საქართველოში გასაყიდად  გამოტანილი ყველი, ძირითადად, რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან  დამზადებული მასაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის   საზიანოა

    დღეს ადამიანების ერთ-ერთი პრობლემა ჯანსაღი საკვების მიღებაა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო საკვებს მივირთმევთ. მენდელეევის ცხრილის თითქმის ყველა ქიმიური ელემენტი  გვხვდება საკვებსა და სასმელში.   ხშირად იძულებული ვართ, ვიყიდოთ პური, რომელშიც ფქვილის შემადგენლობა 20%-ია; თითქოს იძულებულნი ვართ, დავლიოთ „კოკა კოლა“ (წელიწადში ერთხელ მაინც), რომლის შემადგენლობაც დღემდე საიდუმლოა, მაგრამ ეს სასმელი საუცხოოდ ასრულებს ქიმიური ნაერთის როლს არა მხოლოდ აბაზანისა და თუ უნიტაზის რეცხვისას, არამედ ფართოდ გამოიყენება მეცხოველეობაშიც, როგორც საქონლისთვის კუჭის გამოსარეცხი  საუკეთესო საშუალება…

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს და დიდ თუ მცირე საწარმოებს ათვალიერებს, მათ პრობლემებს ეცნობა, პირადად ისმენს, ვის რა უჭირს და ეს  ძალიან კარგია. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა იქვე გვარდება, მაგრამ მინისტრთან პირადად საუბრის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, საკითხის დასმა, უკვე კარგია. ჰოდა, გასულ კვირას ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ჩვენც დავესწარით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინისტრს არა მხოლოდ უდიდესი პრობლემის შესახებ აცნობეს, არამედ მისი მოგვარების უმარტივესი გზაც დაანახვეს.

    ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ დღეს საქართველოში დახლებზე ( არ აქვს მნიშვნელობა,  აგრარული ბაზარია თუ ქსელური მარკეტი) გასაყიდად გამოტანილი ყველი, ძირითადად, რძის ფხვნილისგან დამზადებული მასაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. დახლებზე დადებული ყველის მხოლოდ დაახლოებით 30%-ია ნამდვილი რძისგან დამზადებული და, თუ მხოლოდ თბილისს ავიღებთ (რეგიონებში გლეხები, ძირითადად, ნატურალური რძისგან ამზადებენ ყველს და ბაზარში გააქვთ), მაშინ ეს მაჩვენებელი 10%-ზე ქვევით ჩამოდის, ანუ იმ ყველის თითქმის 90%, რომელიც თბილისში იყიდება, ნამდვილი ყველი არ არის.

    „ყოველდღიურად ვხურავთ კუსტარულ საწარმოებს, რომლებიც რძის ფხვნილისგან არალეგალურად ამზადებენ ყველს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, საწარმო ძალიან ბევრია და უფრო აქტიურად გვმართებს მუშაობა“, – ალალად თქვა მინისტრმა და სწორედ ამ მომენტში სიტყვა ერთ-ერთმა ფერმერმა ითხოვა და ჩამოაყალიბა ის, რაც ბევრმა არ იცის.

    „ბატონო მინისტრო, ერთი ტომარა რძის ფხვნილი ღირს დაახლოებით 240-250 ლარი და მისგან დამზადებული ერთი ლიტრი რძის ფასი 65-70 თეთრი გამოდის. ეს მაშინ, როცა დიდი კომპანიები, მართალია, კაბალურ ფასად, მაგრამ ნედლ რძეს ფერმერებისგან 1,70-1,80 ლარად იბარებენ. გამოდის,  ერთ ლიტრში უკვე ლარია სხვაობა.   მთავარი ის არის, რომ მხოლოდ რძის ფხვნილისგან დამზადებული რძით ყველს ვერ გააკეთებ, მას აუცილებლად სჭირდება ცხიმი და უბედურებაც აქ იწყება. აბსოლუტურად ყველა იყენებს პალმის ზეთს – პროდუქტს, რომელიც საზიანოა თქვენი და ჩვენი შვილებისთვის. პალმის ზეთიც ძალიან იაფია და გამოდის, რომ, თუ ნედლი რძისგან, მაგალითად, სულგუნის დამზადებას სჭირდება 10 ლიტრი რძე, ანუ დაახლოებით 17 ლარის პროდუქტი, რძის ფხვნილისა და პალმის ზეთის კომბინაციით  ერთ კილოგრამ სულგუნს ჰყოფნის 7-8 ლარი, ანუ დაახლოებით 9-10 ლარია სხვაობა კილოგრამში და, რაღა თქმა უნდა, აქ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია. გამოსავალი უმარტივესია – როგორც ბევრ ქვეყანაში, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ლამის ყველა რესპუბლიკაში, ჩვენთანაც უნდა აიკრძალოს პალმის ზეთი და, თუ მაინცდამაინც რძის ფხვნილისგან უნდა დამზადდეს ყველი, იძულებულნი იქნებიან, კარაქი გაურიონ. ეს კი თვითღირებულებას იმ დონეზე გაზრდის, კეთებას აზრი არ ექნება და ყველა მხოლოდ ნამდვილი რძისგან გააკეთებს ყველს. რძესაც მეტი ფასი დაედება და ადამიანებსაც ჯანმრთელ პროდუქტს მივაწვდით…“

