საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამთავრობო გუნდთან ერთად 1 მაისს გამართულ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მსოფლიოში ახალი პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პოსტკრიზისული გეგმა მომავალში ეკონომიკის “ამოქოქვისა და კვლავ პოზიტიურ ტრაექტორიაზე დაბრუნების რეალური სტრატეგიაა”. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის, მაგრამ დღევანდელი გლობალური მოცემულობით აშკარაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივ წარმოებასა და მისი განვითარების ხელშეწყობას უნდა დაეთმოს: “ახლა განსაკუთრებით ვხედავთ, რა მნიშვნელოვანია, საკუთარი რესურსი განვითარებული გქონდეს, საკუთარი საქონლით მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი საჭიროება და ბაზარი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი სოფლის მეურნეობაში, როგორიცაა თევზჭერა და რძის პროდუქტების წარმოება, ბოსტნეულის წარმოება, ხორცი, მარცვლეული, ზეთი და ბევრი სხვა მიმართულება”.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს სამშენებლო მასალების წარმოების თვალსაზრისითაც. მისი განმარტებით, ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს _ ქვეყანა სრულად არ იყოს დამოკიდებული საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე; მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლები უკვე საუბრობენ რიგი მიმართულებებით ექსპორტის კვოტირების აუცილებლობაზე.
ცნობისთვის: არც ისე დიდი ხნის წინათ ნათია თურნავა მედიასთან აცხადებდა, რომ ქვეყნისთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება ტურიზმი უნდა ყოფილიყო. მეტიც, ის ამბობდა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტრო დაერქმეოდა, მაგრამ მსოფლიო პანდემიამ ცხადყო, რომ ტურიზმი არ არის და ვერც იქნება სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობის გარანტი…
არის დამაიმედებელი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა და შეძლებს თუ არა ადგილობრივი წარმოებისთვის ხელშეწყობას მმართველი გუნდი, რომლის ეკონომიკური პოლიტიკაც წლების განმავლობაში ეფუძნებოდა თავსმოხვეულ ე.წ. თავისუფალი ბაზრის “ლიბერალურ” პრინციპებს?
“საქართველო და მსოფლოს” ესაუბრება უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
_ ბატონო ნოკოლოზ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინათ ჩვენი ეკონომიკის მთავარ სტიმულატორად ტურიზმი მიაჩნდა, განაცხადა, რომ პანდემიის ფონზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და განვითარების აუცილებლობა დაინახა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული… აქვს დღევანდელ მთავრობას ამისთვის საკმარისი რესურსი და, რაც მთავარია, იძლევა კი მისი ეკონომიკური პოლიტიკა ადგილობრივი წარმოების განვითარების შესაძლებლობას?
_ დღევანდელ სამთავრობო გუნდში, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან მოყოლებული სათავეში ედგნენ მავნე ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის შედეგად, პრაქტიკულად, განადგურდა ადგილობრივი წარმოება. მათი მიდგომები ეფუძნებოდა ე.წ. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომლებიც თავისუფალ კონკურენციას აცხადებდა და ამ პირობებში ჩვენს პროდუქციას, მათ შორის ადგილობრივ ბაზარზეც, ბუნებრივია, იმპორტირებული საქონელი ჯაბნიდა.
რაც შეეხება შეკითხვას, იძლევა თუ არა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა წარმოების განვითარების შესაძლებლობას, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი ამ თვალსაზრისით არ მაქვს, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს სრულიად დამოკიდებულნი ვართ მსოფლიო ბანკის დირექტივებზე. რასაც იქიდან გვიკარნახებენ, ესენი უსიტყვოდ ასრულებენ, ანუ ჩვენი ქვეყანა არის სხვების მძევალი და ესენი, ხელისუფლებას ვგულისხმობ, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. სხვათა შორის, თავის დროზე ქართული წარმოებისთვის მომაკვდინებელი დარტყმა იყო თურქეთთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერა იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. ამის შემდეგ დაიწყო დაღმასვლა მრეწველობაშიც და სოფლის მეურნეობაშიც, რაც ბუნებრივი იყო. საქართველოს, თავისი მასშტაბით, ცხადია, არ შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს თურქეთის და, მით უმეტეს, ჩინეთი წარმოებას. ახლა გამოსავალი რა არის? პირველი _ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ის მავნე ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიზერული დაბეგვრით შემოიტანონ აქ თავიანთი პროდუქცია. აუცილებელია, გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც იმპორტირებულ საქონელს არ მისცემს საშუალებას, ადგილობრივ ბაზარზე შეამციროს ფასები და ამით მოახდინოს ბაზრის მონოპოლიზაცია. თუმცა პარალელურად, რა თქმა უნდა, აუცილებელია სუბსიდიებიც, ვთქვათ, სოფლის მეურნეობაში და არა მხოლოდ.
_ კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?
_ საქართველოს შემთხვევაში ყველაზე რეალური გამოსავალი, ალბათ, გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტების ლარში გაცემაა, ეს დიდ შვებას მისცემდა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინფლაციის ფონზე მწარმოებელი თავს გრძნობდეს უფრო დაცულად და მის მიერ სესხად აღებული თანხის საპროცენტო განაკვეთი არ იყოს დამოკიდებული უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებაზე. ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, რომლებზეც ეკონომიკის სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, მაგრამ იდეაში ყველაზე რეალური და ხელშესახები გეგმა, ალბათ, ეს არის.
