Home რუბრიკები ეკონომიკა პრემია ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს…

პრემია ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს…

პრემია

საქართველოს ხელისუფლებამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გულისხმობდა, თუმცა ქამრები არათუ შემოიჭირეს, ბევრმა მაღალჩინოსანმა ქამარი სულ მოიხსნა და ნამუსზეც უარი თქვა პრემიადანამატების სანაცვლოდ.

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთი ლიდერია პრემია-დანამატების მიღების როგორც რაოდენობით, ისე აღებული თანხის ოდენობის მხრივაც. შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე, არჩილ თალაკვაძის ანაზღაურებამ 237 354 ლარი შეადგინა. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის ოდენობაც 54 400 ლარი იყო, მან 67-ჯერ მიიღო დანამატი 182 954 ლარის ოდენობით. 2016 წელს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პრემია და დანამატი 41-ჯერ მიიღო, საერთო ჯამში, 112 651 ლარის ოდენობით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე გოგაშვილმა პრემია-დანამატი წლის განმავლობაში 36-ჯერ მიიღო. მთლიანობაში თანხამ 107 209 ლარი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა, ერთ წელიწადში დანამატი 29-ჯერ მიიღო, ჯამში _ 85 752 ლარი. კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფაროზიშვილმა, ერთ წელიწადში 23-ჯერ აიღო პრემია-დანამატი, სულ 66 080 ლარი. ცენტრალური საარჩევნო კიმოსიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ერთ თვეში, ოქტომბერში, როდესაც არჩევნები გაიმართა, გაორმაგებული ხელფასი და დანამატი აიღო, რაც, ჯამში, 22 000 ლარია, შარშანდელი არჩევნების დროს კი გაცილებით მეტი _ 27 500 ლარი. 2016 წელს თამარ ჟვანიამ 197 307 ლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, რაც თვეში 16 442 ლარს შეადგენს. როგორც ჩანს, ცესკოს თავმჯომარეს საარჩევნო ხმების დათვლა რომ არ შეეშალოს, ხელისუფლება ფულის დათვლაში ავარჯიშებს. ეს თანხა ბევრი ოჯახისთვის ასტრონომიულია, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მშიერი შვილებისთვის ხშირად პურის ყიდვასაც ვერ ახერხებენ.

2016 წელს პრემია და დანამატი 18-ჯერ აიღო საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. მთავარი პროკურორის თანამდებობრივი სარგო თვეში 3910 ლარია, წელიწადში _ 46 920 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, მთავარი პროკურორის ანაზღაურება 117 ათასი ლარი იყო, აქედან 70 800 ლარს პრემია-დანამატი შეადგენს.

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძის წლიური ანაზღაურება, პრემიისა და დანამატის გარეშე, 42 240 ლარია, რეალურად კი მან 112 680 ლარი მიიღო. 21-ჯერ აიღეს დანამატი და პრემია მთავარი პროკურორის მოადგილეებმა (ისევე, როგორც მამუკა ვასაძემ) _ გიორგი გაბიტაშვილმა და გიორგი გიორგაძემ. მათ შემთხვევაშიც დანამატმა წლიურად 74 440 ლარი შეადგინა.

2016 წელს თბილისის მერის ორმა მოადგილემ პრემია და დანამატი 15-ჯერ, ხოლო ვიცემერმა 13-ჯერ აიღეს. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ვიცემერმა ლაშა აბაშიძემ 2016 წლის განმავლობაში 73 475 ლარი მიიღო, აქედან ხელფასი 35 400 ლარი იყო, დანარჩენი 38 075 ლარი კი _ პრემია-დანამატი. ნარმანიას მოადგილეებმა ნინო ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ ხელფასი 33 600 ლარი აიღეს, ხოლო პრემია-დანამატის სახით აღებულმა თანხამ 75 455 და 75 320 ლარი შეადგინა. მერის კიდევ ერთმა მოადგილემ _ გიგა ნიკოლეიშვილმა, რომელიც კალაძემ თანამდებობაზე დატოვა, თუმცა იგი მაინც წავიდა მერიიდან, დანიშვნიდან 5 თვეში პრემია-დანამატის სახით 18 171 ლარი აიღო.

აღსანიშნავია, აგრეთვე, მოსამართლეთა კორპუსის პრემია-დანამატები. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ თვეში 10203 ლარის ოდენობის პრემა გამოუწერა საკუთარ თავს და, ხელფასთან ერთად, 17 2013 ლარი მიიღო. მისმა შემოსავალმა 8 თვეში 81 791 ლარი შეადგინა.

2017 წლის 1 იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით მოსამართლეებმა ჯამში 494 100 ლარის ოდენობის თანამდებობრივი სარგო მიიღეს, ასევე _ 90150 ლარის პრემია და 222 382 ლარის დანამატი.

2016 წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატბის სახით 34 698 088 ლარი გაიცა, აქედან 18 446 121 ლარი დანამატია, ხოლო 16 161 967 ლარი – პრემია. ცნობილია, აგრეთვე, ყველაზე გულუხვი სამინისტროებიც. მაგალითად, სოზარ სუბარის უწყებამ მხოლოდ 6 თვეში 994 ათას ლარზე მეტი დანამატებში დახარჯა, ხოლო 63 ლარი _ პრემიებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების მივლინებაში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ოპოზიცია პრემია-დანამატის სახით მილიონ 800 ათასი ლარის მიზნობრიობის დასაბუთებასაც ითხოვს.

ჯანდაცვის სამინისტრომ 616 ათას ლარზე მეტი დანამატების გაცემაზე დახარჯა, დაახლოებით 35 ათასი ლარი კი _ პრემიებზე. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 6 თვეში 164 ათასი ლარი პრემიებად გასცა, 658 ათასი _ დანამატებზე, ხოლო 270 ათასი მივლინებებს მოახმარა.

აქვე ყველაზე მაღალანაზღაურებადი დეპუტატების სიასაც გაგაცნობთ. ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ვოლსკი, რომან გოცირიძე, ზვიად ძიძიგური და ილია ნაკაშიძე. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, აპარატის თანამშრომლებმა და თანამდებობის პირებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემიადანამატის სახით დაახლოებით 4 852 698 ლარი მიიღეს.

ერთი საინტერესო დეტალიც: მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საწვავის ხარჯმა პარლამენტში 92 690 ლიტრი შეადგინა. ყველაზე დიდი დანახარჯი ჰქონდათ დეპუტატებს: ირაკლი კობახიძეს, სერგი კაპანაძეს, ილია ნაკაშიძეს, ირაკლი კოვზანაძეს, მარიამ ჯაშს, არჩილ თალაკვაძეს, სიმონ ნოზაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, გიორგი ჟორჟოლიანს, ირაკლი ტრიპოლსკისა და დავით ბაქრაძეს.

თავად განსაჯეთ: რატომ, რა დამსახურებისთვის იღებენ პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები ამხელა პრემია-დანამატებს ყოველთვიურად? მადა ჭამაში მოდისო და, თუ ჩვენი სახელმწიფო მოხელეების მადას გავითვალისწინებთ, საქართველოს ბიუჯეტი დიდხანს ვეღარ “გაქაჩავს” მათ ხელში, მერე კი ფულზე მლოცველი ჩინოსნები, ალბათ, ვედრებით შეჰღაღადებენ მამა-მარჩენალს: “პრემია ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს”…

გვერდები მოამზადა

ნიკა გელაშვილმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here