Home რუბრიკები საზოგადოება როგორ ავაშენოთ “ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი” ცხოვრება?

როგორ ავაშენოთ “ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი” ცხოვრება?

4513
როგორ ავაშენოთ “ჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილი” ცხოვრება?

1879 წლის აპრილში ილია წერდა, რომ ჩვენმა თაობამ გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა, თუმცა გრძნობით კი კარგად გრძნობდაოთავის ვაივაგლახს და ყოველის მხრით გაჭირვებულს ცხოვრებას, მაგრამ შვებით კი თითქმის თითსაც არ გაანძრევდა ხოლმე, რომ რაიმე ცოტად თუ ბევრად მტკიცე საშუალება გამოენახა თავის დასახსნელად”.

ნაცნობი სიტუაციაა, არა, მკითხველო?!

ყურმოჭრილი მონობა გარემოებისა _ ეს ის ფათერაკია, რომელსაც დღესაც  “ფართო გზა და მსვლელობა უპყრიადა კარგს არაფერს გვიქადის. მწარედ ცდება საზოგადოება, თუ ფიქრობს, რომ, როგორც ეს ფათერაკი მოულოდნელად დამატყდა თავს, “იქნება შვებაც ამგვარადვე მომევლინოსო”.

მოვუსმინოთ ერის მამას. დღევანდელობასთან პარალელების გავლებით  ძნელი მისახვედრი არ არის, როგორ უნდა ავაშენოთჩვენის თავის საჭიროებაზედ გამოჭრილიცხოვრება. რა თქმა უნდა, მისახვედრად ძნელი არ არის, მაგრამ, ახალმა ნიავმა რომ დაჰბეროს ჩვენს ცხოვრებას, კეთილი ნებაც და შრომაც სჭირდება

ნუთუ ახალმა ნიავმა დაჰბერა ჩვენს ცხოვრებას?

ჩვენმა საზოგადოებამ, სწორე მოგახსენოთ, ვერაფერი სახელი დაიმკვიდრა შესახებ თაოსნობისა, გამჭრიახობისა, თვითმოქმედობისა და სხვა. გრძნობით კი კარგადა გრძნობდა თავის ვაი-ვაგლახს და ყოველის მხრით გაჭირვებულს ცხოვრებას, მაგრამ შვებით კი თითქმის თითსაც არ გაანძრევდა ხოლმე, რომ რაიმე ცოტად თუ ბევრად მტკიცე საშუალება გამოენახა თავის დასახსნელად. იყო ისე, ყურმოჭრილი მონა გარემოებისა, და თითქო ფიქრობდა: როგორც ეს გარემოება მომევლინა ფათერაკად, იქნება შვებაც ამგვარადვე მომევლინოსო. ამისდა გვარად, ჩვენი საზოგადოება, იქნება, არც კი იყოს გასამტყუნარი ამაში: თაოსნობა, გამჭრიახობა, თვითმოქმედობა, _  ყველა ამგვარი თავის აღმოსაცენად და განსავითარებლად მოითხოვს ნიადაგს არა იმისთანას, სადაც ფართო გზა და მსვლელობა უპყრია ფათერაკობას… იქნება არ იყოს-მეთქი მტყუანი, და არც იმიტომ მოვყევით ამაზედ ლაპარაკს, რომ გამოვძებნოთ ვინ არის მტყუანი და ვინ არის მართალი. ეს კი უეჭველია: გადიოდა ხანი და თითქმის არავითარი შვება არსაიდან არ მოჩანდა. ამასობაში მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო, რომ რაც კი რამ ხალისი და თაოსნობა ჰქონდა შერჩენილი ჩვენს საზოგადოებას, ისიც უნდა დაჰკარგოდა. მაგრამ, ამ ბოლო დროს ჩვენმა საზოგადოებამ თითქო ფერი იცვალა და ჩვენს ცხოვრებას თითქო ახალმა ნიავმა დაჰკრა; საზოგადოება თითქო შეკრთა, თითქო დაიძახა _ “როდემდე და სადამდეო”, ხელები გაანძრია, წელში გაიმართა და თითონვე განიზრახა თავისთავისათვის შველა.

