Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ გამარჯვების ტრიუმფატორი

სტალინი _ გამარჯვების ტრიუმფატორი

1437
1945 წლის 24 ივნისი. მავზოლეუმის ტრიბუნაზე

ბევრი მეცნიერი _ ისტორიკოსი, ასტროლოგი თუ ფსიქოლოგი, ამაოდ ჩაჰკირკიტებს 1945 წლის 24 ივნისს გამარჯვების აღლუმზე მავზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი სტალინის ჩვეულებრივზე მეტად დამძიმებულ სახეს, რომელიც არცთუ ხალისიანად გაჰყურებდა როგორც მოზეიმე წითელ მოედანს, ასევე იმ შორეულ საბრძოლო თეატრს, სადაც ჯერ კიდევ იწვოდა მძიმე არტილერიისა თუ საჰაერო დაბომბვის შედეგად აალებული ქალაქები.

თვალმოჭუტული გაჰყურებდა სივრცეს და აანალიზებდა, სად დაუშვა საბედისწერო შეცდომა (თუკი დაუშვა _ გრ. ონიანი) და სად მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება. ტრიბუნაზე ის თანამებრძოლებსა და მეგობრებთან ერთად იდგა, მაგრამ თავისი სიდიადით ის ძალიან მაღლა იდგა თავის გარემოცვაზე.

უფორმოები თავიანთი მონური მორჩილებით მართლა უფორმოდ გამოიყურებოდნენ და ტაკიმასხარაობდნენ. ფორმიანებს კი, რომლებსაც ძალით ჩააცვა ტანსაცმელი, ზოგს საყელო უჭერდა, ზოგსაც ნაპატივებ მუცელზე მუნდირი არ ეტეოდა. თვალისმომჭრელად ბრწყინავდა სამხრეები და ბუზმენტები დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ მხრებსა და თავებზე. ქვემოთ, ქვაფენილზე კი ღრჭიალით მიდიოდმენ სიკვდილის მანქანები, რომლებმაც ევროპა შემოიარეს.

ბომბდამშენების ყურისწამღებმა გრუხუნმა მაღლა აახედა ცისა და ხმელეთის მპყრობელი, გამარჯვების ტრიუმფატორი და თვალი მოჰკრა “ონავარი” ვასილ სტალინის მეთაურობით ცაზე უსწრაფესი თვითმფრინავების წყობით გამოსახულ ცნობილ სიტყვებს “დიდება დიდ სტალინს”.

სტალინმა თავი დახარა და ისევ სივრცეს გახედა. გაახსენდა ალმოდებული დედამიწის სფერო, რომელსაც ნავთს ასხამდა სატანის მიერ გამოგზავნილი ადამიანთა მოდგმის ნაძირალ? ჰიტლერი. სტალინმა ვერც პოლიტიკით, ვერც დიპლომატიით, ვერც ადამიანური ურთიერთობით ვერ შეაჩერა ჰიტლერის მეხანძრეობა, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ ცეცხლს ისევ ცეცხლი ჩააქრობდა. დედამიწას კატასტროფა დაემუქრა, რომ არაფერი ვთქვათ ცივილიზაციაზე. 110-მა მილიონმა ადამიანმა თოფი აიღო ხელში, 80-მდე დიდი თუ პატარა სახელმწიფო უშუალოდ ჩაება ომში. რკინის მადანი მიწიდან ამოიღეს, ფოლადად აქციეს და ცაში გაუშვეს, რათა იქედან ღვთის რისხვად მოვლინებოდა კაცობრიობას. ფოლადი მეორედ დნებოდა და გავარვარებულ ზღვად და მდინარეებად მოდიოდა ბრძოლის მოედნად გადაქცეულ დედამიწაზე.

მსოფლიოში ყველა თოფმომარჯვებული კაცის, მომხვდურის თუ დამხვდურის, ყველაზე დიდი მხედართმთავარი იყო ქართველი კაცი _ იოსებ ჯუღაშვილი. დღეს ვიღაც ისტორიკოსს, რომანისტსა თუ ბელეტრისტს ეშინია, კალამი არ გაექცეს და სტალინს იმაზე მეტი რამ არ მიაწეროს, რაც ეკუთვნის. და შენ, ადამიანო, გაქვს კი ის ცოდნა, ოდნავ მაინც განსაზღვრო სტალინის როლი და ადგილი მსოფლიოს ცივილიზაციის გადარჩენის საქმეში? ნუთუ შენზეა დამოკიდებული, “რას იტყვის მასზე შთამომავლობა”?!

