Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ გახდება საქართველო ძლიერი და სხვებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა

როგორ გახდება საქართველო ძლიერი და სხვებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა

გადავხედოთ საქართველოს ისტორიას და გავიხსენოთ, როდის იყო ჩვენი სამშობლო ძლიერი და სხვებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა. გადავხედოთ და არა მხოლოდ გავავლოთ პარალელი დღევანდელობასთან, ყურადღება გავამახვილოთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზეც, რომელთა გადადგმაც აუცილებელია, რათა მტერმაც და მოყვარემაც იცოდეს შენი ფასი, ჰქონდეს შენი რიდი.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ერთიან, შედარებით ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ იქცა და თავისი ისტორიული ცხოვრების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. შემდგომ ეტაპზე კი (XIII საუკუნის შუა წლები-XVს.) საშინაო და საგარეო ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის თანდათანობითი დაქვეითება და დასრულდა XV საუკუნის მიწურულს ქვეყნის ცალკეულ სამეფო-სამთავროებად პოლიტიკური დაშლით.

რა შეიძლება ითქვას ამ პროცესზე:

მთელი XI საუკუნის განმავლობაში საქართველო რთულ საგარეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფებოდა. მეზობელ დიდ სახელმწიფოებს არ სურდათ, მათ გვერდით ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი საქართველო. ნაცნობი სურათია: როგორც ჩანს, დიდ მეზობლებს ჩვენი გაძლიერების სურვილი არასდროს ჰქონიათ. განსაკუთრებით მწვავე და ხანგრძლივი იყო ფეოდალური საქართველოს ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ, რომელმაც დავით კურაპალატის გარდაცვალების (1001 წ.) შემდეგ მალე ხელთ იგდო მისი სამფლობელოს დიდი ნაწილი და მხოლოდ XI საუკუნის 70-იან წლებში შეძლეს ქართველებმა დავითის “მემკვიდრეობის” დაბრუნება.

საქართველო დამოუკიდებლობისთვის შეუპოვრად იბრძოდა, აგრეთვე, თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, რომლებიც განსაკუთრებით ინტენსიურად არბევდნენ ქვეყანას XI საუკუნის 60-იანი წლებიდან. წინანდელი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, თურქ-სელჩუკები მიზნად ისახავდნენ საქართველოში სამიწათმოქმედო კულტურის აღმოფხვრას, მის ნაცვლად კი ჩამორჩენილი სამეჯოგეო მეურნეობის განვითარებასა და ქვეყანაში ნომადების ჩასახლებას. მაგრამ XI საუკუნის დასასრულიდან, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გაძლიერებისა და ჯვაროსნული ომების დროს თურქ-სელჩუკთა ძალების სამხრეთისკენ გადანაცვლების შედეგად, საქართველო თანდათანობით თავისუფლდებოდა მათი ბატონობისაგან.

XII საუკუნის დასაწყისისათვის საქართველომ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცებისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. დავით აღმაშენებელმა (1089-1125 წწ.), რომელიც ეყრდნობოდა ქვეყნის ერთიანობით დაინტერესებულ სოციალურ ფენებს _ წვრილ და საშუალო აზნაურებს, ქალაქების ვაჭრულხელოსნურ ელემენტებს და თავისუფალ მოლაშქრეებს, გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები ეკონომიკის, სახელმწიფო წყობილების, სამხედრო საქმის, ეკლესიის, სასამართლო დაწესებულებისა და სხვა სფეროებში. ეს ღონისძიებანი მიზნად ისახავდა სამ ძირითად ამოცანას: სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებას, მმართველობის ცენტრალიზაციას და ქვეყნის საგარეო უშიშროების უზრუნველყოფას.

აქედან რომელი გვაქვს დღეს ჩვენ _ სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობა განმტკიცებული, ცენტრალიზებული მმართველობა აწყობილი თუ ქვეყნის საგარეო უშიშროება ისე უზრუნველყოფილი, რომ არაფრის უნდა გვეშინოდეს?