ჯერჯერობით მიჰყო ხელი სწავლაგანათლების საქმეს. ამისთვის დააარსა ჯერ ერთი საზოგადოება, რომელმაც გახსნა ესრეთწოდებულიმოსამზადებელი შკოლა”, მერე კიდევ სხვა საზოგადოება, რომელსაც საგნად აქვს წერაკითხვისა და სწავლაგანათლების გავრცელება საქართველოში. პირველ საზოგადოებაზედ საკმაოდ იყო ნათქვამი “ივერიაში” და მეტი ლაპარაკი საჭირო აღარ არის. ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ახალს საზოგადოებაზედ, რომლის პროგრამა იმდენად ვრცელია და იმდენად შორსა სწვდება, რომ ფრიად დიდს ღვაწლს გვიქადის მომავალში და იმიტომაც ღირსია ყურადღებისა. ეს საზოგადოება თავის დანიშნულების აღსასრულებლად მოჰკიდებს ხელს არა მარტო სასოფლო შკოლების გამართვას, არამედ დააარსებს აგრეთვე სახალხო სამწიგნობროებს, მასწავლებლებს გამოზრდის ან თავისგანვე დაფუძნებულს სასწავლებლებში, ან სხვაგან თავისის ხარჯით; გამართავს ლექციებს ხალხისათვის სხვადასხვა ადგილას და სხვ. ლაპარაკი არ უნდა, რომ ეს საქმე საუცხოო საქმეა და თუ ამ საზოგადოების წევრთ ქართველურად მალე გული არ აუცრუვდათ, დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიანთ. არა ხალხში, რომელიც განათლებულებში ჩაითვლება, წერა-კითხვა ისე ნაკლებად არ არის გავრცელებული, როგორც ჩვენსაში. უწინდელს დროს, როდესაც მამაკაცები სულ ომში ტრიალებდნენ და წიგნის კითხვისათვის არა სცალოდათ, დედაკაცები მაინც არ ანებებდნენ ამ საქმეს თავსა, მიიბარებდნენ შეგირდებს და ამრიგად ქართულს მწიგნობრობას ძირიანად ამოვარდნას უშლიდნენ.

ეხლანდელს დროში დედაკაცები ისერიგად აღარ ეწყობიან წიგნის კითხვას და მამაკაცებს კი ჯერ გულდადებით არ მოუკიდნიათ ამ საქმისათვის ხელი. მართალია, ჩვენს სოფლებში ათასში ერთგან ამ უკანასკნელს ხანს შკოლები გაიხსნა, მაგრამ ისე კანტი-კუნტად, რომ ერთს შკოლიანს სოფელზედ ათი მეტი უშკოლო მოდის. ჯერ-ჯერობით ამ საზოგადოებას დიდი შეძლება არა აქვს რა: საზოგადოების შემდგენელთ წევრთ, რიცხვით ჯერ ას-ოცდა-ექვსია, შეაქვთ ყოველ წელიწადს არა ნაკლებ ოცის მანეთისა; ამას გარდა საზოგადოება მოელის სხვადასხვა შემოწირულს ფულს პატივსაცემთ წევრთაგან და აგრეთვე ნამდვილთ წევრთაგან, რომელთაც ყოველწლივ უნდა შემოიტანონ არა ნაკლებ ექვსის მანეთისა.ყველა ეს შემოსავალი დიდს ფულს არ შეადგენს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ეს საქმე ჯერ ახლად ფეხადგმულს ბავშსა ჰგავს და ახლად ფეხადგმულს ვინ მოსთხოვს ვაჟიკაცისავით სწორე სიარულს! წრეულობით ამ საზოგადოებამ ხუთი შკოლაც რომ გახსნას ისიც დიდი საქმე იქნება.

რასაკვირველია, ეს დიდ საქმედ კი არა, მცირე საქმედაც არ ეჩვენებათ იმ პირთ, რომელნიც ყოველ საზოგადო საქმეს თვალებახვეულსავით უცქერიან და იძახიან, რომ წერაკითხვის გავრცელება ხალხს სარგებლობას არას მოუტანსო, ხალხს ჯერ კუჭი უნდა გავუძღოთ და მერე წიგნი ვასწავლოთო, ჩვენ გვინახავს სოფლებში ბევრი წერაკითხვის მცოდნენი, რომელნიც უცოდინარებზედ უფრო უსინიდისო და გაფლიდებულნი არიანო.