მე არ მეშინია, რომ ვწერ წერილებს “ომის ღმერთზე” _ სტალინზე და, თუ ვინმეს ჩემი ეს ნაწერი გულზე დაადგება, ვურჩევ, ცივი წყალი დალიოს.

მაშ, დავიწყოთ:

ომის პირველ დღეებზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს გაცნობა არქივებში დაცული, ბრძოლის ველიდან მიღებული წერილების შინაარსის, რომლებშიც გერმანელი ხალხი ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა ვითარებას.

* “ჯერ ჩემს თვალებს არ უნახავს და არ წაუკითხავს, რასაც აქ ბრძოლის პირველ დღეს ვუყურებ. ეს საფრანგეთი არ არის, ჩვენ სულ სხვა ძალას ვებრძვით”, _ წერდა ქმარი მეუღლეს ბერლინში.

* “ჩვენ ვუპირისპირდებით ადამიანებს, რომელებიც იბრძვიან არა სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისათვის. მე ვნახე, როგორ წაართვა რუსმა მებრძოლმა გერმანელ ოფიცერს იარაღი და მოკლა ის თავისივე პისტოლეტით. ეს იყო პირველი გერმანელი ოფიცერი, რომელიც მკვდარი ვნახე რუსულ მიწაზე, დიდი ბაჯაღლო ოქროს ბეჭდით ხელდამშვენებული”, _ ამ შინაარსის დეპეშას უგზავნის უნტეროფიცერი ადოლფ ჰიტლერს.

სტალინი

* ადოლფ ჰიტლერმა კი იმავე დღეს მოაწყო მასშტაბური შეხვედრა, სადაც განაცხადა: “მივიღე პირველი ცნობა პირველი გერმანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. გაფრთხილებთ, ჩვენ ვებრძვით არმიას, რომელსაც მებრძოლებად ჰყავს მხეცები და ცხოველები”.

* “წარმოუდგენელია ბრძოლაში ასეთი თავგანწირავა. რამდენიმე ტანკს მედგარ წინააღმდეგობას გვიწევდა ოთხი რუსი ჯარისკაცი, რომლებიც სრულიად დაუცველ ტერიტორიაზე, პურის ყანებში იყვნენ ჩამალული”, _ წერდა შვილი მამას გერმანიაში”.

* “როდესაც საბჭოთა ტანკი ალყაში მოვაქციეთ და ჭურვებიც გაუთავდა, ტანკისტმა ლუკიდან თავი ამოყო, ამოვიდა და რევოლვერით აგვიტეხა სროლა. ეს მეტისმეტი თავგანწირვაა”, _ წერდა გერმანელი ოფიცერი თავის მეგობარს ბერლინში.

ომის პირველ დღეს ბრესტის ციხესიმაგრეს გერმანელთა რჩეულ ქვეითთა 45-ე დივიზია მიადგა. ალყაში მოქცეული საბჭოთა ჯარისკაცები მძიმე შეიარაღების გარეშე შაშხანებით ებრძოდნენ მტერს. ბოლოს ოთხი ჯარისკაცი და ერთი პოლიტხელი იცავდა აუღებელ ციხესიმაგრეს, რომლის გარშემოც ეყარა გერმანელი ოფიცრებისა და ჯარისკაცების გვამები. ბრესტის ციხესიმაგრის ტრაგედიით შეძრწუნებულმა ფელდმარშალმა ფონ ბოკმა განკარგულება გასცა, გამოეყვანათ მებრძოლები ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ბლოკადა გაემაგრებინათ.

22 ივნისს ბრესტთან გამართულ ომს შეეწირა 483 გერმანელი ოფიცერი და უნტეროფიცერი, რაც სამჯერ აღემატება პოლონეთში დაკარგული გერმანელი სამხედროების რაოდენობას, ხოლო ექვსჯერ _ საფრანგეთისთვის ბრძოლებში დაკარგულ გერმანელ ოფიცერთა რაოდენობას.

