Home რუბრიკები ეკონომიკა რამდენიმე მილიონად ნაყიდ ვაქცინაზეც თუ გვეტყვიან, როგორც “ჯაველინებზე”, სანაგვეში გადააგდეთო, მალე გაირკვევა

რამდენიმე მილიონად ნაყიდ ვაქცინაზეც თუ გვეტყვიან, როგორც “ჯაველინებზე”, სანაგვეში გადააგდეთო, მალე გაირკვევა

რამდენიმე მილიონად ნაყიდ ვაქცინაზეც თუ გვეტყვიან, როგორც “ჯაველინებზე”, სანაგვეში გადააგდეთო, მალე გაირკვევა

ახალი პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტს მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს. ბიუჯეტი წინა მოწვევის პარლამენტის კომიტეტებში უკვე განიხილეს, მოიწონეს და ძველი პარლამენტის მოწონებულს ახალი მიიღებს. ესეც პარადოქსია, მაგრამ, მოდი, შევთანხმდეთ, რომ საქართველოში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს.

ხელისუფლება კი გვიმტკიცებს, ახალი ბიუჯეტი ძველზე რამდენიმე ათეული მილიონით მეტია და მთლიანად ხალხის ინტერესებზეა მორგებულიო, მაგრამ იმას კი აღარ გვეუბნება, რომ ამ ახალ ბიუჯეტს 1 მილიარდ 374 მილიონი ლარის ახალი კრედიტი ემატება ანუ ვალი გვემატება ჩვენ, რიგით ადამიანებს. არაერთხელ თქვეს ექსპერტებმა: ამ საგარეო ვალს როგორმე ბოლო თუ არ მოეღო, დეფოლტამდე, ანუ სახელმწიფოს გაკოტრებამდე მივალთო. ამის მიუხედავად, ხელისუფლება, წინა თუ მოქმედი, ვალს ვალზე იღებს და არ აინტერესებს, რა იქნება მერე, თუმცა, ხომ შევთანხმდით, რომ საქართველოში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამავე ბიუჯეტიდან 12.5 მილიონი ლარი იმ პარტიების დაფინანსებაზე წავა, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და, შევლენ თუ არა, არავის აინტერესებს _ კანონით ეს თანხა ეკუთვნით და მიიღებენ კიდეც, ანუ 4 წელიწადში დაახლოებით 40 მილიონი მათთვის არისგახაზირებული”.

ახალი ბიუჯეტის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც კი გვაქვს. ეკონომიკა გაიზრდებაო, _ გვიმტკიცებს ხელისუფლება და მერე რა, რომ დანარჩენი მსოფლიო ახლავე ითვლის იმ დანაკარგს, რომელიც არა მხოლოდ 2021 წელს ექნება, არამედ, სულ ცოტა, მიმდევნო 3 წლის განმავლობაში. ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაც მყარია და არანაირი შოკები თუ შოკუნიები არ აშინებს, გაისად წაგებას ელოდებიან, ასე თვლიან და უდიდესი ალბათობით ასეც იქნება, მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ თურმე მომგებიანი და წარმატებული წელიწადი გვექნება.

