Home რუბრიკები საზოგადოება სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

სიმინდის მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგია

4107
სიმინდი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

ბოლო 600 წლის განმავლობაში სიმინდის ნათესი ფართობი და მოსავლიანობა ისე გაიზარდა, რომ ამჟამად მას ნათესი ფართობის მიხედვით, ხორბლის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში, ხოლო საერთო მოსავლის მიხედვით _ პირველი. საქართველოში მინდვრის კულტურებს შორის სიმინდს ბადალი არ ჰყავს. სიმინდის მარცვლისა და მისი სხვა ნაწილების ტექნოლოგიური გადამუშავებით იღებენ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

საქართველოში სიმინდი გამოიყენება, როგორც ადამიანის, ისე შინაური ცხოველების საკვებად. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის იგი ერთ-ერთი ძირითადი საკვები კულტურაა. ადამიანის საზრდოდ გამოსაყენებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიმინდის ადგილობრივ ჯიშებს და მათ საფუძველზე გამოყვანილ ჰიბრიდებს, რომელთა მარცვალი თავისი ქიმიური შემადგენლობით მკვეთრად განსხვავდება შემოტანილი ჯიშებისა და ჰიბრიდებისგან.

სიმინდის ქართული ჯიშების დახასიათება

აბაშური ყვითელი ადგილობრივი საგვიანო ჯიშია; თესვიდან სრულ სიმწიფემდე 130-136 დღე სჭირდება. გასავრცელებლად დაშვებულია 1938 წლიდან.

სიმაღლით 240-320 სმ-ია; მარცვალი _ მუქი ყვითელი, ნახევრად კბილა და კბილა ტიპის; 1000 მარცვლის მასა 350-450 გრამია.

აბაშური ადგილობრივი თეთრი ნახევრად კბილა საგვიანო ჯიშია; სავეგეტაციო დღეთა რაოდენობა _ 135-155; ძირითადად, ტენით უზრუნველყოფილ რაიონებშია გავრცელებული;

მარცვლის საშუალო მოსავალი ჰექტარზე 24-32 ცენტნერია, ხელსაყრელ პირობებში _ 40 ცენტნერზე მეტიც. სასილოსე მასა _ 350-400ც/ჰა, გასავრცელებლად დაშვებულია 1947 წლიდან. სიმაღლით 250-320 სმ-ია; მარცვალი _ თეთრი, დიდი და ბრტყელი; 1000 მარცვლის მასა 400-500 გრამია.

აჯამეთის თეთრი. სასელექციო სადგურის მიერ გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიში; სავეგეტაციო დღეთა რაოდენობა უდრის 140-152-ს. ჭარბტენიან რაიონებში ყვითელმარცვლიან ჯიშებთან შედარებით უხვმოსავლიანია; გავრცელებულია დასავლეთ საქარღველოს დაბლობ ზოლში აბაშურ ყვითელთან ერთად, მაგრამ მისი არეალი უფრო ფართოა და გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოშიც _ ალაზნის გაღმა მხარეს. გასავრცელებლად დაშვებულია 1938 წლიდან. მცენარე სიმაღლით 230-300 სმ-ია; 1000 მარცვლის მასა _ 350-500 გრამი.

გეგუთური ყვითელი. გამოვლენილი და გაუმჯობესებულია ქუთაისის რაიონში (გეგუთში); საგვიანო ჯიშია; აღმოცენებიდან სიმწიფემდე 130-135 დღე სჭირდება; ჯიში კარგია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ტენიანი რაიონებისთვის. მცენარის სიმაღლე 180-250 სმ; ტარო შედარებით დიდია, ოდნავ კონუსური; 1000 მარცვლის მასა 400-500 გრამია.

