Home რუბრიკები საზოგადოება ოქროსფერი ხორბალი, რომელიც შექმნა სელექციონერმა ბაგრატ სანდუხაძემ

ოქროსფერი ხორბალი, რომელიც შექმნა სელექციონერმა ბაგრატ სანდუხაძემ

449
ბაგრატ სანდუხაძე

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,

დაპურდი, გახდი ყანაო,

იკურთხოს იმის მარჯვენამ,

ვინც გთესა, მოგიყვანაო.

იოსებ დავითაშვილი

რუსულენოვან აინფორმაციო საიტზე (pravda.ru) გამოქვეყნებულმა ამ ნარკვევმა ვინძლო დააინტერესოს ჩვენი გაზეთის მკითხველი. ამიტომაც გთავაზობთ.

სელექციონერი, როგორც ჩანს, დედამიწის ზურგზე ყველაზე “მდგრადი” პროფესიაა. იცვლებიან მეფეები, პრეზიდენტები, გუბერნატორები, გენერალური და რიგითი მდივნები და სხვა უფროსები, სელექციონერები კი ნებისმიერ ხელისუფლებას უეჭველად სჭირდება, ისევე, როგორც პური ჩვენი არსობისა, რომელიც არასოდეს არ არის სამყოფი… თუმცა მხოლოდ იმ წუთამდე, სანამ არ მოგვევლინა დიდი სელექციონერი, რომელსაც ხელეწიფება არა მარტო თავისი ხალხის გამოკვება, არამედ უცხოელებისაც.

დღეს ჩვენ გვყავს ასეთი სელექციონერი: აკადემიკოსი ბაგრატ ისმენის ძე სანდუხაძე! იგი იყო პირველი მეცნიერი-სელექციონერი, რომელსაც აკადემიკოსმა კოლეგებმა დემიდოვის პრემია მიანიჭეს იმ მიღწევებისთვის, რომელთა მსგავსი არც ჩვენში, არც მსოფლიოში არავის მოუპოვებია.

ბაგრატ სანდუხაძე საშემოდგომო ხორბლის მეცნიერ-სელექციონერია, კერძოდ, არაშავმიწა ნიადაგიანი ზონისთვის, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სათავეში უდგას მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის “ნემჩინოვკის” მეურნეობის საშემოდგომო ხორბლის სელექციისა და პირველადი მეთესლეობის ლაბორატორიას.

პრემიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამი იყო:

“აკადემიკოსი ბ.ი. გამოჩენილი სელექციონერია, რომელმაც კოლეგებთან ერთად შექმნა საშემოდგომო ხორბლის 15 ჯიში, არის რუსეთის სელექციონერთა კავშირის პრეზიდენტი, 180 ნაშრომის, მათ შორის, სამი მონოგრაფიის ავტორი. ლაურეატის შრომები (30 გამოქვეყნებულია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში) ფართოდ არის ცნობილი, როგორც რუსეთის, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო და აგრონომიულ საზოგადოებაში. 14 ჯიშზე მიღებული აქვს საავტორო მოწმობები და პატენტები…” ხაზგასმით დადასტურებულია, რომ ამ ჯიშების წყალობით, “რუსეთის არაშავმიწა ნიადაგიანი ზონის ცენტრალური რეგიონი სასურსათო ხორბლის წარმოების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა”.

ჩვენი საუბარი “უბრალო” შეკითხვით დაიწყო:

_ შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ დღეს სელექციაშიშეუძლებელიც კი შესაძლებელია?” რომ პირადად თქვენ ეს შეძელით?

ბაგრატ ისმენის ძეს ეღიმება:

_ ნუ აჭარბებთო, _ თქვა, _ მაგრამ ვერ უარვყოფ, რომ ხორბლის წარმოებაში გარკვეული მწვერვალების დაპყრობა შევძელი.

_ რას გულისხმობთ?

