Home რუბრიკები ისტორია რა სენსაციური ინფორმაცია დევს „ვეფხისტყაოსანში“?!

რა სენსაციური ინფორმაცია დევს „ვეფხისტყაოსანში“?!

111396

 

„ვეფხისტყაოსანი” ყოველთვის იწვევდა როგორც ჩვეულებრივი მკითხველების, ასევე, მეცნიერების ინტერესს, რადგან ეს არის წიგნი, რომლის შინაარსიც უამრავ საიდუმლოს იტევს. აღმოსავლეთმცოდნეს, ირანისტ ალექსანდრე ელერდაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საინტერესო და სენსაციური ფაქტი აქვს გამოკვლეული, რომელთა შესახებაც გვიამბობს.


ალექსანდრე ელერდაშვილი: მე მინდა, გესაუბროთ „ვეფხისტყაოსანში” ასახულ გეოგრაფიულ გარემოზე, მასში დაფიქსირებულ დროის ხანგრძლივობასა და კიდევ სხვა საკითხებზე, რომელთაგან უმეტესი დღესაც მოითხოვს დაზუსტებას ან საერთოდ არ არის გარკვეული. მინდა, ასევე, განვაცხადო სენსაციური ფაქტი, რაც თავად პოემის ტექსტის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, ანუ, პოემის ავტორისა და მისი ტრფობის ობიექტის დაბადების თვეები და წლები. მაგალითად, პოემის ავტორად მიჩნეული შოთა რუსთაველი დაიბადა 1164 წლის აგვისტოში, ხოლო პოემის მთავარი ადრესატი – თამარი, დაბადებულია 1170 წლის მაისში. რაც მთავარია, ასეთი ამბიციური განცხადების საფუძველი თავად პოემის ტექსტში წარმოჩენილი ფაქტებია. ახლა მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტოპონიმზე – გულანშაროზე.

– რას ნიშნავს გულანშარო და სად მდებარეობს ის?

– ამ ტოპონიმთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული, რომელთაგან არც ერთი არ დგას ჭეშმარიტებასთან ახლოს. ქართველ მკვლევრებს ხშირად აბნევს სიტყვა „გულის” ფაქტორი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, აღიქმება, როგორც სხეულის მთავარი ორგანო და სწორედ ესაა შეცდომის სათავე. ბევრს ჰგონია, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა „გულნარა”, „გულნაზი”, „გულჩინა”, „გულიზარი”, სწორედ, გულთან არის გაიგივებული, არადა, ყველა ეს სახელი სპარსული წარმომავლობისაა და მათი შექმნა დაკავშირებულია ვარდთან, ყვავილთან, რაც სპარსულად ასე ჟღერს – „გულ”. გულ-ნარ – ვარდნარი, ყვავილნარი; გულ- ნაზ – ნაზი ყვავილი; გულ-ჩინ – ყვავილების მკრეფავი; გულ-ზარ – ყვავილოვანი. აქვე გავიხსენოთ „გულ-აბ-იც” – მსხლის ჯიში, რომელიც „ვარდის წყალთან” (წვენთან) არის შედარებული. „ვეფხისტყაოსნის” ცნობილ ტოპონიმშიც თავკიდური „გულ” სწორედ ყვავილს ნიშნავს, ასე რომ, გულანშარო ნიშნავს „ყვავილების ქალაქს”, გულანშაროზე საუბრისას ავტორი ყველგან პოეტურ ხერხებად ყვავილს, ვარდს ან ბაღს იყენებს.

– სად მდებარეობდა ეს „ყვავილების ქალაქი”?