ერთია, რას ამბობს ხელისუფლება, ხოლო მეორე _ რა ხდება რეალურად. პანდემიის გამო სამსახური ეტაპობრივად 160 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა. ტურისტული სეზონი, რომელიც შარშანდელთან შედარებით, 3%-ით “ჩატარდა”, ანუ 97%-იანი ზარალი ნახეს რიგითმა ადამიანებმა, ვერც გაისად იქნება შემოსავლიანი, რადგან არავინ აპირებს არც საზღვრების გახსნას და არც ადამიანები არიან მოწადინებულნი სამოგზაუროდ. შესაბამისად, შესაძლებლობა იმისა, რომ ამ სფეროში დასაქმებულები მომავალი წლიდან კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს, პრაქტიკულად ნულის ტოლია. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას კვების ობიექტებზე. ძალიან დიდი ალბათობით, რესტორნები და ბარები მუშაობას განაახლებენ, მაგრამ მომხმარებელი ისეა შეშინებული, საეჭვოა, საქეიფოდ წასვლის ან ხალისი, ან ფული ჰქონდეს, ამიტომ რესტორნის უმუშევრად დარჩენილი პერსონალის დასაქმების შესაძლებლობაც პრაქტიკულად მცირეა. სამაგიეროდ, კაზიონებისთვის დადგა რენესანსის ხანა. ისინიც დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, რამდენიმე ოპერატორი დაიტოვეს და, თუ შარშან მათი ბრუნვა 15 მილიარდი იყო, წელს გაცილებით მეტი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ შინ გამოკეტილი ადამიანები, უსაქმურობისგან, რომ არ იციან, რა ქნან, ბოლო თეთრებს იმეტებენ იმისთვის, რომ იქნებ ერთხელ მათვისაც მოხდეს სასწაული და ამ სასწაულის ძიებაში, უკანასკნელ პურის ფულს კარგავენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაბეჯითებით ამბობს, რომ, თუ ვაქცინა გაამართლებს და მას ეფექტი ექნება (ვაქცინას იყენებენ ბრიტანეთში, ამერიკასა და რუსეთში, სამივე ქვეყანას საკუთარი წარმოება აქვს და ზუსტად არავინ იცის, რა ეფექტი ექნება), დაახლოებით სამ წელიწადში შესაძლებელი იქნება დავუახლოვდეთ იმ რეალობას, რომელიც ვირუსის გამოჩენამდე არსებობდა. სამ წელიწადში, თანაც იმ პირობებში, თუ ვაქცინა გაამართლებს და აცრები საყოველთაოდ ჩატარდება, დავუახლოვდებით იმ რეალობას, როგორიც ადრე იყო. ჩვენ კი ამ რეალობასთან დაახლოებას უკვე 2021 წელს ვაპირებთ იმ იმედით, რომ ვაქცინას შემოვიტანთ და ყველაფერი მოგვარდება. ვაქცინას, რომლის ვარგისიანობის შესახებ ჯერ თვითონ მწარმოებელმა ქვეყნებმაც არ იციან და ვერც იმას ამბობენ, რამდენად ეფექტურია მათ მიერ შექმნილი პრეპარატი. რამდენიმე ათეულ მილიონს სწორედ ამ ვაქცინის შეძენაში გავისვრით და მერე, თუ არ გაამართლებს, თავსაც მარტივად ვიმართლებთ: ამერიკა და ბრიტანეთი ატარებდნენ ვაქცინაციას და ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთო?! გამორიცხულია, ჩვენმა ხელისუფლებამ კოვიდის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატი შეიძინოს და ეს იმის მიუხედავად, კარგი იქნება თუ არა ის. ჩვენ ხომ დასავლეთს უნდა დავუცალოთ ხელი ზუსტად ისე, როგორც ესჯაველინებისშემთხვევაში მოხდა და აგერ, ყარაბაღის ომის შემდეგ ყველამ აღიარა: “ჯაველინებივისაც აქვს, შეუძლია, ჯართში ჩააბაროსო. ჰო, 75 მილიონად ნაყიდი იარაღი ჯართში ჩააბარეთო, _ ასე თქვეს. გვეტყვიან თუ არა, რამდენიმე მილიონად ნაყიდი ვაქცინა სანაგვეში გადააგდეთო, მალე გაირკვევა, მანამდე კი

