Home რუბრიკები პოლიტიკა რა უხარია დასავლეთს?!

რა უხარია დასავლეთს?!

წლების შემდეგ მივხვდებით, რომ რეალობა გაცილებით მწარე და სასტიკია

გასულ კვირას სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ლატვიის ერთერთ ქალაქში, მოედანზე იდგა მოქალაქე უკრაინის დროშით და ამ ყველაფერს ადგილობრივები ხმამაღლა აპროტესტებდნენ, რამდენიმე ქალმა (ჰო, ქალმა) დროშის წართმევაც კი სცადა, რამდენიმემ ხმამაღლა გააპროტესტა და უთხრა, რომ რუსეთის დროშა უნდა დაეჭირა ხელში აქტივისტს, რადგან ომში რუსებიც იხოცებიან. ეს ვიდეო მალევე გაქრა, შემდეგ ისევ გაჩნდა

ვაღიაროთ, რომ სოციალური მედია, რომლის მთავარი ოფისები და მართვის ოთახები ევროპა-ამერიკაშია, თავიდან ბოლომდე უკრაინის მხარესაა და არც ერთ სიუჟეტსა თუ, უბრალოდ, სტატუსს არ ატარებს უყურადღებოდ. საკმარისია, ვინმემ რუსეთის მხარდამჭერი თუნდაც ერთი წინადადება გამოაქვეყნოს, რომ მაშინვე იბლოკება, სტატუსი კი ქრება. შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობა იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც სურს დასავლეთს და რომელშიც რუსეთი მონსტრად არის წარმოდგენილი. ჰოდა, უხარიათ დასავლელებს, რომ რუსეთის არმიამ რამდენიმე გენერალი დაკარგა, რომ თურმე იქ, სადაც ერთი უკრაინელი იღუპება, ასობით რუსი ჯარისკაცი კვდება, რომ მხოლოდ უკრაინელებს ჰყავთ ტყვეები და რუსებს ერთი ტყვეც არ აუყვანიათ…

თურქეთში მიღწეული შეთანხმების წყალობით, დღეს ჩვენ მოვახერხეთ სამხედრო ტყვეების წარმატებით გაცვლა. სახელმწიფო ბოლომდე იბრძოლებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და გაცვლა მერეც მოხდება”, _ ეს განცხადება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტია “სლუგა ნაროდას” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ გააკეთა და დაადასტურა, რომ 86 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაცვალეს, მათ შორის 15 ქალი. რა გამოდის? თურმე უკრაინელებიც ყოფილან ტყვედ და, რაც მთავარია, არც ისე მცირე რაოდენობით. აქ საინტერესო კიდევ ის არის, რომ “მერე” ისევ უნდა გაცვალონ ტყვეები. რას ნიშნავს ეს “მერე”? იმას ხომ არა, რომ ახლა, ამ ეტაპზე, უკრაინელებს რუსი ტყვეები არ ეყოთ, საკუთარი მოქალაქეები სრულად რომ გამოეხსნათ? ან ის თუ იცის ვინმემ, ზელენსკიმ ექვსი უკრაინელი გენერალი რომ გაათავისუფლა, რეგალიები და ჩინები წაართვა და მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა? ან ის, ომის პირობებში უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე მინისტრი და ელჩი რომ გაათავისუფლა, მათ შორის, საქართველოში უკრაინის ელჩიც? და ის, რომ რუსი გენერლები ფრონტის წინა ხაზზე იღუპებიან, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი მართლაც იბრძვიან, ჯარისკაცების გვერდით არიან ცხელ წერტილში, უკრაინელი გენერლები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფრონტის წინა ხაზზე არ გავიდნენ და თავიანთ სიცოცხლეს უფრთხილდებიან? და რუსებს დაღუპული გენერლები რომ ჰყავთ და მოხსნილი, დაქვეითებული და სისხლის სამართლის საქმეაღძრული _ არც ერთი, ეს არაფერზე მეტყველებს?