* “ხელჩართული ბრძოლის დროს უიარაღო და ტანსაცმელდაფლეთილი ჯარისკაცი ჩვენკენ გამოიქცა, გვეგონა, ტყვედ გვბარდებოდა. ახლოს რომ მოვიდა, მესანგრის ნიჩაბი შემოიხსნა და ძლიერად გვესროლა შეძახილითზა სტალინა, ზა როდინუ”. ეს არ იყო ვინმეს შიშითა და აგიტაციით ჩადენილი ქმედება, მას სხვა საფუძველი ჰქონდა”, _ ჩაწერა თავის დღიურში გერმანელმა ოფიცერმა.

სტალინი

სტალინგრადი. 1942 წლის 27 ნოემბერი. აპარატ “ბოდოსთან” სტალინი დგას და ესაუბრება სტალინგრადში მყოფ სარდლებს _ ვასილევსკისა და ვატუ?ინს.

სტალინი: _ არ დაგიმთავრებიათ ერთი საქმე და იწყებთ მეორეს? მტერი ალყაში გყავთ მოქცეული, რისთვისაც დაკავებული გყავთ სამი არმია, რას უყურებთ, რატომ არ გამოათავისუფლებთ სამ არმიას, რომლებმაც უნდა იბრძოლონ და არა იყარაულონ. დაუყოვნებლივ შეასრულეთ ჩემი ბრძანება, საჭიროა, შექმნათ პატარა ოპერატიული პუნქტი 10-15 კაცის შემადგენლობით, რომელიც გააკონტროლებს ბლოკირებული შენაერთების იზოლაციას. რაც შეიძლება უფრო შეავიწროვეთ რკალი. მიხაილოვმა (ჟუკოვმა) მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს და თავი დაანებოს გეგმა “სატურნს”. რაც შეეხება გეგმა “სატურნის” მომზადებას, ის განახორციელოს ვატუ?ინმა და კუზნეცოვმა. მოსკოვი მათ აუცილებლად დაეხმარება. მიკვირს, როგორ მიიღო ლელიუშენკომ 8 საბროლო დივიზია. რა გამოთქმა და რა მიმართვაა: ლელიუშენკოს მარჯვენა და ლელიუშენკოს მარცხენა ფრთა, როდესაც მას ჰყავს ერთი პირველი გვარდიული არმია?

ვასილევსკი: _ კარგად მესმის, რომ სტალინგრადის დაჯგუფების განადგურება ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაგრამ ამხანაგმა ბერიამ თქვენი სახელით გამოგვიცხადა, რომ “სატურნს” განაგებს თვითონ. მე მზად ვარ, შევასრულო თქვენი ბრძანება.

სტალინი: _ როგორია თქვენი სხვა გეგმები? სად ფიქრობთ, განალაგოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ოპერატიული პუნქტები, სად იქნება “ვორონოვი” _ თქვენთან თუ დაუბრუნდება “სატურნის” რაიონს?

ვასილევსკი: _ აუცილებელია, მოგახსენოთ არსებული მდგომარეობა მიმდინარე მომენტისთვის.

ვასილევსკიმ მთავარსარდალს გააცნო მოქმედების გეგმა, მაგრამ სტალინმა მას მოკლე და კონკრეტული დავალება მისცა:

_ მექანიზებული კორპუსი გადაისროლეთ ბელენსკაიაში და მისი გამოყენების ყველა უფლება დაუტოვეთ ვატუ?ინს.

ვასილევსკი: _ ამხანაგო სტალინ, “ვორონოვი” მთხოვს, წამოვიდეს 2 დღით ლელუშენკოსთან ერთად, რათა უფრო სწრაფად შეადგინონ “სატურნის” გეგმა.

სტალინი: _ სად არის დონცოვის (როკოსოვსკის) საკონტროლო პუნქტი?

ვასილევსკი: _ 24-ე არმიის მონაკვეთში.