_ საშემოდგომო ხორბლის ბარაქიანი მოსავლის მიღება იქ, სადაც ეს შეუძლებელი იყო, განა მიღწევა არ არის?

_ არის, რა თქმა უნდა. გუშინ წავიკითხე ინფორმაცია, თუ რა ღირს ხორბალი მსოფლიო ბაზარზე. შთამბეჭდავი ციფრებია, თანაც წლიდან წლამდე ძვირდება.

მხოლოდ ფაქტები: “მსოფლიო ბაზარზე რუსეთის ხორბლის ფასი განუხრელად იზრდება. იგია ჩვენი გადამრჩენი, რომელიც დაგვეხმარება, გავუძლოთ ნავთობის გაიაფებას. მიმდინარე აგრარულ სეზონში, რომელიც პირველ ივლისს დაიწყო, 12,5-პროცენტიანი პროტეინის მქონე რუსული ხორბალი 8 პროცენტით გაძვირდა. ამჟამად მისი საექსპორტო ღირებულება ერთ ტონაზე 220 დოლარს აჭარბებს. ამ ფონზე ჩვენი კომერსანტები არა მხოლოდ ახერხებენ, ძვირად გაყიდონ ხორბალი, არამედ წაართვან გასაღების ბაზრის ნაწილი იმავე უკრაინას და ჯერჯერობით კარგად გამოგვდის…”

_ მაშ _ ახალი ჯიშების სელექცია! ამბობენ, რომ თქვენ აღმოაჩინეთ მათი მიღების ახალი, ჭეშმარიტად ჯადოსნური მეთოდი?

_ წყვეტადი ბეკროსების ახალი მეთოდი, რომელიც ჩვენ ახალი ჯიშების მისაღებად გამოვიყენეთ.

_ ჩვენ?

_ დიახ. მე და იმ ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რომელსაც ვხელმძღვანელობ.

_ დიდხანს მოუნდით?

_ ორმოცი წელიწადი დაგვჭირდა _ ვადა, რომელიც სელექციურ მუშაობაში აუცილებელია. ჯიშის შექმნა ხანგრძლივი და საკირკიტო სამუშაოა, რომელიც მოითხოვს არა მარტო მოთმინებას, ყურადღებას, გენეტიკის ღრმა ცოდნას, არამედ შთაგონებასაც. მეცნიერებისა და ხელოვნების ნაზავია. ჩვეულებრივ მათ აპირისპირებენ; ჩვენ, სელექციონერები, კი ვაერთიანებთ. მეცნიერება ხელოვნებით გრძელდება ან პირიქით _ ყველაფერი სელექციონერზეა დამოკიდებული.

_ ამას დამტკიცება სჭირდება.

_ სიამოვნებით. რით დავიწყოთ?

_ მეცნიერებით.

_ მაშასადამე, ბეკროსებით. ყველაზე მარტივად ასე აიხსნება. შთამომავლობას ვიღებთ ჰიბრიდიდან და მისი ერთ-ერთი “მშობლისგან” _ ინგლისურიდან პირდაპირი თარგმანია “უკან” და “შეჯვარება”. ხდება გენოტიპის “გაჯერება”. მოკლედ რომ ვთქვათ, მცენარის საუკეთესო თვისებებს “მშობლებს” ვერ წავართმევთ, მაგრამ, თუ ამის გაკეთებას მრავალგზის შევეცდებით, შეიძლება წარმატებასაც მივაღწიოთ.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ _ უმეტესად წარუმატებლობა გელოდებათ. დაჟინებით უნდა იშრომოთ სასურველის მისაღწევად. იმთავითვე დავიწყეთ ამ პროცესების ხანგრძლივი თეორიული კვლევა, მხოლოდ შემდეგ შევუდექით გენების ახალი კომბინაციებით გაჯერებული ხორბლის პერსპექტიული ხაზების შექმნას…

_ რისი მიღწევა გსურდათ?

