Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიოს ცხელი წერტილი ანუ ისწავლეთ მოთმინება

მსოფლიოს ცხელი წერტილი ანუ ისწავლეთ მოთმინება

ზურგშექცეული დიდი ბრიტანეთი დაკარგული პრესტიჟის დაბრუნებას ცდილობს

მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

მათ. 5,14

ველურობა ცივილიზებულ სამყაროში

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ორი მხარის პრინციპული დაპირისპირება რომ არის, დღეს ამაში ეჭვი არავის ეპარება.

არა ლოკალური, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის.

და რახან ასეა, საზოგადოებრიობას სჭირდება, იცოდეს არა მხოლოდ მისი დამთავრების დაახლოებითი ვადები, არამედ მისი შედეგების ჩაფიქრებული კონსტრუქცია, როგორი იქნება ახალი მსოფლიო ურთიერთობები, რა ფორმას მიიღებს, რომელ იდეოლოგიას აღიარებს და მოემსახურება.

თორემ ფრონტის მოვლენების ქრონიკას, დეტალურსა და ყოვლისმომცველს არაფერი დაეწუნება.

ოპერატიულად ვრცელდება ინფორმაცია.

და ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიმუხტებით, ვითრგუნებით, რაც უფრო მეტს ვგებულობთ არაადამიანური გამოვლინებების ხილვითა და მონათხრობით, რაც თურმე XXI საუკუნეშიც შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა.

ველურობას ერთმანეთს აბრალებენ დაპირისპირებული მხარეები.

უგონებენ?

ნეტამც.

მაგრამ, თუ “ფეიკები” არ არის, მაშინ კაპიკი ყოფილა ამ ცხოვრების ფასი.

თუმცა როდის ღირდა უფრო მეტი?

დროა, “მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი” და, ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებულებმა, საღი თვალითა და მშვიდი გონებით შევაფასოთ დღევანდელობა ან ყური ვუგდოთ პროფესიონალ ანალიტიკოსებს და ვენდოთ მათ დასკვნებს.

ექსპერტები კი ამბობენ, რომ მოწმენი ვართ დიადი ანტიკოლონიური რევოლუციის ფინალის, რომელიც დაამკვიდრებს აზიის, აღმოსავლეთის ჰეგემონობას, რომელიც სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

უწინარეს ყოვლისა, გაიმარჯვებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ჩვენ ევრაზია ვართ და ეს შებრუნება ჩვენი მოწყობილია.

მთავრდება დასავლეთის 500-წლიანი ბატონობის ხანა, თუმცა თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ დასავლეთი უბრძოლველად დათმობს პირველობას. დასავლეთელებს შეუძლიათ დისკომფორტის ატანაც და მხოლოდ პურითა და წყლით თავის შენახვაც.

მოსფილმის გენერალური დირექტორი, კინორეჟისორი კარენ შახნაზაროვი, რომელიც ხშირად გამოდის ექსპერტის როლში, აცხადებს, რომ იგი უაღრესად განიცდის უკრაინელი ხალხის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას და საომარი მოქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დამთავრების მომხრეა.

იგი დარწმუნებულია, რომ ეს რევოლუცია რუსოფობიის ახალი, ძლიერი ტალღის აზვირთების საფუძველია.

რუსეთისა და უკრაინისთვის კი სამოქალაქო ომია, განსაკუთრებულია, ღია ჭრილობაა, სისხლმდენი.

აქედან გამომდინარე ასკვნის, რომ მოლაპარაკება ორ მხარეს შორის საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ კომენტირება ზედმეტია და საზიანო. დაე, პრეზიდენტმა, რომელსაც ვენდობით, მიიღოს გადაწყვეტილებები, ხოლო ყველა ნიუანსის გასაჯაროება საქმეს არ წაადგება.

_ ისიც უნდა ვთქვა, _ აცხადებს შახნაზაროვი, _ არც კი ვიცი, როგორ შეიძლება ზელენსკისთან მოლაპარაკების გამართვა. ვატყობ, რომ იგი მხოლოდ გაჭიანურებისთვის არის მოწოდებული. მას სხვა ამოცანა არ აქვს, მისი მიზანი ესაა.

სამწუხაროდ!

კანკალით ლოდინის ჟამი

გასულ კვირას რუსეთის სახელისუფლო ტელეარხზე მოულოდნელი მოწოდება გაისმა: _ რუსეთის მოქალაქენო, ისწავლეთ მოთმინება, დაძლიეთ თქვენი ემოციები, მოთოკეთ, დაიბრუნეთ სიმშვიდე, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს ემოციებსა და განწყობაზე. ჩვენ ამჟამად მხოლოდ მოსკოვში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში კი არ ვიმყოფებით, არამედ ვიმყოფებით ზურგში. დღეს ჩვენი ეკონომიკა ზურგის ეკონომიკაა და ის, თუ როგორ ვიმუშავებთ, როგორ მოვიქცევით, როგორ ვუპასუხებთ საშინელ გამოწვევებს, რომლებიც გველოდება, იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ვითარება ჩამოყალიბდება ფრონტზე. ხოლო ფრონტზე არსებული ვითარება განსაზღვრავს მსოფლიო ურთიერთობებს. პეკინი, ვაშინგტონი, ტაივანი კანკალით ელოდებიან, როდის მოხდება გარდატეხა ამ ომში.

უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზეა ლაპარაკი.

ამ პოზიციას ეთანხმება ექსპერტთა საძმო, რადგან, მათი განცხადებით, რუსეთს სხვა ვარიანტი არ გააჩნია, უკან დასახევი გზა არ არსებობს.

არადა, რამდენი ქვეტექსტის შემცველია ეს, არ ვიცი, რა დავარქვა _ განცხადება თუ სტრატეგიის განმარტება, რომელიც უნდა განხორციელდეს ომში გარდატეხის მოსახდენად.

და თავისი სულისკვეთებით როგორ ჰგავს სამამულო ომის დროს მოსკოვს მომდგარი ფაშისტური არმიის გასანადგურებლად გამოცემული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას: “არც ერთი ნაბიჯი უკან, ჩვენს უკან მოსკოვია”.

სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის ბედისწერის გადამწყვეტ ბრძოლაში ხომ არ გადაიზარდა?!

ბრძოლა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არ არის ბრძოლა მხოლოდ დონბასისთვის, იზიუმისთვის, კიევის ან ხარკოვისთვის, არც უკრაინისთვის საერთოდ.

ეს არის ბრძოლა სხვა, უფრო მასშტაბური პრობლემის გადასაწყვეტად.

გაზეთი “თაიმსი” წერს, რომ დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია იმით, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია უბიძგებენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ და მზად არიან მნიშვნელოვანი დათმობების გასაღებად რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების დროს. წყარო, რომელიც მთავრობაშია, შეშფოთებულია იმით, რომ მოკავშირეები ზედმეტად არიან მობილიზებულნი, რაც შეიძლება მალე შეუთანხმდნენ რუსეთს. მაგრამ მშვიდობიანი მოწესრიგება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციას მიაღწევს.

აქვე ჩნდება შეკითხვა: ბრიტანეთს რა მიზანი აქვს, რას ეთამაშება ბრიტანეთი უკრაინას?

შეკითხვას შეკითხვითვე უპასუხებენ: რატომ გამოვიდა ბრიტანეთი ევროკავშირიდან?

იმიტომ, რომ შემდეგ სამაგიერო მიეზღო ევროკავშირისთვის.

რაც უფრო მეტად გრძელდება რუსეთის სპეციალური ოპერაცია უკრაინაში, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელები, მით უფრო მეტად ეფლობა ევროპული ეკონომიკა კრიზისში. ხოლო უკრაინის ეკონომიკის დანგრევა მიზანია _ რადგან ამით აღდგება ბრიტანეთის ჰეგემონობა ევროპაზე, როგორც ეს მოხდა ნაპოლეონის ომების შემდეგ.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი, რომელიც ევროპის ქვეყნად პოზიცირებს, სინამდვილეში ებრძვის ევროპას, როგორც… ევროპა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ნაწილი აკეთებს ყველაფერს, რათა ომი მაქსიმალურად გაჭიანურდეს და, რაც შეიძლება, დაუნდობელი იყოს. ბოლომდე გამოფიტოს ორივე მხარე, მაქსიმალურად გაცხარდეს და სასტიკი გახდეს.

ვარაუდობენ, რომ ეს იქნება პრელუდია მეორე ეტაპზე გადასვლის, რომელსაც მოჰყვება გარდატეხა ამ დაპირისპირებაში.

დიდი ბრიტანეთი რეინკარნაციას ცდილობს.

ვინ დაუკვეთა მუსიკა?

ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ არ იშურებს ძალას, რომ ეს ისტორია რაც შეიძლება სისხლიანი იყოს?

ყველა, ვისაც განსჯის უნარი არ დაუკარგავს, ხვდება, რომ ეს ბრძოლა სულაც არ არის ბრძოლა უკრაინული იზიუმისთვის, არც დონბასისთვის, არც კიევისთვის, არც ხარკოვისთვის და არც უკრაინისთვის. ეს უფრო მასშტაბური ბრძოლაა, რომელსაც ბრიტანეთი აწარმოებს. მას წარმოუდგენია, რომ უნდა იყოს ახალი მსოფლიო სისტემის ერთი ნაწილის _ ევროპის დირიჟორი.

საზეიმო დაპირებებიდან დაბნეულობამდე ორი ნაბიჯია

ანუ იგი იბრძვის არა როგორც ქვეყანა დიდი ბრიტანეთი, არამედ, როგორც მოთამაშე, რომლის ნაწილი არის მისი ყოფილი კოლონია შეერთებული შტატები.

