კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოში თანდათან ცხრება. ამ სტატიაში არ შევუდგები იმის განხილვას, საფუძვლიანი იყო თუ არა ამ დაავადების ირგვლივ ჯერ ეპიდემიური, შემდეგ პანდემიური მასშტაბის აჟიოტაჟის შექმნა. ჩემი ღრმა რწმენით, დაავადების გავრცელება იმ უმოწყალოდ გაბერილი სტატისტიკითაც კი, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდება https://www.worldometers.info/coronavirus/-ზე, არათუ პანდემიურ, არამედ ეპიდემიის ყველაზე დაბალ ზღვარსაც ვერ უახლოვდება. დაავადება ნამდვილად არსებობს, დაავადება ძალიან არასასიამოვნოა, ზოგ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზიც შეიძლება იყოს, მაგრამ მისი გავრცელება და მის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ზომები შეუსაბამოა. გავიმეორებ: დაავადებაზე გაცილებით უფრო დიდი ზიანი შექმნილმა პანიკამ გამოიწვია და მომავალშიც გამოიწვევს.
აპრილის ბოლოს საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული ღონისძიებების გეგმა და გამოაცხადა პოსტკრიზისული გეგმის შექმნაზე მუშაობის დაწყება. “საქართველო და მსოფლიოს~ წინა ნომერში გამოქვეყნდა ჩემი სტატია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ანალიზით. მთლიანობაში ანტიკრიზისული გეგმა დადებითად შევაფასე, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მივუთითე, რომ ანტიკრიზისული გეგმა დოკუმენტად წარმოდგენილი არ ყოფილა. პრობლემა უცვლელია დღევანდელი მდგომარეობითაც. ანტიკრიზისული გეგმა დოკუმენტის სახით კვლავ არ გამოქვეყნებულა.
გასულ კვირაში მთავრობამ კიდევ ორი ინიციატივა წარმოადგინა პოსტკრიზისული პერიოდისთვის. პირველი ინიციატივა ტურიზმის განვითარების საკითხებს შეეხებოდა, ხოლო მეორე _ სოფლის მეურნეობის განვითარებას. ტურიზმის სექტორის პირველი რიგის პრიორიტეტად დასახელება უკვე თავისთავად გასაკვირია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან სწორი დასკვნები ვერ გააკეთა. ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სექტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ის მაინც ეკონომიკის სხვა სექტორებზე ზედნაშენი ინდუსტრიაა და არა ბაზისური. გარდა ამისა, ტურიზმი ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი და სარისკო სექტორია, რაც ერთმნიშვნელოვნად აჩვენა 2020 წლის პირველმა ოთხმა თვემ, როდესაც სექტორი პრაქტიკულად გაჩერდა, ამიტომ პოსტკრიზისული განვითარების დაწყება ტურიზმის სექტორიდან, უბრალოდ, გაუგებარია.
და მაინც წარმოდგენილი გეგმა უდავოდ პოზიტიურია. ის უდავოდ წაადგება სექტორში მომუშავე კომპანიებსა და თითოეულ დასაქმებულს. ისევე, როგორც ყველა სხვა გეგმა, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმაც მხოლოდ პრეზენტაციის სახით არსებობს და არ ეტყობა დაგეგმილი ღონისძიებების სიმულაციური ანალიზის კვალი. არ არის მოცემული გეგმის შესრულების მექანიზმი, არ არის განსაზღვრული პასუხისმგებელი ინსტიტუტები და, რაც მთავარია, არ არის პროგრამის განხორციელების მონიტორინგისა და მიღწეული შედეგების შეფასების მაჩვენებელთა რიგი, სხვაგვარად ამას უწოდებენ ინდიკატორთა ბადეს, რომელიც ამ ღონისძიებების სოციალური და ეკონომიკური ეფექტის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა. თვითონ გეგმა განაცხადის დონეზე უდავოდ პოზიტიურია, მაგრამ ეშმაკი, რომელიც, როგორც წესი, დეტალებშია, ისევ იქაა.
