Home რუბრიკები საზოგადოება “საქართველოში არის ტერორისტული ქსელი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოიყენონ”

“საქართველოში არის ტერორისტული ქსელი, რომელიც მომავალში შეიძლება გამოიყენონ”

“პრემიერის სამძიმარი იმის დასტურია, რომ მან იცის, მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა”

1909
ვახტანგ მაისაია

სპეცოპერაცია, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს, დილის 4 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარდა 60-ზე მეტი სპეცრაზმელის მონაწილეობით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმედ ჩატაევის ხელშეწყობაში ბრალდებული დააკავა.

3 ადამიანი დააკავა, ხოლო 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავში დაიჭრა. ის მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარზე განცხადებას არ აკეთებენ სამართალდამცავი ორგანოები. სასამართლომ მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენა, უფრო ზუსტად, მისი ბრალი ვერ დაამტკიცა, თუმცა გასაჯაროვდა კადრები, რომლებითაც თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირი ჩატაევთან დასტურდებაუნდა დაისაჯონ თუ არა პანკისის ხეობაში დაგეგმილი სპეცოპერაციისთვის შესაბამისი ორგანოების ხელმძღვანელები და სპეცსამსახურების თანამშრომლები? მოხდა თუ არა სპეცოპერაციისას ძალის გადამეტება და დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტები გვესაუბრებიან.

სპეცრაზმმა სააკაშვილისდროინდელიპაკაზუხურისპეცოპერაცია ჩაატარა

ვახტანგ მაისაია, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტი:

_ ბატონო ვახტანგ, გამოქვეყნდა ტერორიზმთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირის დამადასტურებელი კადრები, მაგრამ სარწმუნოა კი მისი კავშირი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტთან?

_ მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ ტერორიზმის მხარდაჭარში, ამიტომ, რა კადრები გამოაქვეყნეს მისი დანაშაულის დასამტკიცებლად, მეასეხარისხოვანია, რადგან სასამართლომ ის დამნაშავედ არ ცნო. ინსინუაციები მაჩალიკაშვილის ბრალზე უნდა შეწყდეს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს, ყველას, წაუყენეს ბრალდება, პირველმა ინსტანციამ ისინი ტერორიზმში ეჭვმიტანილად ცნო. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები საზოგადოებას არ უნახავს, ვენდობი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც ექსპერტს, მჭირდება ნივთმტკიცებულებებიცა და ფაქტებიც მათი ბრალის დასაჯერებლად, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. იმის დაჯერება, რომ მაჩალიკაშვილიც დამნაშავე იყო, მაშინ, როდესაც სასამართლოც კი ვერ უყენებს ბრალს, წარმოუდგენელია.

ჩნდება კითხვა: რატომ დაასკვნა ხელისუფლებამ, რომ მაჩალიკაშვილი დამნაშავეა? ვიდეორგოლები, რომლებიც გამოქვეყნდა, არაფერს ამტკიცებს. გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, ის მხოლოდ მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო და, თუ მისი ჩვენების საფუძველზე საეჭვოს აღმოაჩენდნენ, მაშინ უნდა მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც დანარჩენი ეჭვმიტანილების მიმართ მიიღეს.

მთავარია ერთი რამ: სამართლებრივი პროცესები დარღვეულია და საქართველოს მოქალაქე, 19 წლის ახალგაზრდა ჩაცხრილულია საკუთარ სახლში…

სპეცრაზმმა სააკაშვილისდროინდელი “პაკაზუხური” სპეცოპერაცია ჩაატარა. თუ ამ მთავრობამაც დაიწყო თეატრალიზებული დაჭერები, ძალიან ცუდი იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება დანაშაული იყო, ეს მიშასდროინდელი ტოტალიტარული რეჟიმის გაგრძელებაა. მაჩალიკაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები.

ბევრი თვლის, რომ ამ თემაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ საქართველო დაიღუპება, თუ ასეთ ოპერაციებზე ხმას არ ამოვიღებთ.

_ თქვით, აწ გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის უფლებები დაირღვა და სპეცრაზმმა პროფესიონალურად არ იმუშავაოგამოქვეყნდა დაღუპულის ტერორიზმთან დამადასტურებელ კადრები, ქვეყნის პრემიერმინისტრმა კი მაჩალიკაშვილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

_ პრემიერის სამძიმარი იმის დასტურია, რომ მან უკვე იცის, მაჩალიკაშვილი უდანაშაულოა. კვირიკაშვილის სამძიმარს ავტომატურად უნდა მოჰყვეს ყველა იმ ადამიანის დასჯა, რომლებმაც ეს თეატრალიზებული სპეცოპერაცია დაგეგმეს.