ამ ვაჟბატონებს სალაპარაკოდ ენა კი ექავებათ და რას ამბობენ და რას არა, იმისი კი არა გაეგებათ რა. იმათ ეს არ ესმით, რომ ერთი და ორი წერა-კითხვის მცოდნე კაცი რომ გამოერევა სოფელში, იმას თავისი თავი ცხვრებში გარეული მგელი ეგონება და უსინდისოდ გამოიყენებს თავის სწავლას; მაგრამ ერთისა და ორის მაგივრად მთელს სოფელს რომ ეცოდინება წერა-კითხვა, მაშინ იმათ ისე არავინ აპარპაშებს. გარდა ამისა, ხალხის სიღარიბიდამ გამოყვანა და სწავლა და ცოდნა ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ იმათ უერთმანეთოდ მნიშვნელობა არა აქვთ რა. ვინც კი იძახის, ხალხს ჯერ კუჭი გავუძღოთ და მერე ვისწავლოთო, იმაზედ არ ჩაფიქრებულა, რომ გლეხკაცმა რაც უნდა სიმდიდრე შეიმატოს, თუ პატარა უკეთესს ცხოვრებას არ შეეჩვია და ქვეყნიერობისა არა გაიგო-რა, ისევ ისე ბინძურად და უხეიროდ იცხოვრებს, როგორც სიღარიბეში უცხოვრია. ჩვენ გვინახავს ბევრი გლეხკაცი, რომელსაც ათას თუმნამდინ შეიძლება აქვს, მაგრამ ისეთს მიწურს სახლშივე დგას, ისევ ისე გვერდით უბია თავის საქონელი და იმისგან გამოსუნთქულს ჰაერსა სუნთქავს, როგორც ყოვლად უქონელი ღატაკი გლეხი.

ერთის სიტყვით, თუ ჩვენის ხალხის ბედნიერება გვინდა, უნდა ვეცადოთ, რომ იმისი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ: სწავლაც შევძინოთ და უკეთესის ცხოვრების ღონეც მივსცეთ. ეს ისეთი ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ ვინც ამას უარყოფს, ან სრულებით ბნელში უნდა დადიოდეს, ან სინათლეს თვალებახვეული უცქეროდეს. ვიმეორებთ: ჩვენ სწავლა გვეჭირვება, და რადგან სახალხო შკოლები სწავლის პირველს საფეხურს შეადგენენ, მხიარულებით უნდა მივეგებოთ ყოველს საზოგადოებას, რომელსაც კი სახალხო შკოლების გამრავლება განუზრახავს. წინდაწინვე ვთქვით, რომ ამ უკანასკნელს ხანს შკოლები ჩვენს სოფელში კანტი-კუნტად იხსნებიანო. ეს უფრო იმისთანა სოფლებში ხდება, რომლებშიაც სამას-ოთხას მცხოვრებზედ მეტია. ამოდენა სოფლებში გლეხკაცებს არ უჭირდებათ წელიწადში სამი-ოთხი მანეთის გამოღება მასწავლებლისა და შკოლის შესანახავად. მაგრამ საქართველოს ზოგიერთ ნაწილებში დიდი სოფლები ძალიან ძვირად შეხვდება კაცსა. ზოგან ხალხი ხეობებში სცხოვრობს და სამი-ოთხი სოფლის მცხოვრებნი ერთად სულ ასს კომლს ვერ შეადგენენ. ცხადია, რომ თუ ამ სოფლებში მცხოვრებნი ძალიან შეძლებულნი არ არიან, სამმა-ოთხმა სოფელმაც რომ ერთად მოიყაროს თავი _  მაინც შკოლის გაკეთება და მასწავლებლის შენახვა გაუძნელდებათ. აი ამგვარს ხეობებში და სხვა პატარ-პატარა სოფლებში შკოლების გამართვას უნდა მიაქციოს ხსენებულმა საზოგადოებამ ყურადღება. არის კიდევ ერთი საზრუნავი საქმე, რომელსაც, თუ ამ საზოგადოებამ ყური ათხოვა, საუკუნოდ მადლობას მიიღებს, როგორც მთელის საქართველოსაგან, ისე ახლად საქართველოსთან შემოერთებულ ქვეყნებისაგან. აჭარა და ქობულეთი თუმცა თითქმის ერთი წელიწადია შემოგვიერთდნენ, მაგრამ იმათ ნამდვილს შემოერთებაზედ კი ჯერ ჩვენ არა გვიზრუნია რა. აქამდისინ ჩვენ უფრო იმათს ჩვენგან განშორებაზედ ვზრუნავდით. რაღაც საცოდავი ორასი თუმანი თუ შევკრიბეთ და დამშეულს ქობულეთლებს დავურიგეთ, თორემ სხვაფრივ ჯერ ზრუნვა არა გამოგვიჩენია რა. აი ეხლა დაგვეტყობა, მართლა ვიცით საქმითაც შეწევნა, თუ მხოლოდ მოძმეს ხსენება გვესიამოვნება და ღვინით შეხურებულის ენით ლამაზ-ლამაზი სიტყვების წარმოთქმა. ეხლა დავამტკიცებთ, მართლა გვინდა თუ არა, ქობულეთლები ნამდვილად ჩვენი მოძმენი გახდნენ და როგორც ლაპარაკით, ისე წერა-კითხვით სრულიად შემოგვიერთდნენ. თუ ჩვენი სიხარული ქობულეთის შემოერთებაზედ პირმოთნეობა არ იყო, თუ ჩვენგან წარმოთქმულს მხურვალე სიტყვებს მკვიდრი საფუძველი ჰქონდათ, ეხლა უნდა გაუმართოთ ხელი ამ ახლად დაბადებულს საზოგადოებას და ვალად დავსდოთ, რომ აჭარაში და ქობულეთში რაც შეიძლება მომეტებული შკოლები დამართოს. ეს შკოლები სხვა ყოველს საშუალებაზედ მეტად სულით და გულით შემოგვიერთებენ აჭარისა და ქობულეთის ერსა და ისევ ისე ძმურს სიყვარულს ჩამოაგდებენ ჩვენში, როგორც უწინ, იმათ ოსმალოს ხელში ჩავარდნის დრომდე ყოფილა.