სტალინი: _ გაიყოლოს რამდენიმე სპეციალისტი და “დონცოვსა” და “ივანოვთან” ერთად სასწრაფოდ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ლელიუშენკოს დიდხანს ნუ მოაცდენთ, მან არმია ჩრდილოეთისკენ მიაბრუნოს. ვინ უხელმძღვანელებს პირველ გვარდიულ არმიას?

ვასილევსკი: _ ნება დამრთეთ, ჩემს თავზე ავიღო ეს.

სტალინი: _ მე გეკითხებით, ვინ იქნება პირველი გვარდიული არმიის სარდალი მარჯვენა ფლანგზე _ ლელიუშენკო, კუზნეცოვი თუ სხვა?

ვასილევსკი: _ გთხოვთ, ნება დამრთოთ, ეს მოვალეობა დავაკისრო კუზნეცოვს ვატუტინის უშუალო პასუხისმგებლობით.

როცა ვასილევსკის პასუხისაგან სტალინმა ვერაფერი გაიგო, ჰკითხა: _ სად იქნება პირველი გვარდიული არმიის შტაბი _ ლელიუშენკოსთან თუ კუზნეცოვთან?

ვასილევსკიმ კვლავ დაბნეულად მოახსენა სტალინს გვარდიული არმიის განლაგებისა და შტაბის ადგილმდებარეობის კოორდინატები, შემდეგ კი სტალინს სთხოვა, სასწრაფოდ გაეგზავნა კავშირგაბმულობისა და ზურგის მომარაგების სპეციალისტები.

ნერვებმოშლილმა სტალინმა ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ვასილევსკის თითქმის ყვირილით ჰკითხა: _ ბოლოს და ბოლოს, მითხარით, ვინ იქნება მარჯვენა დაჯგუფების სარდალი _ კუზნეცოვი თუ ლელიუშენკო და სად განლაგდება ეს დაჯგუფება!

ვასილევსკის აბდაუბდა საუბრიდან კვლავ რომ ვერაფერი გაარკვია, სტალინმა თვითონ დაიწყო გადაადგილებებზე ლაპარაკი:

ამხანაგო ვასილევსკი, ლელიუშენკო უკვე სარდლობს ფრონტს გერმანელების წინააღმდეგ. მას თავი გაანებე. უკეთესი იქნება, თუ დარჩება თავის ადგილზე მარცხენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი კი გადაიყვანე მარჯვენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი ამით უფრო პროდუქჯტიული იქნება “სატურნის” მომზადებაში.

ვასილევსკი და ვატუტინი: _ ასეც მოვიქცევით, ამხანაგო სტალინ.

სტალინმა “ბოდოს” აპარატთან ვასილევსკის უხმო.

_ ჩაიწერეთ! პირველი _ თქვენი დავალებაა, გააერთიანოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ძალები და ერთად გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. გთხოვთ, ნუ მიედ-მოედებით სხვა საქმეებს, თქვენ მხოლოდ ეს ერთი საქმე გავალიათ; მეორე _ მთელი ავიაცია, ნოვიკოვის ავიაციის ჩათვლით, თქვენს განკარგულებაშია. თქვენი დავალებაა, დაუნდობლად ურტყათ მტერს საბოლოო განადგურებამდე;

მესამე _ თუ საჭირო იქნება, შეიძლება გამოგიყოთ სატანკო კორპუსი თქვენი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად ან “დონცოვის”, ან “ივანოვის” გასამაგრებლად;

მეოთხე _ თქვენ გევალებათ, ყოველდღიურად ჩააბაროთ ანგარიში მთავარსარდლობას “დონცოვისა” და “კუზნეცოვის” მოქმედებათა შესახებ;

მეხუთე _ ხვალ დილით უნდა მომახსენოთ, საჭიროა თუ არა 62-ე არმიის გადაცემა დონის ფრონტისთვის. ხვალვე მითხარით, სად გავგზავნოთ სატანკო კორპუსი. გაქვთ შეკითხვები? ყველაფერი გასაგებია?

ვასილევსკი: _ ყველაფერი გასაგებია.

სტალინი: _ კეთილი, აპარატთან მოვიდეს ვატუტინი. ამხანაგო ვატუტინ, მიიღეთ დავალება.

