2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. „ერთპოლუსიანი მსოფლიო ვერ შედგა, მსოფლიო მრავალპოლუსიანი უნდა იყოს!” – განაცხადა მან. ევროპელებმა საკუთარ ყურებს არ დაუჯერეს, ამერიკელებმა – მით უფრო!
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. აშშ-ის ჰეგემონიას ფრთები თანდათან ეკვეცებოდა, პარალელურად ძლიერდებოდა რუსეთისა და ჩინეთის ფენომენი. ახლა კი აშშ-ში მოვიდა 47-ე პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ რეალობის გაცნობიერებას იწყებს. სხვათა შორის დონალდ ტრამპი, როდესაც 2016-2020 წლებში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იყო, ჯერ კიდევ არ აღიარებდა მრავალპოლუსიან მსოფლიოს და, ჟარგონით რომ ვთქვათ, მსოფლიო ლიდერობას აწვებოდა. ახლა კი მიხვდა, რომ მსოფლიოში არა მხოლოდ ძალთა თანაფარდობა, არამედ მენტალობაც ისე შეცვლილა, რომ აშშ-ის ჰეგემონია უკვე გუშინდელ დღედ ქცეულა. ტრამპი უარს ამბობს ნატოს გაფართოების მეშვეობით რუსეთის დამარცხების აბსურდულ გეგმაზე, უარს ამბობს უკრაინასთან ომში (პირდაპირ ბრძოლის ველზე) რუსეთის დამარცხების ავადმყოფურ იდეაზე და, საერთოდაც, უარს ამბობს რუსეთის დამარცხებაზე. პირიქით, იგი რუსეთთან მოლაპარაკებას იწყებს არა მხოლოდ უკრაინაში ომის დამთავრების საკითხზე, არამედ გლობალურ პრობლემებზე. ეს კი კონფრონტაციის რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლის აშკარა სურვილის ნიშანია. მთავარია, რომ ეს სურვილი, როგორც იტყვიან, ციდან არ ჩამოვარდნილა ანუ თავისთავად და უსაფუძვლოდ არ გაჩენილა, იგი ობიექტური რეალობის ბაზაზე აღმოცენდა. არაბუნებრივია, არანორმალურია, რომ ზესახელმწიფოების ლიდერებს თანამშრომლობის სურვილი ატროფირებული ჰქონდეთ და მხოლოდ დაპირისპირებისა და ომის სურვილში იხარშებოდნენ. კი, შესაძლებელია, რომ გადაუჭრელმა პრობლემებმა და უკან დასახევი გზის არარსებობამ ომამდეც მიიყვანოს ვითარება, მაგრამ ბირთვულ ეპოქაში ომამდე საქმის მიყვანა ისე, რომ იქამდე პრობლემათა მოგვარების ყველა გზა არ სცადო, სიგიჟეა. როგორი საკვირველიც უნდა იყოს, დღევანდელ დასავლეთში (ევროპაშიც და აშშ-შიც) ისეთი ლიდერები მოდიან, რომლებიც ომისკენ არიან მიდრეკილნი. ეს ავადმყოფური მიდრეკილება მხოლოდ ლიდერებში არ შეიმჩნევა. ხომ გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინათ როგორ ათრევდნენ და აშარჟებდნენ დროის მიერ მოტანილ ერთ უწყინარ წინადადებას საქართველოში: „აბა ომი გინდათ?!” შეუძლებელია, გამორიცხულია, რომ ნორმალურ ადამიანს (ხალხს) ომი უნდოდეს. სწორედ ამ განწყობას გამოხატავდა ეს შეკითხვა: მშვიდობის შენარჩუნება თუ არ გსურთ, აბა, ომი გინდათ?! რა ჰქონდა გასაშარჟებელი ამ ნათქვამს? რა თქმა უნდა, არაფერი, მაგრამ მაინც გააშარჟეს, რადგან იმ ძალებს, რომლებსაც ომის პროპაგანდა ჰქონდათ დავალებული, ომის სურვილით გულ-მუცელი ეწვოდათ, რაც საქართველოს ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს. ომის გაგრძელების გაუნელებელი სურვილის შესანიშნავი დემონსტრაცია იყო უკრაინის თვითმარქვია პრეზიდენტის მიერ ვაშინგტონში (თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში) გამართული მასკარადი, რომელიც დაუვიწყარ პოლიტიკურ სანახაობად დარჩება პლანეტის მოსახლეობას.