იმერული ჰიბრიდი გამოყვანილია პროფესორ ლ. დეკაპრელევიჩის მიერ, ქუთაისის ბუნებრივი ჰიბრიდიდან მასობრივი შერჩევის გზით; საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი ადგილმდებარეობის მიხედვით 140-150 და ზოგჯერ 160 დღემდე გრძელდება, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით; ფქვილის ხარისხის მიხედვით საუკეთესო სასურსათო ჯიშია; როგორც საკვებ-სასილოსე ჯიში გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ მიწებზე. გასავრცელებლად დაშვებულია 1931 წლიდან. მცენარე სიმაღლით 3 მეტრამდე აღწევს; ტარო გრძელი (20-24 სმ) აქვს, ოდნავ კონუსური, მარცვალი _ ყვითელი, თავგადალესილი, 1000 მარცვლის მასა 310-330 გრამია.

ქართული კრუგი გამოყვანილია სასელექციო სადგურის მიერ, საგვიანო ჯიშია, აღმოცენებიდან სიმწიფემდე 132-136 დღე სჭირდება. აღმოსავლეთ საქართველოში (მორწყვისას) იძლევა უხვ მოსავალს.

გასავრცელებლად დაშვებულია 1949 წლიდან. მცენარის სიმაღლე 240-320 სმ-ია, ტარო დიდი ზომისაა, თითქმის ცილინდრული; მარცვლის წვერი ღია ყვითელია (უფრო ნათელი), დანარჩენი ნაწილი კი ყვითელი_პრიალა ზედაპირით. 1000 მარცვლის მასა უდრის 360-420 გრამს.

ადგილობრივი ყვითელი კაჟოვანა ძველი ადგილობრივი საადრეო ჯიშია ტიპური კაჟა სიმინდის ჯგუფიდან; თესვიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 110-120 დღე; საკმაოდ გვალვაამტანია, მოსავლიანობა 20-30 ცენტნერს აღწევს ჰექტარზე. გასავრცელებლად დაშვებულია 1940 წლიდან. მცენარე სიმაღლით 130-160 სმ-ია; ტარო (11-15 სმ), მკვეთრად გამოხატული კონუსური ფორმით, მარცვალი ყვითელია, 1000 მარცვლის წონა 210-330 გრამია.

ადგილობრივი თეთრი კაჟოვანა წარმოადგენს ძველ ადგილობრივ ჯიშს, კაჟა სიმინდის ჯგუფიდან; უფრო საგვიანოა, ვიდრე კაჟოვანა ყვითელი და სრული შემოსვლისათვის საჭიროებს 114-122 დღეს; მოსავლიანობით საშუალოა, მაგრამ მერყევი, მაქსიმუმი (ცალკე წლებში) აღწევს 20-23 ცენტნერამდე ჰექტარზე.

გასავრცელებლად დაშვებულია 1933 წლიდან. მარცვალი თეთრია, თავგადალესილი, ბრჭყვიალა; 1000 მარცვლის წონა უდრის 290-330 გრამს;

პაპალაშვილი-3 გამოყვანილია მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ პროფ. პაპალაშვილის მრავალტაროიან-მრავალღეროიანი თეთრიდან ინდივიდუალური და მასობრივი გამორჩევის გზით. მცენარე 310-350 სმ-ია; ტარო _ საშუალო სიდიდის სუსტი კონუსისებური, 1000 მარცვლის მასა 330 გ, სავეგეტაციო დღეეები აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 140-145-ია. პაპალაშვილი-3 გასავრცელებლად დაშვებულია 1986 წლიდან, სასილოსედ.

სიმინდის ქართული ჰიბრიდები

ივერია 503 ინტენსიური ტიპის უნივერსალური მიმართულების ჰიბრიდია. მაღალმოსავლიანი, როგორც სამარცვლედ ისე სასილოსედ. გასავრცელებლად დაშვებულია 1971 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს დაბლობი რაიონებისათვის. მარცვლის საშუალო საჰექტარო მოსავალი 114 ცენტნერია. მცენარე მაღალტანიანია _ 270-330 სმ. ტარო დიდი ზომისაა _ 18-26 სმ. ტაროს წონა 350-400 გრამია, მარცვალი ნახევრადკბილა. თეთრი. მარცვალში ცილის შემცველობა 11,2% აღწევს. აჯამეთის თეთრთან და აბაშურ ყვითელთან შედარებით მეტი რაოდენობით ლიზინს შეიცავს. ამიტომ მისი ფქვილი უფრო ხარისხიანია. საგვიანოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 140-145 დღე.