როგორც  ზემოთ  მოვიხსენეთ,  “წერა-კითხვის  გამავრცელებელი  საზოგადოების” განზრახვა და მოქმედობა შორსა სწვდება-მეთქი. თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამბედაობამ მთლად აღასრულეს ყოველიფერი, რაც კი წესდებულებაში  არის  მოხსენებული,  იმედიარომ  ჩვენი  ხალხის  წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფეხს; გავრცელდება სწავლაგანათლება სამშობლო ენაზედ და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ საგვარტომო და თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია. გავა რამდენიმე ხანი და მაცხოვარი სხივი განათლებისა მოჰფენს ნათელს ყოველს კუთხეს ჩვენის ქვეყნისას, რომელიც კი აქამომდე თვალგაუწვდენელ სიბნელეში იმყოფებოდა. მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ როგორც მოგეხსენებათ, სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის; გარდა ამისა, არსებობს ჩვენში შკოლა, ჯერ-ჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით შეივსოს საქმე, რომლისათვის ხელის მოკიდებას აპირობს ახლად დაარსებული საზოგადოება. ეს საშუალო სასწავლებელი, _  ჩვენი საკუთარი, ქართული სასწავლებელი, _  შეიქმნება ჩვენის ხალხისათვის სახსარი უფრო მომეტებულის სწავლისა და განათლების შესაძენად; ეს სასწავლებელი გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველს ინტელიგენციას, ე.ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა. ამ ქართულ საშუალო სასწავლებელზედ შემდეგ გვექნება დაწვრილებით ლაპარაკი. ვიტყვით აგრეთვე შემდეგ მაზედაც, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამ სასწავლებელს ჩვენის ლიტერატურისათვის. ეხლა კი აღვიარებთ, რომ ორივე საზოგადოებანი დასდგომიან ერთსა და იმავე საგანს, მაგრამ ორის მხრიდამ, ორნივე ერთი-ერთმანეთს ეხმარებიან, ავსებენ ერთი-ერთმანეთის ნაკლს. ახლა საქმე ჩვენზედ, ე. ი. ქართველ საზოგადოებაზედ, არის დამოკიდებული; უნდა აღმოვუჩინოთ რაც შეიძლება მეტი სახსარი და საშუალება, ფულით თუ სხვა რითიმე. ნურას დავზოგავთ ამ საქმისათვის! ვინ იცის, ჩვენი ბედი რა-რიგად დატრიალდება, თუ ეს საქმე სხვანაირად წავიყვანეთ!.. საქმე დამოკიდებულია აგრეთვე ჩვენ ცოტად თუ ბევრად ნასწავლ ყმაწვილკაცებზედ. ზემოხსენებულ საზოგადოებათ წინ უდევს დიდძალი, აუარებელი შრომა: ჩვენ ხომ ჯერ სულ ხელცარიელნი ვართ, _  არც სახელმძღვანელო გვაქვს, არც საკითხავი წიგნები, არც არა სხვა სახსარი სწავლისა, _  აი ამას უნდა შეუდგნენ ეხლავე ჩვენი განათლებულნი, რათა სიტყვა მაინც არ მოგვიბრუნონ: “მაშ რაღასა თხოულობთ, თუკი გამოყენებაც არ იცით და არ შეგიძლიანთო?”