პრეზიდენტ ტრამპს, მისი წინამორბედისა და ევროპის დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, გაცნობიერებული აქვს რეალობა მრავალპოლუსიანი მსოფლიოსი, რომელიც კი არ მოდის, უკვე მოვიდა. ტრამპს არ სურს, სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვით დაემალოს ამ რეალობას. ტრამპს, როგორც ჩანს, არც ის უნდა, რომ ევროპელი ლიდერებივით ელოლიავოს და ელაციცოს რუსეთის დაშლისა და ჩინეთის დამარცხების მოძველებულ იდეას, რომელიც პოლიტიკური ილუზიაა და რომელსაც რეალობისგან მოწყვეტის გარდა არაფერი მოაქვს. აი რატომ გაემიჯნა ტრამპი უკრაინის ომში რუსეთის დამარცხების მაცდურ, მაგრამ აუსრულებელ იდეას. დააკვირდით მის ნათქვამს: „მათ (რუსებს – ვ.კ.) დიდი, მძლავრი სამხედრო მანქანა აქვთ. თქვენ ეს გესმით? მათ დაამარცხეს ნაპოლეონი და ჰიტლერი. ისინი ომობდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ისინი ამას ადრეც აკეთებდნენ”. ეს ნათქვამი განა იმის აღიარება არ არის, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, რომ პრობლემის გადაჭრის გზა, ომის გაგრძელებაში კი არა, ომის დამთავრებაშია? ასეა ნამდვილად! ომის დამთავრება კი რუსეთთან დიალოგს ნიშნავს, მისი ინტერესების გათვალისწინებას და მასთან შეთანხმებას ნიშნავს, არა მხოლოდ უკრაინის თემაზე, არამედ სხვა მრავალ საკითხზეც, რომლებიც მსოფლიოს წინაშე დგას. ამის აღიარება უკვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს აღიარებაა. თუკი მსოფლიოში არსებობს სახელმწიფო, რომლის ნებასაც ძალით ვერ დაძლევ, ესე იგი ის მეორე პოლუსია, რომლის ინტერესების გათვალისწინებასა და, მაშასადამე, მასთან თანამშრომლობას ვერ ასცდები. ტრამპი არც ჩინეთთან გეგმავს ომსა და დაპირისპირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანასთან მრავალი წინააღმდეგობა აქვს. მისი პოზიცია ამ მოკლე ნათქვამშიც შესანიშნავად არის ჩამოყალიბებული: “სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ასე იყო ადრეც. ვფიქრობ, ერთად კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ–უკრაინის ომის, რადგან ისინი ფლობენ ძალაუფლებას ამ სიტუაციაზე“.

ტრამპის ეს სრულიად ახლებური მიდგომები ორ ზესახელმწიფოსთან (რუსეთთან და ჩინეთთან) მისი არსითა და მნიშვნელობით რევოლუციურია, ვინაიდან თვისებრივად ცვლის ერთი ზესახელმწიფოს ჰეგემონიის აქამდე არსებულ რეალობას, რომელიც ისე მოძველდა, რომ მსოფლიოს ქაოსისა და ბირთვული დაპირისპირების მიმართულებით ექაჩებოდა. ახალი (მრავალპოლუსიანი) რეალობა, რომელიც ტრამპმა უკვე აღიარა, ე.წ. დომინოს პრინციპით იმუშავებს და მთელ რიგ უსერიოზულეს ცვლილებებს გამოიწვევს. კერძოდ: მრავალპოლუსიან მსოფლიოში ევროპის როლი და მნიშვნელობა თავისთავად გადაიხედება, ვინაიდან ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო და ვერც გაერთიანებული ევროპა (ევროკავშირი) პოლუსის მნიშვნელობას ვერ იძენს. მართალია, ევროპაში ორი ბირთვული სახელმწიფოა (დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი), მაგრამ ამ მხრივ მათი პოტენციალი ახლოსაც ვერ მიდის რუსეთისა და აშშ-ის შესაძლებლობებთან. ევროპა, აშშ-ის გარეშე, ვერც ეკონომიკისა და ვერც სამხედრო თვალსაზრისით მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც პოლუსს მოეთხოვება. ამ ვითარებამ გააჩინა ის ბზარი აშშ-სა და ევროპას შორის, რომელიც ასე თვალშისაცემია.