გაცილებით მნიშვნელოვანი და მასშტაბურია სოფელზე ზრუნვის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მთავრობამ წინა კვირაში წარმოადგინა. ანტიკრიზიული გეგმა ღონისძიებათა 12 ჯგუფს მოიცავს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 220 მილიონი ლარია.
ღონისძიებათა ჯგუფებია:
- მცირემიწიანი ფერმერების დახმარება;
- იაფი დიზელი ფერმერებს;
- სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება;
- 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის;
- 50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის;
- ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის;
- ერთწლიანი კულტურებისთვის სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება;
- საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;
- აგროდაზღვევა, ადგილობრივი მერძევეობის ხელშეწყობა;
- გრანტები კოოპერატივებისთვის;
- პირდაპირი დახმარება ფერმერებს;
- სექტორული დახმარება ფერმერებს.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო და ცოტა დაგვიანებულიც კი, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. 220 მილიონი ლარი ბევრია თუ ცოტა? პრობლემის ფუნდამენტურობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, უფრო ცოტაა, ვიდრე ბევრი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეს ანტიკრიზისული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახანძრო ღონისძიებებია და მისი ზეგავლენის პერიოდი მხოლოდ მიმდინარე და მომავალი წელი იქნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ 220 მილიონი ლარი ცოტა ნამდვილად არ არის.
ჩემი აზრით, სოფლად თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდა გარდაუვალია, ვინაიდან კრიზისის შედეგად შემცირებული სამუშაო ადგილების კვალობაზე გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა. მდგომარეობის გამოსწორება ერთ და ორ თვეში მოსალოდნელი არ არის და უმუშევრად დარჩენილთა მნიშვნელოვანი ნაწილი, დიდი ალბათობით, დასაქმების ბოლო სადგურს მიმართავს _ საკუთარი მიწის დამუშავებას.
სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებში განუხრელი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. შეუქცევადი ზრდის ტენდენციით მხოლოდ დაქირავებით დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რომელიც ძირითადად განსაზღვრავდა კიდეც მთლიანი შემოსავლების ზრდის ტენდენციას.
2017 და 2018 წლებში სასოფლო თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლების 13 პროცენტი იყო, რაც შემოსავლის ამ წყაროს ჯერ კიდევ დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.
სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმების, როგორც შემოსავლების წყაროს მნიშვნელობა გაცილებით მნიშვნელოვანია სოფლად არსებული შინამეურნეობებისთვის, რომლებშიც 2018 წლის მდგომარეობით ამ წყაროდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შემოსავლების 32 პროცენტი იყო, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სოფლად მცხოვრები ოჯახების შემოსავლების 53 პროცენტი სოფლად თვითდასაქმებისა და სახელმწიფო გასაცემლების ხარჯზე ყალიბდება. აქედან გამომდინარე, სოფლად თვითდასაქმებულთა მხარდაჭერა უდავოდ აუცილებელი ანტიკრიზისული ღონისძიებაა.
ღონისძიების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალნათელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ბევრია ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომელთათვისაც სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმება შემოსავლების უმნიშვნელოვანესი და ზოგჯერ ერთადერთი წყაროა.
2018 წლის მდგომარეობით, სოფლად მცხოვრები ოჯახების 21 პროცენტისთვის სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლების ნახევარზე მეტი იყო, ხოლო ოჯახების 45 პროცენტისთვის შემოსავლების, სულ ცოტა, 25 პროცენტი სოფლად თვითდასაქმებიდან იქმნებოდა. ასეთი ოჯახების რაოდენობა დაახლოებით 200 ათასია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გათვლები რეალურ ინფორმაციას ეყრდნობა.
სოფლის დახმარება ნამდვილად დროული და აუცილებელი ღონისძიებაა, რომლის გარეშეც მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს სამართლიანობის დეფიციტი ექნებოდა.
