Home რუბრიკები საზოგადოება რატომ უნდა აშენდეს საქართველოში ონკოლოგიური ცენტრი

რატომ უნდა აშენდეს საქართველოში ონკოლოგიური ცენტრი

1002
რატომ უნდა აშენდეს საქართველოში ონკოლოგიური ცენტრი

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველი ასი ადამიანიდან ოთხს სიმსივნე აქვს. აქედან გამომდინარე, საქართველოში სიმსივნით დაავადებული დაახლოებით 15 ათასი ადამიანია. აი, ონკოლოგიური ცენტრი კი მხოლოდ ერთი გვაქვს, ძველი, კომუნისტების აშენებული, რა თქმა უნდა, სარემონტო და, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს რომ ტოვებს, ისეთი. იმაშიც დაგვეთანხმებით, რომ ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, ტელევიზიითხშირად მოგვიწოდებენ, რომ დავეხმაროთ ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, რომელსაც სწორედ სიმსივნური დაავადების გამო, საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება და ამისთვის თანხაა საჭირო. ესსაზღვარგარეთიკი ძირითად შემთხვევაში თურქეთია, ქვეყანა, რომელშიც ერთერთი უდიდესი ონკოლოგიური ცენტრი არსებობს და ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს.

რა გამოდის?! გვყავს სპეციალისტები, მაგრამ არ გვაქვს შესაბამისი საავადმყოფო, რომელშიც ისინი იმუშავებენ. უფრო ზუსტად, საქართველოში, იმ ერთადერთ ონკოცენტრში, ამდენი ადგილი არ არის და, რომც იყოს, პირობები არ არის.

* შეკვეთილთან ახლოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს საზეიმოდ გაიხსნა ბლექ სი არენა”, ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი საქართველოში, რომელიც 115 მილიონი დოლარი დაჯდა. ის ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და შემდეგ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ჩვენს ქვეყანას მისი შენახვა წლიურად მილიონი უჯდება. რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, როცა დიდი საკონცერტო დარბაზი გაქვს, მაგრამ…

* პროექტი პანორამა თბილისი მილიარდზე მეტი დაჯდება, უფრო ზუსტად, ჯერჯერობით 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება, შემდეგ _ კიდევ ერთი ამდენის და თანხა, საბოლოო ჯამში, ორ მილიონ ლარს მიაღწევს. ეს პროექტიც შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში გადავა და, დიდი ალბათობით, სახელმწიფოს მისი შენახვა წლიურად “ბლექ სი არენაზე” მეტი დაუჯდება. ესეც ძალიან კარგია, მაგრამ…

* ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში აშენებული რაგბის სტადიონების საერთო ღირებულებამ 12 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს პროექტიც ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა და რაგბის კავშირს უსასყიდლოდ გადაეცა. ჯანსაღი თაობა ძალიან კარგია და რაც მეტი სარბიელი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი, მაგრამ…

* სრულყოფილი ონკოლოგიური ცენტრის, ასე ვთქვათ, ონკოქალაქის მშენებლობა ნახევარი მილიარდი არ დაჯდება. თავის მშენებლობიანაღჭურვიანად სახელმწიფოს, შესაძლოა, 300-დან 400 მილიონამდე დაეხარჯოს. ყოველ შემთხვევაში, დაახლოებით ამდენივე თანხა დაჯდა ევროპასა და ჩვენს მეზობლად _ თურქეთში. რას ნიშნავს ასეთი საავადმყოფოს აშენება?

პირველ რიგში, იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ აღარ ივლიან და მკურნალობას აქ ჩაიტარებენ. მთავარი ის არის, რომ, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ფონზე, მკურნალობა იმის ნახევარიც არ დაჯდება, რაც ღირს საზღვარგარეთ. მესამე და უმთავრესი _ სრულყოფილი ონკოლოგიური ცენტრის აშენების შემთხვევაში, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვლენ მეზობელი ქვეყნებიდან და ეს კიდევ ცალკე შემოსავალი იქნება. სწორედ ამ შემოსავლის ხარჯზე შეიძლება მთლიანად კლინიკისა და იმ ექიმების შენახვა, რომლებიც ახლა ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი და წამყვან სპეციალისტებად ითვლებიან.

კავკასიის რეგიონში ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი ონკოლოგიური დაავადებების მხრივ სწორედ საქართველოს აქვს. მეტიც, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია და, ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნება, ამ მიმართულებით განხორციელდეს ინვესტიციები. უფრო თუ დავკონკრეტდებით, მოსახლეობასაც “ბლექ სი არენასა” და “პანორამა თბილისის” ახალ ხედებს ეს ურჩევნია. თუ არ გჯერათ, გამოკითხვა ჩაატარეთ. არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომელსაც ამ პრობლემით ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი, ნათესავი, ნაცნობი არ ჰყავდეს დაავადებული და არ წუხდეს. კიდევ ვიმეორებთ: ეს არ იქნება მხოლოდ საქველმოქმედო პროექტი, თუ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა გაკეთდება, გვერწმუნეთ, უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული ადამიანების რაოდენობა შეინახავს კლინიკასაც და მის პერსონალსაც. სამწუხაროდ, ეს მსოფლიო პრობლემაა და ვარაუდი, რომ დღედღეზე გამოიგონებენ კიბოს სამკურნალო წამალს, აგერ უკვე მერამდენე ათეული წელია, ვარაუდად რჩება.

სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პირობებში, პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა კონკრეტულ სფეროში “ღმერთქალის” სახელი მას შემდეგ დაიგდო, როცა მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი ჩამოაყალიბა და ქალბატონებს უფასო გამოკვლევებს უტარებდა. ამან შედეგი მოიტანა, პრევენცია მოხდა არაერთი შემთხვევის და არაერთი ქალი, ცუდ შემთხვევაში, მკერდის მოჭრას, უარეს შემთხვევაში კი, ფატალურ შედეგს გადაურჩა. არ იყო ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებთან დაკავშირებული და, როცა გვახსენდება, რა თანხა იხარჯება თუნდაც ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქუჩაში გაკრულ პლაკატებსა თუ მოსახლეობასთან შეხვედრისთვის, მანქანების კოლონის საწვავით უზრუნველყოფისთვის, გული გვეკუმშება. საპრეზიდენტო კანდიდატების ანგარიშზე მილიონობით ლარის შემოწირულობა ხორციელდება და გვერწმუნეთ, თქვენ ონკოლოგიური ცენტრის მშენებლობა დააანონსეთ, ანგარიში გახსენით და ყველაზე გაჭირვებულიც კი გაიმეტებს მცირე თანხას გადასარიცხავად.

ეს ხომ არ არის სანახაობა, ეს ხომ არ არის გასართობი?! ეს სიკვდილსიცოცხლის საკითხია, რომელიც ასე აწუხებს ყველას და დაავადების, რომელიც დაბინძურებული გარემოს, უვარგისი საკვების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის და კიდევ სხვა ათასი უბედურების გამო უტევს, როგორც ახალ, ისე ძველ თაობას. და მერე ოჯახის წევრები ყიდიან ყველაფერს, რაც გააჩნიათ, ყიდიან იმიტომ, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ ახლობლებს და, საბოლოო ჯამში, მაინც ხელგაშვერილი დადიან კარდაკარ, აბიჯებენ თავმოყვარეობას და დახმარებას ითხოვენ, დახმარებას სიცოცხლის გადასარჩენად.

ამ დროს კი, როცა გვესმის, რომ ამა თუ იმ პროექტში ათეულ მილიონობით ლარი ჩაიდოო, ძნელი გადასახარშია, ძნელი აღსაქმელია. ესეც ხომ პროექტია? აქაც ხომ დასაქმდებიან ადამიანები, ექიმების გარდა, საზოგადოდ, მომსახურე პერსონალი, აქაც ხომ იქნება შემოსავალი? და კიდევ ვიმეორებთ: ასეთი დაწესებულება საკუთარ თავს თვითონ შეინახავს.

სხვათა შორის, 2015 წელს, ანუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ებრაელი ინვესტორები იყვნენ დაინტერესებულნი ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დიდი სამედიცინო ცენტრის აშენებით. საუბარი იყო 18 ჰექტარ მიწაზე და მასზე არსებულ შენობებზე, რომლებიც ერთდროულად ათი ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურებოდა. ამ ცენტრში იქნებოდა ყველაფერი, ანუ იქ შესულ ადამიანს არ დასჭირდებოდა სხვა კლინიკა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ, ასეული მილიონი ინვესტიციის ჩადების სანაცვლოდ, ებრაელები მიწის გადაცემას სიმბოლურად _ ერთ ლარად ითხოვდნენ, ხელისუფლებამ კი ეს არ გააკეთა, უარი თქვა და მიწა 15 მილიონი დაუფასა. არ იყო ესეც უსაშველო თანხა, მაგრამ გაბრაზდნენ ისინი: პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბის ცენტრს ვაშენებთ და თქვენ ზედმეტს გვახდევინებთო. პირადად ვესაუბრე მაშინ იმ ინვესტორებს და ისიც თქვეს, ეკონომიკის მინისტრამდე არ მოგვიშვეს, ქვედა რგოლი გვესაუბრებოდაო (ეკონომიკის მინისტრი მაშინ გიორგი კვირიკაშვილი იყო). სხვათა შორის, ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, უკვე პრემიერ კვირიკაშვილს ვკითხეთ აღნიშნულის შესახებ და… მან არაფერი იცოდა არც ებრაელი ინვესტორების, არც სამედიცინო ცენტრის და არც მოთხოვნილი 15 მილიონის შესახებ, ანუ ქვედა რგოლმა ფულის მოტეხვა გადაწყვიტა და ასე დავკარგეთ ის, რაც შეიძლებოდა გადარჩენის ერთ-ერთი წყარო ყოფილიყო ბევრი ადამიანისთვის.

სწორედ ამიტომ, კი არ გთხოვთ, მოვითხოვთ, რომ საქართველოში აშენდეს ონკოლოგიური ცენტრი და იქნება ეს სახელმწიფოსგან დაფინანსებული თუ რომელიმე ბიზნესმენის ქველმოქმედება, ნაკლებად საინტერესოა. მთავარია, გაკეთდეს, აშენდეს და ათასობით ადამიანს ეშველოს; იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ძვირფასის, სიცოცხლის გადარჩენას, ითხოვენ და სწორედ სიცოცხლის გადასარჩენად ევროპასა და თურქეთს არიან მოდებულნი. ადამიანის სიცოცხლეზე დიდი ღირებულება არც აქამდე ყოფილა და არც მომავალში იქნება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ მას და მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. გვერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში, უფულობის გამო გაყიდული ბინებისა და, შესაბამისად, გაუბედურებული ოჯახების რიცხვიც მცირე იქნება და ამომრჩეველსაც ნებისმიერ დროს ეტყვით: აგერ, საერთაშორისო დონის ცენტრი ხომ გავაკეთეთო. და ამ დაყვედრებას ხალხი აიტანს, აიტანს იმიტომ, რომ იქ მეორედ დაიბადებიან ადამიანები.

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here