ევროპელი ლიდერების უმრავლესობა უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრეა, როდესაც ტრამპიც, პუტინიც და სი ძინპინიც ომის დასრულების აუცილებლობაზე თანხმდებიან. ომის იმ დონეზე წარმართვისთვის აუცილებელი რესურსი, რომ რუსეთის დამარცხებაზე რეალურად ეფიქრათ, ევროპას, თუკი იმ დროსაც არ ჰქონდა, როდესაც ამ საქმეში ლომის წილი აშშ-ს შეჰქონდა, ახლა საიდან გაუჩნდება? ამ ვითარებაში ომის გაგრძელება უკრაინის სრულ განადგურებას ნიშნავს. გასაგებია, რომ უკრაინისა და უკრაინელების ბედი არავის ადარდებს, მაგრამ ამ თამაშიდან აშშ–ის გასვლა ავტომატურად გამოიწვევს ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის რღვევას, რასაც აშშ–ში მტკივნეულად არავინ განიცდის. პირიქით – გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკი მომხრეა, შეერთებულმა შტატებმა ნატო და გაერო დატოვოს.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ დროა, ამერიკამ ნატო და გაერო დატოვოს. „ვეთანხმები!“ – წერს მასკი.
ნატოსთან ერთად გაეროს დატოვებაზეც დაიწყო ლაპარაკი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბებული წესრიგის სრულ დემონტაჟს ნიშნავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მიიწვია, რომელიც 6 მარტს გაიმართება. მასზე ევროპის თავდაცვისა და უკრაინის საკითხებს განიხილავენ. ანტონიო კოსტა წერს: „სამიტი ფოკუსირებული იქნება უახლოეს მომავალში პირველი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა ევროპა გახდეს უფრო სუვერენული, უფრო უნარიანი და უკეთ მომზადებული მისი უსაფრთხოების ამჟამინდელი და მომავალი გამოწვევების წინაშე. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლა იმაზე, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ამ ქვეყანას და რა პრინციპებს უნდა მივყვეთ მომავალში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. ევროპული საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში მოვიწვიე, რათა ერთად განვიხილოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“.
იქამდე კი, 2 მარტს, უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ ლონდონში ზელენსკისთან ერთად იმსჯელეს ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა. სამიტს ესწრებოდნენ კანადის პრემიერმინისტრი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელებიც. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ, „სანამ ომი გრძელდება, უკრაინას ისევ გაუწევენ სამხედრო დახმარებას და გააძლიერებენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას. სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ევროპის ლიდერების მიზანი იქნება მომავალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღკვეთა. უკრაინის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნები კოალიციას შექმნიან”.
ერთი წუთით დავანებოთ თავი უკრაინას და ზელენსკის. ის ფაქტი, რომ „უკრაინის დაცვისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მსურველი ქვეყნები კოალიციას შექმნიან” და ეს იქნება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, ევროპისა და აშშ-ის შორის სერიოზულ განხეთქილებასა და დაპირისპირებას არ ნიშნავს? ნიშნავს, რა თქმა უნდა! ევროპასა და აშშ-ს შორის ამ მასშტაბის დაპირისპირება ნატოშიც ავტომატურად დიდ განხეთქილებაზე მეტყველებს. აშშ-ს ნატო, თავდაცვისთვის კი არა, ევროპის დასაცავად და ამერიკული მსოფლიო ჰეგემონიზმის გასამყარებლად სჭირდებოდა. დღეს კი, როდესაც მრავალპოლუსიანი მსოფლიო ყალიბდება, აშშ–ისთვის ევროპის დაცვაც და ნატოც ზედმეტი ბარგია. აქ, ვფიქრობ, უადგილო არ იქნება მოვიყვანოთ პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის მწარე ხუმრობა, რომელიც დასავლურ პოლიტიკურ და სამხედო პარადოქსზე მიუთითებს: „ხუთასმილიონიანი ევროპა სამასმილიონიან ამერიკას სთხოვს, დაიცვას ასორმოცმილიონიანი რუსეთისგან”. ამ ვითარებაში ევროკავშირი, რომელიც მხოლოდ აშშ-ს სჭირდებოდა ევროპის უფრო ეფექტიანად მართვისთვის, ხვალ არავის დასჭირდება. პირველ რიგში, ევროპელებს აღარ დასჭირდებათ ეს გაბერილი და უფუნქციო ბიუროკრატია, რომლის შენახვაც ძალიან ძვირი ჯდება. ასე რომ, ევროკავშირი და ნატო შეიძლება სულ მალე ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდეს.
ეს ყველაფერი, ერთად აღებული, რევოლუციაა, აბა, რა არის?! რევოლუცია, რომელსაც ჯერჯერობით ერთი სახელი აქვს – ტრამპი.
ვალერი კვარაცხელია