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასმა მოიმატა და ეს ლოგიკურიცაა. ძვირფასი ლითონი ყოველთვის ღირებულია და მაშინ, როცა ყველგან ყველაფერი გაჩერდა, მისმა ფასმა მოიმატა და აგვისტოში რეკორდულ ნიშნულაც მიუახლოვდა. შემდეგ ფასმა ნელ-ნელა კლება დაიწყო, მაგრამ არა ისე, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს. საქართველოში საქორწინო ბეჭედი შარშანდელთან შედარებით 41%-ით გაძვირდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. ჰოდა, მუდმივად იმას რომ ვიმეორებთ, დემოგრაფიის მიმართულებით უდიდესი ჩავარდნა გვაქვს, ერი დაბერდა, გადაშენების გზაზე ვართო, როგორ უნდა მოსთხოვო ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა, როცა, ელემენტარულად, ბეჭდები უნდა გაცვალონ და ეს უკვე ისეთ ხარჯთან არის დაკავშირებული, ნახევარი საქართველო რომ ვერ გასწვდება. თანაც, ამ უმუშევრობის პირობებში, ამ კრიზისში, ოქროს ბეჭედი კი არა, პურის ფულია სანატრელი და

“გაისად ჩემი შვილი აბიტურიენტი ხდება და, წესით, მომზადება ახლავე უნდა დავიწყო, მაგრამ რა მომზადება, ვერ მივედი მომზადებამდე, საჭმლისა და ჩასაცმელის პრობლემა მიდგას ჯერ”, _ ეს სიტყვები იმ კაცმა მითხრა, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი ჰყავს და 500-ლარიანი სამსახური აქვს. ჰო, 500-ლარიანი და, საქსტატს თუ დავუჯერებთ, ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად 334 ლარი საკმარისი ყოფილა თურმე.

აბა, თუ მიხვდებით, ოქროს ფასის მატება მეორე ადგილზე რომ არის საქართველოში, პირველ ადგილზე რა გავიდა? წიწიბურა, ბატონებო, წიწიბურა, რომელიც შარშანდელთან შედარებით, 67%-ით გაძვირდა. დიდები კი გავძლებთ წიწიბურას გარეშე, მაგრამ ეს პროდუქტი ბევრ რკინას რომ შეიცავს და ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ არის, რა ვქნათ და რა გავაკეთოთ? ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ, უნდა მოვიკლოთ ჩვენ, დიდებმა, და ბავშვები ვკვებოთ, სხვა საშველი ამ ეტაპზე არ ჩანს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ამაზრზენია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი 20 ათას დოლარად ნაყიდ საათს იაფფასიანს ეძახის. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა სჭირდება ხალხს, როგორ უჭირს და ეს იმ პათოსის გაგრძელებაა, საქართველოში თურმე ბავშვები რომ არ შიმშილობენ. ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რომ საახალწლოდ თოვლის პაპა ძალიან ბევრ ოჯახში ვერ მივა და ვერ მიიტანს საახალწლო საჩუქრებს, თუმცა ამას ვერ გაიგებენ და ვერ გაიგებენ იმიტომ, რომ მათ ამის პრობლემა არასდროს არ ექნებათ და არც მათი შვილები დარჩებიან უსაჩუქროდ ახალ წელს.

ამ გადმოსახედიდან ძალიან ძნელია მომავალ წელს იმედით შევხედოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ მთავრობა იმედიან პროგნოზს აკეთებს და გვიმტკიცებს, რომ 2021-ში ეკონომიკის ზრდა გარდაუვალია და მსოფლიოს გავაოცებთ ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენებითო. მსოფლიოს ჯერჯერობით მხოლოდ იმით ვაოცებთ, რომ ეს პატარა ერი ინფიცირებულების მატებითა და გარდაცვლილების ოდენობით პირველ ადგილზე ვართ. ექიმების ვარაუდით, პირველობას წელს არ დავთმობთ და გაისად ძალიან უნდა მოვინდომოთ, ეს რომ მოვახერხოთ. მანამდე კი… ოქრო ისე გაძვირდა, უმრავლესობა საქორწინო ბეჭდის შეძენას ვერ მოახერხებს და, ვიღაცას რომ 20-ათასდოლარიანი საათი იაფი ჰგონია, ამ ფასად ადამიანები ცხოვრებას იწყობენ და ასეთი შემოსავალი წლიდან წლამდე საქართველოში 70%-ზე მეტს არ აქვს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here