რაც შეეხება ღონისძიებების მოსალოდნელ შედეგებს, მთავრობა ამ შემთხვევაში არ ღალატობს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას და მოსალოდნელ შედეგებზე არაფერს გვეუბნება, გარდა იმისა, რომ დახმარებას მიიღებს 200 ათასამდე ფერმერი. სავარაუდო შედეგები, დიდი ალბათობით, ისეთივე იქნება, როგორც 2013 და 2014 წლებში განხორციელებული სოფლის დახმარების პროგრამებს ჰქონდა და რაც 2014 და 2015 წლებში სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებიდან მიღებული ნომინალური შემოსავლების 21 და 26-პროცენტიან ზრდაში (2013 წელთან შედარებით) აისახა და დიდი როლი ითამაშა მთლიანად ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში (იხ. ცხრილი).
წარმოდგენილი გეგმის აუცილებლობა თვალნათელია და მისასალმებელია, რომ მთავრობა ზუსტად იმ სექტორს აქცევს ყურადღებას, რომელიც მხარდაჭერის გარეშე განწირულია, მაგრამ არის გარკვეული კითხვები, რომლებიც უპასუხოდ რჩება:
1.რატომ არ არის მომზადებული გეგმის დოკუმენტაცია? გეგმა წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის სახით. პრეზენტაცია ამაზე დეტალური ვერ იქნება, მაგრამ საფუძვლიანი ანალიზისთვის საკმარისი არ არის;
2.რატომ არ არის აღწერილი გეგმის განხორციელების მექანიზმები? ასეთი მასშტაბური განზრახვის შესრულებას ღონისძიებების დეტალურად გაწერილი სქემა სჭირდება. შეიძლება, მომზადებულიცაა, მაგრამ ფაქტია, რომ გამოქვეყნებული არაა. ღრმა და საფუძვლიანი ანალიზისთვის აუცილებელია გეგმის განხორციელების მექანიზმების ძირითადი მიმართულებების აღწერა მაინც;
3.რატომ არ არის მოცემული მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორთა ბადე? რა შედეგებს ველოდებით? როდის იქნება მიღწეული ეს შედეგები და როგორ აისახება ამ გეგმის განხორციელება კონკრეტულ მაჩვენებლებში? არსად არ ჩანს, რომ ჩატარებულია სიმულაციური ანალიზი, არ ჩანს, რა დაშვებებს ემყარება გეგმა და ასე შემდეგ, ანუ წარმოდგენილი გეგმა ვერ აკმაყოფილებს სტრატეგიული დაგეგმვის მინიმალურ სტანდარტებს.
წარმოდგენილი გადაწყვეტილება ანტიკრიზისული ღონისძიებების პაკეტია და იმედია, ძალიან ეფექტიანიც, მაგრამ ეს მაინც ერთჯერადი და მოკლევადიანი ეფექტის ღონისძიებებია. გაცილებით მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის შემუშავებაც დაუყოვნებლივ დასაწყებია.
მისი ამოსავალი პრინციპები უნდა იყოს:
- პრობლემების სისტემური გააზრება;
- სახელმწიფოს აქტიური ჩარევა;
- ადგილობრივი რესურსების გამოყენება;
- მაღალი სოციალური ეფექტი;
- ქვეყნის სიმეტრიული განვითარება;
- გრძელვადიან პერსპექტივებზე ორიენტირება;
- მონიტორინგისა და შეფასების მკაფიო სისტემა.
სასურველია, რომ სტრატეგიის შემუშავებით დასაქმდეს რამდენიმე ჯგუფი. სხვადასხვა ჯგუფის მიერ ერთნაირი სისტემით მომზადებული მასალების შეჯერებით ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შანსი მეტია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა საკითხზე მხოლოდ ერთი, შეიძლება ძალიან კვალიფიციური, მაგრამ მაინც ერთი ჯგუფი მუშაობს.
ნოდარ კაპანაძე