უმთავრესი შემწე ყველა ამგვარ საქმეთა არის, ჯერ-ჯერობით, საადგილმამულო ბანკი, ქუთაისისა თუ ჩვენი. ქუთაისის ბანკმა შემოსწირა კიდეც ათას ასი თუმანი ამ საზოგადოებას. იმერთ-ამერთა,  ესე  იგი,  მთელმა  საქართველომ  ამ  სამოცდათვრამეტს გავლილს წელიწადში მარტო ერთი საქმე დააწყო საკუთარის თაოსნობით, საკუთარის შეწირულობით და თავის საკუთარის ღონით, მხნეობით და ზედამხედველობით წარმართა კიდეც. ეგ საქმეა ჩვენის ბანკების დადგინება და მართვა. ამ სამოც-და-თვრამეტ წელიწადში ქართველი კაცი როგორღაც, ნებით თუ უნებურად, კუთხეში მიეგდო, მიწვა და მიიძინა, თითქოს ყველაფერზედ გული აიყარაო, ყველაფერზედ იმედი გადიწყვიტაო, ყველაფერზედ ხელი აიღოო, ერთის სიტყვით ზნეობითად მოკვდაო. ამ ყოფამ ყოველმხრივ დაგვაუძლურა ჩვენ, გონებით, ზნეობით, თვალად, ტანად დავპატარავდით და მივილივენით; არამც თუ ხელის გაძვრის ილაჯი აღარა გვქონდა, არამედ თითონ მოძრაობის სურვილიც შიგ გულში ჩაგვიკვდა, ჩაგვიქრა. რას უნდა გამოეხსნა ჩვენი თავი ამ საცოდავობიდამ? მარტო თვითმოქმედებას და სხვას არაფერს. რაზედ უნდა მიგვემართა ის ყოვლად მხსნელი თვითმოქმედება? მეტყვით, მაგას ბევრი გზა აქვსო. ჩვენც ვიტყვით, მაგრამ იმ “ბევრამდინ”… ღმერთო, ხომ შენ იცი, რა ტყრუშული ღობეებია, თვალთუწვდენი, შეუვალი. საიდამ რა მოევლოდა? ერთი პატარა ბილიკიღა იყო თავისუფალი სავლელად და ერთი პატარა მოედანი სავარჯიშოდ, ისიც ვაილაჩრობით, წეწვითა და გლეჯითა. მოედნად დაგვრჩა ჩვენი ქონების წრე და ბილიკად –  გზა ქონების შეძენისა, ანუ გაფლანგვისა. აქ შეგვეძლო გვევარჯიშნა რამოდენიც ჩვენს სულსა და გულს ესურვებოდა, არავინ და არაფერი არ გვაბრკოლებდა. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ნათქვამია. სხვა ღონე რომ არ იყო შველისა, ერთმა ჩვენმა კეთილისმყოფელმა კაცმა ამ ბილიკს და მოედანს დააკვირვა თვალი და სთქვა: ცოტა რამ არის, მაგრამ ამისი გამოყენებაც შეიძლებაო, რომ ჩვენმა თვითმოქმედებამ ცოტათი მაინც ფრთები შეისხასო. სთქვა და თავის სასახელოდ აასრულა კიდეც. ამაზედ აშენდა ბანკების საქმე. ამ საქმეს ჩვენ დიდს მნიშვნელობას ვაძლევდით და ვაძლევთ კიდეც. თუნდ თავი დავანებოთ იმას, რომ ბანკები ღონისძიებას გვაძლევენ ფულის სესხად შოვნისას, ნურც იმას გავიხსენებთ, რომ ამ ორს ჩვენს ბანკს შეუძლიანთ, ცოტა რომ ვსთქვათ, წელიწადში ორი ათასის თუმნის შეძენა საზოგადო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ამას ყველაფერს თავი დავანებოთ, გავსინჯოთ ბანკი იმ მხრით, რა მხრითაც იგი უფრო სანატრელი უნდა იყვეს მათთვის, ვისაც სწამს ძალა თვითმოქმედებისა ქვეყნის სადღეგრძელოდ და საბედნიეროდ. ჩვენ, თევზისა არ იყოს, პირი სავსე გვაქვს წყლითა და ვრცლად მითითებით ვერას ვიტყვით, მაგრამ ვინც ამ მხრით ღრმად დააკვირდება ჩვენის ბანკების არსებობას და საფუძვლიანად თავიდამ ბოლომდე გაავლებს გონების თვალსა, ის, რასაკვირველია, დაგვეთანხმება, რომ აქაც ბანკის საქმეში, როგორც ყოველფერ სხვაში, ჩვენის ყელის საბელის ჩვენს ხელშივე ჩაგდება ჩვენთვის სანატრელიც უნდა იყოს და სასიხარულოც. ეგ საქმე ამ მხრით ჩვენთვის დიდი რამ არის. დღეს “შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა” ჩვენთვის მარტო ბანკია მხოლოობითი მოედანი, რომელზედაც უნდა აღიზარდოს, ფეხი აიდგას, გაიწურთნოს, გაინავარდოს ჩვენმა თვითმოქმედებამ, ჩვენმა ზნეობითმა ძალ-ღონემ. ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არა შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ. ჩვენდა სამწუხაროდ, ამას ჩვენ ვერსად ვერა ვხედავთ, ვერც სხვა საზოგადო საქმეში საერთოდ და ვერც ბანკისაში საკუთრივ. ვერაფერი სანუგეშო ამბავია, როცა კაცი საზოგადო საქმის მოედანზედ გამოდის მარტო იმისათვის რომ სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვათამაშოო. ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიუროდ ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია. წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოა.