პირველი _ უნდა უხელმძღვანელოთ ლელიუშენკოსა და რომანენკოს მოქმედებებს. კონკრეტული დავალებაა, მოამზადოთ ოპერაცია “სატურნი”;

მეორე _ ვორონოვი დატოვეთ ფიოდოროვის განკარგულებაში “სატურნის” მოსამზადებლად და ლელიუშენკოს მისახმარებლად;

მესამე _ ფიოდოროვის განკარგულებაში გამოგიგზავნეთ პირველი შერეული ავიაკორპუსი, დღედღეზე კვლავ მიიღებთ კიდევ ერთ ავიაკორპუსს, რომელშიც იქნება გამანადგურებლების დივიზია მოიერიშეებით;

მეოთხე _ თუ მეხუთე მექანიზირებულ კორპუსს მიიღებთ, ეს რომანენკოს განკარგულებაში იქნება?

ვატუტინი: _ გიპასუხებთ. დღევანდელი მდგომარეობით მეხუთე მექანიზებული კორპუსის გაგზავნა რომანენკოსთვის უფრო სამართლიანი იქნება, მაგრამ, თუ მის მიღებამდე მდგომარეობა შეიცვლება და დახმარება დასჭირდება ლელიუშენკოს, ჩვენ ამ საკითხს პრობლემების გარეშე მოვაგვარებთ.

სტალინი: _ ვინ გაანაწილებს იმ მექანიზირებულ კორპუსს, რომელსაც მიიღებთ?

ვატუტინი: _ გვარდიული მექანიზირებული კორპუსი დარჩება ლელიუშენკოს მარცხერნა ფლანგზე,

სტალინი: _ გიმეორებთ: ორივე კორპუსი _ მეხუთე და გვარდიულიც, შეიძლება დარჩეს მარცხენა ფლანგზე ლელიუშენკოსთან, თუ რომანენკოს საბრძოლო რაიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. “სატურნის” წარმატებისთვის თქვენ უმოკლეს დროში მიიღებთ ერთ მექანიზირებულ კორპუსს დამატებით და ერთ სატანკო კორპუსს. ეს იქნება თქვენი რეზერვი.

სასწრაფოდ დასვით კუზნეცოვი ლელიუშენკოს მარჯვენა ფრთაზე პირველ გვარდიულ არმიაში და შეუქმენით ყველა პირობა, რათა იმუშაოს “სატურნის” ოპერაციაზე. ყველაფერი გასაგებია თუ კიდევ დაგრჩათ რამე გასარკვევი?

ვატუტინი: _ ჩვენთან, დიდი ხანია, არ გამოჩენილა საარტილერიო დივიზია, არ ვიცი, რა ხდება.

სტალინი: _ საარტილერიო და საზენიტო დივიზიები უკვე დატვირთულია და ისინი მალე იქნებიან თქვენთან.

ვატუტინი: _ გასაგებია. მე მხოლოდ 3 პოლკი დამრჩა, დანარჩენი გადავეცი 21-ე არმიას. გთხოვთ, თუ საშუალება გექნებათ, გამომიგზავნოთ კიდევ დამატებით 4 პოლკი.

სტალინი: _ თქვენი მოთხოვნები სასწრაფოდ გამოგზავნეთ, მე გამოვნახავ დროს და, თუ ახლა მხოლოდ 2 პოლკს გიგზავნით, ხვალ თქვენს მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებ. გმადლობთ, ნახვამდის”.

ძვირფასო მკითხველო, ეს საუბარი იმიტომ გაგაცანით დაწვრილებით, რომ გააცნობიეროთ, რა ზუსტად იცოდა სტალინმა ომის ყველა წვრილმანი და როგორ გულდასმით აძლევდა დავალებას და იღებდა ინფორმაციას დავალების შესრულების მიმდინარეობაზე.

არავის სამხედრო ნიჭსა და თავდადებას არ ვამცირებ, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილო და შეურაცხმყოფელია ნათქვამი, რომ ომი პარტიამ, კოალიციამ, რუსულმა ზამთარმა და ღვთისმშობლის ხატმა მოიგო. ხატს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ხატი, რომელმაც კაცობრიობა გადაარჩინა, ჯერ არ შექმნილა. ჯერ არ აღვლენილა ლოცვა მის მიმართ, ვინც მართლმადიდებელ მსოფლიოს ქრისტეს საფლავი შემოუნახა, ვინც ქრისტეს რჯული შეინარჩუნა, ვინც ქრისტეს 10 მცნება კონსტიტუციად აქცია და ვინც 30 წლის განმავლობაში კრემლში უფლის მოვალეობას ასრულებდა.

