საქართველოში ყველა ტელევიზიას აქვს პრეტენზია, რომ ყველაზე რეიტინგული, მიუკერძოებელი და ობიექტურია. რეალობა კი სხვაგვარია _ ბოლომდე ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია საქართველოში არ არის. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ასეა ლამის ყველა ქვეყანაში, მაგრამ არა გვგონია, რომელიმე სახელმწიფოში ტელევიზია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იბრძოდეს, საქართველოში კი ასე ხდება.
კონკრეტულმა ტელევიზიამ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვლადიმერ პუტინის სურათი წარწერით “პუტინს რა?” და თამამად მოუწოდა მოსახლეობას, საკუთარი მოსაზრება კომენტარებში გამოექვეყნებინა. უფრო შორს წავიდა რამდენიმე სავაჭრო სახლი და მომხმარებელს ფასდაკლების ვაუჩერი შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს შეაგინებდა. რა თქმა უნდა, ატყდა გინება, ჩინიანი თუ უჩინო ერთმანეთს გაეჯიბრა ბილწსიტყვაობაში და ზოგმა ვაუჩერი მიიღო, ზოგმა, უბრალოდ, შეიგინა პრინციპით _ კუმ ფეხი გამოყო…
ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ან არ უსმენს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლებს, ან არ უნდა, მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი დაინახოს. ვლადიმერ პუტინმა ერთ–ერთ გამოსვლაში თქვა: მე არ მივსულვარ არც ერთი ქვეყნის საზღვართან, პირიქით _ ჩემი ქვეყნის საზღვართან მოვიდნენ და ჩემს ქვეყანას ვიცავო. დაასაბუთა კიდეც: ნატო ყოველწლიურად მიახლოვდება, უფრო და უფრო მეტ სარაკეტო დანადგარს ამონტაჟებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს და ამ დროს მე რა უნდა ვქნა: მშვიდად ვუყურო, როგორ აქცევენ ჩემს ქვეყანას ალყაშიო?!
პუტინი არ მისულა მექსიკელებთან და არ უთქვამს: ყოველდღიურად ამერიკელი მესაზღვრეები იარაღს გესვრიან, საკუთარ ქვეყანაში არ გიშვებენ, გხოცავენ და აგერ, ჩემი ჯარი, ერთად ვეომოთ ამერიკასო; არც ალასკაზე გამოუთქვამს პრეტენზია: შეცდომით მოგყიდეთ და რეალურად ჩვენი მიწააო; არც საფრანგეთში ჩასულან რუსები და უთქვამთ: მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანული ფაშიზმისგან რომ გაგათავისუფლეთ, ამის გამო ელისეს მინდვრებზე მიწის ნაჭერი მოგვეცითო. სანაცვლოდ, ნატომ პირობა დადო, რომ არ გაფართოვდებოდა და კონკრეტულად რუსეთის სიახლოვეს რაკეტებს არ განათავსებდა, მაგრამ ამ პირობის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კიდევ ათამდე სახელმწიფო მიიღეს და, რაც მთავარია, მათი 80% რუსეთს ესაზღვრება. ახლა დარჩა უკრაინა და საქართველო, რომლებსაც ალიანსის კარზე აკაკუნებინებენ, მაგრამ არ უღებენ და ესეც ერთგვარი ფანდია _ დასავლეთი სწორედ საქართველოთი და უკრაინით ცდილობდა რუსეთის გაღიზიანებას და 2008 წელს საქართველო “გამოუვიდა”, ახლა _ უკრაინა და თანაც როგორ?! ეს აღარ არის რიგითი კონფლიქტი, რომელიც 2-3 დღეში დასრულდება, ეს არის სრულმასშტაბიანი ომი და, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ვივარაუდეთ, ყველაზე მეტად ამით სწორედ ამერიკამ და ევროპამ იხეირეს ან მომავალში იხეირებენ.