– რუსთაველისეული გეოგრაფია მთელ პოემაში სრულიად კონკრეტულია და არანაირ ალეგორიულობას (ვთქვათ, საქართველოს მოდელს) ან სიმბოლიკას არ გულისხმობს. ძნელი სათქმელია, თუ რომელ ეპოქაში არსებობდა ქალაქი გულანშარო, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ისევ და ისევ პოემაში არსებული ინფორმაციის თანახმად: „ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა ტურფითა მრავლითა; თვით გულანშარო – ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა”. როგორც ხედავთ, საიდანღაც ათი თვე უნდა იარო (რა თქმა უნდა, იცურო) რომ ამ ზღვისპირა ქალაქამდე მიაღწიო. ეს „ზღვა-ზღვა” ნავით მავალთა თავშესაყარი ადგილი წითელ ზღვაში შემავალ სრუტესთან მდებარეობდა. ამგვარ „კოორდინატებს” პოემის მკვლევართა დიდი ნაწილი უჭერს მხარს, მაგრამ კონკრეტულად ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ წითელი ზღვა და არა სპარსეთის ყურე, სადაც ისეთივე ვიწრო შესასვლელია ოკეანიდან ხმელეთის სიღრმისკენ. ამ ფაქტს ისევე სპარსული ენის დახმარებით დავასაბუთებთ: გულანშაროში „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს” – სიტყვა „მელიქ” არაბული ენის ნებისმიერი მცოდნისთვის გასაგებია, რომ ნიშნავს „მეფეს, გამგებელს, პატრონს”, აქედან წარმოდგება არაერთი გვარი, რომელიც შემდეგ მთელ აღმოსავლეთს, მათ შორის რუსეთსაც, მოედო: მელიქიშვილი, მელიქიძე, მელიქია, მელიქიანი, მელექ-ზადე, მალიკოვი და ასე შემდეგ. აი, „სურხავი” კი სპარსული სიტყვაა – მის ძირში დევს სიტყვა „სორხ” და ნიშნავს წითელს, ხოლო „სურხავი” შეიძლება ითარგმნოს, როგორც „წითელი წარმომავლობის”. ამიტომ არის „მელიქ-სურხავი” მბრძანებელი იმ ქალაქისა, რომელიც მდებარეობს „საწითლეში”. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის „წითელი მეფე” და სწორედ აქედან წარმოიშვა თეორია იმისა, რომ ქალაქი გულანშარო მდებარეობდა ინდოეთის ოკეანიდან წითელ ზღვაში შემავალი სრუტის ნაპირზე, მაგრამ, საკითხავია, რომელ მხარეს – არაბეთის ნახევარკუნძულზე თუ აფრიკის სანაპიროზე. სანამ ამ საკითხს დავადგენდით, უნდა შევნიშნო ერთი ფაქტი, რაც ადრეც იწვევდა ინტერესს და მხოლოდ თანამედროვე მოვლენებმა მოაქცია ის ყურადღების ცენტრში. ყველასთვის ცნობილია, რომ ავთანდილი გულანშაროში ჩასვლამდე ვაჭრებს დაეხმარა მეკობრეებთან ბრძოლაში. იმ რეგიონში, როგორც ჩანს, მეკობრეობა ოდითგანვე გავრცელებული ხელობა იყო და დღესაც წარმატებით იყენებენ მას სომალელი მეკობრეები. რაც შეეხება იმას, ზღვის რომელ ნაპირზე მდებარეობდა გულანშარო, გეტყვით, რომ ფატმან-ხათუნისგან გამოპარული ნესტანი ქაჯებმა ხმელეთზე შეიპყრეს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ აფრიკაში მდებარე „ქაჯთა სამფლობელოსკენ” ნესტანი სახმელეთო გზებით ცხენით მიემართებოდა. ფატმანიც ამას ამბობს, რომ გულანშაროდან ცხენით გააპარა და არა ნავით. ასე რომ, ქალაქი გულანშარო მდებარეობდა წითელი ზღვის აფრიკულ სანაპიროზე, ანუ იქ, სადაც ახლა ერითრეის, ჯიბუტის ან სომალის სანაპიროებია.

მულღაზანზარი გულანშაროსთან ერთად „ვეფხისტყაოსნის” ერთ-ერთი საკვანძო სატრანსპორტო-საინფორმაციო პუნქტია. სპარსული ენის მცოდნეები დაგვეთანხმებიან, რომ ამ ტოპონიმის საფუძველში დევს სიტყვა „მურღ”, რაც სპარსულად „ფრინველს” ნიშნავს. შემდეგ უნდა მოდიოდეს მრავლობითის აღმნიშვნელი ბოლოსართი „ან”, რაც შეკვეცილია მომდევნო „ზან” – ინფიქსის გამო, ანუ სრული ფორმა ასეთი უნდა იყოს „მულღ-ან-ზან-ზარ”. ამა თუ იმ ბგერის ამოვარდნა, ზოგადად, ჩვეულებრივი მოვლენაა აღმოსავლური ლექსიკის ქართულ ენაში შემოტანის დროს და ეს არა მხოლოდ აღმოსავლურ ლექსიკას შეეხება. ამისთვის საკმარისია, გავიხსენოთ „ვეფხი” და „ვეფხვი”. ასე თუ ისე, „მურღ”-ის („ფრინველის”) არსებობა ფრიდონის სამფლობელოს სახელში ცხადი და უტყუარი ფაქტია. ასე რომ, მულღაზანზარი სხვა არაფერია, თუ არა ადგილი, სადაც ბევრი ფრინველი ბუდობს, ანუ „საფრინველეთი”. ავტორი მულღაზანზართან დაკავშირებით ხშირად იყენებს ფრინველის თემას, მაგრამ მათი „ერთად თავმოყრა” სწორედ ფრიდონის ლამაზ და პატარა სახელმწიფოშია შესაძლებელი. როდესაც მეოცე საუკუნის მიწურულს ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მოგვიხდა ჩასვლა, ყოველივე ამაში დავრწმუნდი, რადგან, მართლაც რომ „საფრინველეთში” ამოვყავით თავი. იქ, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად, ორმუზდის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით – კუნძულ ყეშზე, მთელი ევროპა-აზიის გადამფრენ-გადმომფრენ ფრინველთა „დელეგაციები” გროვდებიან, ანუ ამ გეოგრაფიულ სივრცეს სატრანზიტო პუნქტებად იყენებენ თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორმუზდის სრუტე დღემდე ინარჩუნებს საზღვაო-საკვანძო დანიშნულებას ინდოეთის ოკეანიდან სპარსეთის ყურისკენ მიმავალ საწყალოსნო სივრცეში („ეს ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა”). ჩვენ, ბენდერ-აბასის პორტში მართლაც ვნახეთ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის დროშით მცურავი გემი.