რაც შეეხება დარგს, რომელზეც დღეს აქცენტი კეთდება, სოფლის მეურნეობა ამ ვითარებაში არის განსაკუთრებული მიმართულება ორი მიზეზის გამო: პირველი _ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე მსოფლიო სერიოზული სასურსათო დეფიციტის წინაშე დგება და მეორე იმიტომ, რომ საქართველო, თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან, რესურსებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, ტიპური აგრარული ქვეყანაა, ამიტომ ჩვენთან ეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ადგილობრივ ბაზარზე პრივილეგია ჰქონდეს ადგილზევე წარმოებულ სურსათს. მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყანა ხელისუფლებების არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად მიერთებულია რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომელთა თანახმადაც, აღებული გვაქვს არაერთი ჩვენთვის მავნე ვალდებულება, მათ შორის მსოფლიო ბანკის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წინაშე და ა.შ., ცხადია, ძალიან რთულია საუბარი რაღაც რეგულაციებზე ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად.
_ გამოდის, მაინც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ის გლობალური გარდაქმნები, რომლებიც პანდემიის ფონზე მსოფლიო ეკონომიკაში ხორციელდება, ჩვენს ხელისუფლებაზე არ იქონიებს გავლენას?
_ ეკონომიკისა და წარმოების ნაციონალიზაცია ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელსაც სჭირდება მოტივირებული ხელისუფლება. სხვათა შორის, ამის მაგალითია დღევანდელი რუსეთი, რომელმაც დასავლეთის მიერ დაწესებული მრავალწლიანი სანქციების ფონზე წარმატებით განავითარა ადგილობრივი წარმოება.
კარგია, რომ საქართველოშიც დაიწყეს საუბარი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე და ა.შ., მაგრამ ერთია განცხადებები და მეორე _ პრაქტიკულად რა გაკეთდება. მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ ფაციფუცი, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური კონიუქტურით. მორჩა, ამის იქით ესენი არ წავლენ და ვერც წავლენ, იმიტომ, რომ მთავრობა, რომელიც მთავარ ეკონომიკურ გათვლას აკეთებს ტურიზმზე და მინისტრი გახარებული ამბობს, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის სამინისტრო უნდა დაერქვასო, არ მგონია, მოტივირებული იყოს წარმოების განვითარებაზე.
სხვათა შორის, ამ ე.წ. გრანტებზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, რომელიც ვითომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და განვითარებაზეა გათვლილი: ეს გრანტები, ძირითადად, გაიცემა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ან მათთან დაახლოებულ პირებზე. ე.ი., ბიუჯეტიდან დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაედინება ფული და ამ პროგრამით თვითონვე ხეირობენ…
_ გინდათ, თქვათ, რომ ეს ყველაფერი ერთგვარი კორუფციული სქემით ხდება?
_ რა თქმა უნდა. მაგალითად, კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში იმერეთში მამუკა ხაზარაძეს გააკეთებინეს უზარმაზარი სათბურები. სხვებზე არაფერს ვამბობ, ანუ სახელმწიფოს ხელშეწყობით რომ გესარგებლა, უნდა ყოფილიყავი ხელისუფლებასთან დაახლოებული. აი, ეს იყო მათი მიდგომა და ბუნებრივია, ამით საშუალო ფენა სარგებელს ვერ ნახულობს. ხეირობენ დეპუტატები, მინისტრები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ. რეალურ მხარდაჭერას რაც შეეხება, აგერ მოსაზღვრე აზერბაიჯანია იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაეხმარო საკუთარ ხალხს მათ შორის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა გააძლიერო და ფეხი მოაკიდებინო…
_ რას გულისხმობთ?
_ უკვე დიდი ხანია, აზერბაიჯანი დაბალპროცენტიან სესხებს აძლევს ქვემო ქართლში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს და ეხმარება მათ მიწის დამუშავებაში. სხვათა შორის, იმავეს აკეთებს თურქეთიც აჭარაში. ჩვენთან კი საშუალო ფენა იხრჩობა ბანკის ვალებში, სესხების უმეტესობა გაიცემა დოლარში და, თუ ვინმემ რამე სცადა, იმხელა ვალი დაედო, რომ სახლი გაუხდა გასაყიდი… აი, ეს მოგვიტანა ჩვენ ამ მავნე ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომლის ავტორებიც დღეს გამოდიან და აცხადებენ, რომ თურმე ჩვენ იდეალური ეკონიმიკური გარემო გვაქვს, მათ შორის საშუალო ფენის განვითარებისთვის. გლეხი განვითარებული და წელში გამართული იყო მაშინ, როცა მის ნაშრომს ფასი ჰქონდა და მისი პროდუქტები საღდებოდა უპრობლემოდ. ისე, ხელშეწყობაზე რომ საუბრობენ, სოფლებია აღმოსავლეთ საქართველოში, მაგალითად საგურამო, ახალსოფელი, კოტორაანთკარი, მუხრანი და სხვები, რომლებშიც წყალი არ არის და ზაფხულში გვალვების პერიოდში ხალხს მოსავალი უხმება. რა სოფლის მეურნეობა უნდა განვითარდეს ასეთ დროს ან რა წარმოებაზეა საუბარი?! ფულის კეთება და კორუფციაა გაქანებული, გლეხი ვის აინტერესებს?!
_ დასაწყისში თქვით, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ აქვს ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობადო. ასეთ ვითარებაში რა პერსპექტივა არსებობს?
_ პერსპექტივა, ალბათ, არის ერთადერთი _ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური მიდგომები. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მთლიანად სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, იმიტომ, რომ ეკონომიკა ვერ იქნება ერთადერთი გამონაკლისი, როცა მთლიანად სისტემაა ამორფული. ისე, სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში ცვლილებები მოხდება. თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, ესენი არიან გარკვეული გარე ძალების მძევლები, ხელმძღვანელობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივებით, მათი რჩევებითა და მითითებებით და ძალიან საეჭვოა, გარე დირექტივები ოდესმე დაემთხვეს ჩვენს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია