Home სხვადასხვა დაიჯესტი ნატოს სტრატეგიული მარცხი

ნატოს სტრატეგიული მარცხი

ჩრდილოატლანტიკურმა აკელამ მიზანს ააცილა

1552
ნატოს სტრატეგიული მარცხი

4 აპრილს 71 წელი შესრულდა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სამხედროპოლიტიკური ბლოკის _ ნატოს შექმნიდან. ეს სოლიდურ ასაკს მიღწეული ორგანიზაცია დღეს აშკარა უუნარობას ავლენს იმ საფრთხეების მიმართ, რომლებიც დგას მასში შემავალი ქვეყნების წინაშე.

ტანკები, თვითმფრინავები და რაკეტები ვერავის დაეხმარება უხილავ მტერთან ბრძოლაში. ამერიკულმა ცენტრმა CEPA-მ, რომელიც აანალიზებს ვითარებას აღმოსავლეთ ევროპაში, განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე “ნატო, პრაქტიკულად, არ ჩანს”. ეს უზარმაზარი მანქანა, დიდი ხანია, საკუთარი თავის მომსახურებით არის დაკავებული და არა ადამიანების უსაფრთხოებით. ეს სამხედრო ბლოკი ჰგავს კიპლინგის ნაწარმოებ “მაუგლის” პერსონაჟს _ მგელ აკელას, რომელსაც სიბერის გამო ხელი მოეცარა ნადირობისას და მგლის ხროვისთვის უსარგებლო შეიქნა.

საბჭოთა კავშირის საფრთხის შეკავებისმიზნები, რომელთა გამოც ფორმალურად შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, კარგა ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ შენარჩუნებულია უზარმაზარი სამხედროადმინისტრაციული აპარატი და დასავლური სამხედროსამრეწველო კომპლექსის ინტერესები. ამ სფეროში ყოველწლიურად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ტრიალებს და ამ ფულზე უარის თქმას ან პროფესიის გამოცვლას და ექიმად გახდომას ნატოს ხელმძღვანელებიდან არავინ აპირებს.

იგონებენ უაზრო ისტორიებს, რომ თითქოს რუსეთი აპირებს ალიანსის წევრ ქვეყნებზე თავდასხმას, მაგრამ ის, რომ რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 20-ჯერ ნაკლებია ნატოს ქვეყნების ერთობლივ ბიუჯეტზე, ამ ისტორიებს სასაცილოდ აქცევს. მაგრამ ეს არ აისახება მგლის მადაზე _ აკელა კი არის ბებერი, მაგრამ ჭამა უნდა.

მიმდინარე წელს, მარტიდან მაისამდე, უნდა ჩატარებულიყო ბოლო 25 წლის განმავლობაში ბლოკის ყველაზე დიდი სწავლება “ევროპის დამცველი _ 2020” (Defender Europe_ 2020), რომლითაც გათვალისწინებული იყო ათიათასობით ამერიკელი და სხვა სამხედროს გადასროლა რუსეთის საზღვართან ახლოს ლოზუნგებით: “იხსენი ბალტია!”, “იხსენი აღმოსავლეთ ევროპა!”. მაგრამ ევროპაში რუსების ნაცვლად კორონავირუსი შეიჭრა და ნატოს სწავლება ჩაიშალა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტერიტორია დაუთმო არა იმ მოწინააღმდეგეს, რომლის წინააღმდეგაც საბრძოლველად ემზადებოდა, არამედ სხვას. და უკვე ლაპარაკიც აღარ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სოლიდარობაზე. მოკავშირეების მიერ ერთმანეთისთვის ნიღბებისა და სამედიცინო მოწყობილობების (ძირითადად, ჩინეთში დამზადებულის) მოპარვის ტალღამ ხომ მსოფლიოს გადაუარა.

ევროპელები სულ უფრო ხშირად სვამდნენ კითხვას _ რისთვის გვჭირდება იარაღის ძვირად ღირებული ჟღარუნი, ისეთი, როგორიც არის Defender Europe_ 2020 და, საერთოდ, თვითონ ნატო, თუკი კოლოსალური თანხები იხარჯება ფანტომური საფრთხეების შესაკავებლად? ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების მცირე ნაწილიც კი ეყოფოდა ვირუსული ინფექციის გავრცელების შეჩერებას.

ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სასწრაფოდ ჩაებარებინა ანგარიში თავისი ქმედებების შესახებ ვირუსთან ბრძოლაში და ეს გაეკეთებინა ბლოკის შექმნის 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილ “ვიდეო კონფერენციაზე”, რომელშიც ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს ანგარიში ფიასკოდ შემოუბრუნდათ _ ზოგადი ფრაზებისა და სოლიდარობისკენ მოწოდებების გარდა, რომლებიც ვირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე კვამლივით გაიფატა, ნატოს ხელმძღვანელობას სათქმელი არაფერი ჰქონდა.

იენს სტოლტენბერგის განცხადება, რომ “ნატო შეიქმნა კრიზისებთან საბრძოლველად და ალიანსს შეუძლია დახმარება და ნატო თავის როლს თამაშობს”, ლიტონ სიტყვებად გაისმა. ვიდეოკონფერენციაზე აღსანიშნავი იყო სკანდალი ბერძენ და თურქ მონაწილეებს შორის: ვიდეორეჟიმი რომ არა, ეს სკანდალი, ალბათ, აყალმაყალში გადაიზრდებოდა. თურქმა და ბერძენმა ერთმანეთი დაადანაშაულეს “საზღვარზე მიგრანტების მკვლელობაში” და თურქმა მინისტრმა გაბრაზებულმა დატოვა კონფერენცია, ანუ გათიშა ვიდეორეჟიმი.

ასეთი ისტორიული შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა ნატოს ისტორიაში პირველი ვიდეოპრესკონფერენცია გამართა მაკედონიასთან. ბრიუსელსა და ვაშინგტონში კი განაცხადეს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდებიან უკრაინა და საქართველო. რისთვის? იმისთვის, რომ ამ ქვეყნების რესურსი გამოიყენონ თავიანთი მიზნებისთვის, რომლებიც შორს არის მოსახლეობის მოთხოვნებისგან, სანაცვლოდ კი არაფერი მისცენ?

ნატო თავის ვებგვერდზე სიამაყით იუწყება ჩრდილოეთ მაკედონიისთვის გაწეულ დახმარებაზე _ ქვეყანამ დახმარების თხოვნით მიმართა ალიანსს. უნგრეთმა მაკედონიელებს გადასცა 100 ათასი დამცავი ნიღაბი და 5 ათასი კოსტიუმი. კიდევ 100 ათასი ნიღაბი გაუგზავნა მაკედონიას სლოვენიამ, ხოლო ნორვეგიამ _ 180 ათასი ევროს მედიკამენტები. აშშ კი 1,1 მლნ დოლარის გადარიცხვას დაჰპირდა. ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია ისეთი პატარა ქვეყნისთვისაც კი, როგორიც მაკედონიაა. სხვათა შორის, ეს დახმარება ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოს გარეშეც შეეძლო მიეღო. იმ გაზრდილი სამხედრო ხარჯებით, რომელიც სკოპიემ ალიანსში შესვლით დაიკისრა, მას თავისუფლად შეეძლო, შეეძინა კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო საშუალებები.

ოდესმე ხომ დადგება ვირუსის დამარცხების და მომხდარის გაანალიზების დღე, აი მაშინ კი ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები და მოქალაქეები მოჰკითხავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას: “რით დაგვეხმარეთ ძნელბედობის ჟამს? და, საერთოდ, რა საჭიროა ეს ნატო?”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here