    მინისტრს ეს ინიციატივა მოეწონა, მაგრამ პირობა, რომ პალმის ზეთი ხვალიდან ან თუნდაც 1 წლის შემდეგ აიკრძალება, ვერ დადო და საამისოდ რამდენიმე მიზეზიც ჰქონდა: პირველი ის, რომ რაღაცის აკრძალვა მარტივი არაა.  მას შესაბამისი კომისიის შექმნა, შესაბამისი დასკვნები სჭირდება. ამასთანავე, პალმის ზეთზეა მიბმული ძალიან ბევრი რამ.  ელემენტარულად, ჩვენთან „ნუთელა“  რომ იყიდება, ბავშვების საყვარელი ნუგბარი, მასშიც არის პალმის ზეთი და გამოვა, რომ არც ის უნდა შემოვიდეს, უფრო ზუსტად, უნდა შემოვიდეს ისეთი, რომელშიც პალმის ზეთი არ იქნება. რა თქმა უნდა, ის უფრო ძვირი იქნება და  უნდა ავირჩიოთ –  ვიყიდოთ კარგი და ძვირი, თუ იაფი და ჯანმრთელობისთვის საშიში. პირველად და დაუფიქრებლად  ყველა იტყვის, ჯანმრთელი პროდუქტი შევიძინოთო, მაგრამ  დედაქალაქში (და არა მხოლოდ) არის სპეციალური მაღაზიები, რომლებშიც სწორედ ეს ჯანმრთელი პროდუქტი იყიდება შესაბამის ფასად და  მათზე დიდი მოთხოვნა  არ არის. რატომ? იმიტომ, რომ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ, მაგალითად, ერთ კოლოფ მაკარონში 10 ლარი გადაიხადოს, მაშინ, როცა ანალოგიური მაკარონი სხვა მაღაზიებში 2-3 ლარი ღირს. სხვაობა სწორედ პალმის ზეთში, სხვადასხვა დანამატსა და ხარისხშია, მაგრამ…

    გასულ წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, ეს 1 215 -ით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ახლა ჩამოგითვლით იმ ხუთ მიზეზს, რომელთა  გამოც გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პირველ ადგილზე სისხლის მიმიქცევის სისტემის დარღვევის გამო გარდაცვლილები არიან – 18 159 ადამიანი, ონკოდაავადებებით – 5 720, სასუნთქი სისტემის დარღვევით – 3 641, ტრავმებით, მოწამვლებით, გარეგანი მიზეზების ზემოქმედების შედეგად – 1 826, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებით – 1 307. ჰო, ხუთეულში არ არის, მაგრამ მაინც ვიცოდეთ, რომ შარშან ავტოავარიების შედეგად 444 ადამიანი დაიღუპა, რაც კატასტროფული შედეგია.

    ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ გარდაცვალების მიზეზთა  ნაწილი  საკვებზე გადის, არაჯანსაღ საკვებზე. არაჯანსაღი საკვების ბრალია სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა, სისხლში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები შლის და ანადგურებს ყველაფერს, სიმსივნეც მათგან არის გამოწვეული, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა ხომ პირდაპირ კავშირშია და ახლა ვიფიქროთ, ძვირის გადახდა და ცოტას ჭამა სჯობს, თუ… გვესმის, მედალს მეორე მხარეც აქვს – ძალიან ბევრია ოჯახი, რომლებიც პურსა და კარტოფილზე გადადიან კვირიდან კვირამდე, მაგრამ, იმ პურშიც რომ პალმის ზეთი ურევია, რა ვქნათ? კარტოფილი რომ  შხამ-ქიმიკატებით არის მოყვანილი, ეგ როგორ გამოვასწოროთ? აგერ, ახლა რომ საზამთრო და ნესვია ბაზარზე გამოტანილი, ეგეც სახიფათოა და მოგონილ ან მოყოლილ ამბავს არ გეუბნებით, გასინჯეთ, თუ გაქვთ საზომი და ნახავთ, რომ შხამ-ქიმიკატები ან დასაშვები ნორმის ზღვარზეა, ან მეტია და ექიმებიც დაგვეთანხმებიან, რომ საზამთროთი და ნესვით მოწამვლის გამო  მათ არაერთმა ათეულმა ადამიანმა მიმართა.

    მოსახლეობას კი მხოლოდ იმას ვეტყვით, რომ დახლებზე გამოტანილი  რძის პროდუქტების უდიდესი ნაწილი რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან არის დამზადებული. ნედლი რძის შემცველობა მათში ან არ არის, ან 2-3%-ს არ აღემატება და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ, დიდი ხნის განმავლობაში გარეთ თუ იქნება ასეთი ყველი, ცოტა მაინც ამჟავდება, ანუ დაეტყობა, რომ ფუჭდება, თორემ ფხვნილისგან და ზეთისგან დამზადებული უბრალოდ ხმება, ქვასავით მაგრდება და მერე მიდის მკითხაობა, ასე რატომ დაემართა. სამწუხაროდ,  ამ ვითარებაში გამოსავალი  მხოლოდ პალმის ზეთის აკრძალვაა, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ, რომ ეს ნაბიჯი მარტივად და სწრაფად ვერ გადაიდგმება და, რაც მთავარია, მისი აკრძალვა გამოიწვევს ძალიან ბევრი პროდუქტის გაძვირებას, რადგან, თუ საქართველოში აიკრძალება პალმის ზეთის შემცველი პროდუქციის შემოტანა,  ეს შეეხება ყველაფერს, რაშიც დიდი თუ მცირე დოზით პალმის ზეთი არის, ის კი პრაქტიკულად ყველგან არის.

    ისე, საინტერესო კიდევ, იცით, რა არის? წალკაში, სადაც უამრავი ფერმაა და მართლა კარგ რძეს აწარმოებენ, რძის ფასი 1,10- დან 1,20 ლარამდე მერყეობს. დიდი კომპანიები მეტს არ იხდიან, აქაოდა, წალკა შორს არის და ტრანსპორტირებაში დიდძალი ფული გვეხარჯებაო. არადა, საქონელს წალკაშიც, ბათუმშიც, ხაშურშიც და საჩხერეშიც ერთნაირი მოვლა და კვება სჭირდება.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here