იმავე სტამბოლის შეთანხმებაზე აქტიურად იყო საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ სტამბოლში მალე მაგიდას ვლადიმერ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მიუსხდნენ. ამას როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე ადასტურებს, იმასაც ამბობენ, დოკუმენტი, რომელზეც ხელი უნდა მოეწეროს, თითქმის მზად არისო და რატომღაც გვგონია, რომ დასავლეთს ზუსტად ისე არ აძლევს ხელს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში ხდებოდა და ხდება. გაიხსენეთ, რამდენჯერ იყო იმის შანსი, რომ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები შეხვედროდნენ ერთმანეთს და სწორედ დასავლეთის მეცადინეობით ეს საქმე იმდენჯერვე არ გამოვიდა. არ გამოვიდა იმიტომ, რომ პირისპირ საუბარში, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეზე მომხდარიყო შეთანხმება, რომლებზეც ევროპა და ამერიკა გვარწმუნებს, რომ შეთანხმება შეუძლებელია. ერთი ერთში ჰგავს ეს ყველაფერი იმ ვითარებას, რომელიც საქართველოს მიმართ აქვს დასავლეთს და უკრაინელები ამას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ხვდებიან. აკი თქვა კიდეც ზელენსკიმ: მოსახლეობას გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ ნატოში არ მიგვიღებენ, მაგრამ სხვა გზა არ არის, უნდა შევეგუოთო. ჩვენც, საქართველოში, დარწმუნებულები ვიყავით, რომ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ნატო არათუ წევრად მიგვიღებდა, არამედ მთელ სამხედრო ძალას ჩართავდა და დაგვიცავდა, საბოლოოდ კი გემით გამოგზავნილი პამპერსები და სასმელი წყალი მივიღეთ. ის წყალი, რომელიც ბევრი გვაქვს და შეგვიძლია, მისი წარმოება ისე განვავითაროთ, რომ ეკონომიკის საყრდენი გახდეს, მაგრამ ვინ გვანებებს, ჩვენ ხომ “განვითარებადი” ქვეყანა ვართ. დასავლეთი რეალურ სურათს ერთადერთი მიზეზის გამო ბლოკავს _ სურს, რომ უკრაინელ ხალხს ან თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც უკრაინაში წასვლა და ბრძოლა სურთ, დაუხატონ ისეთი გარემო, თითქოს ყველაფერი იდეალურად არის, თითქოს ას გაქცეულ რუსს ორი უკრაინელი ჯარისკაცი მისდევს და ავტომატის ჯერით ცელავს. დასავლეთი იმასაც მალავს, რომ უკრაინაში ჩასვლაა ადვილი, იქიდან წამოსვლა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი, რადგან ომის დასრულებამდე შინ დაბრუნებულებს მარტივად მიაკერებენ მოღალატისა და ლაჩრის იარლიყს, ეს კი არავის სურს. ჰო, უკრაინაში ბევრი მოხალისე სწორედ მოტყუებით, არასწორი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ჩავიდა და ახლა ამ ყველაფერს ვერც აპროტესტებს, ვერც უკან მოდის და იძულებულია, ბოლომდე იბრძოლოს. მაგრამ ეს ბოლო სად არის, ჯერ არავინ იცის, რადგან რამდენჯერაც გამოჩნდა, დასავლეთმა იმდენჯერ გადასწია მოახლოებული ზავი, ხელს არ აძლევს დღეს და ამ მდგომარეობაში ომის დასრულება, იმიტომ, რომ რუსულ რესურსებს რაღაც დანაკლისი კი შეეტყო, მაგრამ ეს რაღაც საკმარისი აშკარად არ არის.

