააჩინა _ თბილისის ზღვა.

რუსეთის რომელ იმპერატორს არ უფიქრია ვოლგისა და დონის შეერთებაზე, მაგრამ ეს ოცნება ყოველთვის ოცნებად რჩებოდა. სტალინმა არათუ ვოლგა და დონი შეაერთა, ევროპული ნაწილის ხუთი ზღვა დააკავშირა ერთმანეთთან და ერთ სანაოსნო სისტემად აქცია. ეს მერვე საოცრებად აღიქვა მსოფლიომ. პირამიდები, სემირამიდას ბაღები და ვოლგა-დონი?

ბუნების გარდაქმნაზე ფიქრი სტალინმა 1928 წელს დაიწყო, როდესაც პირადი ინიციატივით თვალუწვდენელ რუსეთის სტეპებსა და უდაბნოებში გახსნა აგრომელიორაციის ბაზები. კვლევა 1948 წლამდე გაგრძელდა.

მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი და ევროპის დიდი ნაწილი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი და ადამიანები თავშესაფარს ეძებდნენ, სტალინი მეცნიერებთან ერთად დედამიწასთან საბრძოლველად ემზადებოდა.

ამ გიგანტური პროექტის მომზადებაში ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ათი სამეცნიერო ინსტიტუტი: მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემიის ხუთი სპეციალური უწყება, ათი სპეციალური სატყეო და სასოფლო-სამეურნეო უწყება მოსკოვში, ლენინგრადში, ვორონეჟში, ირკუტსკში, კიევში, ნოვოჩერკასკში. აღნიშნულ პროექტზე მომუშავე ადამიანებს სპეციალური ჯავშანი იცავდა და ომის პერიოდში ჯარში არ გაუწვევიათ. კვლევა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა ოცი წლის განმავლობაში.

დადგა 1948 წელი. კვლევის დაწყებიდან ოც წლისთავზე, 20 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსა და საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს გამოაქვთ დადგენილება: ბუნების გარდაქმნის დიადი სტალინური გეგმა”.

გეგმას ბუნების გარდაქმნის შესახებ მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა, რომელიც შედგენილი იყო 20 წლის თავაუღებელი შრომის შედეგად და რომელსაც ომისა თუ მშვიდობის პერიოდში რეგულარულად აკონტროლებდა სტალინი.

გეგმის თანახმად, დაიწყო გრანდიოზული შეტევა გვალვის დასამარცხებლად: ქარსაფრების გაშენებით, წლის საგუბრების, წყალსაცავების აშენებითა და სარწყავი სისტემების განვითარებით.

სტალინი

გეგმა ითვალისწინებდა გრანდიოზულ ქარსაფართა 8 ზოლის გაშენებას 5300 კილომეტრზე, რომლებსაც უნდა დაეკავებინა 5 709 000 ჰექტარი მიწის ფართობი. 1953 წლამდე ქარსაფარი ზოლი გაშენებული და შევსებული იყო 44 ათასი ჰექტარი მიწა. პროექტი უზრუნველყოფდა 120 მილიონ ჰექტარ მიწაზე სტაბილური მოსავლის მოყვანას, რომელსაც შეეძლო გამოეკვება იმხანად პლანეტის მოსახლეობის ნახევარი.

ბუნების გარდაქმნისდიად სტალინურ გეგმასგაეცნო სრულიად მსოფლიო, რომლის გრანდიოზულობამ შოკში ჩააგდო, როგორც მეცნიერთა მრავალათასიანი კოლექტივები, ისე მსოფლიო ქვეყნების ხელისუფალნი.

გეგმის გაცნობის შემდეგ გაზეთვაშინგტონ პოსტშიგამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მომარაგების საქმეთა გენერალური დირექტორის _ ბოიდ ორის წერილი, რომელშიც იგი წერდა:

დატყვევებული ფელდმარშალი პაულიუსი
დატყვევებული ფელდმარშალი პაულიუსი

“ამერიკაში ნოყიერი მიწების მდგომარეობა საგანგაშოა, თითქმის ერთი მეოთხედი სახნავი მიწებისა გამოსულია წყობილებიდან, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ნადგურდება 3 მილიონი ტონა სახნავი ფენის ზედაპირი. თუ ცივი ომი ასეთი ტემპით განვითარდება და სხვა ქვეყნებმა ასეთი ტემპით დაიწყეს მიწაზე ზრუნვა, მალე გამოჩნდება, ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული”.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

4 COMMENTS

  1. მადჯობ მებული ამ სტატიის გაზიარებისათვის …….. ზალიან ვისიამოვნე ნეტა შემეზლოს ამის დამახსოვრება და ზოგიერტი ანტი სტალინისტისათვის ტვინში ჩადებააა …. მებუ ზალიან მენატრება სენთან ლაპარაკი ,,,,,,,, როდის გაზაფხულდებააა

  2. 21-ე საუკუნეში სტალინზე, რომელიც თურმე გენიოსი ყოფილა-საუბარი ცოტა ნაადრევი ხომ არაა?

  3. სტალინი ეპოქალური მოვლენაა.მის აზრებს და გეგმებს ახლაც რომ ითვალისწინებდნენ რა გვიჭირს. მერე რა რომ იყო მის მართველობაში ლაფსუსები.სხვაგვარად ვერც წარმართავდი ამ უზარმაზარ იმპერიას.ნეტავ კიდევ გაჩნდებოდეს ქართველობაში ასეთი ბუმბერაზები.

  4. ამ საკითხში სრულიად ვეთანხმები ნუნუკას.
    ის მართლაც რომ გენიოსი იყო მართლაც რომ ხალხზე ზრუნავდა.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ვიქტორი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here