_ კადრები, რომელიც გასაჯაროვდა, ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანები

_ დიახ, კადრები ამაზე მეტყველებს. ახლა სპეკულირებენ, გამოძიების ფედერალური ბიურო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის კურსში იყოო, მაგრამ ეს ტყუილია. საერთაშორისო სტრუქტურებს აქვთ ერთი შეკითხვა: როგორ შემოვიდა ჩატაევი ჩვენს ქვეყანაში და რატომ დადიოდა ასე თავისუფლად ჩვენს ტერიტორიაზე? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს და არც გვექნება, როგორც ბევრ სხვა რამეზე.

_ 2018 წელს რუსეთის ფედერაციაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება. შესაძლოა თუ არა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების გააქტიურება სწორედ ამით იყოს განპირობებული?

_ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ვიცით, რომ “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა და “ბოევიკებმა” სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიწყეს პოზიციების გამყარება. მათ მილიარდები ჰქონდათ, დიდი ფინანსური რესურსი, საბოლოოდ არ განადგურებულან, გაიფანტნენ, მეგაჯიჰადისტური ორგანიზაციიდან რიგით ჯიჰადისტებად გადაიქცნენ. წააჭრიან ერთ თავს, სხვა თავი ამოუვათ, თანაც სხვადასხვა რეგიონში. ასე რომ, ვფიქრობ, მხოლოდ ტრანზიტთან გვაქვს საქმე…

ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ არის მომზადებული სახელმწიფო ტერორიზმთან საბრძოლველად. ჩვენი ქვეყანა შეუმდგარია, როგორც სახელმწიფო, სხვას ვერაფერს ვიტყვი, მას შემდეგ, რაც ამ ბოლო დღეებში ვნახე და მოვისმინე…

მამუკა არეშიძე

“2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რაღაცას აუცილებლად დაგეგმავენ

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ მაჩალიკაშვილის საქმეზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სპეცრაზმის წევრებს, მაგრამ მათი ქმედების ხელაღებით შეფასება არ ივარგებს. მათ თავს ესხმიან სოციალურ ქსელებში, რაც ყოვლად დაუშვებელია…

_ პრემიერმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს. გამოდის, რომ ის მაჩალიკაშვილს უდანაშაულოდ თვლის. ასეთ შემთხვევაში, არ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ეს სპეცოპარაცია დაგეგმეს?

_ აუცილებლად დაისჯებიან, როდესაც ძიება დასრულდება. მანამდე ყველა უდანაშაულოა… უკეთესი იქნებოდა, პრემიერს სამძიმარი ხეობისთვის ეთქვა და არა ოჯახისთვის. ძიების დასრულებამდე ყველა სიტყვა და ყველა ქმედება ასაწონ-დასაწონია.

_ ჩვენს ქვეყანაში გახმაურებული საქმეები ხშირად რჩება გამოუძიებელი

_ ეგ მართალია. საქართველოში საქმის გამოძიება პრობლემაა და არ ვიცი, ამ შემთხვევაშიც მოხერხდება თუ არა სიმართლის დადგენა.

_ ტერორიზმში ეჭვმიტანილების გადაადგილების კადრების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა კითხვა: როგორ გადაადგილდებოდა ჩატაევი თავისი ამალით ასე თავისუფლად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე? თანაც ეს კადრები ამოღებულია ამა თუ იმ ობიექტის სათვალთვალო კამერებიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი დაზვერვა საქმის კურსში არ იყო

_ ჯგუფი, რომელიც ტერაქტს ამზადებს, ჩუმად მოქმედებს, ხშირად მათ გვერდით მყოფმა ადამიანებმაც კი არაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, არც მაჩალიკაშვილმა და არც იმ დაკავებულებმა არ იცოდნენ, ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა ჩატაევი. ის ძალიან ნიჭიერი კაცი გახლდათ, ინიღბებოდა, ისე დადიოდა სხვადასხვა ქვეყნის ქუჩებში, რომ მისი ცნობა შეუძლებელი იყო. ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავდა დაკავებული, რუსებმა ხელიც კი დააკარგვინეს, მაგრამ გამოიქცა, გამოექცა უკრაინელებს, ბულგარელებს, შვედებს, თურქებს… და ჩვენ გვიკვირს თბილისის ქუჩებში ჩატაევის სიარული?! ასე დასეირნობენ მსოფლიოს დიდ ქალაქებში ტერორისტები, თელავივის ქუჩებშიც კი დადიან. დღისით, შესაძლოა, კანონმორჩილი მოქალაქე იყოს, ღამით კი ბომბით აღიჭურვოს და საშინელება ჩაიდინოს.