ასე მიიჩნევს, ექსპერტების ერთი ნაწილი.

მეორე ნაწილი აზუსტებს, რომ ბრიტანეთის ელიტას კოლოსალური საკუთრება აქვს აშშ-ში და უმსხვილესი ფონდები მაინცდამაინც დიდი ბრიტანეთის კაპიტალია.

უმდიდრესი და უძლიერესი ოჯახები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ, ასოცირებულია დიდ ბრიტანეთთან და მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობენ, რადგან ფესვები უფრო ღრმად აქვთ გადგმული აშშ-ში, უფრო მეტად აქტიურობენ და მოითხოვენ იმაზე მეტი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ვიდრე ამჟამად უგზავნიან.

თუ კარგად დავაკვირდებით უკრაინისთვის დიდი ბრიტანეთის ასეთ თავგამოდებას, ადვილად მივხვდებით, რომ იარაღი, რომელსაც ინგლისელები უკრაინისთვის ითხოვენ, ფორმალურად რუსეთის წინააღმდეგ ომში იქნება გამოყენებული, სინამდვილეში კი ამ იარაღით ევროპის წინააღმდეგ იბრძვიან.

ინგლისის ასეთ გველაძუობას ექსპერტები შემდეგნაირად ხსნიან: დიდი ბრიტანეთი თავისი ისტორიის სასიკვდილო პიკეში შევიდა. ინგლისელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ, როგორც ევროპის პირველი ინტრიგანები, მაგრამ, რაც ახლა ხდება, ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი იყო.

მაგალითად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება შეიძლება დავასახელოთ, რომელმაც (მინისტრმა) რუსეთს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა; მისცა კოზირი, რომლითაც რუსეთს შეუძლია ისარგებლოს, როცა საჭიროდ მიიჩნევს, ბრალად წაუყენოს ბორის ჯონსონის მთავრობას, რომ იგი განახორციელებს მტრულ აქტს რუსეთის სახელმწიფოს მიმართ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.

ვერ მიხვდნენ, ვერ გაითვალისწინეს ან ეგებ თავს ისულელებენ?

რუსეთს კი არსებულ სიტუაციაშიც შეუძლია კონტინენტური ევროპის ნაწილის გადაბირება:

ანალიტიკოსების წრეში შეიძლება ასეთი ღონისძიების განხორციელების შესახებ ლაპარაკსაც მოჰკრათ ყური _ რუსეთს სრული უფლება და შესაძლებლობა გააჩნია, შეეცადოს, იმუშაოს ევროპის ქვეყნების კავშირში ბზარის გასაჩენად და დაშალოს მათი “მოჩვენებითი ერთობა”.

ბრიტანეთი დღეს დიდი მონდომებით ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ყველაზე მეტ იარაღს სწორედ ის აგზავნის უკრაინაში, პოლიტიკურ დონეზე ყველაზე მეტ და ეფექტიან სანქციებს განახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ.

რატომ ხდება ასე?

იმიტომო, გვიმტკიცებენ ექსპერტები, რომ დიდი ბრიტანეთი ცდილობს, ყველაზე მეტი ხეირი ნახოს შექმნილ ვითარებაში; გახდეს მთავარი ბენეფიციარი იმისა, რაც უკრაინისგან დარჩება.

თუ დარჩება, რა თქმა უნდა.

ამ დღეებამდე უკრაინამ ბევრი დაკარგა პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკაში და, რაც მთავარია, იდეოლოგიაში. ბრიტანეთს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, არასოდეს დავიწყებია, რომ ერთ დროს იმპერია იყო და რომ უნდა აკონტროლოს ყოფილი კოლონიები, უკრაინასაც ასეთად მიიჩნევს.

ახლა ბრიტანეთს  თავისი დაკარგული დიდების აღდგენა უკრაინის საშუალებით სურს.

მიმდინარე დიდი თამაშის მთავარ პრიზად მიიჩნევენ იმას, თუ ძველ ევროპაზე გამარჯვებული სახელმწიფოების ლიდერებიდან ვინ მიუსხდება მოლაპარაკების მაგიდას და ვინ გადაწყვეტს ახალი მსოფლიოს ბედ-იღბალს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ესენი იქნებიან აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები, ალბათ, ინდოეთისაც. ამერიკელები მეხუთე წევრად ევროპის წარმომადგენლის წამოყენებას ფიქრობდნენ (პარიზი, ბერლინი).

ბრიტანელებზე ლაპარაკიც არ არის.

ახლა კი შეუძლიათ, საძირკვლად გამოიყენონ წაგებული ევროპა და უკრაინის ნარჩენები, ამიტომ იბრძვიან თავგამოდებით.

ასე დამთავრდა პირველი ეტაპი უკრაინაში.

ახლა იწყება მეორე ეტაპი.

“თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?”

მიმოხილვა მოამზადა არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here