_ იმხანად საუკეთესო ჯიშად ითვლებოდა “მირონოვსკაია-808”, რომელიც იყო ძალიან “მაღალი”, უჭირდა ცივი ზამთრის გადატანა. გვინდოდა, რომ მოსავლიანობაც მეტი ყოფილიყო. ამას კი ნათესის “შემჭიდროება” სჭირდებოდა.

გამოჩენილი ჩვენი სელექციონერი რემესლო კარგ მოსავალს იღებდა და მისი მიღწევის გაუმჯობესება შეუძლებლად იყო მიჩნეული, მაგრამ ჩვენ შევძელით ხორბლის “დადაბლება”, მისი ყინვაგამძლეობის უზრუნველყოფა და მოსავლიანობის 10 პროცენტზე მეტით ამაღლება. ეს იყო პირველი მიღწევა. გაჩნდა ახალი ჯიშები: “ინა”, “ფედინის ხსოვნა”, “მოსკოვსკაია-39, -70”, “ნემჩინოვსკაია-52”. ეს ჯიშები საერთაშორისო ჯიშთაგამოცდებზე საუკეთესოდ აღიარეს. შევძელით არა მარტო მოსავლიანობის ამაღლება, არამედ ხორბლის ხარისხის მკვეთრად გაუმჯობესება.

_ ქვეყნის სამხრეთი ჩრდილოეთისკენ “გადასწიეთ?”

_ დიახ, მაგრამ მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ ნაკვეთებზე.

_ მე ვიხილე, როგორ შეუდგა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალექსანდრე სერგეევი მოსავლის აღებას თქვენს პურის ყანაში _ ცხოვრებაში პირველად მართავდა კომბაინს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ცუდად არ უმუშავია.

_ დიახ, ალექსანდრე მიხეილის ძე ჩამოვიდა “ნემჩინოვკაში”. დარწმუნდა, რომ ჩთვენთან მეცნიერულ დონეზე მიმდინარეობდა სამუშაოები. კმაყოფილი დარჩა. სახსოვრად კი წლევანდელი მოსავლის ხორბლით სავსე ტომსიკა მივართვით. ნარჩევი ხორბალი იყო, ლამაზი…

_ ახლა კი დროა, ჩვენი საუბრის მეორე ნაწილზე გადავიდეთ _ ხელოვნებაზე. ნუთუ სელექციონერი ხელოვანს ემსგავსება?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. იგი შემოქმედია, რადგან ქმნის იმას, რაც მანამდე არ არსებობდა. განა მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები იმავეს არ აკეთებენ?! თავისი არსით სელექცია იგივეა, რაც ბავშვის დაბადება და გაზრდა. ჩვენ კარგად ვიცნობთ “დედისა” და “მამის” ხასიათის თავისებურებებს, მაგრამ როგორები იქნებიან მათი შვილები, წინასწარ თქმა შეუძლებელია. მე მყავდა ტყუპისცალი ძმა. იგი გატაცებული იყო ზუსტი მეცნიერებებით _ მათემატიკით, ფიზიკით. მე უპირატესობას ვანიჭებდი ლიტერატურას, პოეზიას, ბიოლოგიას. ვიმეორებ: ტყუპები ვიყავით… იგივე ხდება მცენარეთა სამყაროში. ჩვენ გამოგვყავს ემბრიონი, შემდეგ იბადება მცენარე, რომელსაც ვზრდით ჯერ ერთი წლის ბავშვამდე, შემდეგ _ 20 წლის ყმაწვილკაცობამდე. როცა დამოუკიდებელი გახდება, ვაცხადებთ, რომ იშვა ახალი ჯიში… ყოველ შემოდგომაზე, სანამ თოვლს ჩამოყრის აუცილებლად ჩავდივარ ჩემს ყანებში და ვეუბნები ჩემს ნათესებს: “ნახვამდის, ბიჭებო, თქვენი იმედი მაქვს. აპრილში შევხვდებით…”

_ “ბიჭებიგიპასუხებენ?

