Home რუბრიკები საზოგადოება რძის მწარმოებელთა პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები

რძის მწარმოებელთა პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები

წერილი მეორე

1669
ძროხა

საქართველო და მსოფლიოგანაგრძობს რუბრიკასფერმერის სკოლას”, რომელსაც უძღვებიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები გოგოლა მარგველაშვილი და ელგუჯა გუგუშვილი.

ნაკვეთმორიგეობითი ძოვების სიკეთე

პირველ წერილში აღვნიშნეთ, რომ გაზაფხულზე ცხოველების საძოვრულ კვებაზე გადაყვანა სიფრთხილეს მოითხოვს და ამ საკითხის სწორად გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ეკონომიკური დივიდენდებით დაუბრუნდება ფერმერს. მეტიც, მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია და ეს საწარმოო პრაქტიკამაც დაამტკიცა, რომ საძოვრების სწორად მოწყობისა და გამოყენებისას, ყოველგვარი დამატებითი კვების გარეშე, შესაძლებელია ფურის დღიურმა მონაწველმა მიაღწიოს 20-25 კგ რძეს, ხოლო მოზარდის სადღეღამისო ნამატმა 750-800 გ-ს.

ცნობილია, რომ საქართველოში, სოფლად მცხოვრებთა პირად დამხმარე და მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობებშიც კი ჯერ კიდევ მიმართავენ ტრადიციულ, ე.წ. უსისტემო ძოვებას, როდესაც ნახირი წინასწარი მომზადების გარეშე გაჰყავთ სოფლისპირა ან ფერმის მიმდებარე ნაკვეთებში და შეუზღუდავად აძოვებენ.

უსისტემო ძოვება, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებს კორდსა და ნიადაგზე. ეს უკანასკნელი იტკეპნება, ქვეითდება აერაცია და ძლიერდება წყლის აორთქლება. ასეთ პირობებში საძოვრული სეზონის მეორე ნახევარში (შემოდგომის დაწყებამდე), მოსავლიანობის შემცირების გამო, ცხოველები საკვების ნაკლებობას განიცდიან და იძულებული არიან, ჭამონ დაბალყუათიანი და გაუხეშებული ბალახი.

საქმე ის არის, რომ თავისუფლად (მიშვებით) ძოვებისას ბალახნარში მარცვლოვანი და პარკოსანი მცენარეების რაოდენობა თანდათან მცირდება და აღინიშნება ნაკლებად ნოყიერი და ისეთი სარეველა ბალახების მომრავლება, რომელსაც საქონელი არ ჭამს, აგრეთვე, დაბალმოზარდი მცირემოსავლიანი მცენარეებისა. გარდა ამისა, საძოვარზე აქტიურად გადაადგილებისას ბალახის მნიშვნელოვან ნაწილს ცხოველები ჩლიქებით თელავენ და მწვანე მასის 30-35% ნადგურდება. ეს ხდება იმიტომ, რომ შეუზღუდავად ძოვებისას პირუტყვი ყოველდღიურად შემოივლის ნაკვეთის მთელ ფართობს და უპირატესად ძოვს უფრო კარგ და ნოყიერ ბალახს, ე.წ. სარეველები კი რჩება და მრავლდება.

გარდა აღნიშნულისა, თავისუფალი ძოვების უარყოფითი მხარეა ისიც, რომ შეუძლებელია ან მეტად გაძნელებულია საძოვრის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის, მინერალური სასუქების შეტანა, სასარგებლო ბალახეულის შეთესვა და სხვ.

გამოკვლევებით დადგენილია, რომ მარცვლოვანი ბალახები ყვავილობის დაწყების წინ, ხოლო პარკოსნები ყვავილობის შუა პერიოდში, ნაკლებად მიმზიდველია ძროხისთვის. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ძოვებისას, უპირატესად მარცვლოვან ცენოზიანი საძოვრის გამოყენების პირველი ციკლი დამთავრდეს დათავთავებამდე, ხოლო პარკოსან ცენოზიანი საძოვრებისა _ ყვავილობის დაწყებამდე.

ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე, აგრეთვე, ურწყავ ნაკვეთებზე ძოვებისას საკვების დეფიციტი, როგორც წესი, იგრძნობა ზაფხულის მეორე ნახევარში, სიცხეების დაწყებამდე, რაზეც სარძეო პროდუქტიულობისა და დღეღამური ნამატის შემცირებით მკვეთრად რეაგირებენ მეწველი ფურები. ამის გამო, ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს საკვების რეზერვის შექმნის აუცილებლობა.

საძოვრების რაციონალურად გამოყენებისა და ცხოველების მონაწველის გასაზრდელად შემუშავებულია .. ნაკვეთმორიგეობითი ძოვების ტექნოლოგია, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში:

საძოვარს ყოფენ 4-5-დან 8-10-მდე თანაბარ ნაკვეთად. ამათგან შედარებით კარგად განვითარებულ ბალახიან ნაკვეთს შემოღობავენ ელექტრომწყემსით (სურ.) და მასზე 5-7 დღეს აძოვებენ პირუტყვს. შემდეგ ნახირი გადაჰყავთ მეორე, მესამე და ა.შ. ნაკვეთში. ნახირი პირველ ნაკვეთს უბრუნდება 25-28 (30) დღის შემდეგ, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბალახმა “დაისვენოს”, შეძლოს წამოზრდა და მიაღწიოს სიმწიფეს.

ნაკვეთში ძოვების ხანგრძლივობას საზღვრავენ მოძოვილი ბალახნარის სიმაღლით: როდესაც ბალახნარის სიმაღლე დაახლოებით 5 სმია, ცხოველები გადაჰყავთ სხვა ნაკვეთზე, რადგან უფრო დაბალ სიმაღლემდე (2-4 სმ) ძოვებისას ცხოველი, ფაქტობრივად, შიმშილობს, ბალახოვანი საფარის მდგომარეობა კი მკვეთრად უარესება.

პირველი როტაციის (ციკლის) დასრულების შემდეგ მეორე როტაცია უნდა დავიწყოთ პირველი ნაკვეთის მოძოვის დამთავრებიდან არანაკლებ 25 დღის შემდეგ, ხოლო მესამე _ მეორე ციკლის პირველი ნაკვთის დამთავრებიდან 30-40 დღის შემდეგ.

ნაკვეთის “დასვენების” პერიოდში ფერმერს შეუძლია საძოვრის მორწყვა და სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარება. ამასთანავე, ძირითადთან ერთად, სასურველია, გვქონდეს 2-3 სათადარიგო ნაკვეთი, ვინაიდან გვალვის მიზეზით ბალახნარის მოსავლიანობის შემცირებისას ეს დაეხმარება პირუტყვის საკვებით სრულად უზრუნველყოფაში.

ნაკვეთების რაოდენობა, ფართობი, დატვირთვა და სხვა ორგანიზაციული საკითხები ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა გადაწყდეს დამოუკიდებლად, ნახირში ცხოველების რაოდენობისა და საკვებზე მოთხოვნის გათვალისწინებით.

ნაკვეთმორიგეობითი ძოვების ეფექტიანობა კარგად ჩანს ცხრილიდან: 60-70 /ჰა მოსავლიანობის ფართობზე თავისუფლად ძოვებისას ყოველი ჰექტრიდან ცხოველი აითვისებს (შეჭამს) 47 ცენტნერ ბალახს, ხოლო დანარჩენი გამოუყენებელი დარჩება. თავის მხრივ, იმავე ფართობზე ნაკვეთმორიგეობითი ძოვებისას დანაკარგი 15%-მდე შემცირდება, რის გამოცსასარგებლო მოსავლისრაოდენობა მიაღწევს 56 ცენტნერს ჰექტარზე, ხოლო ზედაპირული გაუმჯობესების ღონისძიებების გატარებისას _ 68 /ჰაზე, ანუ გაიზრდება თითქმის 45%-ით.