დასავლეთი ჯიუტად დუმს იმაზე, რასაც რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ომი ჰქვია, ანუ ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ეს მაშინ, როცა იგივე ამერიკა იბრძოდა ათასობით კილომეტრის იქით ერაყში, ავღანეთში, სირიაში, აფრიკის ქვეყნებში… და ყველგან კუდამოძუებული დარჩა, ყველგან დამარცხდა და ბოლო ნათელი მაგალითი ამისა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა და “თალიბანთან” კაპიტულაცია იყო; იმ “თალიბანთან”, რომელსაც ამერიკისთვის 11 სექტემბრის ტერაქტი მოწყობა დააბრალეს და რომელმაც იანკები საერთაშორისო ასპარეზზე მასხრად აიგდო. ტერორისტებად შერაცხილ “თალიბანის” წევრებს ამერიკამ მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი დაუტოვა და იქ ვერასოდეს ვერ შევა, რადგან სწორედ ამერიკული იარაღით დახვდებიან თალიბები.
მოდი, ჯერ საქართველოზე ვთქვათ. იმ პერიოდში, რაც უკრაინა–რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს, თუ გსმენიათ რომელიმე ქვეყნის ოპოზიციას ხელისუფლებაში მყოფი პირები სამშობლოს ღალატში დაედანაშაულებინოს? ყველა ხვდება, რომ ახლა სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო და არაფერს ამბობს. ოპოზიცია ყველა ქვეყანაში ან ხელისუფლების მხარეს დგას, ან, უბრალოდ, ხმას არ იღებს. ჩვენთან კი, ღარიბაშვილი ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადეს, რადგან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. არ შეუერთდა და სწორადაც მოიქცა. თავად განსაჯეთ, სანქციებს რომ შევერთებოდით, რა უნდა გვექნა, რა არ უნდა მიგვეწოდებინა რუსეთისთვის _ ჭარბი ვაშლი, ატამი თუ ყურძენი, რომელიც სრულად სწორედ რუსეთში საღდება და ევროკავშირს არაფერში სჭირდება, თუ, ადრინდელივით, სამტრედიაში მაგისტრალი გადაგვეკეტა?! ყველაზე სასაცილო ის იყო, ოპოზიციამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვა რომ მოითხოვა და მერე გაახსენდათ, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა ისედაც რომ არ გვაქვს. ისე, არც ის გვსმენია, ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოხალისეებს აგროვებდნენ და საომრად უკრაინაში გზავნიდნენ. დაზუსტებული ინფორმაცით, უკრაინაში ქართველზე მეტი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობს, მაგრამ ამ ქვეყნებს არ შეუქმნიათ იქ ბატალიონები, არ აკეთებენ პირდაპირ ჩართვებს, აქ ვიბრძვით და ამდენს ვხოცავთო. ნეტავი რატომ? ჩვენზე ნაკლები პატრიოტები არიან თუ ჩვენზე ნაკლებად შეუძლიათ ბრძოლა? იმიტომ, რომ მათ ზუსტად იციან, ეს არ არის მათი ომი; ზუსტად იციან, ომის დასრულების შემდეგ ქვეყნებს, რომლებიც “არამკითხე მიამბის” როლს ასრულებდნენ, დიდი რისხვა დაატყდებათ თავს და არავინ დაიცავს.
“მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელი მოვაწეროთ პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობისმყოფელების განლაგებას. ეს ნიშნავს, რომ პუტინის ვერც ერთი სამხედრო ხომალდი ვეღარ დაარღვევს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რომელიც დაცული იქნება ნატოს საჰაერო ძალების მიერ. მსგავსი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ბერკეტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს რუსულ ტოტალიტარიზმზე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ, შეუერთდით პეტიციას ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მხარდასაჭერად”, _ ეს განცხადება უკრაინაში მყოფმა ქართველმა პოლიტიკოსმა, პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
ახლა არ დავიწყებთ განცხადების შინაარსისა და მისი მართებულობის განხილვას, უბრალოდ, ძალიან მარტივ კითხვას დავსვამთ _ ვინ მისცა იმ პოლიტიკოსს ქართველი ერისთვის მიმართვის უფლება, რომლის კანდიდატმაც დედაქალაქის მერის არჩევნები აფრიკელ რიჩარდ ოგბუნუჯუსთან წააგო? რა უფლებით ესაუბრება ვაშაძე ერს და სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს, როცა მის პოლიტიკურ ძალას ერთ ბატალიონში შემავალი ხალხის ოდენობის მხარდამჭერიც არ ჰყავს?! რატომ უნდა დაუჯეროს მას ვინმემ ოჯახის წევრებისა და პარტიის ოთხი (კარგი, ხუთი იყოს) აქტივისტის გარდა? ნიგერიელი კაცი შენს დედაქალაქში რომ გაჯობებს, მოწოდება კი არა, საპირფარეშოში უნდა დაჯდე და ბოლო ხმაზე “ზანიატო” იძახო, ეს კიდევ გამოდის და ჭკუას გვარიგებს, რა უნდა გავაკეთოთ…
სამწუხაროდ, ვაშაძეს ვერაფრით სჯობს ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობა. მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა და სურთ ერთადერთი რამ _ ნებისმიერ ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე რა, რომ მანამდე არაერთი წელი იყვნენ ქვეყნის სათავეში და არაფერი გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, მილიონობით ქონება დააგროვეს და ახლაც ამ ქონების მომატება-გამრავლებაზე იზრუნებენ. ევროკავშირი და ამერიკა (თუ აკვირდებით, სკანდინავიის ქვეყნები არ აქტიურობენ) რუსეთს სანქციებს უწესებენ და იმას კი აღარ ამბობენ, რომ რუსეთი სანქციების ფონზე ცხოვრებას მიეჩვია. მხოლოდ მიეჩვია კი არა, საკუთარ თავში ახალი ძალა და რესურსები იპოვა, მსოფლიოს ნომერ პირველი მიმწოდებელი გახდა ხორბლის, სიმინდისა და წიწიბურის მიმართულებით, ანუ იმ საკვების, რომელიც უმნიშვნელოვანესია ზრდასრული ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის, ფრინველებისა და ბავშვებისთვის.
რომ გავკივით, ანტირუსულ სანქციებს შევუერთდეთო, არ შემოვიტანოთ მაშინ ფქვილი რუსეთიდან და შიმშილობა დაიწყება, უარი ვთქვათ რუსულ ბუნებრივ აირზე და გავიყინებით, არ გავიტანთ პროდუქტს რუსეთში და დამპალ ხილსა და ყურძენს მდინარეში გადაყრიან ქართველი გლეხები.
მთავარი მაინც ის არის, რომ რუსეთის სიმართლეს არავინ ისმენს. სიმართლე კი ის არის, რომ ყველა დიდი ომი, რომელშიც რუსეთი მონაწილეობდა, მისი საზღვრების სიახლოვეს მოხდა. ხოლო ყველა ომი, რომელშიც ამერიკა მონაწილეობდა, მის საზღვრებს არ ემუქრებოდა. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით და რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ პუტინი დიქტატორია, ის თავისი ქვეყნის საზღვრებს იცავს. სანამ აქტუალური არ შეიქნა უკრაინის ნატოში გაწევრებისა და საზღვარზე სარაკეტო დანადგარების განლაგების საკითხი, უკრაინაში სამხედრო შეჭრა არ განხილულა. სანამ მიშამ ხმამაღლა და გამოთქმით არ თქვა, ლარსის ხეობაში ნატოს სამხედრო ბაზა უნდა ავაშენოო, ომზე საუბარი არ ყოფილა. ჰოდა, ახლა სწორედ ის დროა, ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მეტად ისევ ჩვენ არ დავზარალდეთ, თორემ ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, შესაძლოა არც კი იცოდეს, რა ხდება უკრაინაში.
ბესო ბარბაქაძე