მე აღვწერე სტალინგრადის ბრძოლის ერთი ეპიზოდი, როგორ უმარცვლავს და თავში უდებს სტალინჯი თავის სარდლებს ომის მსვლელობის ყველა მოსალოდნელ სირთულეს და ზღუდეს. მსოფლიოს ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში იმდენჯერ არ მოხსენიებულა რომელიმე ქალაქისა თუ ადგილის სახელწოდება, რამდენჯერაც სტალინგრადის. სტალინგრადის შემოქმედი ხომ, უპირველესად, თვით სტალინია. ვის უჩნდება ეჭვი, რომ სტალინგრადის შემდეგ სტალინს ომი მოგებული არ ჰქონდა, მაგრამ ადამიანის აზროვნება ვერ სწვდება იმ საიდუმლოს, რატომ უნდა გაეყო სტალინის მიერ მოკლული დათვის ტყავი სამ კაცს. ვერც სტალინგრადმა გადაწყვიტა მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა. სტალინმა გაიარა უამრავ წყალქვეშა დინებაში, რათა მოკავშირე მტრად არ ქცეოდა და ინგლის-ამერიკას ზავი არ შეეკრა გერმანიასთან (მტრისგან ყველაფერი მოსალოდნელია).

კურსკის გათავისუფლების აღსანიშნავად წითელ მოედანზე გამართულმა აღლუმმა გაანათა არა მხოლოდ მოსკოვის ცა, არამედ მილიონობით ადამიანის გული და გონება, რომ სტალინი უძლეველი ზე ადამიანია.

1943 წლის 31 დეკემბერი ღვთისა და მის მიერ მოვლენილი არსების პირისპირ შეხვედრის ჯერ გაუაზრებელი და შუცნობელი მოვლენაა. არავინ იცის, კაცი ავიდა ღმერთამდე, თუ ღმერთი დაეშვა ადამიანთან ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს.

ბერიამ ყურმილი ყურთან მიიდო და სწრაფად წამოხტა.

_ გისმენთ, ამხანაგო სტალინ.

_ თუ იცი, მიშა ჭიაურელი მოსკოვშია?

_ დავაზუსტებ და მოგახსენებთ.

…ამხანაგო სტალინ, ჭიაურელი მოსკოვშია და ელის თქვენს ბრძანებას.

_ ბრძანებას როგორ გაკადრებთ, _ ღიმილით მიუგო სტალინმა, მაგრამ თუ შეძლებთ, შენ და მიშა კრემლის ბინაში მეწვიეთ მარტონი, საღამოს 11 საათზე.

“ასეთი კონკრეტული დავალება სტალინისაგან არასოდეს მიმიღია”, _ ფიქრობდა ლავრენტი ბერია, როდესაც 10 საათსა 45 წუთზე მიხეილ ჭიაურელს კარზე მიადგა.

მასპინძელი მხიარულად შეხვდა სტუმრებს. მოკრძალებული სუფრაც დაახვედრა. საუბარიც გულთბილი გამოდგა. სტალინი ენაწყლიანობდა. ყვებოდა თავისი ბავშვობის, სემინარიაში სწავლის, მასწავლებლებისა და გადასახლების ამბებს. მიხეილ ჭიაურელი ოხუნჯობდა, ანეკდოტებს ყვებოდა, არც სტალინი ჩამორჩებოდა მიშას.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინთან სტუმრობა მოსაწყენი არასოდეს ყოფილა, დრო თითქოს ნელა გადიოდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფანჯარაში რძისფერი შენიშნა, სტალინმა მოკრძალებულად წარმოთქვა, ხომ არ დავიშალოთო.