ქართული 9 პირველი ქართული მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდია. გამოყვანილია მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში. ჰიბრიდი საადრეოა, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 105-110 დღე, მგრძნობიარეა სითბოს, განოყიერებისა და მორწყვისადმი. მარცვლის პოტენციური მოსავლიანობა 100 ცენტნერია ჰექტარზე; მისი მოყვანა როგორც სამარცვლედ, ასევე სასილოსედ და სანაწვერალოდ შეიძლება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს როგორც დაბლობ სარწყავ პირობებში, ასევე ურწყავ და შემაღლებულ ზონაში. ქართული 9 ნაწვერალზე 20 ივნისამდე თესვის პირობებში 4,5-5,5 ტ მარცვალს და 350-500 ც მწვანე მასას იძლევა ჰექტარზე.

ქართული 52 მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდია გამოყვანილი მიწათმოქმედების ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურში

ქართული 52 არის პირველი სასურსათო ჰიბრიდი და მათ შორის მარტივი ხაზთაშორისი, რომელიც გასავრცელებლად დაშვებულია 1981 წელს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში.

ჰიბრიდი ენგური გამოყვანილია მიწათმოქმედების ს/კ ინსტიტუტის გენეტიკის სექტორისა და მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. არის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი, მარცვალი ყვითელი, კბილა, 1000 მარცვლის მასა 300 გრ;

საშუალო-საგვიანო ვეგეტაციისაა. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 123-136 დღე. არის მაღალმოსავლიანი, საცდელ ნაკვეთებში იძლევა 120-130 ც/ჰა-ზე მოსავალს. სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე საშუალოდ მიღებული იყო 76,5 ც/ჰა მარცვალი და ყველა ზონაში შესადარებელ ჯიშებსა და ჰიბრიდებს აჯობა საშუალოდ 41%-ით.

ჰიბრიდი ივერია 70 მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდია. გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. მარცვალი ყვითელი, მსხვილი. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალი _ 7-9 ტ/ჰა, გასავრცელებლად დაშვებულია 1994 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს ტენით უზრუნველყოფილი დაბლობი რაიონებისათვის.

ჰიბრიდი წეროვანი 1 გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში. მარცვალი ყვითელი, მსხვილი, მცენარე მაღალმოზარდი, სიმაღლე 270-300 სმ.; აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე საჭიროა 126 დღე. მარცვლის მოსავალი მაღალ აგროფონზე შეადგენს 7-9 ტ/ჰა-ზე. დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან, აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და ქვემო იმერეთის რაიონებისთვის.

ჰიბრიდი წეროვანი 2 გამოყვანილია მიწათმოქმედების ინსტიტუტში. მარცვალი ყვითელი, მსხვილი აქვს. ბუშტოვანი გუდაფშუტით ნაკლებად ავადდება, საშუალო ვეგეტაციის, აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 118 დღე. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალი შეადგენს ჰექტარზე 6-7 ტონას. დაშვებულია გასავრცელებლად 2003 წლიდან.

ჰიბრიდი მცხეთა-1 გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ. მარცვალი _ ნარინჯისფერი, მსხვილი; 1000 მარცვლის მასა 340 გრ. გამძლეა ჩაწოლის მიმართ, ბუშტოვანი გუდაფშუტით ნაკლებად ავადდება, საშუალო საგვიანო. აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 129 დღე.

