Home რუბრიკები პოლიტიკა სომხეთი: დემოკრატია თუ ოხლოკრატია?

სომხეთი: დემოკრატია თუ ოხლოკრატია?

1286
სომხეთი: დემოკრატია თუ ოხლოკრატია?

ერევანში ისევ მიტინგებია. პარადოქსულია, მაგრამ საპროტესტო აქციებს სათავეში მოქმედი პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უდგას. რატომ გავიდნენ მისი მომხრეები ქუჩაში? რას მოუტანს კრიზისის ახალირაუნდისომხეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს?

როდესაც გაზაფხულზე სომხეთში ხავერდოვანი გადატრიალება მოხდა და აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა, პარლამენტის ახალი არჩევნები არ დანიშნულა; ადგილების დიდ ნაწილს იქ ისევ ძველი ხელმძღვანელის, სერჟ სარქისიანის, რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს. საქართველოში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ დაუყონებლივ გადაწყვიტა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი (პროპორციული სიებით. მაჟორიტარებს არ შეხებიან), მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ პარლამენტის მყისიერი დაშლა ზედმეტად რადიკალური იქნებოდა და ამას როგორც საზღვარგარეთ, ისე სომხეთში ყველა როდი მოიწონებდა. პარლამენტის “იძულება დაშლისადმი” მომიტინგეთა მიერ, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა არაერთ კანონდარღვევას და, სავარაუდოდ, კონსტიტუციის უგულებელყოფასაც კი, ამიტომ ფაშინიანმა საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე თვით გადადო.

სექტემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ფაშინიანის ბლოკმა “ჩემმა ნაბიჯმა” ერევნის საკრებულოს არჩევნებში ლამის ტოტალურ გამარჯვებას მიაღწია (ხმათა 81% _ ეს შედეგი მით უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ქვეყნის ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს), ის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე ალაპარაკდა, რომელიც, მისი აზრით, წლის ბოლომდე უნდა გამართულიყო. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სასურველია, არჩევნების გამართვა 2022-ში, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუმცა, პრინციპში, თანახმანი იყვნენ, რომ არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე გამართულიყო.

ფაშინიანი პრემიერის თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტი 14 დღის ვადაში მის შემცვლელს ვერ აირჩევდა, ის, კანონის თანახმად, დაიშლებოდა და დაინიშნებოდა ახალი არჩევნები. იგულისხმებოდა, რომ “ქუჩის” ზეწოლა უზრუნველყოფდა იმას, რომ პარლამენტარები ამ სცენარს არ გადაუხვევდნენ და მოულოდნელად სხვა პრემიერს არ აირჩევდნენ, მაგრამ სანამ ნიკოლ ფაშინიანი და პარლამენტის ხელმძღვანელები კამათობდნენ იმაზე _ წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს არჩევნები თუ გაზაფხულზე, დეპუტატებმა მიიღეს შესწორება რეგლამენტში, რომელმაც ვითარება ფრიად გაართულა.

ამ შესწორების თანახმად, სხდომა, რომელზეც საკითხის განხილვა არ შედგება საგანგებო გარემოების ან დარბაზში დეპუტატების არმოხვედრის გამო (მაგალითად, შენობასთან გამართული მიტინგების მიმდინარეობისას), ჩაითვლება შეწყვეტილად და არა ჩაშლილად. შესაბამისად, დეპუტატებს შესაძლებლობა მიეცემათ, უსასრულოდ გაწელონ ახალი პრემიერის არჩევის (უფრო სწორად _ არარჩევის) პროცესი ისე, რომ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა არ ამოწურონ.

ხმა ამ შესწორებას არა მხოლოდ “რესპუბლიკური პარტიის”, არამედ “დაშნაკცუტიუნის” და “აყვავებული სომხეთის” დეპუტატებმაც მისცეს _ ეს პოლიტიკური ძალები თანამშრომლობდნენ ფაშინიანთან ხელისუფლების გადაბარების პროცესში და მის მთავრობაში საკუთარი წარმომადგენლებიც ჰყავდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ხმა შესწორებებს მისცეს, ფაშინიანმა ამ პარტიების წარმომადგენელი მინისტრები და გუბერნატორები გადააყენა, განვითარებულ პროცესს “კონტრრევოლუცია” უწოდა და მომხრეებს მოუწოდა, პარლამენტთან შეკრებილიყვნენ.

პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა სკანდალურ საკანონმდებლო ცვლილებებს 21 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, თუ ამას არ გააკეთებს, ისინი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა (5 დღის ვადაში). არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი _ პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა მან დაადგინოს კანონპროექტის შესაბამისობა კონსტიტუციასთან. ის, რომ ვითარება ძალიან ბუნდოვანია, ექსპერტების კომენტარებიდანაც ჩანს. კონსტიტუციონალისტი ვარდან აივაზიანი ამბობს, რომ შესწორებები არსებითად ანტიკონსტიტუციურია, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ ისინი ტექნიკურ ხასიათს ატარებენ და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მათ ანტიკონსტიტუციურად ვერ გამოაცხადებს.

2 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმა ხელში აიღო მეგაფონი და სათავეში ჩაუდგა მრავალათასიან აქციას პარლამენტთან. როდესაც მან შენობაში მოლაპარაკებებზე შესვლა დააპირა, მასთან ერთად პარლამენტის პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიჭრა, რომელთაც გზა გადაუღობეს დაცვის თანამშრომლებმა და დეპუტატების ნაწილმა. საბედნიეროდ, ხმაურიანი გაწევ-გამოწევის შემდეგ, ეს სიტუაცია გართულების გარეშე განიმუხტა.

თუ ქართულ გამოცდილებას გავიხსენებთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ფაშინიანი “სააკაშვილიზაციის” გზას დაადგა, ხელისუფლების ყველა შტოს გაკონტროლებისკენ მიისწრაფვის და ამავე დროს იოლად ემშვიდობება მოკავშირეებს, რომლებმაც ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული პოზიცია გამოხატეს (მინისტრების გადაყენების ეპიზოდი). პოლიტიკურ წინააღმდეგობას ის მომიტინგეთა აბობოქრებულ მასას უპირისპირებს. ეს ძალიან წონადი რესურსია, მაგრამ რამდენ ხანს შეძლებს ნიკოლ ფაშინიანი მის გამოყენებას?

ხელისუფლებაში მოსვლიდან ვიდრე დღემდე მას არც ერთი სისტემური რეფორმა არ დაუწყია, თუმცა საკმაოდ აქტიურად დაუპირისპირდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი მეთაურის ახლო ნათესავებს, და მიაღწია ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, დაპატიმრებას (თუმცა შემდგომ სასამართლომ ის პატიმრობიდან გაათავისუფლა; იურისტების ჭიდილი ამ საკითხის გარშემო გრძელდება). საქართველოში, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებას მიესალმებოდა, თუმცა ეს დამოკიდებულება თანდათან შეიცვალა. შესაძლოა, იმიტომ, რომ მოქალაქეებმა დაინახეს, რომ ხელისუფლება ზედმეტად ხისტად მოქმედებს და კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფს, ამასთანავე, ისინი უფრო აქტუალურ პრობლემებზე გადაერთნენ. სომხეთში, ეს სტადია, როგორც ჩანს, არ დასრულებულა.

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რამდენად მოახერხებს ნიკოლ ფაშინიანი რადიკალური რეფორმების გატარებას მაშინ, როდესაც მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა პარლამენტმა შეიძლება მათი ტორპედირება დაიწყოს?

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ეტაპია. დღესდღეობით ფაშინიანს აქვს შესაძლებლობა, ყველაფერი “კონტრრევოლუციასა” და “ძველი რეჟიმის გადმონაშთებს” გადააბრალოს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური ბლოკის “ჩემი ნაბიჯის” გამარჯვების შემდეგ, რაშიც ეჭვი თითქმის არავის ეპარება, პასუხისმგებლობა პრობლემების გადაწყვეტაზე, ყარაბაღიდან დაწყებული და უმუშევრობით დამთავრებული, სწორედ მას დაეკისრება.

საქართველოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაცნაციონალურმა მოძრაობამკონტროლი ხელისუფლების ყველა შტოზე დაამყარა და მთელი პასუხისმგებლობაც მას დაეკისრა, სააკაშვილი მუდამ ეძებდა მას, ვისთვისაც შეეძლო პრობლემების გაჩენა დაებრალებინა. მუდამ სჭირდებოდამტრის სახედა ამან ხელი შეუწყო საზოგადოების გახლეჩას.

გამორიცხული არაა, რომ ნიკოლ ფაშინიანიც ამ გზით წავა, დაუსრულებელი საუბარი “კონტრრევოლუციონერებზე” სწორედ ამაზე მიანიშნებს, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილის დარაზმვა მეორის (“ჩასარეცხების”) წინააღმდეგ სომხეთისთვის შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს, ვინაიდან ეს ქვეყანა ყარაბაღის ომის შემდეგ უმწვავესი სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების წინაშე დგას.

“ცივი ომი” პრემიერმინისტრსა და პარლამენტს შორის არა მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ რისკებს, არამედ შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შექმნას. სომხეთის დედაქალაქის ყოფილი მერი, ეკონომისტი ვააგნ ხაჩატრიანი აცხადებს, რომ “გარემო, რომელშიც ინვესტორები იმუშავებენ, სტაბილური უნდა იყოს. სომხეთში სისტემური ცვლილებები მოხდა, რომელიც ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს. სანამ ფინალი არ არსებობს, ბიზნესს მუდმივად კითხვები გაუჩნდება”, _ განუცხადა მან “სპუტნიკ-არმენიას”.

“ლოგიკურ ფინალს” ექსპერტების უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის მიერ საკანონმდებლო ხელისუფლების დამორჩილებაში ხედავს, მაგრამ გაცილებით საინტერესო ხაჩატრიანის მიერ ნახსენები “სისტემური ცვლილებებია”, მათზე საუბრისას, ცხადია, მხოლოდ საკადრო გადაადგილებები ან გავლენის სფეროების გადანაწილება უნდა ვიგულისხმოთ.

ფაშინიანმა ქვეყნის მართვის პროცესში ოხლოკრატიის, ანუ ბრბოს მმართველობის ელემენტი შეიტანა. საზოგადოება ნელნელა მიეჩვია სიტუაციას, როდესაც დეპუტატებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მუშაობა მომიტინგეთა ზეწოლის პირობებში უწევთ და ამ სიტუაციას იმით ამართლებს, რომ ისინი ძველ, დრომოჭმულ რეჟიმს წარმოადგენენ. ეს ვითარება თანდათან აყალიბებს მმართველობის სტილს და პოლიტიკური კულტურის ნაწილი ხდება. ნიკოლ ფაშინიანი მრავალათასიან მიტინგს ინსტრუმენტად განიხილავს და კონფლიქტურ სიტუაციაში მას უყოყმანოდ იყენებს, რამაც შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას სომხურ სახელმწიფოს და ჩანასახოვან დემოკრატიას. ერთია, როდესაც ხალხმრავალი აქცია ხელისუფლების შეცვლის პერიოდში დროის მცირე მონაკვეთში გამოიყენება, და სულ სხვაა, როდესაც თვეების განმავლობაში მოქალაქეები ხედავენ, რომ მიტინგი ქვეყანაში უმაღლესი ინსტანციაა, რომ მის მონაწილეებს შეუძლიათ, დააშინონ დეპუტატები და სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები, მაგალითად, დარბაზში შეჭრის მუქარით, როგორც ეს 2 ოქტომბერს მოხდა.

იმედია, ეს ცვლილებები მეზობელი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დროებითია და პათოლოგიურ ხასიათს არ შეიძენს, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი ცდუნებას გაუძლებს და “სააკაშვილიზაციისა” და სასტიკი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების გზას არ დაადგება.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here