Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ერთგული მეციხოვნე

საქართველოს ერთგული მეციხოვნე

2396
გენერალ-ლეიტენატ ვალერი ჩხეიძე

ყოველი ჩვენგანი ჩვენი მისიით მოვდივართ, ჩვენი საკეთებელი საქმისთვის, ჩვენი, მიწას დაჩნეული ბილიკის სავალი გზებით. ამ გზაზე ტკივილი და სიხარული უნისონშია, თუ ჭეშმარიტად იმ საქმეს ეძალები, რომელიც შენი სატარებელი ჯვარია და შენ უნდა ზიდო. და, თუ ვინმე შეგეხიდა, ვინმემ იტვირთა შენთან ერთად, მაშინ საქმენი შენი გამოგაჩენს და მოგიგონებენ, როგორც საქმისათვის დაწრეტილ გმირს, საკუთარი მისიის აღმსრულებელს.

მაგრამ, ისეც ხომ ხდება: შუა გზაში შეგაწყვეტინებენ, ქვას მოგაწევენ აღმართში, მაგრამ ვერაფერს დაგაკლებენ, ვერაფერს გადარეცხავენ, რასაც შენი კვალი დააჩნიე. შენ შემდეგ მოვლენ სხვები და შენ დანთებულ ჩირაღდანს აიტანენ ციხის მაღალ კოშკზე. უკვდავებაც სწორედ ეს არის, რომ შენ შემდგომ მოსულ თანამოაზრეს “სავალი გზისა გაუადვილო”. როცა ცუდად არ ჩაივლის შენი “წამება და გზა უვალი, შენგან შთენილი…. მაინც დარჩება”.

გენერალ-ლეიტენატ ვალერი ჩხეიძეზე გესაუბრებით…

დღეს 26 სექტემბერია, მას 70 წელი შეუსრულდა. შეუსრულდა, რადგან ახლა, როცა ეს წერილი იკითხება, იგი იმ ადამიანების თვალწინ ჩნდება, ესმით მისი ხმა, ჯერ კიდევ მკაფიოდ ხედავენ და ნათლად, ვინც მასთან ერთად აშენებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ახალ სინამდვილეს.

სამხედრო პუბლიცისტიკის ენა ლაკონურია, ემოციები _ მოთოკილი. აქ მხოლოდ ფაქტებია, კომენტარები, ერთი სიტყვით, საქმე და არა ემოციები. ამიტომ ამ ლაკონური, როგორც შენი კოლეგა, სასაზღვრო დეპარტამენტის მაშინდელი პრესსამსახურის უფროსი, თანამოაზრე, ასეთი მხედრული, ლაკონური სტილით დავიწყებ.

დიდი გზა გაიარა: პედაგოგიური საქმიანობიდან საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემდე. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. შვიდი სახელმწიფო ორდენისა და 28 მედლის კავალერი. გენერალლეიტენანტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ვალერი ჩხეიძე იყო ავღანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, მონღოლეთის, ბელორუსიის, სომხეთის სახელმწიფო ჯილდოებით აღიარებული პროფესიონალი. სხვადასხვა პერიოდში იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყანაში: აშშში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, თურქეთში, ავღანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში ამ, სულ რამდენიმე სტრიქონში, მხედრული ბიოგრაფიის სიღრმეებში, მამაცობის, სამშობლის ერთგული სარდლის მხედრული დიდების დიდი ცხოვრების ისტორია დევს.

და მაინც, მიუხედავად ამ მრავალწახნაგოვანი პერიპეტიებისა, ვალერი ჩხეიძე მისი თანამებრძოლების, თანამოაზრეების ხსოვნაში საქართველოს სამხედრო ისტორიაში უპირველეს მესაზღვრედ დარჩა, საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის აღმშენებლად _ ერთგულ მეციხოვნედ.

1994-2004 წლებში ვალერი ჩხეიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, სასაზღვრო ძალების სარდალი. ის ითვლება სასაზღვრო დეპარტამენტის სტრუქტურების ჩამომყალიბებლად და დამაარსებლად, ეროვნული მნიშვნელობის ნოვაციების ავტორად და განმახორციელებლად.