_ გაზაფხულზე იწყებენ აბიბინებას…

_ თქვენი მთავარი მასწავლებელი ვინ არის?

_ “ნემჩინოვკა”. რუსეთის ამ დიად სამეცნიერო ცენტრში მუშაობდნენ შესანიშნავი მეცნიერები. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი სელექციას, რომლის ნაყოფითაც დღეს ვსარგებლობთ. სიცოცხლის ბოლოს, რომელიც მხოლოდ გაელვებაა, ადამიანი თავის თავს ეკითხება: “რისი გაკეთება შეძელი?”

მე ბედი მწყალობდა.

ვამაყობ იმით, რომ მოსკოვის გარშემო ძალიან მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში იწევენ უმაღლესი ხარისხის სასურსათო ხორბალს. მოსავლის მიღების პირობები აქ კარგი არ არის: ტემპერატურა დაბალია, ხშირი წვიმები იცის, ჭირვეული ამინდებია. ჩვენ კი ეკოლოგიურად უსუფთავესი სურსათი მოგვყავს. სამხრეთში მცენარეები რომ არ დაავადდეს, ყანებს პესტიციტებით სამ-ოთხჯერ ამუშავებენ. აქ, ჩვენთან, ამის გაკეთება არ გვჭირდება. გასაგებია, რომ ვამაყობ ამით.

_ რამდენი ჯიში გაქვთ?

_ 15-16 უკვე დარაიონებულია. შარშან სახელმწიფო ჯიშთა გამოცდაზე ორი გავაგზავნეთ. გაისად _ დამატებით სამს გავაგზავნით. შესანიშნავი ჯიშებია, მოსავლიანობა ჰექტარზე 148 ცენტნერამდეა! ამ მიმართულებებს განვითარება სჭირდება.

ვფიქრობ, რომ რუსეთის პრესტიჟისთვის მხოლოდ ატომური ბომბები საკმარისი არ არის. ხორბლის უმაღლესი მოსავლიანობაც აუცილებელია. და მაშინ ყველა, ვინც დღეს სანქციებს გვიწესებს, ხორბლის მისაღებად რიგში ჩადგება.

_ ხომ არ აჭარბებთ?

_ არამც და არამც! მაგალითად, კანადელი ფერმერები დღეს კოტრდებიან, რადგან მათი ხორბლის თვითღირებულება ძალიან დიდია, ხარისხი კი _ ცუდი.

უწინ სამი-ოთხი სახელმწიფო ყიდულობდა ჩვენგან ხორბალს, ამჟამად _ თითქმის ოცდაათი. ფასიც შედარებით იაფია, ხარისხით კი გაცილებით უკეთესია. მოგვყავს ასი მილიონი ტონა, არადა, ამ ოდენობის გაორმაგება შეგვიძლია. ამისთვის მზად ვართ _ 10 წლის შემდეგ ორას მილიონ ტონა საუკეთესო ხორბალს მოვიწევთ.

_ ამისთვის რისი გაკეთებაა საჭირო?

_ დღეისათვის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 25 ცენტნერია.

მაშასადამე, ორჯერ უნდა გავზარდოთ მოსავლიანობა, რაც სავსებით რეალურია. ჩვენს თვალუწვდენელ ხოდაბუნებში სადღაც მოუსავლიანობა იქნება, მაგრამ ამ სიმწირეს სხვა რაიონებში უხვმოსავლიანობით გადავფარავთ.

ასე რომ, პერსპექტივა შესანიშნავია და, თუ მეცნიერებს მუშაობის კარგ პირობებს შევუქმნით, უახლესი ტექნოლოგიებიც გამოჩნდება. რუსეთში სოფლის მეურნეობის განვითარების გამოცდილება ამას გვიდასტურებს.

ვლადიმერ გუბარევი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here