Home სხვადასხვა დაიჯესტი როგორ გახდა ჩინეთი გაეროს წევრი, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად

როგორ გახდა ჩინეთი გაეროს წევრი, აშშ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად

1920
პან გი მუნი

65 წლის წინათ აშშის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, გაეროს წევრი იყოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, მაგრამ ცოტა დრო დასჭირდა ჩინეთს იმისთვის, რომ გაეროს წევრის სტატუსი მოეპოვებინა. გაეროში ჩინეთის შესვლის საკითხი გაეროს გენერალური ასამბლეის კომპეტენციის საკითხი იყო და ვეტოს უფლება, რომელიც ჰქონდა აშშ უშიშროების საბჭოში, პეკინის საერთაშორისო აღიარების გზაზე წინააღმდეგობად ვერ იქცა.

სამოქალაქო ომისგან წარმოქმნილი პრობლემა

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ჩინეთი, რომელსაც დინასტია ცინი მართავდა, უმძიმეს კრიზისს განიცდიდა, ცენტრალური ხელისუფლება უძლური იყო უცხო სახელმწიფოების წინაშე, რომლებიც საკითხებს პირდაპირ ჩინეთის ტერიტორიაზე აგვარებდნენ; ხელისუფლება უძლური იყო, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი რევოლუციურ-მილიტარისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

1911-1912 წლების სინხაის რევოლუციის შედეგად ცინის დინასტია დაემხო და გამოცხადდა რესპუბლიკა. მისი დროებითი პრეზიდენტი იყო ცნობილი რევოლუციონერი სუნ იატსენი, მაგრამ, იმის გამო, რომ მას რეალური სახელისუფლო ბერკეტები არ ჰქონდა, თანამდებობა იმპერატორის არმიის სარდალს, იუან შიკაის, დაუთმო. 1916 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა რამდენიმე მილიტარისტულმა დაჯგუფებამ გაიყო, მათი ნაწილი ორიენტირებული იყო იაპონიაზე.

სუნ იატსენმა ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნისას, 1894 წელს, შექმნა “ჩინეთის აღორძინების საზოგადოება”. 1919 წელს ამ საზოგადოების საფუძველზე აღმოცენდა პოლიტიკური ორგანიზაცია “ჩინური გომინდანი” და იატსენი განაგრძობდა ქვეყნის გაერთიანების მცდელობას. 1923 წელს მას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა საბჭოთა კავშირმა.

1925 წელს სუნ იატსენი მოკვდა და გომინდანში ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა ჩან კაიში, რომელმაც შეძლო თავისი წინამორბედის ინიციატივების გამოყენება _ მოსკოვის, აგრეთვე, მემარცხენე ძალების დახმარებით 1927 წელს კონტროლი დაამყარა ჩინეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩან კაიში უკმაყოფილო იყო პოლიტიკით კომუნისტებისა, რომლებიც ცდილობდნენ, ხალხში პოპულარული სოციალური გარდაქმნები განეხორციელებინათ და წინააღმდეგი იყვნენ, ეთანამშრომლათ მიწათმფლობელებსა და მრეწველებთან. კომუნისტებისა და ჩან კაიშის მხარდამჭერი მემარჯვენეების დაპირისპირებამ გამოიწვია 1927 წლის შანხაის ხოცვა-ჟლეტა. ჩან კაიშიმ ბრძანება გასცა, სახელისუფლო ორგანოები გაეწმინდათ კომუნისტებისგან. დაიწყო მასობრივი მკვლელობები, დაიღუპა 5 ათასი ადამიანი. იარაღი კომუნისტებმაც აიღეს და გაჩაღდა სამოქალაქო ომი.

ჩინეთში იაპონიის შეჭრის შემდეგაც კი ჩან კაიში უარს ამბობდა კომუნისტებთან გაერთიანებაზე ნაციონალური სუვერენიტეტის დასაცავად. ერთიანი ფრონტის შექმნაზე რომ დაეყოლიებინათ, გომანდანის გენერლებს თავიანთი ლიდერის დაპატიმრებაც კი მოუწიათ 1936 წელს, თუმცა იაპონელებთან ომის პერიოდში ნაციონალისტებისა და კომუნისტების რაზმებს შორის რეგულარულად ხდებოდა კონფლიქტები.

ტოკიოს კაპიტულაციის შემდეგ ვერც გომინდანმა და ვერც კომუნისტებმა სწრაფად ვერ დაამყარეს კონტროლი ქვეყნის ტერიტორიაზე. იმხანად ნაციონალისტებს მატერიალურად და ტექნიკურად ამერიკელები ეხმარებოდნენ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს კი საბჭოთა კავშირმა იაპონიისთვის წართმეული იარაღი გადასცა.

ცოტა ხნისწინანდელ მოკავშირეებს შორის დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა 1945 წელს. 1947 წლამდე გომინდანელები ავიწროებდნენ კომუნისტებს, მაგრამ კომუნისტურმა პარტიამ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებდა, დაიწყო მიწის რეფორმა, რომელსაც მხარი დაუჭირა გლეხობამ. შედეგად კომუნისტების არმიაში გადავიდა ბევრი იდეოლოგიურად მოტივირებული მებრძოლი.

იაპონური ტანკებისა და ქვემეხების გამოყენებით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრეები შეტევაზე გადავიდნენ. 1948 წელს გომინდანმა რამდენიმე სერიოზული მარცხი განიცადა, ფრონტი დაიშალა.

1949 წლის 1 ოქტომბერს პეკინში გამოაცხადეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ. ამ პერიოდში გომინდანელთა ქვედანაყოფების ნარჩენები ქვეყნის სამხრეთის საზღვრებთან მიიმწყვდიეს და ჩაუკეტეს გადასასვლელები ბირმასა და საფრანგეთის ინდოჩინეთში. გომინდანის მთავრობას ამერიკელებმა უშველეს _ გადაიყვანეს ტაივანზე.

ეკლიანი გზა აღიარებისკენ

1945 წელს ჩინეთი, როგორც მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთი გამარჯვებული, მონაწილეობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაფუძნებაში, მაგრამ გაეროში შევიდა ჩინეთის რესპუბლიკა _ ჩინეთის ძველი მთავრობა, რომელმაც 1949 წელს გადაინაცვლა ტაივანზე.

მას შემდეგ, რაც გომინდანელებმა დატოვეს მატერიკული ჩინეთი, გაჩნდა კითხვა _ ვინ უნდა წარადგინოს ქვეყანა გაეროში? 15 ნოემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოუ ენლაი გაეროს გენანსამბლეისადმი გაგზავნილ მიმართვაში შეეცადა, გაეპროტესტებინა ჩინეთის ძველი მთავრობის უფლება, ჩინეთის ხალხი წარმოედგინა საერთაშორისო არენაზე.

1950 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირმა მოამზადა პროექტი რეზოლუციისა, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, შეეცვალათ ჩინეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციით, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო ეს წინადადება. პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობდა უშიშროების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობაზე. ამერიკელებმა ისარგებლეს გაეროს უშიშროების საბჭოში საბფოთა კავშირის წარმომადგენლის არყოფნით და 1950 წლის 25 ივნისს მოძებნეს მეთოდი, რომლითაც გაამართლეს თავიანთი ინტერვენცია კორეაში. ამ ქმედებას მათ გაეროს სამშვიდობო ოპერაციის სტატუსი მიანიჭეს.

1950 წლის შემოდგომაზე, როდესაც ამერიკის არმიამ მძიმე მარცხი აგემა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, პეკინი იძულებული შეიქნა, სიტუაციაში ჩარეულიყო. ჩინეთისა და კორეის ერთობლივმა ძალებმა უკუაგდეს ამერიკელები და 1951-ში ძალების დაპირისპირების ხაზი ომამდელ საზღვარზე აღდგა.

კორეის ომის დაწყებამდე გაეროს წევრმა 17-მა ქვეყანამ აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და თანახმა იყო, ეს ქვეყანა გაეროს წევრად მიეღო. მაგრამ აშშ-მა კორეის ნახევარკუნძულზე გაჩაღებულ ომში პეკინის ჩარევა გამოიყენა კომუნისტური ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ სააგიტაციო ომში და გაეროში ჩინეთის შესვლის საკითხი დაამუხრუჭა.