ჰიბრიდი წილკანი-1-ის მარცვალი ყვითელი და მსხვილია, ტარო – დიდი ზომის; სავეგეტაციო პერიოდი სრულ სიმწიფემდე 115 დღეა. ნორმალურ აგროფონზე მარცვლის მოსავალი _ 9-10 ტ/ჰა; არის უნივერსალური მიმართულების, როგორც სასურსათოდ, ასევე საფურაჟედ. რეკომენდებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმინდის მწარმოებელი რაიონებისთვის.

ჰიბრიდი წილკანი-2 გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში. მარცვალი _ ყვითელი, სავეგეტაციო პერიოდი სრულ სიმწიფემდე 110-115 დღეა. ნორმალურ აგროფონზე მარცვლის მოსავალი 8-9 ტ/ჰა. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს როგორც სარწყავი, ისე ურწყავი პირობებისთვის.

სინთეტიკური ჯიშიბექა გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში. ნარინჯისფერი კაჟა, გამძლეა დაავადებებისადმი. საშუალო ვეგეტაციის, სრულ სიმწიფემდე სჭირდება 112 დღე. მაღალ აგროფონზე მარცვლის მოსავალი _ 6-7 ტ/ჰა-ზე რეკომენდებულია სიმინდის მთესველ რაიონებში გასავრცელებლად.

ჰიბრიდისაბა გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში, გამძლეა მავნებლების მიმართ, მარცვალი ნახევრად კბილა, ყვითელი, სრულ სიმწიფემდე სჭირდება 130 დღე. მარცვლის პოტენციური მოსავალი შეადგენს 14-16 ტ/ჰექტარზე. რეკომენდებულია აღმოსავლეთს საქართველოს სარწყავ რაიონებში გასავრცელებლად _ სამარცვლედ, საფურაჟედ და სასურსათოდ.

ჰიბრიდიკახურა გამოყვანილია მცხეთის სასელექციო სადგურში. მარცვალი თეთრია, ტარო _ დიდი ზომის, გამძლეა დაავადება-მავნებლების მიმართ. არის საშუალო საგვიანო. ნორმალურ აგროფონზე მარცვლის მოსავალი შეადგენს 14-16 ტ/ჰა-ზე. არის უნივერსალური _ როგორც სასურსათე, ისე საფურაჟე. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი და დასავლეთ საქართველოს ტენით უზრუნველყოფილი ზონებისთვის.

 სიმინდის ადგილი თესლბრუნვაში

სიმინდი სხვა მარცვლეულ კულტურებთან შედარებით უფრო ეგუება ერთსა და იმავე ნაკვეთზე ზედიზედ თესვას, თუმცა ასეთ პირობებში ხანგრძლივი თესვისას უფრო ნაკლებ მოსავალს იძლევა, ვიდრე თესლბრუნვაში. დასავლეთ საქართველოს დაბლობებში, სადაც თავთავიანი პურეული და ბაღჩეული კულტურები არ ითესება, სიმინდი უნდა დაითესოს მინდვრის მოხვნის პირველ წელს და შემდეგ 4-5 წლის განმავლობაში ზედიზედ უნდა დაითესოს ლობიოსა და სოიოს მორიგეობით შეთესვით. ფართობებზე, სადაც ხორბალი და ქერი ითესება, ბალახების კორდის მოხვნის პირველ წელს უნდა დაითესოს ხორბალი, ხოლო შემდეგ ნახორბლარი დაიკავოს სიმინდმა.

თესლბრუნვაში სიმინდის გაადგილებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ვერ ეგუება დამლაშებულ და ბიცობიან ნიადაგებს, ასევე, დამღუპველად მოქმედებს მასზე ნიადაგის ჭარბტენიანობა და განსაკუთრებით ზრდა-განვითარების ადრეულ საფეხურზე ნიადაგის ზედაპირზე წყლის დაგროვება, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის მოსწორებას და ზედმეტი წყლის დასაწრეტად საჭირო ღონისძიებების გატარებას.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ოთარ ლიპარტელიანი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here