როგორც ისტორია ადასტურებს, ძლიერ სახელმწიფოს ქვეყნის ერთიანობით დაინტერესებული ადამიანები ქმნიან, მხოლოდ მათზე დაყრდნობით შეძლებს ხელისუფლება სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებასაც, მმართველობის ცენტრალიზაციასაც და ქვეყნის საგარეო უშიშროების უზრუნველყოფასაც.

მივუბრუნდეთ ისევ დავით აღმაშენებელს. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, დავითი მკაცრად გასწორებია სეპარატისტულად განწყობილ მსხვილ ფეოდალებს _ მას უყოყმანოდ მოუხდენია მათი სამფლობელოების სრული კონფისკაცია და ზოგიერთი მეტად ჭირვეული მოწინააღმდეგე სამშობლოდანაც კი გაუძევებია.

არადა, დღეს რამდენი ისეთი წურბელაა საქართველოში, მათი აქ ერთი წამით გაჩერებაც კი ქვეყანას რომ ვნებს და მის წინსვლას აფერხებს, მაგრამ ხელისუფლება ვერ ბედავს მათ ხელისხლებას, ვაითუ “დემოკრატია” დაუწუნონ “სტრატეგიულმა მეგობრებმა”. და ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არავის არაფრის არც რიდი აქვს და არც შიში; ვისაც რა უნდა _ იმას ამბობს, იქცევა ისე _ როგორც უნდა; გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად გადაიქცა პარლამენტი, ქუჩა, მასმედია. მედროვე პოლიტიკოსები და მათ მიერ მოსყიდული ადამიანები მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს უსირცხვილოდ, უტიფრად, უშიშრად… რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ თითსაც ვერავინ დააკარებს. ასეთია დღევანდელი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება. ამ სიტუაციაში ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია შეაკავოს ადამიანი, საკუთარი სინდისია, რომელთანაც ზემოთ ნახსენები პოლიტიკანები გვარიანად მწყრალად არიან. ამიტომ მათთან მხოლოდ დავით მეფის მსგავსად მკაცრი ზომების გატარებას თუ მოჰყვება სათანადო შედეგი. სხვაგვარად მათი დამორჩილება შეუძლებელია.

სომერსეტ მოემი წერდა: სინდისი ყოველი ადამიანის გულში მოკალათებული პოლისმენია. იგი თვალყურს ადევნებს, რომ კანონი არავინ დაარღვიოს. სინდისი ჯაშუშია, რომელიც ჩვენი მეობის მთავარ ციხესიმაგრეში ჩასაფრებულა. ადამიანს ისე ძალიან უნდა, ხალხმა საქციელი მოუწონოს, ისე ძალიან ეშინია საზოგადოების სამსჯავროსი, რომ თვითონვე უღებს თავის უბოროტეს მტერს ციხესიმაგრის კარს. და აი, მტერი მუდამ თვალმოუშორებლად დარაჯობს ამ ციხესიმაგრის მფლობელს, მუდამ ფხიზლად იცავს თავისი ბატონის ინტერესებს და მაშინვე უკან შემოაბრუნებს ფარას აცდენილ ცხვარს. იგი აიძულებს ადამიანს, რომ საზოგადოების ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს…” სამწუხაროდ, ასე მოფიქრალ ადამიანებს დღეს ლიბერალები დასცინიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, მომავალმა თაობებმა საკუთარ ინტერესებს მოარგონ საზოგადოების ინტერესები. ის, რომ შენა ხარ საკუთარი თავის უფალი, როდი განიჭებს ყველაფრის თქმისა და ქმნის უფლებას, აი, აქ უნდა გვახსოვდეს სწორედ უმთავრესი _ საზოგადოების, ერის ინტერესები. ასეთმა ადამიანებმა ფასდაუდებელი როლი შეასრულებს თავიანთი ქვეყნების ისტორიაში. ჩვენც ხშირად ვიხსენებთ სახელოვან წინაპრებს და მათი სახელებით თავს ვიწონებთ, მაგრამ იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, ჩვენ რას ვაკეთებთ, ჩვენ _ მათი შთამომავლები. დავით აღმაშენებელმა თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ძლიერი სახელმწიფო. მათ დროს, განსაკუთრებით გიორგი III-ის მეფობისას (1156-1184 წწ.) ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ბოლო ამ წარმატებების შედეგად ფეოდალიზმის განვითარების უმაღლეს საფეხურს ქართულმა საზოგადოებამ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, თამარის მეფობის (1184-1213 წწ.) პერიოდში მიაღწია. საქართველო იქცა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის ერთადერთ წამყვან პოლიტიკურ ერთეულად. ფეოდალური საქართველოს მიერ მოპოვებული პოლიტიკური სიძლიერე განპირობებული იყო აღნიშნული ეპოქის ეკონომიკური აღმავლობით. სოფლის მეურნეობამ, ხელოსნურმა წარმოებამ და ვაჭრობამ იმ დროისათვის განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, რაც, თავის მხრივ, ფეოდალური საქართველოს ისეთი კულტურული აყვავების საფუძველი გახდა, როგორიც არ ყოფილა ფეოდალიზმის არც წინანდელ და არც შემდეგდროინდელ პერიოდში.