2000-2001 წლებში აშშ-ში აშენდა საავიაციო ანგარ-ლაბორატორია, შეძენილ იქნა ორძრავიანი AH-28 ტიპის თვითმფრინავები და MN-8 და M-2 შვეულმფრენები.

2002 წელს ჩამოყალიბდა სანაპირო დაცვის სამსახური-დივიზიონი, რომლის ცენტრი იყო ფოთში. შეძენილი იქნა ძვირად ღირებული სწრაფმავალი კატარღები. სუფსასთან აშენდა სანაპირო დაცვის საგუშაგოს ტექნიკური დაკვირვების კოშკი რადარებით. იმავე წელს აშენდა სასაზღვრო რაზმის შენობები ახალციხესა და ლაგოდეხში; სასაზღვრო კომენდატურები საგუშაგოებით: მესტია, ომარიშარა, ბარისახო, თუშეთი, მამისონი, წითელი ხიდი, გირევი და სხვ. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასაზღვრო გზებს ჭუბერი-საკენ, ჩხალთა-პტიში-მარუხი, ომალო-გირევი.

ავჭალასა და ოქროყანაში ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრები უმცროს მეთაურთა მოსამზადებლად, სადაც მზადდებოდა სასაზღვრო გამშვები პუნქტების სპეციალისტები, როგორც ხმელეთის, ისე ავიაციისა და ზღვის სპეციალიზაციით.

სამწუხაროდ, ვალერი ჩხეიძის წასვლის შემდეგ თითქმის სრულად განადგურდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა.

2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა სასაზღვრო დეპარტამენტი და დაუქვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. გაუქმდა სასაზღვრო ავიაციაც, რომელიც დიდთოვლობის პერიოდში, როცა სასაზღვრო სოფლებთან მისასვლელი გზები თვეობით იკეტება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მხსნელად ითვლებოდა. გაუქმდა სასაზღვრო ჰოსპიტალი, რომლის ექიმებიც ყოველწლიურად საზღვრისპირა მოსახლეობას ადგილზე უტარებდნენ უფასო გამოკვლევებს, მკურნალობდნენ. ასევე გაუქმდა სასაზღვრო კომენდატურები _ არხოტი, თუშეთი, ლენტეხი; ბარიდან მთაში ასული მოსახლეობა ისევ ბარში დაბრუნდა.

განხორციელება არ ეწერა ვალერი ჩხეიძის მიერ ჩაფიქრებულ პროექტებს, რომლებსაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჰქონდა მიღებული. უმაღლესი რანგის პროფესიონალი, რომელიც აღიარებული იყო სამშობლოს საზღვრებს მიღმაც, 14 წლით ჩამოაშორეს საქართველოს საზღვრებს, სადაც თითოეული კენჭიც კი მისთვის ნაცნობი იყო. წავიდა კაცი, დასრულდა მისი მიწიერი ცხოვრება და დაგვრჩა გაჩერებული გულის დიდი ტკივილი, რომელიც მისმა მეგობრებმა გავითავისეთ.

დღეს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.

ვალერი ჩხეიძე საზოგადოების მეხსიერებაში დარჩება საქართველოს პირველ მესაზღვრედ, ერთგულ მეციხოვნედ.

ღმერთო, აატანინე ვინმე ქართველ ვაჟკაცს ჩირაღდანი კოშკის მაღალ ქონგურებზე, როგორც მარადიული ძახილი “მე ისევ ვდგავარ!”

ნანა წითელაშვილი,

ვეტერანი მესაზღვრეების, ავღანელთა კავშირის,

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სახელით

1 COMMENT

  1. ანა-,,ბაია'' - ჩიგოგიძე-შუბლაძე.ჭეშმარიტად დიდი მამულიშვილი წავიდა უდროოდ.უფალმა გაანათლოს

    ანა-,,ბაია” – ჩიგოგიძე-შუბლაძე.ჭეშმარიტად დიდი მამულიშვილი წავიდა უდროოდ.უფალმა გაანათლოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here