Home რუბრიკები საზოგადოება სიმართლე 2008 წლის ომზე

სიმართლე 2008 წლის ომზე

რაზე ისაუბრა სააკაშვილმა პრეზიდენტ ბუშთან 12 აგვისტოს

2008
სააკაშვილი

ცხინვალიდან გამოგდებულმა, დამარცხებით შეშფოთებულმა სააკაშვილმა, სატელეფონო საუბარში, რომელიც ტელეეკრანიდან ათიათასობით ქართველმა მაყურებელმა მოისმინა, საყვედურის ტონით მიმართა ბუშს: სად არის შეპირებული დახმარებაო. ამ მრავლისმთქმელი ფრაზით გამოაშკარავდა აშშის ორმაგი სტანდარტის პოლიტიკის არსი: ერთი მხრივ, ბუში აფრთხილებდა სააკაშვილს, _ არ დაეწყო ომი, თორემ დამარცხდებოდა; ხოლო, მეორე მხრივ, აქეზებდა, თუ მაინც დაიწყებდა ომს, _ დაეხმარებოდა.

სააკაშვილი ბუშის მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და, მისი დახმარების იმედით, 8 აგვისტოს შეიჭრა მძინარე ცხინვალში; პირველივე წუთებში დახოცა იქ გაეროსა და ეუთოს ეგიდით მდგარი რუსი სამშვიდობოების ერთი ნაწილი. ამით სააკაშვილი საერთაშორისო დამნაშავედ იქცა; გაეროსა და ეუთოს განგაში უნდა აეტეხათ, მაგრამ ისინი ჯორჯ ბუშმა ჩააჩუმა.

ვლადიმერ პუტინი, იმხანად რუსეთის პრემიერი, სასწრაფოდ დაბრუნდა პეკინიდან, სადაც ოლიმპიადას ესწრებოდა; ბუნებრივია, არ გვაპატია რუსი სამშვიდობოების მკვლელობა, მათი დედების ატირება და გაგვიკეთა ის, რასაც დღეს ყველა ვხედავთ.

ხაზგასმით ვაცხადებ: რუსეთი აგრესორად და ოკუპანტად სააკაშვილმა აქცია. თვით რუსეთიც ეძებდა საბაბს, რომ ჯიბრზე აშშ-ისა, რომელმაც სერბეთისთვის წაგლეჯილი კოსოვო 2008 წლის თებერვალში დამოუკიდებლად გამოაცხადა, ერთბაშად ორი ქართული რეგიონის _ აფხაზეთისა და ცხინვალის _ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, რაც 2008 წლის სექტემბერში აღასრულა კიდეც.

ცხინვალის ომით ბუშმა გაიხარა _ კიდევ უფრო გაღრმავდა ქართველთა სიძულვილი რუსეთისადმი. სიბრიყვეა, სასაცილოა იმის გაფიქრებაც კი, რომ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანებისთვის აშშ რუსეთს დაეჯახება.

დასკვნა: ცხინვალის ომის გამჩაღებელი სააკაშვილი სამუდამო პატიმრობას იმსახურებს.

თითქმის 30 წელია, ჩვენი გზააბნეული შვილების წყალობით გეოპოლიტიკური სიბრმავით მოვაბიჯებთ; შედეგად კი ტრაგედიათა სერიალებს ვიმკით.

ყველაზე დიდ ტრაგედიად ქართველთა საცხოვრისი სივრცის 20 პროცენტის დაკარგვა და ჩვენი შვილების სიცოცხლის უნაყოფოდ შეწირვა მიმაჩნია. გამოვფხიზლდეთ!

გივი გურეშიძე,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი,

ქუთაისი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here