Home რუბრიკები საზოგადოება სიძე მურტალი ნათესავია

სიძე მურტალი ნათესავია

1342
მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა, რომელიც სწორედ მეუფე დიმიტრის ეპარქიაში მსახურობდა წლების განმავლობაში.

მეუფის თქმით, შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში მსჯავრდადებული თავს ცუდად გრძნობს და მიიჩნევს, რომ რეზონანსული საქმე საპატრიარქოსა და მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ შეხვედრის შესახებ პატრიარქი ინფორმირებული იყო. როგორც მეუფემ თქვა, ილია მეორე გიორგი მამალაძის საქმეზე გაორებულ მდგომარეობაშია. მეუფემ იმედი გამოთქვა, რომ “ციანიდის საქმეს” აუცილებლად მოეფინება ნათელი, რადგან “არა არს დაფარული”…

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა დეკანოზთან შეხვედრის დეტალებზე, თუმცა საზოგადოებას ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის შემდეგ ყველაზე მეტად მეუფე დიმიტრის ერთმა ფრაზამ მოსჭრა ყური: “ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა!”. რთული სათქმელია, რას გულისხმობდა მეუფე ამ სიტყვებს მიღმა და რატომ იქცა მისთვის თავსატეხად “მწვანე ბერეტის” სიძეობა. ფაქტია, რომ ოხანაშვილის გვარი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტშია მოხსენიებული “ციანიდის საქმეში” და არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო დიდ თავსატეხად იქცეს პატრიარქის ძმისშვილის ოჯახისთვის.

კახეთში ხუმრობენ ხოლმე, სიძე მურტალი ნათესავიაო, მართალია, იუმორით გამორჩეული კახელებისთვის ეს მხოლოდ სახუმარო თემაა, მაგრამ მეუფე დიმიტრისთვის ამერიკის სპეციალურ ქვედანაყოფში გაწვრთნილი “მწვანე ბერეტის” “მურტალი ნათესაობა” სახუმარო ნამდვილად არ უნდა იყოს…

მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოსო ოხანაშვილთან ხშირად ჰქონია უხეში საუბარი და უწმინდესის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც დღეს ყვეყანაში არ იმყოფება, ასე დაახასიათა:

ოხანაშვილი

“ოხ, ეს ოხანაშვილი, თავსატეხად მექცა მისი სიძეობა. ის არის ზრდასრული ადამიანი, დამოუკიდებელი, თვითნება, თვითმარქვია. ჩვენ ვინც გვიცნობს და იცის ჩვენი ურთიერთობა, ხშირად გვქონია არასასიამოვნო საუბრები მის უხეშობაზე ადამიანების მიმართ, ეს მღვდელმთავარი იყო თუ სასულიერო პირები, სახალხოდაც, რაზეც მეუბნებოდა, მე სამსახური მაქვს ასეთიო… მე ვესაუბრე ბოლოს მას სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. ვესაუბრე და ის მეუბნება, რომ ამას მე ვერაფრით ვერ გავავრცელებდი, იმიტომ, რომ მე ვარ უცხოეთში და გარკვეულწილად მოთხოვეთ პასუხი იმას, ვინც სასამართლოდან გამოიტანა ეს ჩემი სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება. ამბობს, სასამართლოზე კითხვა დამისვეს, პასუხი გავეცი და ეს გამოააშკარავესო. მართალი გითხრათ, მეც ცოტა გაოცებული ვარ, რა კავშირშია პატიმრების შეწყალების საკითხი, მჩხიბავობის საკითხი და ციანიდის საკითხი, ვერ ვაკავშირებ ვერაფრით”, _ განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

კითხვაზე _ სად იმყოფება სოსო ოხანაშვილი, მეუფე დიმიტრიმ უპასუხა: “სოსო არის ასე, მოროჭიკე ბერივით, მოგზაურობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რუსეთშიც არის, უკრაინაშიც არი. ასე რომ, რომ გითხრათ, ძალიან ახლო, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, ასე არ არის. რამდენჯერმე ვესაუბრე და ჩემი მხრიდან ეს უფრო იყო, რომ მას გამოეჩინა მეტი გონიერება და ის მეუბნება, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ”… როგორც მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, ოხანაშვილი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, მათ შორის უკრაინაშიც. აქ განსაკუთრებული თითქოს არაფერია, მაგრამ პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის თანამზრახველად მოიხსენიებენ და საპატრიარქოში მას “ნაციონალური მოძრაობის”, კერძოდ, სააკაშვილ-ახალაიების მიერ ჩანერგილ აგენტს უწოდებენ. ისინი, ასევე, ამბობენ, რომ სააკაშვილი სწორედ ოხანაშვილის ხელით აკონტროლებდა საპატრიარქოში ვითარებას და “ციანიდის საქმეც” სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო გადატრიალებით უნდა დასრულებულიყო. მართალია, ეს ოხანაშვილის ოპონენტებისა და მოწინააღმდეგეების მოსაზრებებია, რომლებსაც დამტკიცება სჭირდება, მაგრამ, საკითხავია, უკრაინაში ვის სტუმრობდა ოხანაშვილი? ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი ტარას შავშიშვილის სკანდალურ ინტერვიუსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შავშიშვილმა უცნაურ რაღაცებზე ისაუბრა: “ბოლო გადაცემა, ტარას შავშიშვილის გადაცემა, რომელიც ვნახე და გამაოგნა, ამ ადამიანის რაღაც უცნაურმა საუბარმა, პატრიარქს რაღაც ქამარი აქვს, ამ ქამარზე _ გასაღები, გასაღები სეიფს აღებს და ამ სეიფზე მხოლოდ სოსოს მიუწვდებოდა ხელი და იქ არის ანდერძი, რაღაც უცნაური რაღაცები, რაც მე ზღაპრებში წამიკითხია. ეს იმდენად სასაცილო რამეა ანდერძთან დაკავშირებით, იმდენად მოგონილი თემაა, არ ვიცი, რა გითხრათ. პატრიარქი ტოვებს ანდერძს და ეს არის მისი ერთი ხმა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი. გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ხდება მოსაყდრის არჩევა, ეს მოსაყდრე, რომელმაც უნდა მოიწვიოს კრება ახალი პატრიარქის ასარჩევად და მიწას მიაბაროს გარდაცვლილი. ეს არის სულ მისი ფუნქცია, მისი მოვალეობა”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here