ისე, თუ დააკვირდებით, ზელენსკის გარშემო შეკრებილი ახალგაზრდა თაობა თითქოს უცებ დაღვინდა, უცებ მოემატათ ჭკუა, აღარ არიან ისეთი თამამები და ენაწყლიანები, როგორიც ადრე იყვნენ. თვითონ ზელენსკიც აღარ პოზირებს კამერების წინ და აღარ ამტკიცებს, რომ ოფიციოზი მის გვერდით არის. მიხვდა უკრაინის პრეზიდენტი, რომ ომი ბოლო მოდელისაიფონზედაყენებული ფილტრით გაკეთებული ვიდეოჩართვები არ არის. იმასაც მიხვდა, რომ ამ ომში მისი ქვეყნის არა მხოლოდ დღევანდელობა, მომავალიც იღუპება და ზვარაკად ეწირება დასავლეთის ინტერესებს. სხვათა შორის, დასავლურ მედიას არც ის უთქვამს ხმამაღლა, რომ უკრაინა ძმებმა _ იგორ და გრიგორი სურკისებმა დატოვეს. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში კარნახობდნენ უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური მოდის ტენდენციებს, არამედ შექმნეს სპორტული ინფრასტრუქტურა, დღემდე მათ საკუთრებაშია საფეხბურთო კლუბი კიევის “დინამო” და მათი ავტორიტეტი ისე დიდია, რომ, როცა უკრაინას ტოვებდნენ, მესაზღვრეებმა არც კი გაჩხრიკეს. სამაგიეროდ, გაჩხრიკეს უნგრელმა მესაზღვრეებმა და დაადასტურეს, რომ სხვადასხვა ძვირფასეულობასთან ერთად, ძმებმა 16 მილიონი დოლარი გაიტანეს. რაღა თქმა უნდა, ლიბერალურმა ფრთამ ისინი მოღალატეებად შერაცხა და დაივიწყა ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის სავიზიტო ბარათი სწორედ საფეხბურთო კლუბი კიევის “დინამო” იყო, რომელსაც მეორე სიცოცხლე ძმებმა სურკისებმა შთაბერეს. ამ კლუბმა აჩუქა მსოფლიოს ანდრეი შევჩენკო და კიდევ არაერთი ვარსკვლავი… მათ შორის, კახა კალაძეც და მაშინ არ იყვნენ მოღალატეები? ან რინატ ახმეტოვი, რომელმაც სურკისების შემხედვარემ, დონეცკის “შახტარი” შეიძინა, სუპერკლუბად აქცია და “დონბას-არენა” ევროპაში კომფორტითა და თანამედროვე სტანდარტებით მეორეა. ჰო, ეს არენა იმ ახმეტოვმა ააშენა, რომელზე ნადირობაც აქტიურად დაიწყო სააკაშვილმა, განაგრძო ზელენსკიმ და კაცი, რომლის ანგარიშზეც 20 მილიარდ დოლარამდე იყო, ძებნილად გამოაცხადეს, აქაოდა, ოლიგარქია და რუსეთს ეხმარებაო. უკრაინაში დახარჯული 7 მილიარდი არაფრად ჩაუთვალეს ახმეტოვს. სხვათა შორის, ახმეტოვთან ავლებდა პარალელს სააკაშვილი, როცა ქვეყნიდან ივანიშვილის გაძევებაზე საუბრობდა და, როგორც უკრაინის შემთხვევაში, არც ივანიშვილის დროს ახსენებდნენ იმ მილიარდებს, რომლებიც ბატონმა ბიძინამ ქვეყანას მოახმარა.

თითქმის ყოველთვის, ომის მიმდინარეობისას მხარეები რეალურ სურათს მალავენ და მხოლოდ წლების შემდეგ ირკვევა ხოლმე, ვინ რას აკეთებდა რეალურად. ასე იყო პირველი სამამულო ომის პერიოდში, ასე იყო მეორე სამამულო ომის დროს და ასე იყო მაშინაც, როცა ევროპას ე.წ. დასავლურმა განმათავისუფლებელმა ტალღამ გადაუარა და არაერთი ქვეყნის ათასობით მოქალაქე შეიწირა. მხოლოდ წლების შემდეგ ითქვა, მაგალითად, ის, რომ იუგოსლავიის დაბომბვისას ნატოსა და ამერიკის ჯარების სამიზნე საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები და საბავშვო ბაღები იყო; მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა, რომგანმათავისუფლებელმა არმიამიუგოსლავიაში 20 ათასზე მეტი ქალი გააუპატიურა. თავისი სიმართლე ამ ომსაც ექნება, მაგრამ ვაი, რომ ამასაც წლების შემდეგ გავიგებთ და მივხვდებით, რომ ყველაფერი ისე დაბანილ-დავარცხნილი არ არის, ყველაფერს არ ადევს “აიფონის” ფილტრი და რეალობა გაცილებით მწარე და სასტიკია.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here