ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი კვარტალი საბანკო სექტორმა 412 მლრდ ლარის მოგებით დაასრულა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავდება 2020 წლის ანალოგიური პერიოდისგან, რადგან გასული წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორი 747 მლნ ლარის ზარალზე გავიდა. ამასთან, ბანკებმა მოგებაზე გასვლა მეორე კვარტალშიც განაგრძეს. საბოლოოდ, წლის პირველ ნახევარში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1,06 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელმა ბანკმა მიიღო ყველაზე მეტი მოგება წლის პირველ ნახევარში.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ 2021 წლის პირველ კვარტალში საბანკო სექტორის მოგების 85% მხოლოდ ორ ბანკზე – TBC-ზე და საქართველოს ბანკზე მოდის. იანვარ-მარტში „საქართველოს ბანკმა“ მოგების სახით 192,4 მლნ ლარი მიიღო, TBC-იმ კი 159,9 მლნ ლარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ბანკების სიმრავლის ფონზე ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სექტორში კონკურენტული გარემოა, თუმცა იმ პირობებში, როცა მთელი ბაზრის 85% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის, ცხადია ეს ყველაფერი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.