ნაკვეთმორიგეობით ძოვებისას, შესაძლებელია, წლების განმავლობაში შევინაჩუნოთ ან გავაუმჯობესოთ საძოვრის მოსავლიანობა და ცენოზის შემადგენლობა.

ნაკვეთების რაოდენობისა და საჭირო ფართობზე მოთხოვნის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ნახირში ცხოველთა სულადობა, საკვების მოთხოვნა, საძოვრის მდგომარეობა, ბალახდგარის ნორმალური ვეგეტაციისთვის საჭირო ტენით უზრუნველყოფა, ცენოზის შედგენილობა და სხვ.

საშუალოდ 1 სულის საკვებით დასაკმაყოფილებლად საჭირო ფართობზე მოთხოვნა ქვეყნის სხვადასხვა ბუნებრივ კლიმატურ ზონაში განსხვავებული იქნება, ვინაიდან საძოვრის ბალახის ყუათიანობა, აგრეთვე, სხვადასხვა ნივთიერების მაკრო და მიკროელემენტების შემცველობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, ძირითადად კი, ბალახნარის ბოტანიკურ შედგენილობაზე, ვეგეტაციის პერიოდსა და ნიადაგის მდგომარეობაზე.

სპეციალურ ცნობარებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია საძოვრის საშუალოდ 1 სულზე საჭირო მწვანე ბალახის საშუალო დღიური მოთხოვნის განსაზღვრა. საორიენტაციო მაჩვენებლები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

ფერმერისთვის გასაგები რომ იყოს, რა რაოდენობის ფართობი არის 1 სული ფურის გამოსაკვებად საჭირო, მოვიტანთ ერთ გაანგარიშებას: ვთქვათ, საძოვრის მწვანე მასის საჰექტარო მოსავლიანობა არის 70 ცენტნერი, ხოლო საძოვრული პერიოდის ხანგრძლივობა _ 200 დღე. თუ გვყავს 350-400 კგ ცოცხალი მასისა და დღეში 16-18 კგ წველადობის მქონე ფური, მისი მოთხოვნილება მწვანე ბალახზე შეადგენს 55 კგ-ს დღეში. ამდენად, საძოვრული პერიოდის 200 დღეში მის გამოსაკვებად დაგვჭირდება 110 ც ბალახი; აქედან გამომდინარე, თავისუფლად ძოვებისას, საშუალოდ, 1 ფურზე საჭიროა 60-70 ც/ჰა მოსავლიანობის 1,56 ჰა საძოვარი.

ნაკვეთმორიგეობით ძოვებას აქვს უდიდესი პროფილაქტიკური მნიშვნელობა. საქმე ის არის, რომ კუჭ-ნაწლავის პარაზიტებით დაავადებული ცხოველის ნაკელიდან ნიადაგზე მოხვედრილი კვერცხები ახალი “მასპინძლის” ორგანიზმში დროულად ვერ ხვდება და მზის სხივებისა და სხვა კლიმატური ფაქტორების მოქმედებით იხოცება. ამდენად, სწორად ორგანიზებული ნაკვეთმორიგეობითი ძოვება უზრუნველყოფს საშიში აღმძვრელებისგან საძოვრის “თვითგაწმენდას”.

ელექტრომწყემსის დახმარებით ნაკვეთმორიგეობითი ძოვების ეფექტიანობა დამტკიცებულია სხვა სახეობის ცხოველების საძოვრულად შენახვისას. ამ დანიშნულებასთან ერთად, მეცნიერების მიერ ელექტრომწყემსი აღიარებულია, როგორც მტაცებელი ნადირისგან სასოფლო-სამეურნეო ცხოველების დაცვის საკმაოდ ეფექტიანი საშუალება.

ახალი კონსტრუქციის ელექტრომწყემსის უპირატესობა არის ისიც, რომ ის აღჭურვილია მზის ბატარეით, რომელიც მუშაობს ღრუბლიან ამინდშიც.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის ასოცირებული პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here