რა სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ უცებ, თითქოს ცივი წყალი გადაგასხეს, გაგახსენდება, XXI საუკუნის 20-იან წლებში შაგრენის ტყავივით დაპატარავებული საქართველო არავისთვის რომ არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ სახელმწიფოს და ამის მიზეზი, უპირველესად, არის ის, რომ ერი დაემსგავსა “საძოვარზე მიშვებულ ნახირს” (ჭაბუა ამირეჯიბი) და გული გტკივა. რატომ შეადარა დიდმა მამულიშვილმა მშობელი ერი საძოვარზე მიშვებულ ნახირს? მოყვრად მოსულმა მტერმა უპირველესად განათლების სისტემაზე მიიტანა იერიში, შეუტია ტრადიციებს და ლიბერალიზმის საბურველში გახვეული ათასი სიბინძურე შემოგვაპარა. რამდენიც უნდა ვაგინოთ რუსებს, ფაქტია, რომ ამ ერის უამრავ წარმომადგენელს უყვარს საქართველო და ქართველები, გვიცნობს ისეთად, რითაც თავი მოგვწონს და ვამაყობთ საუკუნეების განმავლობაში. ამას წინათ ერთმა რუსმა ტელეწამყვანმა განაცხადა ეთერში: “ქართველებს აქვთ ისეთი რაღაც, რაც შეშურდება სხვას. მათ იციან, რა არის მამაკაცური ღირსება, იციან ქალის დაფასება, იციან დედის ფასი”. ამ სიტყვების წარმოთქმისას მისი თვალებიდან სინანული და სევდა გამოსჭვივოდა. დიახ, დასანანია, რომ ის თაობა, რომელიც ასე იცნობდა ქართველებს, უყვარდა ასეთი საქართველო, უკვე მიდის, მათი შთამომავლებისთვის კი ჩვენ უცხონი ვართ. ალბათ, უკვე მლანძღავენ, რუსეთუმე ყოფილაო. მე ისეთი რუსეთუმე ვარ, რომელსაც ისტორიიდან კარგად ახსოვს ის სიკეთეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა მეფე ერეკლეს გადაწყვეტილებამ, და არ ავიწყდება არც ის სიმწარე, რომელიც სხვადასხვა დროს რუსეთის ხელისუფლებების გადაწყვეტილებათა გამო იწვნია ჩემმა ერმა და რასაც იმდროინდელი მოწინავე რუსი ინტელიგენციაც ხმამაღლა აპროტესტებდა. და კიდევ, რუსების ავკაცობას თუ ითვლით, იქვე ქართველი მოღალატეებიც გაიხსენეთ, ამისათვის დღეს შორს წასვლა და ისტორიაში ქექვა არ მოგიწევთ, ისინი თქვენ გვერდითაც საკმარისად არიან. და დღეს ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილ რუსი ეროვნების ადამიანს ბარბაროსივით როცა ექცევით, იმ უამრავ ქართველზე იფიქრეთ, რუსეთში მშვიდად რომ ცხოვრობენ, რათა აქ ოჯახები გამოკვებონ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here