ამაზედ უფრო სავაგლახოა, როცა საზოგადო საქმეშიმე ესე მიჯობსაღვირაშვებული დაიარება და ის კი, “რაც საქმეს უჯობს”, თავჩაღუნული დადის, თითქო დედინაცვლის ხელში ჩავარდნილი ობოლიაო, ჩაგრული და ხმაამოუღებელიო. ბოლოს ცხვირში ამოგვკრავს, რომ ესე წინდაუხედავად შევსვამთ ხოლმე საზოგადო მძიმე საქმეს ერთმანეთის მტრობისა და შურის საქანელაზედ და ისე უკადრისად წინდაუკან ვაქანებთ. ბოლოს ცხვირში ამოვიკრავთმეთქი, მაგრამ ვაი თუ გვიანღა იყოს აი, თუნდ ავიღოთ მაგალითად ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საქმე. თავდაპირველადვე ამ ბანკს ერთი შფოთი და არეულობა შეუდგა. დაეწყო დასები.

ერთი იკითხეთ: ან ერთმა დასმა რა წამოაყენა წინ ისეთი, რომ მეორემ უარჰყო? რისთვის იბრძვიან? რათ აქვთ ატეხილი ტყუილუბრალო აყალმაყალი? რაზედ დაობენ, რაზედ ცილობენ? სწერენ კიდეც მრავალს, ჰქადაგობენ კიდეც, და აბა, თუ კაცები ხართ, გარკვევით მეტყვითრა არის ცილების საგანი? ყველაფერია, ყველაფერი, გარდა იმისა, რაც საზოგადო საქმისათვის საჭიროა. ეს არის ჩვენი ოსტატობა? ნუთუ ბოლო აღარ უნდა ჰქონდეს ბზარვას და ლალვას ისეც უბედურთ ქართველთა შორის. ღმერთო, გვიხსენ ამ ჭირისაგან და გვამყოფინე, რაც დღევანდლამდე მაგ ჭირისაგან გადაგვხდენია. გვეყო, ბატონებო, გვეყო! იქმეუღონოა, საცაჩვენგაცუდებულია, უარყოფილია, გალახულია. ამას ყველა ვგრძნობთ და ვვალალებთ კიდეც.

1879 წელი, აპრილი.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here