ასე რომ, გაირკვა – მულღანზანზარი მდებარეობდა ორმუზდის სრუტის სანაპიროზე, თანამედროვე ირანის სამხრეთ ნაწილში. ამ ქალაქსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის მდებარე საზღვაო სივრცეში არსებობდა კუნძულიც, რომელიც, პოემის თანახმად, ფრიდონისა და მისი ბიძაშვილების სადავო ტერიტორია იყო. ეს კუნძული დღესაც არსებობს და ამაში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბენდერ-აბასის პორტიდან მზერას მიმართავს არაბეთის ნახევარკუნძულისკენ, ანუ იქით, საითაც ახლა ყველასთვის ნაცნობი დუბაი და არაბთა საემიროები მდებარეობს.

მულღანზანზარის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მინდა, კიდევ ერთ საკითხს შევეხო: ნესტანის საძებნელად ზღვა-ზღვა მავალი ტარიელი პირველად სწორედ მულღაზანზარში უნდა მოხვედრილიყო გასაგები მიზეზის გამო – ეს ქალაქი ინდოეთსა და არაბეთს შორის მდებარეობს. საყურადღებოა კიდევ ერთი გეოგრაფიული ფენომენის გამოჩენაც, რასაც „თურქთა ქვეყანა” ჰქვია. თანამედროვე სიტყვა „თურქეთი”, როგორც ტოპონიმი, იმ ეპოქაში, ბუნებრივია, არ არსებობდა, მაშინ მას ბიზანტია ერქვა. თუმცა, ცნება „თურქ” პოემაში სამჯერ გვხვდება. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, გავარკვიოთ, რომ, თურქების დაპყრობითი ომები ჯერ კიდევ არ იყო გაცდენილი ირანის ტერიტორიის დასავლეთის მიმართულებით, რადგან ტარიელი „თურქთა მიღმა” როსტევანის სამფლობელოში აღმოჩნდა უნებლიეთ; რომ ისინი უკვე განთქმულნი იყვნენ, როგორც დამარბეველნი („ნათურქალი” – გაპარტახებულის სინონიმია) და რომ ფრიდონის ზღვებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თურქთა სამფლობელო.

ისტორიული ფაქტების მეშვეობით, შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ საქმე ეხება ეპოქას, როცა თურქ-სელჩუკები ჯერ მხოლოდ თანამედროვე ირანის აღმოსავლეთ ნაწილს ფლობდნენ და კიდევ ერთი – პოემაში არსად ჩანს „მონღოლთა” ფენომენი, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ „ესე ამბავი სპარსული” მოხდა არაუადრეს მეცხრე და არაუგვიანეს მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეებისა. ანუ თურქ-სელჩუკთა ირანის ტერიტორიაზე გამოჩენამდე (მეათე საუკუნე) და მონღოლთა დაპყრობების დაწყებამდე (მეთერთმეტე საუკუნე).

 – ბატონო ალექსანდრე, ასევე საინტერესოა, სად მდებარეობდა „ვეფხისტყაოსანში” მოხსენიებული ხატაეთი და ხვარაზმი?

– ერთი შეხედვით, თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე ამგვარი სახელის მქონე რეგიონი არსად ჩანს, მაგრამ, თუ მცირეოდენ ეტიმოლოგიურ გამოკვლევას ჩავატარებთ სპარსული ლექსიკონის მეშვეობით, გაირკვევა, რომ ამ სახელის მქონე ქვეყანა ნამდვილად არსებობს. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის საინტერესო დიდი რეგიონი, როგორც ჩანს, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში ორი ნაწილის სახით მოიხსენიებოდა: ერთ მათგანს ეწოდებოდა „ხატაეთი” და მეორეს – „ჩინი”, ანუ ჩინეთი პოემაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება: „ესე არაკი მართალი ჩინსა ქვასა ზედა სწერია: ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია”. ეს თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მოსახსენიებელი ჩინური სიტყვა უნდა იყოს, ახლანდელი ირანის საზღვრებთან მდებარე რეგიონს კი სპარსელები „ხათაის” უწოდებდნენ და ეს დასტურდება სპარსულ კლასიკურ ლიტერატურაშიც და სპარსულენოვან ლექსიკონშიც. „ჩინ” და „ხათაი”, ეს ორივე რეგიონი, რუსებმა თავიდანვე ერთ მთლიან გეოგრაფიულ გარემოდ აღიქვეს, ოდნავ შეცვალეს სპარსული „ხათაი” და მიიღეს „კიტაი”. სხვათა შორის, სიტყვა „ხათაი” ჩვენი ენის კიდევ ერთმა ლექსიკურმა ერთეულმა შემოინახა და ეს არის „ხატაური”, რაც ძვირფასი ქსოვილის აღმნიშვნელი სიტყვაა.

ხატაეთი რომ ინდოეთის მოსაზღვრე და მოხარკე ქვეყანაა, ამას პოემის ის ეპიზოდი ადასტურებს, როცა ტარიელი თავნება ხატაელების დასამორჩილებლად გაეშურება და, როგორც პოემის ავტორი ამბობს, ივლის „პაშტაი ხანს” ანუ მცირეოდენი დრო დასჭირდება ინდოეთიდან ხატაეთამდე ჩასასვლელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხატაელები არ მიიჩნევენ თავს ინდოელებად და ცდილობენ, დამოუკიდებლად იარსებონ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის დღევანდელი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი მხარე, სადაც ახლა ისეთი არაინდური ან ინდურისგან განსხვავებული ქვეყნები მდებარეობს, როგორებიც არის პაკისტანი ან ავღანეთი. ამგვარი ექსკურსიების ჩატარება მხოლოდ იმისთვის დაგვჭირდა, რომ „ხატაეთის” დაახლოებითი კოორდინატები მოგვეძებნა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაკისტანსა და ავღანეთს კონკრეტულად მივიჩნევთ ჩვენთვის საძებარ რეგიონებად.

სანამ ტარიელი დაიწყებს ხატაელთა დამორჩილების შესახებ ამბის თხრობას, ხსენებული ქვეყანა ავთანდილის ცნობიერებაში შემოდის, როცა ის სამი წლის განმავლობაში ამაოდ ეძებდა უცხო მოყმეს. ხატაეთის არსებობას ავთანდილი შეიტყობს ამ ქვეყნის ბინადარი სამი ძმისგან და მათგან მიიღებს „უცხო მოყმესთან” დაკავშირებულ პირველ ინფორმაციას. მათთან შეხვედრამდე კი ავთანდილს ერთი დიდი უბნის გადალახვა მოუხდება. „მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერცა შვილსა ადამისსა”… ეს უდაბური ადგილები თანამედროვე ირანის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში არსებობს და მას ამჟამად „დაშთ-ე ლუთ” (მლაშობი ველი) და „დაშთ-ე ქაბირ” (დიდი ველი) ეწოდება. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ეს უკაცრიელი გარემო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანიდან პაკისტანის სიახლოვეს გამავალი გზით, დაახლოებით, 1 000 კილომეტრის მანძილი მანქანით გავიარეთ და „შინ” (თეირანში) მშვიდობით დავბრუნდით. ასე რომ, თითქმის იგივე ადგილები მოვინახულეთ, რომლებიც ავთანდილმა სამი წლის განმავლობაში მოიარა არაბეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ფაქტი შემდეგ ავთანდილის სამშობლოს ადგილმდებარეობის დადგენაში დაგვეხმარა. ერთ ფაქტსაც მოვიშველიებ პოემიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ ავთანდილი სამ ხატაელ ძმას სწორედ სპარსულენოვანი სამყაროს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაეყარა. ასე რომ, ავთანდილმა მიაღწია ტერიტორიას, სადაც იმყოფებოდა ინდურ-სპარსულ-ჩინურ (ხატურ) და უკვე თურქულ სამყაროთა გზები, ოღონდ, ამჯერად უფრო უკეთ დავაკონკრეტებ – საუბარია ირანის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც ახლა პაკისტანის საზღვრებია, ანუ, ხატაეთი მდებარეობდა თანამედროვე ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო დღევანდელ ირანს ეს ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ფაქესთან” (პაკისტანი) სპარსულად ნიშნავს „სიწმინდის (ფაქ) ქვეყანას”. თუ გაიხსენებთ ჩვენს ენაში დაცულ სიტყვას – „ფაქიზი”, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

რაც შეეხება „ხვარაზმს”, ეს ყველაზე ადვილად დასადგენი რეგიონია, რადგან შუა აზიაში დღესაც არსებობს ავტონომიური წარმონაქმნი უზბეკეთის შემადგენლობაში (მის დასავლეთ ნაწილში, თურქმენეთის საზღვართან) და მას „ხორეზმის ავტონომიური რესპუბლიკა” ჰქვია. ხვარაზმშას მოწვევა ინდოელთა სასიძოს სახით, სხვა არაფერია, თუ არა გიორგი რუსის რუსეთიდან ჩამოყვანის ლიტერატურული პერიფრაზი და ეს ყველასთვის ცნობილია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ხსენებული ფაქტი ტარიელის მიერ ხატაელების დამორჩილების შემდეგ მოხდა. მართალია, ავტორი არ ამბობს, რა დრო გავიდა ხატაეთის დამორჩილებიდან ხვარაზმშას ჩამოყვანამდე, მაგრამ, ნესტანის გათხოვების დროული საკითხი რომ იყო, ეს სავსებით გასაზიარებელია. ჩვენ შეგვიძლია, განვსაზღვროთ მისი ასაკი ამ დროისთვის: „მე თხუთმეტი წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა, ვითა შვილსა”, – ამბობს ტარიელი. შემდეგ მას მშობელი მამა, სარიდანი, გარდაეცვალა და ერთი წელი ბნელსა იჯდა იგი „საწუთრო-გაცუდებული”. ესე იგი, ტარიელს 16 წლის ასაკში ეწვია სიყვარული ნესტანის მიმართ. ნესტანი კი მასზე ექვსი წლით უმცროსია. მათი მიჯნურობის „პროლოგი” – წერილების მიწერ-მოწერა, ხატაელებზე გალაშქრება, შემდეგ ხვარაზმშას ძის ჩამოყვანა, ალბათ, ერთ-ორ წელს გაგრძელდებოდა. ასე რომ, ტარიელი 18 წლის მაინც უნდა იყოს ამ დროისთვის, ხოლო, როცა ნესტანს გათხოვება დაუპირეს, ინდოეთის მეფის ასული არანაკლებ 12 წლის იყო. თუმცა, ტარიელი დიდხანს ეძებდა ნესტანს, ეს დასტურდება ფრიდონის სიტყვებიდან, როდესაც ის ავთანდილს ამცნობს, რომ მისი და ტარიელის გაცნობის დღიდან შვიდმა წელმა განვლო და ამას ზედ დაერთო თუნდაც ავთანდილის მიერ ათი თვე გულანშარომდე მგზავრობა, მერე უკან დაბრუნება, სალაშქროდ მზადება, ქაჯეთის ციხის აღება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ტარიელი და ნესტანი საკმაოდ დიდები იყვნენ, როცა შეუღლდნენ, ყოველ შემთხვევაში, ტარიელი არანაკლებ 30 წლის იქნებოდა.

დავუბრუნდეთ ისევ ისტორიულ სინამდვილეს: ხვარაზმშამ ქორწილამდე ვერ მიაღწია, რადგან ტარიელმა ის სიცოცხლეს გამოასალმა, ალბათ, იმავეს უპირებდა რუსეთიდან ჩამოყვანილ სასიძოს თამარის ქართველი თაყვანისმცემელი და მან ეს მხატვრული სახით დააფიქსირა პოემაში. როგორც ვხედავთ, საქართველოს ისტორიული სინამდვილე ერთი ცნობილი ამბითაც აისახა პოემაში, რაც იმას ადასტურებს, რომ ავტორმა მართლაც აიღო „ესე ამბავი სპარსული” პროზაული ტექსტის სახით. გამოიყენა მისი სიუჟეტი, რაც მხოლოდ ტარიელის თავგადასავალს მოიცავდა და მასში ჩართო რამდენიმე ისტორიული ფაქტი საქართველოს სინამდვილიდან.

ასევე, რუსთაველის ფანტაზიის ნაყოფად მიგვაჩნია ავთანდილის სახე და მასთან დაკავშირებული არაბეთიც, რაც ყველაზე გაურკვეველი და სავარაუდო გეოგრაფიული გარემოა თავისი სიდიადისა და მრავალფეროვნების გამო. თუმცა, ავთანდილის, როგორც პერსონაჟის შესახებ, ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსნის” გმირების სახელთა წარმომავლობის შესახებ, სხვა წერილებში გესაუბრებით. მანამდე კი გეტყვით, რომ „ავთანდილი”, როგორც სახელი, რუსთაველის ეპოქამდე არ არსებობდა და, როგორც ჩანს, ეს სახელი „ვეფხისტყაოსნის” ავტორმა ხელოვნურად შეთხზა არაბულ-სპარსული კომპოზიტის სახით: „ოუთან” (არაბული „ვათან” სიტყვა „სამშობლოს” მრავლობითი რიცხვი) და „დილ” (სპარსულად „გული”) ანუ ოთან-დილ – სამშობლოს გული.

 

 

65 COMMENTS

  1. გეოგრაფიული მდებარეობების შესახებ ,,სენსაციური” ინფორმაციის მეტი, რა უნდა იდოს ,,ვეფხისტყაოსანში” :/

  2. სულ არაა აუცილებელი, რომ მელიქ-სურხავი “საწითლეთის” მეფედ იგულისხმება, იქნებ ჟღალთმიანს, წითელთმიანს, ანუ “რიჟას” ნიშნავს.

  3. რა უბედურება ვჭირს?რატომ უნდა ვეძებოთ ყველაფერი ქართულის ძირი უცხოეთში?ძალიან მაინტერესებს ავადმყოფობა რაიმე ხომ არ გვჭირს?
    მეორე ვარიანტიცა გაქვს.ჩვენი ვითომ მეცნიერ -მკვლეარები ,ტაიანთი ცოდნის წარმოსაენად ,აქაოდა ამდენ რამეს ვამბობ ,ბევრიც ვიციო.
    ერთი ცნობილი მეცნიერის ამბავს გაგახსენებთ,რომელიც ოცი წელი იჯდა ირანის სიძველეთა საცავებში და ეძებდა “ვეფხისტყაოსნის“ირანულ დედანს.
    მთელი მსოფლიო ამტკიცებს ,მათ შორის ირანელი მეცნიერებიც ,ამტკიცებენ რომ ამ ნაწარმოებს არავითარი კავშირი არა აქვს ირანთანო ,მაგრამ ეს ჩვენი მაინ ჯიუტად აგრძელებდა საქმიანობას.

  4. საინტერესოა. რუსთველი ისეთი მაშტაბური მოაზროვნე იყო, რომ, გასაგებია, მის მიერ შეთხზული სიუჟეტი ჭორვილაში ვერ დაეტეოდა.
    ველი გაგრძელებას.

  5. გამიხარდებოდა ვეფხისტყაოსანში თუ აღმოჩნდება რაიმე ქართული,სხვა მხრივ ტყუილად ვამტკიცებთ რომ ვართ ერთერთი უძველესი ერი.საინტერესოა, რატომ აღწერდა შოთა ახლო აღმოსავლეთს ასე დეტალურად და არაფერს იტყოდა თავის სამშობლოზე.
    ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა შემოტანილი სხვა ენებიდან,მაშ რაღა გვაქვს ქართული?ამაზე გამცეს პასუხი ვინმე კომპეტენტურმა,გთხოვთ.

    • ძალიან ზედაპირული წრამოდგენა გაქვთ ჩვენი ერის ისტორიაზე და შოთას ნაწარმოებზეც მათ შორის

    • ეს ჩვენი მტრების მიერ განზრახ გავრცელებული სიცრუეა. ყველა ენაშია უცხო სიტყვები, უცხო გრამატიკული ფორმებიც (რაც უარესია, ვიდრე უცხო ლექსიკა). ქართული ენა, შედარებით სხვა ენებთან, უფრო წმინდადაა შემონახული, განსაკუთრებით _ მისი გრამატიკული ფორმები.
      და ამჟამად ცოცხალ ენებს შორის ერთერთი უძველესია. სწორედ ამიტომაა ის, რაც არცერთ სხვა ენაში არ ხდება: 21-ე საუკუნეში შეგვიძლია მე-5 საუკუნის ტექსტის წაკითხვა.
      „ვეფხისტყაოსანზე“ ჩვენ საგანგებო ტრენინგ-სემინარებს ვატარებთ ხოლმე.
      კვირას, 2 თებერვალს, 12 საათზე ვატარებთ სემინარს „რომანტიზმის ისტორია, არსი, ფსიქოლოგია“ 89-ე სკოლაში (ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო მეტეხის გვერდით). შეგიძლიათ დასწრება. „ქორბუდა“, ქართული ენისა და ლიტ. მასწ. კავშირი.
      ფეისბუქზე: „კავშირი ქორბუდა“

  6. იქნებ სულაც არაფერს არ გულისხმობდა და სახელები ისე დაარქვა? რამდენი წლის იყო რუსთაველი როცა ეს პოემა დაწერა? საიდან უნდა ჰქონოდა ასეთი ამომწურავი ცოდნა გეოგრაფიაში ?

    • მხოლოდ გეოგრაფიაში ჰქონდა ცოდნა? ზედმიწევნით ჩანს მისი ცოდნა ასტრონომიაში, ფილოსოფიაში და ა.შ. წაიკითხეთ ლევან რამიშვილის ,,დაფარული ვეფხისტყაოსანი,, და დარწმუნდებით რუსთაველის მრავალმხრივ განათლებაშიც და ბევრ სხვა საინტერესოსაც წაიკითხავთ

  7. როგორც, ბიბლიაში ვერ ჩაწვდები ბოლომდის ისეა ვეფხისტყაოსანი…
    ამიტომ გაანებეთ თავი ვერსიებს…

  8. შოთა რუსთველი დაიბადა 1160 წლის 14 აგვისტოს, ხოლო წმინდა თამარ მეფე 1166 წლის 14 მაისს. ეს პოემაშიც იკითხება და ისტორიაშიც………

  9. ერთერთი მკითხველი ბრაზობს,რატომ უნდა ვეძებოთ ყველაფერი ქართულის ძირი უცხოეთშიო?ვთხოვ ,წაიკითხოს ნიზამ განჯელის პოემა ,,ხოსროვი და შირინი” და მის კითხვას პასუხი გაეცემა.გაოგნებული დავრჩი,შოთა და ნიზამი ერთიდაიგივე პიროვნება მეგონა,იმდენად ბევრი საერთო ვნახე,ნიზამის შემოქმედებაც გაჯერებულია აფორიზმებით,აქაც იხილავთ პოეზიის დანიშნულებას და ბევრი საეჭვო კითხვა დაგებადებათ.

  10. ვეფხისტყაოსანი და ნესტან-დარეჯანი — ბოლო ჟამის საქართველოს მეფე-დედოფალი. ეს მოხდება მალე.

  11. საინტერესო ნამდვილად არის და სავალდებულოც შეადარო და რაღაც საერთო იპოვო ამა თუ იმ ქვეყანასთან, მაგრამ ,,ვეფხისტყაოსანში” რომ უამრავი ქართული აზრი დევს ეს უდაოა. ადამიანის გონება ამოუწურავი ფანტაზიების გორგალია და ყველაფერს შეიძლება შეეხოს, ამიტომ მე თუ მკითხავთ კამათი სულაც არ არის ცუდი, პირიქით ,,კამათში იბადება ჭეშმარიტება”…

  12. დეტალურად გაარჩიეთ ვეფხისტყაოსანი ეკონომიკური კუთხით, თხოვნაა

  13. ეკონომიკური სეხედულებები სოთა რუსთაველის კონკრეტულად თუ გამოყოფღ, კარგი იქნება

  14. კომენტარი დავწერე და არ დაფიქსირდა. შოთა რუსთაველის ეკონომიკური შეხედულებები მაღალ მეცნიერულ დონეშე შესწავლილი აქვს დიდ მეცნიერს, აკადემიკოს ვასილ ჩანტლაძეს. წიგნი დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაშ

  15. რა გჭირთ ხალხო?ავტორი თავად წერს”ესე ამბავი სპარსულიო…”არ არის გამორიცხული რომ მართლაც სპარსული ნაწარმოები თარგმნა და ქართული სინამდვილის ელემენტებით გააჯერა…. ხშირია , როცა ეძებ რაღაც ამოუცნობს და ამ დროს უმარტივესი სინამდვილე ცხვირწინ გიდევს.

  16. არ შეიძლება ასეთი დილეტანტიზმი,ვეფხისტყაოსნის მხოლოდ გეოგრაფიამდე დაყვანა, შეიძლება რაღაც დააკავშირო სპარსულთან, მაგრამ სპარსულში ამ პოემის ძირების ძიაება ეს აბსურდია… ეს ნაწარმოები სუფთა ქართული მოვლენაა და ბევრად, უაღრესად ბევრად მეტი ვიდრე გეოგრაფია…

    • ბევრ რამეში შეიძლება დაეთანხმო ავტორს.განსაკუთრებით გეოგრაფიული გარემოს კვლევაში,აი,რაშიც ვერაფრით დავეთანხმები ეს პოსტულატია-“რომ ავტორმა მართლაც აიღო „ესე ამბავი სპარსული” პროზაული ტექსტის სახით. გამოიყენა მისი სიუჟეტი, რაც მხოლოდ ტარიელის თავგადასავალს მოიცავდა და მასში ჩართო რამდენიმე ისტორიული ფაქტი საქართველოს სინამდვილიდან.”-
      ვეფხისტყაოსანს არაფერი აქვს სარეთო “სპარსულ ამბავთან”.თინათინის და ნესტანის ამბები ერთი და იგივე ამბის ორი ინტრპრეტაცია უნდა იყოს.პირველი-ის რაც ზედაპირზე,ყველას დასანახად ხდება და მეორე,ვნებები რაც ფარდის მიღმა მძვინვარებს.ორივე ისტორია სავსეა იმდროინდელი საქართველოს ისტორიული პარარელებით-ა რაბეთში მამის თანამმართველად ქალშვილის ტახტზე აყვანა,ინდოეთის უშვილო მეფე,რომელიც ჯერ სხვას ზრდის ტახტზე ასაყვანად და,რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი შეეძინება. ხვარაზმშაზე ქალიშვილის გათხოვების სურვილს იქვე მოყვება ტარიელის,ანუ იმ პირის რომელიც ამ სახეშია ნაგულისხმები პრეტენზია სამეფო ტახტზე.
      “ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია:
      ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,
      ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?
      სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?” რა კავშირი შეიძლება ამ ამბავს ქონდეს სპარსულ ამბავთან?ვეფხისტყაოსანი მთლიანად გაჟრენთილია იმდროინდელი საქართველოს ისტორიული სინამდვილით! და ეგ გეოგრაფიული გარემოც,საკუთარი სახელებიც და ცნობილი ფრაზა”ესე ამბავი სპარსული” უბრალოდ ,ლიტერატურული შენიღბვის ხერხია.რატომ ვეძებთ სხვაგან იმას რაც ცხვირ წინ გვიდევს. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას,რომ ბატონი ალექსანდრე ელერდაშვილი კარგად იცნობს გეოგრაფიას,მაგრამ სამწუხაროდ არ იცნობს ვეფხისტყაოსანს.

  17. ამ საინტერესო მონათხრობის ავტორი ამ ამბებს ათეული წლის წინათაც აქვეყნებდა ჯურნალებში , სიამოვნებით “ამოვდღლიზე ” ჩემთვის საინტერსო გვერდები და ჩევაკარი ჩემს სქელტანიან ჯურნალში , რაც შეეხება ნიზამს ბევრი პასუხისგაუცემელი კითხვებია , რომელსაც მე ვერ მივაგენი . ისე მადლიბა წერილის ავტორს და ყველა მკვლევარს რომლების ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებენ , ძნელია შითასთან “დებატი”