საქმე ის კი არ არის, ქუჩაში ვინ დადის, საქმე ის არის, რომ საქართველოში არის ტერორისტული ქსელი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ მომავალში, რაც 2017 წლის 22 ნოემბრის მოვლენებმა დაადასტურა. უშიშროება კარგად მუშაობს, მაგრამ მისი საქმე არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილება ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა უნდა მიიღონ პოტენციური მტრის მაქსიმალურად ლოკალიზებისთვის. არ არის აუცილებელი, რიგითი ვაჰაბიტი პანკისში ცხოვრობდეს. ვაჰაბიტი, რომელიც ცხოვრობს კახეთში ან ქვემო ქართლში, ხვალ, შესაძლოა, გამოიყენოს იმ ადამიანმა, რომელიც საქართველოში ჩამოვა ტერორისტული აქტის განსახორციელებლად. იდეოლოგიური ტერორია აღსაკვეთი, უნდა მოხდეს ლიკვიდაცია იმისა, რაც სოციალური ქსელების მეშვეობით ხდება.

საქართველოში არ არის ეროვნული იდეა, არ ვიცით, რა იდეოლოგიაზე დგას სახელმწიფო და ამიტომ საბანს ყველა იქიდან ქაჩავს, საიდანაც შეუძლია. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ერთი იდეის გარშემო და მერე ყველას ექნება მოტივაცია, რომ ფხიზლად იყვნენ, ახალგაზრდები მეტად დაინტერესდებიან პრობლემით, ახალგაზრდები, რომლებიც ხშირად ქუჩაში იმისთვის გამოდიან, რომ ნარკოტიკების ლეგალიზებას ითხოვენ და ან პოლიციელის ცუდი საქციელი არ მოსწონთ.

_ შესაძლოა, რომ საქართველო პლაცდარმად გამოიყენონ ტერორისტებმა რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ტერორისტული აქტების მოსაწყობად?

_ ყველაფერი შესაძლებელია. სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ერთობლივად რომ არ ემუშავათ რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რასაკვირველია, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რაღაცას აუცილებლად დაგეგმავენ, მაგრამ საქართველოს გამოყენება მეეჭვება, რადგან ტერიტორიულად შორს არის იმ ქალაქებიდან, რომლებშიც გაიმართება შეხვედრები; შედარებით ახლოს არის სოჭი, მაგრამ პერიფერიულ ქალაქებს არ დაუმიზნებენ, ტერაქტებს უფრო დიდ ქალაქებში დაგეგმავენ. მზადება ტერაქტებისთვის ნამდვილად იქნება…

რუსებს ბევრი საფიქრალი აქვთ, ამიტომაც არ აქტიურობენ ჩატაევის საქმეზე. “კავკასიის იმარატმა” ნელ-ნელა დაიწყო რეაბილიტაცია ჩრდილოეთ კავკასიაში… საქართველოს ტრანზიტად გამოყენება გამორიცხული არ არის, სამხრეთ თურქეთში თურქული პასპორტის შეძენა და საქართველოში შემოსვლა, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიში გადასვლა. პრობლემა არ არის, ასევე, კიევის აეროპორტში ჩასვლა და იქიდან რუსეთში გადასვლა, სტამბოლი-ნალჩიკის გამოყენება, ბეირუთი-მოსკოვის გამოყენება და ა.შ.

მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც, ალბათ, არ იცით: თურქეთის ტერიტორიაზე არის სომხური სოფელი კასაბი. მოჯაჰედების ნაწილი ჩადიოდა იქ, ყიდულობდა პასპორტს და ამ პასპორტით, როგორც თურქეთის სომეხი მოქალაქე, ჩადიოდა ბეირუთში, იქიდან _ სომხეთში, სომხეთიდან კი _ ჩრდილოეთ კავკასიაში და ოფიციალურად თურქეთის სომეხ მოქალაქედ ასაღებდა თავს. ასეთი შემთხვევები ჩვენმა სპეცსამსახურებმა, სულ ცოტა, ორი მაინც იციან… ახლახან დააპატიმრეს რუსი ექიმი, ვინმე ლოტიპცევი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იყო, ისლამი მიღებული ჰქონდა… ჩავიდა მოსკოვში, შემთხვევით იცნეს და დააპატიმრეს. ტერორიზმი საიდან მოდის, არავინ იცის… ასე რომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, საფრთხე დიდია და ეს ყველამ უნდა შევიგნოთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here