ცოტა ხნის შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე დაიწყეს მსჯელობა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაეროში შესვლა “მიებათ” კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებისთვის. ამ იდეას აქტიურად უჭერდა მხარს ინდოეთი. და, როცა საქმე საფინალო სტადიას მიუახლოვდა, ვაშინგტონი შეშფოთდა.

კორეის ომის პერიოდში აშშ ახორციელებდა ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებში ჩაურევლობის პოლიტიკას და აღმოსავლეთ აზიის სანაპიროსთან ჰყავდა ფლოტი, რათა არ დაეშვათ სტატუს კვოს შეცვლა რომელიმე მხარის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ 1953 წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მოსული დუაიტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის განცხადებებიდან ერთ-ერთი პირველი იყო განცხადება ე.წ. თავისუფალი სამყაროს რომელიმე ტერიტორიის კომუნისტების კონტროლის ზონაში გადასვლის დაუშვებლობის შესახებ.

1953 წლის მარტში აშშ მიანიშნებდა, რომ ჩინეთში სტატუს კვოს შენარჩუნებას აღარ აპირებდა და ხელს არ შეუშლიდა გომინდანს, თუ ის შეეცდებოდა, შეეტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის.

1953 წლის 5 ივნისს კი, კორეის ნახევარკუნძულზე ოფიციალურ ზავამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სენატმა განაცხადა გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესვლის დაუშვებლობის შესახებ.

1953 წლის ნოემბერში ეიზენჰაუერმა ხელი მოაწერა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად “უსაფრთხოების შესანარჩუნებლად” ტაივანი გამოცხადებული იყო აშშ-ის თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვან ელემენტად. ამ პერიოდში მოხდა კონფლიქტი სანაპირო კუნძულების გამო, რომლებიც დაკავებული ჰქონდათ გომინდანის ჯარებს. ვაშინგტონში პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებასაც კი განიხილავდნენ, მაგრამ ზომიერმა პოლიტიკოსებმა და ოფიციალურმა ლონდონმა შეძლეს, არ დაეშვათ ვითარების გამწვავება.

1955 წელს ჟენევაში დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ელჩების დონეზე, მაგრამ გაეროში ჩინეთის შესვლის საკითხში აშშ შეუვალი იყო.

საკვანძო მომენტი

1950-იანი წლებიდან პეკინი ცდილობდა, ეწარმოებინა პოლიტიკა იმ სახელმწიფოების წრის გასაფართოებლად, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესვლის იდეას.

საკვანძო მომენტი დადგა 1971 წელს. ამ მომენტისთვის ჩინეთს უკვე ჰქონდა საკმაო საერთაშორისო მხარდაჭერა.

1971 წლის 26 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2758 (XXVI) გაეროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონიერი უფლებების აღდგენის შესახებ.

ჩინეთის შესვლას გაეროში მხარი დაუჭირა 76-მა ქვეყანამ, მათ შორის სსრკ-მა, ინდოეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ევროპის ბევრმა სახელმწიფომ. წინააღმდეგი იყო 35 ქვეყანა, აშშ-ის მეთაურობით.

ჩინეთის წევრობის საკითხი მიეკუთვნებოდა გენერალური ასამბლეის კომპეტენციას და ვეტოს უფლება, რომელიც ჰქონდა აშშ-ს უშიშროების საბჭოში, არანაირ როლს არ თამაშობდა.

ტაივანმა დატოვა გაერო და მხოლოდ 1990-იან წლებში დაიწყო წარუმატებელი მცდელობები წევრობის აღსადგენად. გაეროს წევრის სტატუსის მოპოვებიდან ცოტა ხანში ჩინეთს ეწვია აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, მაგრამ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ვაშინგტონსა და პეკინს შორის მხოლოდ 1979 წელს დამყარდა.

იმ სახელმწიფოების რაოდენობა კი, რომლებიც ტაივანზე ჩან კაიშის რესპუბლიკას აღიარებდნენ, მკვეთრად შემცირდა. პეკინმა პრინციპული პოზიცია დაიკავა: თუ ვინმე აღიარებს ტაივანს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეკონომიკის სიმძლავრით მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არასარგებლიანია.

რაც შეეხება ტაივანისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკების გაერთიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი დღეს დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ამის შანსი, ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არსებობს, თუმცა უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებ სავარაუდოა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here