“მასპინძელმა კარებამდე გამოგვაცილა, კარგ განწყობაზე იყო. დერეფანში ბერია დაწინაურდა, მე კი სტალინმა ხელკავი გამომდო და კარში ისე გამოვედით. ვიგრძენი, ჯიბეში რაღაცამ გაიფათურა, მაგრამ გვედით გახედვა ვერ გავბედე, _ ყვებოდა შემდეგ მიხეილ ჭიაურელი. _ გარეთ გამოვედით. რადგან ბერიასთან ერთად ჩამოვდიოდი კიბეზე, ვერც მაშინ გავბედე ჯიბეში ხელის ჩაყოფა, რათა გამეგო, რა ხდებოდა ჩემი პალტოს ჯიბეში. ასე მიმაცილა ბერიამ სახლის კიბემდე.

ბინაში შესული არ ვიყავი, რომ ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ამოვიღე ხელსახოცში გახვეული მრგვალი რამ. საგულდაგულოდ გახვეული მრგვალი მასა სახვევებიდან გამოვარჩიე და ხელში შემრჩა წითლად შეღებილი კვერცხი რომელზეც სტალინისავე ხელით იყო დაწერილი “სნოვიმ გოდომ”.

გაკვირვებული მიხეილ ჭიაურელი ვერაფრით მიხვდა, რას ნიშნავდა ან ღამის თევა, ან ამ საჩუქრის მიღება, მაგრამ იფიქრა, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ისტორიისთვის. მიშას ხომ ამგვარი საჩუქარი აღდგომასაც ჰქონდა მიღებული სტალინისაგან, მაგრამ მაშინ ეს ადვილად ახსნა: სტალინმა შეგნებულად გაათენა მასთან ღამე და ამით მეტანიობაც შეასრულა და წითელი კვერცხითაც დაასაჩუქრა, მაგრამ მისთვის გამოუცნობი იყო საახალწლოდ წითელი კვერცხის ჩუქება და საახალწლო ღამის თევა.

1944 წლის 1 იანვრიდან სტალინი რეგულარულად ამუშავებდა სამხედრო შენაერთ “ჩრდილოეთის” სამოქმედო რუკას, შეჰქონდა შესწორებები და სხვადასხვა მიმართულებას აძლევდა შემადგენლობებს. 1 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით სტალინმა 7-ჯერ გამოცვალა “ჩრდილოეთის” დაჯგუფების რუკები, რადგან დამუშავებისგან მიმართულებათა მაჩვენებელი ხაზები ერთმანეთს დააჯდა.

მიიწურა ძველით დეკემბერი და 14 იანვარს ახალი წელი ძალაში შედიოდა, რომ ვოლხოვის ფრონტმა იქუხა და მოწინააღმდეგის გამაგრებული პლაცდარმი ცაში ავარდა. სამწლიან ალყაში მოქცეული ქალაქი ლენინგრადი სულს ითქვამდა, მაგრამ სულს ღაფავდნენ ფაშისტური გერმანიის არმიები, რომლებსაც ალყა ჰქონდა შემორტყმული ლენინგრადისთვის _ სისხლის მდინარეები უერთდებოდა ნევის ნაპირებს.

27 იანვარს სტალინმა ბრძანება გასცა, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვს გამარჯვების სალუტით აღენიშნა ლენინგრადის განთავისუფლება გერმანელი დამპყრობლებისაგან.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. ყოჩაღ ბატონო გრიგოლ, ბრწყინვალე სტატია არის და მინდა ხაზი გავუსვა, თქვენი ღირსების სიამაყეს, ლამაზად და ჭეშმარიტი სიყვარულით შეამკეთ, ეს განუმეორებელი -ადამიანი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი-სტალინი! უმრავლესობა ვერც კი შეამჩნევს, იმ ამაღლებულ ჭეშმარიტებას, მაგრამ ზოგზოგიერთების თვალს არ გამოეპარება, პირადად თქვენგან, სრულიად დამსახურებული ამაღლების განსხვავება. რამეთუ ადამიანი პროცესში, ცხოველების ერთერთი სახეობა და ის, მხოლოდ ამაღლების პროცესში იქცევა ჭეშმარიტ -ადამიანად!

    უღრმესი მადლობა, ბატონო გრიგოლ, სიცოცხლის სიყვარული, უფალმა გაგიხანგძლივოთ! … მადლობაააა!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Zaali lazi Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here