  18. საერთოდ დედამიწის ადგილებს ქართული სახელები ჰქვია. გნებავთ “არ აბია”, თუ რქია, სამარ ყანდი, ჩინა, ინდო, ხატა ი, ნუ მიდია, მიდია, კართ აგენ, კარია, კარელია, ია მატო, ია კუტია, ია მალი, მალი, მალთა, მალდივ, სუ მალი, მალ ავი, იავა(სიავით), ავს თუ რა ლია, ბრაზი ლია, გვიანა, პარა გუა ი, გუად ემალა, სური ნამ, ნამ დო, ვიეთ ნამ, ნამ მიბია, ნამიური, მანამა, რა მალა, ნაზიარეთი, იერ უშალა ი მ, ეგ იპეთ, აფარ, უგანდა, უგარეთ, შუა მე ერ, ქუვეით(ქვეით), აქად აქავე, ქალ დევ, ანატოლი ა, ანთ ალი ა, ალთ აი, უ რა ალ, ალთ იფლანო, აკონკ აგუა, ანდე, ქოლო რად ო? პირ ენე, პირინი, ალპენ, მაქედონ ი ა(ქედისებრი მწვერვალებით), კარ პატ, კარ პენტ არ, კარ იბიან, კარი, კარ ავან, კრა ვანი, მეკრან, ყარა ყო რუმ, რუ აპე ჰუ, რუ კარ არა, რუ ან და, უ რუ გუა ი, პე რუ, მარანი ონი, ამაზეონ,..
    მულ ღა ზანზარ, გულან შარო!..

  19. ძალუინ სასიამოვნოა ინტერესის ასეთი დონე , ემჩნევა ამის ” ბრალიც ” არის რომ ამ შესანიშნავმა და მართლაც ” ეროვნული სულიერების ჰეგემონმა ” ჩვენამდე მოაღწია . თავის დროზეა საჭირო წერაც და კითხვაც , მერე გული გწყდება ბევრ რამეზე . ჩვენი უღრმესი პატივისცემა , დიდ მეცნიერებს , მკვლევარებს , ნაღდ პატრიოტებს და კიდევ ათასი ეპითეთი …….

  20. ბატონმა ელერდაშვილმა შეიძლება კარგად იცის გეოგრაფია,მაგრამ არ იცის ვეფხისტყაოსანი.

  21. Levan Maruashvili geografi da ucesieresi pirovneba kargad aqvs agcerili da dasabutebuli sad vin rogor ratom aris moxseniebuli rustavelis mier shesanishnav cignshi acxonos misi suli gmertma

    vardis furclobis nishani aris da dro axali paemanisa

  22. “hatay”-es patara qalaqia turqetis teritoriaze samxret nawilshi da umetesoba sirieli dzirdzveli arabebi cxovroben.me irans gamovricxavdi “hatai”-t.chadit naxet am qalaqshi muzeumia.gamosakvlevia dzalian grmad.hatai-xataeti.hata-osmalurad ” shecdomas” nishnavs

  23. shotam es nawarmoebi uzxoetshi devnilobis dros dawera.ratomaa gasakviri ,iqneb martla imogzaura am adgilebshi.an dawerili siujetis gadmoqartuleba ratom daswirdeboda tviton ver moipiqrebda tu ra? gauwirdeboda? tvinitaa gatenili.

  24. საინტერესოა, მაგრამ ძალზე პრიმიტიული და ყურითმოთრეული შედარებები, ასე შესაძლოა დაუკავშირო სხვა ენებსაც, თან გამოდის რომ ქართული სიტყვა არაფერი ყოფილა და გულიც კი არაბული ანუ ქართველებს სიტყვები არ გვქონია თუ არა არაბული და იქნებ პირიქით არის და გული არაბულში თუ არსებობს სწორედ ქართულიდან არის შესული? და რუსთაველი ისეთი შეზღუდული იყო რომ სიუჟეტი არაბებისგან მოიპარა? კარგით რა… ეს თქვენი პირადი ჰიპოტეზაა და ისე ისაუბრეთ რომ მე ასე ვფიქრობ და არა ეს დადასტურებული არის… ცოტა უხერხული არ არის ამხელა კვლევა ესეთ დონეზე? ჯერ ქართული ენის წარმომავლობა და დრო გაარკვიიეთ? შედგომ ტოპონიმების წარმომავლობა და დრო და სადაურობა და მერე განაცხადეთ რომ საქმე გვაქვს პლაგიატის მაგვარ პოემასთან… 🙂

  25. რატომ არ განიხილავᲗ ხატაეᲗის ლოკალიზაციისᲗვის ანტიოქიის Შუასაუკუნეების დᲦევანდლამდეცᲗურქულᲨი ᲨემორᲩენილ სახელწოდებას: ხატაი, ჰატაი, მასზე პილიგრიმᲗა გზა გადიოდა ალეპოს მიმარᲗულებიᲗ და ოᲗხი ქარᲗული მონასტერი მდებარეობდა, ვეფხისყაოსანი ამ ეგზოტიკური და უᲫველესი ისტორიის მქონე მხარეს ასე ადვილად გვერდს ვერ აუვლიდა

  26. ფიქრები ,,ვეფხისტყაოსნის “შესახებ . ვაჟა ეშაველა თხზულებანი გამმომცემლობა თბილისი 1987 წ გვე 712
    საკვირველი მკვლევარნი აღმოუჩნდნენ ამ ბოლო დროს ,,ვეფხისტყაოსანს “და საქმე იქამდის მიყავთ, ლამის …………………

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here